ლიტერატურა სიახლეები

რომანის წელიწადი

„საბა"

ოქტომბერი 05, 2023

საქართველო რომ პოეზიის ქვეყანაა, ეს ათასგზის გვითქვამს, თუმცა, რომანის ქვეყანაც არის და ეს კიდევ ერთხელ წელს, „საბას“ დაჯილდოებაზე გამოჩნდა.

წელს რომანი მხოლოდ რომანის კი არა, სხვა ნომინაციების გამარჯვებულ წიგნებს შორისაცაა, როგორიცაა „საბა“ წლის საუკეთესო დებიუტისა და სპეციალური ნომინაციისთვის, რომელსაც „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ ჰქვია.


ამ ბლოგში ოთხ რომანზე უნდა ვისაუბროთ, მაშ ასე, გამარჯვებულთა სიაშია ივა ფეზუაშვილის „მასკარაფონე“,ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“, გოგა ქობალიას „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ და ელზა გურგენიძის „ზაოდი“.


დავიწყოთ დებიუტის ნომინაციით, რომლის გამარჯვებულია :

გოგა ქობალია

„ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“

(ინტელექტი)

ეს ძალიან პოეტური, ღრმა, საინტერესო კომპოზიციის რომანი ჩვენი ქვეყნის უმძიმესი ამბების ლიტერატურული რეფლექსიაა. რომანის ავტორი კინორეჟისორია, ეს ხედვა, ფოკუსის გადანაცვლება, მაკრო და მიკროობიექტივი ძალიან კარგად იკითხება ტექსტში. ზოგიერთი კადრი ისეთი კინემატოგრაფიულად ზუსტია, მძიმე, დეტალებამდე სასტიკი, თვალისმომჭრელი და შთამბეჭდავი.


ერთი მხრივ, გარკვეული დეტალებით მოქმედების დროის აღდგენა შეგვიძლია და ეს ტექსტი 90-იანი წლების ტრაგიკულ ამბებთან გვაბრუნებს, მეორე მხრივ კი, დრო პირობითი, წარმოსახვითი, უდროო დროა, ისევე, როგორც პირობითია სოფელი, ოჯახი, დასახელება, ამბავი...


ტექსტში ბევრი ლიტერატურული, მითოლოგიური თუ ბიბლიური ალუზიაა, ამ ფაზლის ამოხსნა კი მკითხველის ლიტერატურულ გამოცდილებაზეა, რას მოასწავებს მიწის უნაყოფობა? იქნებ სოფელსაც იმიტომ ჰქვია „ლეღვიანი“, რომ უნაყოფო არსებობის უფლებასა და საჭიროებაზე დააფიქროს მკითხველი, ან ეს პირველ პირში მოსაუბრე, თავისუფლების მაძიებელი ულამაზესი ცხენი რისი სიმბოლოა? თუ ტექსტის გარკვეული სიმბოლიკა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს, სავსებით კონკრეტული შინაარსი და ფუნქცია აქვს მიწისქვეშა გარემოს, მეტრომშენს, რომელიც სწორედ ის დამპალი ძირია, რომელიც ქვეყანას მოსვენებას არ აძლევს. ეს შავბნელი, ბავშვებსა და დიდებზე ძალადობით აღსავსე, პირქუში სამყარო შხამით კვებას ზესკნელის, მიწის ფესვებს და სწორედ ის იწვევს ომს. ბევრი დეტალური პარალელი შეგხვდებათ, ურთიერთქიშპობაში გართულ სოფელში როგორ მოდის ნამდვილი ომი, სასტიკი და ყოვლისწამლეკავი.


„ვხვდებოდი, რომ ლეღვიანში ახალი, რთული და მიუჩვეველი ცხოვრება იწყებოდა... მალე მთელი სოფელი სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა. ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯები ისმოდა შუკებსა და ეზოებში. უცხო შიში იყო ყველაფერში ჩაბუდებული და ჩამალული. სოფელი პირდაღებულ ხაფანგს ჰგავდა.“

წიგნის თავებს პერსონაჟთა სახელები ჰქვია, პერსონაჟები ამბის თავიანთ ვერსიას გვიყვებიან და ეს ცნობილი ლიტერატურული ხერხი კიდევ უფრო გვითრევს ამ მისტიკურ, მეტაფორულ და ალეგორიულ, მაგრამ ამავე დროს, ზუსტ და მართალზე მართალ ამბავში.

ელზა გურგენიძე

„ზაოდი“

(ინტელექტი)

დებიუტის ნომინაციაში წარმოდგენილმა კიდევ ერთმა წიგნმა გაიმარჯვა სპეციალურ ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, ეს არის ელზა გურგენიძის სადებიუტო რომანი „ზაოდი“, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო ლიტერატურული „წაკითხვაა“.


თუ გოგა ქობალიას წიგნში მიწისქვეშა მიკროკოსმოსი წარმოადგენს საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ყოფის ალუზიას, ელზა გურგენიძის რომანში ეს ქუთაისის ერთ-ერთი უბანი, „ზაოდია“, ქუთაისის ავტოქარხნის გარშემო გაშენებული უბანი.


„პერსონაჟები, სახელები და მოვლენები ავტორის წარმოსახვის ნაყოფია. ნებისმიერი მსგავსება რეალურ ადამიანებთან, ცოცხლებთან თუ გარდაცვლილებთან, სრულიად შემთხვევითია.“ -ვკითხულობთ წიგნის შესავალში. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორი ასეთ საინტერესო ფრაზას ამბობს: „ის ამბავი რაც მე მახსოვდა, ტრანსფორმირდა იმ ამბად, რაც მე გამოვიგონე.“ - ეს, ერთი მხრივ, სრული ილუსტრაციაა წერის, ამბის თხრობის პროცესის, მეორე მხრივ კი, გვახსენებს, რომ სადღაც, რაღაც ფორმით ნამდვილად მოხდა ამბავი, რომლის შესახებაც წიგნში ვკითხულობთ.

ენობრივად წიგნი მთლიანად იმ დროისა და სივრცის ეკვივალენტია, რომელსაც ასახავს, მშრალი, ქუთაისური დიალოგები, მოკლე, სხარტი წინადადებები, ენა, რომელიც თითქოს სპეციალურად ცდილობს ობიექტურად დაგვანახოს ამბები, მკითხველი ერთგვარად ეკრანის მაცქერლად დატოვოს, რომელმაც შეულამაზებლად უნდა წაიკითხოს ამ წიგნში განვითარებული მოვლენების სისასტიკე, ყოფის სიმახინჯე, შეკოწიწებული, ტყუილით სავსე ურთიერთობები, ძალადობის რამდენიმე წრე, რომელშიც ერთიანად ჩართულია ოჯახი, სკოლა, ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა.

 ივა ფეზუაშვილი

„მასკარაფონე“

(ინტელექტი)

რომანის ნომინაციაში გამარჯვებული კიდევ ერთი წიგნი, ივა ფეზუაშვილის „მასკარაფონე” სასტიკი, შიშველი, გულწრფელი წიგნია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას აღწერს.


ეს ტრილოგიის მესამე წიგნია, „2003-10 წლების ისტორიაა, როცა სახელმწიფომ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა დაიწყო. თავიდან რასაც ვამბობდი, კითხვები რაც მაქვს, იმ კითხვებზე პასუხის გაცემის, ჩემს 12, 13, 14 წლებთან დაბრუნების და იმ სამყაროს გაცოცხლების მცდელობაა. თან ეს სამი წიგნი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან: „ფსკერის სახარება“, „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“. ერთად კრავენ 80-იანების ბოლოდან 2022 წლამდე ამბავს“ - ამბობს ავტორი ჟურნალ „არილთან“ ინტერვიუში.


ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის ყოველ წიგნს თავისი ენობრივი კონცეფცია აქვს, „მასკარაფონე“ ერთი გრძელი აბზაცია, წყვეტილი ფრაზები თუ წინადადებები პუნქტუაციის გარეშე, აქ გრამატიკას თავისი წესები კი არ აქვს, არამედ მწერლის წესებით თამაშობს. როგორ შეიძლება დალაგებული, გრძელი, ქვეწყობილი და ლამაზად მოჭრილ-აწყობილი წინადადებებით მოჰყვე იმ ამბებს, რასაც ავტორი ჰყვება? სად არის ამ პერსონაჟების ადგილი წიგნსა თუ საქართველოს უახლოეს ისტორიაში? როგორც წიგნის დასაწყისში პროტაგონისტი გვეკითხება: „მე სად ჩავიკარგო ამ ამბავში? მე სად დავიკარგო? სად გადავიკარგო?“ ან როგორც წიგნის შუა ნაწილში ამბობს მამის შესახებ: „ახლა, ტანზე ჭაობისფერი, ჯიბეებიანი ქურთუკი აცვია და მგონი, „ნიუ ბალანსები“ ფეხებზე. კი, „ნიუ ბალანსებია“. შეხედავ, ტურისტია. დაელაპარაკები, ადამიანია. გაიცნობ, კაციჭამიაა“. „მონსტრია? ურჩხული! ტკივილით გაზრდილი. ტკივილში გაზრდილი. სისასტიკით, სისასტიკეში და სისასტიკისთვის დაბადებული. შეგუებული, რომ უნდა მოკვდეს. სულ და ყოველ წამს. სიკვდილისთვის მზადყოფნა. მზადყოფნაში. სიღარიბის სამურაი.“

ეს დაკარგული ბავშვობის, დაკარგული დედობის, დაკარგული შეყვარებულობის, დაკარგული მამობის, დაკარგული უნარების, დაკარგული თავის ამბავია, ამბავი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი - დაკარგული ადამიანებისა. „რომ ვერდავიწყება იქცეს სასჯელად“ - ასეთია წიგნის ბოლო სტრიქონი, ივა ფეზუაშვილის რომანში ვერდავიწყება კარგ ლიტერატურად იქცა.

ზაზა ბურჭულაძე

„ვარდის სურნელი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

მიმოხილვას, რომანის ნომინაციაში გამარჯვებული კიდევ ერთი ტექსტით, ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელით“ დავასრულებთ. საერთოდ, ყველა ზემოთნახსენები რომანი ამბავს სხვადასხვანაირი ენობრივი კონცეფციით ჰყვება, ხოლო ზაზა ბურჭულაძის წიგნი ქართული ლიტერატურისა და ენის თავგადასავალიცაა.


ზაზა ბურჭულაძის „ ვარდის სურნელი“ არა მხოლოდ 2023 წლის, არამედ ოცდამეერთე საუკუნის მნიშვნელოვანი ტექსტია. თანდათან, ყოველი მომდევნო ტექსტიდან ზაზა ბურჭულაძე იქცა ერთ-ერთ იმ ავტორად, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ქართული ენა. კიდევ ერთი ავტორთა ამ ჯგუფიდან აკა მორჩილაძეა, ჩამონათვალს რამდენიმეს მივუმატებდი, თუმცა ამ სტატიის თემა ეს სულაც არაა.

სიტყვებს დავუბრუნდეთ, უფრო სწორად, ენას.


„ერთხელ მაინც თუ გაუგე სიტყვებს გემო, მერე უკვე ვერანაირი საკვები ვეღარ გაგაძღობს. ყველა სიტყვას თავისი გემო კი აქვს, თუმცა უმეტესობა ერთმანეთს მაინც ჰგავს. მაგრამ არის სიტყვები, არაფერს რომ შეედრება, სულ პირში რომ გინდა გეგდოს, როგორც გემრიელი ლუკმა.“ - ამბობს პროტაგონისტი. ამ მხრივ ეს რომანი თამაშების თამაშია, ენობრივი თუ ლიტერატურული თამაშების, ენა ენაში, წიგნი წიგნში, ამბავი-ამბავში. აქ ყველაა, ვინც ამ ენაში გვიყვარს-გალაკტიონი, რომელიც ლამის ერთ-ერთი პერსონაჟია, თუმცა მთავარი პერსონაჟი ალბათ მაინც ორია- პროტაგონისტი, რომელიც თავის ამბავს პირველ პირში ჰყვება და სულ არსებობს საფრთხე, ავტორთან არ გავაიგივოთ და სიტყვა- სიტყვის ენობრივი და ლიტერატურული გამოცდილება, წერის წერა, თხრობის თხრობით თრობა და ტკბობა.


„ადრე სულ ველოდი, რომ ერთ დღესაც ჩემი ხელიდან რაღაც მშვენიერი და ჯადოსნური გამოვიდოდა, რაღაც ისეთი, რაც უცბად გადაფარავდა ჩემს ყველა შეცდომას და მაშინვე ყველა ყველაფერს მომიტევებდა. ჩემი შვილები მაპატიებდნენ უყურადღებობას, მეგობრები – უპასუხისმგებლობას, სამშობლო – უარყოფას, საბრალო დედაჩემი – უძღებობას, დედა ეკლესია – ურწმუნობას, ჩემი ელეგიები – უთარგმნელობას. მაშინვე ყველა დაინახავდა, რამხელა შფოთსა და სინანულს ვატარებდი მკერდში. რა იციან მეგობრებმა (ან შვილებმა), თუ რა ნაღველს იტევს გული. ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. არაფერი გამომივიდა და არავინ არაფერი მაპატია. ჩემი ყველაზე დიდი შიში კი ის იყო, რომ ერთხელაც აზრს ვერ ჩამოვაყალიბებდი, სიტყვებს თავს ვერ მოვუყრიდი.“

აქ სიუჟეტი მთავარი არაა, აი, ამბავი კი-მთავარია, ამბავი მისი ყველაზე ფართო, ღია, აბსტრაქტული მნიშვნელობით, მოგონებების, ამბების, ადამიანების, ადამიანების და ძაღლების სახელების, ბავშვების სიკვდილის, პოეზიისა და ავტორების, ქალაქებისა და ქუჩების ერთიანი, დიდი ლაბირინთული რომანი, რომელსაც ვისთვის გაცვეთილი, სინამდვილეში კი უკვდავი მეტაფორის-ვარდის სურნელი ასდის.




ავტორი: "საბა"

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

Hermann Bredehorst