მუსიკა | ცა

ახალი ტალღა- პოსტმოდერნული ციკლის დასაწყისი

Tsa.Music

მარტი 10, 2023

”ახალი ტალღა“ - პირველად ეს ტერმინი ბრიტანულ პრესაში 1977 წელს გამოიყენეს. ზოგიერთი გამოცემა იმ ახალ მუსიკალურ პროცესებს, რომელიც მაშინ მიმდინარეობადა, სულაც Punk-New Wave-ად მოიხსენიებდა და იყო ამაში გარკვეული ლოგიკა. საქმე გვაქვს ერთი მოვლენის ორ პოლუსთან. თუ პანკი რევოლუცია იყო, „ახალი ტალღა“ უფრო ფორსირებული, ევოლუციური პროცესი იყო. ორივეს საერთო მუსიკალური მახასიათებელი იყო ლაკონური, კომპაქტური სასიმღერო ფორმატი აკუსტიკურ ზედაპირზე ამოწეულიხისტი რითმით, რომელშიც იხლართებოდა მელოდია და ჰარმონია.

შესრულების მანერა  და ვოკალი ხან  პირდაპირი და უტიფარი, ხან მანერული და აგდებული,  მაგრამ თუ პანკი უკიდურესად აგრესიულად,  მძვინვარედ და ბინძურადაც კი  ჟღერდა, „ახალი ტალღა“  უფრო დაწმენდილი და  დახვეწილი იყო და ესთეტიკურ-იდეოლოგიურადაც  უფრო კონსტრუქციული,  ვიდრე  ანარქო-ნიჰილისტური  პანკი. და მთავარი,  სწორხაზოვანი პანკისგან განსხვავებით, „ახალი ტალღა“ სხვადასხვა  მუსიკალური ინგრედიენტით  იკვებებოდა  და  ამიტომაც შვა უამრავი ქვეჟანრი დროის  საკმაოდ მოკლე მონაკვეთში.  დღევანდელი გადმოსახედიდან  ფაქტია, რომ „ახალმა ტალღამ“, თავის დროზე  ფართომასშტაბიანი,  ტოტალური  ახალი ტალღა ააგორა  მუსიკაში,  უზარმაზარი იმპულსი მისცა მის  განვითარებას  და დღევანდელი მუსიკის უდიდესი სეგმენტიც,  სწორედ  „ახალი ტალღის“  ფორმებს და ესთეტიკურ  ბაზას ეფუძნება.

საინტერესოა, რომ ტერმინი „ახალი ტალღა“ პირდაპირი აპელირებაა კინოს ისტორიაში 1950-იანი წლების მიწურულს გაჩენილ, ფრანგულ „ახალ ტალღაზე“. პარალელები აშკარაა, ფრანგულმა ახალმა ტალღამ თავისი ოცნების ფაბრიკიანად დაამიწა მანამდე არსებული ილუზორული კინემატოგრაფი , იგივე გააკეთა „ახალი ტალღამ“ მუსიკაში 1970-იანი წლების მიწურულს, მარგინალურად აქცია რა მითოსურ-მისტიკური, ბლოკბასტერულ-ანგარებიანი და ნარცისად ქცეული როკმუსიკა. სამაგიეროდ ამოწია ყოველდღიური, სოციალურად საჭირბოროტო თემები და რიგითი ახალგაზრდის თვალსაწიერიდან დანახული ეგზისტენციალური პრობლებემი. ასეთი დისკურსი კი, ცხადია შესაბამის მუსკალურ ხორცშესხმას მოითხოვდა, ამიტომ ჟღერდა „ახალი ტალღა“ ისე, როგორც ჟღერდა - განაახლებულად, ენერგიულად და კვლავ ახალგაზრდულად.

ახლა კი დროა სათითაოდ გავშიფროთ ყველა სუბჟანრი, რომელიც „ახალმა ტალღამ“ დაამკვიდრა და რომელზეც სისტემატიურად აპელირებენ ახალი თაობის მუსიკოსებიც.

Power Pop ანუ „ფაუერ-პოპი“ - ასეთი ხასიათის მუსიკა „ახალ ტალღამდეც“ იყო, ე.წ. პოპ-სონგი ხისტი როკჟღერადობით, უბრალოდ ტერმინი სწორედ „ახალი ტალღის“ მოქცევისას დაინერგა, რადგან სწორედ ასე ჟღერდა „გალაითებული“ პანკბენდები (Undertones, Buzzcocks, X). „ფაუერ პოპში“ აუცილებელია დინამიური რიტმ-სექცია, ლაკონური გიტარა და ოდნავ ნერვიული, მკვეთრი ვოკალი, ყოველგვარი ხრინწების და ფალცეტების გარეშე.

სტანდარტული  კუპლეტი-მისამღერიც  არ არის აუცილებელი,  არც მკაფიო  რით ენ  ბლუზური სოლო-ინტონაციები.  ეს ჟანრი დღესაც აქტიურობს,  უკვე   მეინსტრიმიცაა. პრინციპში,  მსუბუქი ალტერნატიული  როკი, რეალურად  სწორედ „ფაუერ პოპი“  ან მისი პირდაპირი მემკვიდრეა.  „თავის დროზე კი „ფაუერ პოპმა“  სწორედ ამერიკულ  „ ახალი ტალღაში“  გაიჯეჯილა, ხოლო  ბენდებმა The  Cars და  The Knacks, სერიოზულ კომერციულ წარმატებასაც მიაღწიეს.

Mod Revival ან „ახალი  მოდ-ები“ – მოდ-ებზე  დაწვრილებით უკვე ვისაუბრეთ  ტექსტში 1960-იანი წლების  „ბრიტ-პოპზე“.  მათი დაბრუნება  ბრიტანულ „ახალ ტალღაში“  უფრო  სუბკულტურულ-ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ლოგიკურიც იყო. დაუპირისპირდნენ რა 1970-იანი წლების  ესთეტიკას,  ბრიტანელმა „ახალ ტალღელებმა“  მზერა 1960-იან წლებს მიაპყრეს,  როდესაც „მუსიკა  ჭეშმარიტად ახალგაზრდული და წრფელი იყო“ (პოლ უელერი).

ასე ამოტივტივდნენ „ახალ ტალღელი“ მოდები. მათი მუსიკაც სწორედ The Who-ს და The Kinks-ის ადრეული შემოქმედების სტილიზაცია იყო, ოღონდ გადაწყვეტილი უკვე ”ფაუერ პოპში“. დღევანდელი გადასახედიდან, ამ რეტრო მომენტში მნიშვნელოვანია ის, რომ „ახალ ტალღელთა“ მოდ-მოძრობამ აღადგინა წმინდა ბრიტანული პოპიდენტობა, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა წინაპირობად როგორც ბრიტანული ინდი როკისთვის, ისე 1990-იანი წლების „ბრიტ პოპისთვისაც“ კი.

The Jam

რაც შეეხება კონკრეტულ ნიმუშებს, აქ უპირობო მოდ-ავტორიტეტი იყო ბენდი The Jam, პოლ უელერის მეთურობით. მისი მუსიკალური ტალანტი, აქტუალური სოციალური პათოსი და პოეტური ტექსტები გადაიქცა „სარკედ, რომელშიც ყველაზე მკაფიოდ ირეკლებოდა თაობის პრობლემები“(პიტ ტაუნსენდი) და აი აქ, უკვე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ გავლენაზე, რაც „ახალი ტალღის“ ყველაზე პროგრესულმა და ნიჭიერმა არტისტებმა იმ პერიოდის ახალგაზრდების ცნობიერებაზე და აქტივიზმზე მოახდინეს.

ბრიტანეთი მაშინ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა. მიდიოდა ბრძოლა მემარცხენეებს და მემარჯვენეებს შორის, ლიბერალურ და რეაქციულ ფასეულობებს შორის. დაპირისპირებები იყო როგორც ინსტიტუციებში, ისე ქუჩურ დემონსტრაციებზე და ახალგაზრდულ კულტურაშიც კი. და აი, გარკვეულ დროს, სწორედ ახალი თაობის მუსიკოსთა აქტიური პოზიცია გახდა გადამწყვეტი ამ პროცესში.

მათ საკუთარი უკიდურესად გულწრფელი შემოქმედებით ახალგაზრდების დიდი ნაწილის ნდობა მოიპოვეს და ისინი იდეოლოგიურად გადაიბირეს კიდეც. კაპიტალისტური ანგარება, მილიტარიზმი, რასიზმი სამარცხვინო გოიმობად იქცა. The Jam-თან ერთად, „ახალ ტალღელთა“ უმეტესობა სწორედ ასეთ პოზიციებზე იდგა და აქ აუცილებლად უნდა შევჩერდეთ ახალი ტალღის კიდევ ერთი ქვეჟანრის, „სკას“ როლზე.

სკა (Ska) - აქ საქმე გვაქვს წარსულის ახალი ტალღისებურ რეინკარნაციასთან. „სკა“ იამაიკური მუსიკაა, სწორედ იამაიკელმა ემიგრანტებმა შეიტანეს ის ბრიტანეთში ჯერ კიდევ 1960-იანებში, ნომინალურად ესაა კარიბული კალიფსოს რიტმებზე აგებული პოპმუსიკა, მარტივი და საცეკვაო. მოგვიანებით სკა გართულდა და ტრანსფორმირდა რეგიში, ის მიივიწყეს და აი „ახალი ტალღის“ აღმავლობის დროს გაიხსენეს ეს უაღრესად დემოკრატიული, მარტივი და ექსცენტრული მუსიკა, იდეალურად რომ ერგებოდა „ახალი ტალღის“ იდეოლოგიას, მაგრამ სკა მხოლოდ მუსიკის გამო არ გამხდარა პოპულარული.

ყველაფერთან ერთად, მაშინდელ  ბრიტანეთში რასობრივი ვნებები დუღდა, მოსახლეობა და ახლგაზრდობაც  ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ხდებოდა დაპირისპირებები და იმართებოდა მუშტი-კრივიც,  ამ პრობლემას ამძაფრებდ მასობრივი ემიგრაციაც.  გაძლიერდა ფაშისტური იდეების მქონე პარტია „ნაციონლური ფრონტი“,  რომლის აქტივისტებიც უმთავრესად ახლგაზრდები იყვნენ  და რომლის დიდი ნაწილსაც ძალიან მოსწონდა სკა (ისევე როგორც „სკინჰედებს“) არადა სკა ბენდების უმეტესობა,  შემადგენლობის თვალსაზრისით სწორედაც  რომ  რასობროვ ჰარმონიის ნიმუშებს წარმოადგენდნენ.

The Specials

გადამწყვეტი გახდა მომენტი, როდესაც რადიკალ მემარჯვენეთა ფავორიტი, მთლიანად „თეთრი“ სკა ბენდი Madness, შეუერთდა სკა ლეიბლს 2-Tones, ლეიბლი (ორი ნოტა, ორი ფერი), რომელიც დააარსეს რასობრივად შერეულმა სკა ბენდებმა The Specials-ის მეთაურობით. მათ ერთობლივ კონცერტებზე ხშირად ხდებოდა ჩხუბი და აყალ-მაყალი, სადაც გამშველებლები სწორედ მუსიკოსები იყვნენ.

ისინი ტოლერანტობისკენ მოუწოდებდნენ  იდეოლოგიურად დაპირისპირებულ აგრესიულ  პუბლიკას. თანდათანობით სწორედ სკა გახდა ყველაზე ქმედითი იარაღი  რასობრივ სტერეოტიპებთან საბრძოლველად. თუ  Madness  იშვიათად  ეხებოდა  საჩოთირო თემატიკას და აქცენტს უმთავრესად მელოდიურობაზე,  ექსცენტრიულობაზე და ბრიტანულ იუმორზე აკეთებდა, The Specials გახდა უმძაფრესი სოციალური პრობლემების  კომენტატორი,  რამაც განაპირობა მათი მაღალი სტატუსი.

იამაიკურ  ემიგრანტულ  რეგის, დაბს და სკას, ბევრი ბრიტანული პანკ თუ ახალი ტალღის გამოჩენილი ბენდი შეგნებულად მიმართავდა საკუთარ შემოქმედებაში,  ამით ისინი  საკუთარ ანტირასისტულ პოზიციას აფიქსირებდნენ და ხშირად საკმაოდ  ხისტადაც.  რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი  The Clash-ია - ერთ დროს პანკბენდი, რომელიც თავიდანვე  მიხვდა ნიჰილიზმის უნაყოფობას და სოციალურად აქტიური, შეურიგებელი პოზიცია დაიკავა  ისტებლიშმენტის და ანგარებიანი პოლიტიკური კურსის  წინააღმდეგ.

„ძალიან ადვილია იყო ცინიკოსი, მაგრამ გაცილებით რთულია გამოიჩინო ჭეშმარიტი თანაგანცდა მათ მიმართ, ვინც ამას საჭიროებს“ - ასე ამბობდა ბენდის ლიდერი ჯო სტრამერი, სწორედ ეს იყო ბენდის მთავარი არტისტულ-იდეოლოგიური კრედო. მათი მუსიკა ჟანრულად საკმაოდ მრავალფეროვანი გახლდათ (პანკი, ფაუერ-პოპი, რეგი, დაბი, ფანკი, როკაბილია, სვინგიც კი), მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა საკუთარ აკუსტიკურ სახეს და პათოსს.

ცხადია,  „პანკ-ახალი ტალღის“ ყველა არტისტი მემარცხენე დისკურსს  არ იზიარებდა,  მხოლოდ  უმძლავრესი The Stranglers-ის კონტროვერსიული შემოქმედება რად ღირს,  მაგრამ მეორე მხრივ ყველა „ახალ ტალღელი“, აბსოლუტურად გულწრფელი იყო თავის შემოქმედებაში, უკომპრომისო და ნონ კომფორმისტი, რაც „ახალი ტალღის“, როგორც მუსიკალური კულტურული ფენომენის დამსახურებაა. 

The Stranglers

„ახალ ტალღაში“ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი როკმუსიკის მასობრივი ფემინიზაციაა. ეს პროცესი ჯერ კიდევ პანკში დაიწყო, თუმცა ველური და მძიმე პანკი, მაინც არა ფემინური სივრცე იყო, „ახალი ტალღა“ კი თავისი გახსნილი აზროვნებით, სივრცეებით და ექსპერიმენტებისთვის მზადყოფნით, იდეალური აღმოჩნდა ქალი მუსიკოს არტისტებისთვის და მართლაც, მათ ყველას დაუმტკიცეს, რომ არანკლებ საინტერესო, შინაარსიან და ორიგინალური მუსიკის შექმნა შეუძლიათ, ვიდრე კაცებს.

საინტერესოა, რომ „ახალი ტალღის“  სწორედ ყველაზე ექსპერიმენტულ სეგმენტში გაიფურჩქნა ფემინისტური მუსიკა,  იგივე  ექსცენტრული და მახვილგონივრული The Slits, ან The Raincoats, რომელიც როგორც ნამდვილი ავანგარდი, უკვე  ისე ჟღერს.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ჟანრი, „ახალი ტალღაც“ სავსე იყო კონიუნქტურით, მაგრამ მისი საუკეთესო წარმომდგენლები დღესაც ფასობენ და არც თუ უსაფუძვლოდ. უკვე ნახსენები სახელების გარეშე, აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე მათგანის შემოქმედება. ჯერ ელვის კოსტელო, გამოჩენისთანავე რომ აღიარეს ახალი თაობის უნიჭიერეს პოპკომპოზიტორდ.

მის სიმღერებში  ”ახალი ტალღის“ საუნდის მთელი სპექტრი იკვეთებოდა, მაგრამ ყველა საინტერესო , რაც  მან გააკეთა,  იყო ის,  რომ  პირველმა დაასამარა  როკმუსკოსის  ბრუტალურ-გმირული სტერეოტიპი. მისი გმირი - ე.წ. მორცხივი „ნერდი“,  თანატოლების  დაცინვის ობიექტი,  ამავდროულად მტკიცე ხერხემლის მქონე მიზანთროპი მზადაა,  შური იძიოს საკუთარ მჩაგვრელებზე -  აი, ეს იყო ელვის კოსტელოს არტისტული კრედო.

”ახალი ტალღის“ ნიუ იორკული Talking Heads, დღეს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ბენდადაა აღიარებული. ბენდ ლიდერი დევიდ ბირნი - მეგაპოლისური სტრესებით დანერვოზებული ინტელექტუალი ყოველდღიურობის შესახებ უჩვეულოდ ჰყვება. ბენდის მუსკაში ეს ბანალური ამბები არანორმალურ, ჰიპერბოლურ ფორმებს იღებს და სრულიად მოულოდნელად ჟღერს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი რიტუალურ რიტმებზე აგებული ექსპერიმენტული ალბომი Remain in light, რომელიც დღემდე თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ აკუსტიკურ მწვერვალად ითვლება.

სხვათა შორის, ბრაიან  ინო საწყისი ეტაპიდანვე საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა „ახალ ტალღელებთან“. მისი პირველი „რეკრუტი“ იყო კლივლენდური  ბენდი Devo .  ფრენკ ზაპა „ახალ ტალღურ“ პროცესებს, საერთოდაც  დევო-იზაციას უწოდებდა. ბენდის მუსიკა იყო ექსცენტრული როკ-ელექტრონული ფუტურიზმი.  „დე-ვო“,  ანუ დე-ევოლუცია,  როგორც კონცეფცია, პოპულარულ მუსიკის უზარმაზარ ტერიტორიაზე ახალი,  პოსტმოდერნისტული  ციკლის დასაწყისად იქცა -   უკვე არსებული  მონაპოვარის დეკონსტრუქცია, მისით  ჟონგლიორობა,  პაროდირება-ირონიზირება,  ოღონდ  ახალი  გამომსხველობითი  ხერხების გამოყენებით.

ფაქტობრივად, „ახალმა ტალღამ“ განაჩენი გამოუტანა როკმუსიკის დასერიოზულებას, მის სწრაფვას ისტორიული, კულტურული მონაპოვარისადმი, იქნება ეს კლასიკა, მოდერნიზმი თუ ფსევდო-ავანგარდი. გარკეულ ეტაპზე, „ახალმა ტალღამ“ პანკთან ერთად სწორედ ის ადგილი მიუჩინა როკ თუ პოპმუსიკას, სადაც იდეალურად იკვეთებოდა ამ მუსიკალური კულტურის იდენტობა, ძალა და ფუნქცია.

უფრო სწორად  უნდა ვთქვათ, რომ აღადგინა  ეს ვექტორები, ოღონდ ისინი  მრავალფეროვან და პოსტმოდერნისტულ ტერიტორიაში მოაქცია. პოსტმოდერნის შემდეგ კი რა ხდება, ჯერ არავინ იცის, ამიტომ ბევრი თვლის, რომ ბოლო  გადატრიალება პოპულარულ მუსიკაში სწორედ „ ახალმა ტალღას“ უკავშირდება.

ისევე როგორც ყველაფერ ახალს, საწყის ეტაპზე, „ახალ ტალღასაც“ ალმაცერად უყურებდნენ. კი, ეს მუსიკა ნამდვილად ახალი და მოდური იყო ყველგან, მაგრამ დიდი ბრიტანეთის გარდა, სერიოზული კომერციული წარმატებით და მასობრივი პოპულარობით არსად სარგებლობდა.

ეს არც იყო გასაკვირი,  რადგან მაშინ  „ახალი ტალღა“   მეინსტრიმის ალტერნატივად აღიქმებოდა.   გამონაკლისი ალბათ, მხოლოდ ორი ბენდი იყო:  The Police -  მათი მუსიკა მერყეობდა რეგის და „ფაუერ პოპს“  შორის, მაგრამ იმდენად  სპეციფიკური და თავისებური ჟღერადობა ჰქონდა, რომ  ეს ჟანრული ატრიბუტიკა  ყოველთვის მეორე  პლანზე გადადიოდა.  რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო სამივე მუსიკოს-ინსტრუმენტალისტის უზადო ოსტატობა,  ფრონტმენ  სტინგის  ქარიზმა და ვოკალურ-კომპოზიტორული ტალანტი.

მეორე იყო  ნიუ იორკული  Blondie,  კლუბ  CBGB-ის ადრეული რეზიდენტები.  აქაც დომინირებდა ტრადიციული ”ახალ ტალღური“ ინგრედიენტები, ხანდახან რეგიც,  პოპ პანკ-პოპი, ადრეული ჰიპ ჰოპიც კი, ხოლო მათი უკვდავი ჰიტი Heart Of Glass,  თამამდ შეიძლება ჩაითვალოს დისკოს და „ახალი ტალღის“  სიმბიოზის უნიკალურ ნიმუშად. ბენდის  მშვენება,  რა თქმა უნდა ფრონტქალი  დები ჰარი იყო, რომელიც  ეფექტურად  ანსახიერებდა ჰოლივუდელი  ქერა ვარსკვლავის ”ახალ ტალღურ“, კიტჩურ ვარიანტს. 

და ბოლოს, „ახალმა ტალღამ“ თანამედროვე მუსიკის ფარგლებში საბოლოოდ ჩამოაყალიბა კონსერვატული მეინსტრიმის პარალელური, ალტერნატიული და უდავოდ პროგრესული სივრცე. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ინდი ლეიბლების შექმნა და ამოქმედებაც სწორედ ”ახალი ტალღის“ საბაზრო მონაპოვარია.

თავად  „ახალი ტალღა“ აუთენტიკური სახით კი ჩაქრა 1980-იანი წლების  შუაში, მაგრამ მისი  კულტურულ-მუსიკალური  მონაპოვრი  არსებობას განაგრძობს  უამრავ   მემკვიდრე  მიმართულებაში (ინდი, ალტერნატიული როკი, ბრიტ პოპი, ელეტროკლეში და ა.შ), რომელიც  დღემდე აქტუალურია.  ფაქტია, რომ ეს მუსიკა დღემდე საინტერესოდ ჟღერს და აი აქ,  აუცილებლად უნდა ვახსენოთ „ახალი ტალღის“ პირველი ეტაპის  ორი  მონსტრი ქვეჟანრი, რომელზეც არ გვისაუბრია და რომელიც დღემდე  დომინანტური და საინტერესოა.  ლაპარაკია  ელექტრო (იგივე სინთ) პოპზე და პოსტ პანკზე. თუ რაშია საქმე,  ამაზე   შემდეგ სტატიაში  მოგითხრობთ.

ავტორი: გია ხადური