მუსიკა | ცა

Morevi Records | ახალი ფირფიტების მაღაზია თბილისში

Tsa.Music

მარტი 13, 2023

მუსიკალური ინდუსტრიისთვის ფირფიტების „რენესანსის“ ტალღა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც სტრიმინგ პლატფორმები დღითიდღე ცდილობენ მომხმარებელს მუსიკის ციფრულად მოსმენის საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ, ადამიანებს ჩანაწერების ფიზიკურად ფლობის სურვილი გაუჩნდათ.

დღესაც აქტუალურია მსჯელობა, თუ რა გახდა ფირფიტების დაბრუნების მთავარი მიზეზი. ერთი მხრივ, ეს შეიძლება ყოფილიყო წარსულის ნოსტალგია და თანამედროვე საზოგადოების „რეტრომანიისადმი“ მიდრეკილება. მეორე მხრივ კი პერფექციონისტული ციფრული ჟღერადობის საპირისპიროდ, ანალოგური ჩანაწერების ბუნებრივი ხმოვანებისადმი ინტერესის გაჩენა. ფაქტია, ეს ტენდენცია საქართველოსაც შეეხო, რამაც, ახალი ფირფიტების მაღაზიების გაჩენას მისცა სტიმული. მათ შორის კი არის მაღაზია „მორევი“.

„მორევი“ (Morevi) ფირფიტების ქართული ონლაინ მაღაზია, ლეიბლი და კოლექტივია, რომელმაც სულ ახლახან თბილისში, შანიძის ქუჩაზე ფიზიკური მაღაზია გახსნა. 

იდეა 2018 წლის ბოლოს ორ მეგობარს - გივი გელაშვილსა და გიორგი გრძელიშვილს გაუჩნდათ. თავდაპირველად „მორევი“ ონლაინ მაღაზიით დაიწყო, წლების განმავლობაში ის ვითარდებოდა, მისი მუსიკალური კატალოგიც უფრო მრავალფეროვანი და ვრცელი ხდებოდა, ხოლო გასული წლის დეკემბერს შანიძის ქუჩაზე ფიზიკური მაღაზიის სახითაც გაიხსნა.


„2020 წლის ბოლოს ნათელი გახდა, რომ პროგრესის შესანარჩუნებლად „მორევის“ გუნდის ზრდა და გამრავალფეროვნება აუცილებელი იყო, თუმცა ეს პროცესი ნამდვილად არ გვინდოდა მეგობრული გარემოს ვერ შენარჩუნების ხარჯზე მომხდარიყო.“

მეგობრული გარემო შენარჩუნდა, თუმცა გაფართოვდა და უკვე 6 ადამიანისგან შედგება. ერთი წლის წინ „მორევის“ გუნდს ნიკოლოზ ჯიბლაძე, სოლო გაგუა, სანდრო პაპასკირი (იგივე Skyra) და ლუკა კაპანაძე შეუერთდნენ. მათი ნაწილი სელექტორები თუ დიჯეები არიან, ნაწილი კი უბრალოდ მუსიკის ენთუზიასტები, რომლებიც თავისუფალ დროს სამეგობროს ახალ წამოწყებას უთმობენ.


„ეს ხალხი მუსიკისა და ფირფიტების სიყვარულმა გაგვაერთიანა და თავისუფალ დროს დარჩენილ რესურსებს მთლიანად მორევში ვდებთ,“


- აღნიშნავს სოლო გაგუა, „მორევის“ კოლექტივის წევრი და დიჯეი (Boyá, DIGITAL GROOVE AFFAIR), რომელსაც ახალგახსნილი ფირფიტების მაღაზიის შესახებ ვესაუბრე. 

გუნდის გაფართოების საჭიროება განსაკუთრებით ფირფიტების ფიზიკურმა მაღაზიამ გააჩინა. სტანდარტული მაღაზიებისგან განსხვავებით, ფირფიტების მაღაზიის დანიშნულება მხოლოდ ნივთების შეძენით არ განისაზღვრება. ეს არის ადგილი, სადაც მუსიკის მოყვარულ ადამიანებს შეუძლიათ მთელი დღე მუსიკის მოსმენაში გაატარონ, იკვლიონ ახალი ჟღერადობები, გაესაუბრონ თანამოაზრეებს თუ უბრალოდ განიტვირთონ. „მორევის“ გუნდიც ორიენტირებულია სტუმრებს მყუდრო და საინტერესო მუსიკალური გარემო დაახვედროს. ერთი მხრივ, ამას გაფართოებული ფირფიტების კატალოგით, პატარა ბარითა თუ ყოველკვირეული მუსიკალური ღონისძიებებით აკეთებენ.

როგორი გარემო ხვდება „მორევში“ მოსულ ადამიანს? ფირფიტების უბრალოდ შეძენის გარდა რას სთავაზობთ მუსიკის მოყვარულებს?

„მორევი“ ფირფიტების მაღაზიის გარდა სოციალური სივრცეცაა, სადაც მსმენელს შეუძლია შუადღიდან გამოიაროს, მუსიკას მოუსმინოს, ჩაი ან ლუდი დალიოს და დაისვენოს. ამასთან, გვაქვს უშუალოდ ღონისძიებების მიმართულებაც. ერთი მხრივ გვაქვს „in-store“ სესიები პარასკევს და შაბათს, სადაც ჩვენი მეგობარი დიჯეები თავიანთ სელექციას აზიარებენ, მეორე მხრივ კი კვირაობით ვპატიჟებთ სელექტორებს, რომლებიც „მორევში“ მოსულ ადამინებს თავიანთი კოლექციიდან საყვარელ მუსიკას ასმენინებენ. ამ დღეს ნაკლებად ვაკეთებთ აქცენტს ელექტრონულ მუსიკაზე. ჩვენი მიზანია, ვიქცეთ ადგილად, სადაც მსმენელი კლუბში წასვლამდე მოვა, გართობას, სოციალიზაციასა და მუსიკის მოსმენას შეძლებს.

რის მიხედვით არჩევთ რა უნდა იდოს „მორევის“ თაროებზე და როგორია ფირფიტების შერჩევის პროცესი?

მთავარი ინდიკატორი, რა თქმა უნდა, ჩვენი გემოვნებაა. თავიდანვე ვცდილობდით „მორევის“ თაროებზე იმ მუსიკის განთავსებას, რომელიც ჩვენი გაგებით კარგი მუსიკის დეფინიციაში ჯდება. თუმცა, კოლექციის მრავალფეროვნებისთვის კომპრომისებზე წასვლაც აუცილებელია.

გვაქვს კონტრაქტები ევროპულ დისტრიბუციებთან, საიდანაც ყოველთვე ვაახლებთ ჩვენს კატალოგს. გარდა ამისა, მუდმივად ვეძებთ პირად კოლექციებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი თაროები იშვიათი მეორადი ფირფიტებითაც გავამდიდროთ.

ალბათ არის ჟანრები, რომლებიც უფრო აქტუალურია თბილისში, როგორ გაქვთ კოლექცია ჟანრობრივად გადანაწილებული? 

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ჟანრზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა, თუმცა შედარებით მეტი ადამიანი ეძებს კლუბურ საცეკვაო მუსიკას. რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ მომხმარებელთა ერთი ნაწილი ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენელია.

მეორე მხრივ, მაღაზიას ასევე სტუმრობენ ფირფიტების კოლექციონერები - აუდიოფილები, რომლებიც დიდ რესურსს დებენ მაღალი ხარისხის აუდიო ტექნიკაში, ხშირად მუსიკის მოსასმენად ცალკე ოთახები აქვთ მოწყობილი და განსაკუთრებული ინტერესით ეძებენ კონკრეტული ალბომების პირველ პრესებს. მათი მთავარი პრიორიტეტი მუსიკის კარგ ხარისხში მოსმენაა.


და რამდენად ბევრნი არიან ისინი საქართველოში?

ეს კულტურა საქართველოში 80-იანი წლებიდან იდგამს ფეხს - როდესაც თბილისი ერთ-ერთი იყო საბჭოთა კავშირის იმ 8 ქალაქიდან, სადაც ფირფიტები იწარმოებოდა. ამ პერიოდში თაროების უდიდესი ნაწილი  ლეიბლ „მელოდიას“ ფირფიტებით იყო სავსე, განსაკუთრებით იღბლიანებს კი საბჭოთა საბაჟოზე ჩუმად შემოტანილი რამდენიმე უცხოური პრესის მოსმენის ფუფუნებაც ჰქონდათ. ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც დაინტერესდა ჩანაწერებით და ფირფიტების შეგროვება დაიწყო, რასაც ელექტრონული მუსიკის პოპულარობის ზრდას ვუკავშირებ.

რამდენად შევხვდებით „მორევში” ქართულ გამოცემებს? გაქვთ თუ არა გეგმები ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის?

ამ მხრივ ორი მიმართულება გვაქვს - თანამედროვე და ძველი ქართული გამოცემები. მუდმივად თვალყურს ვადევნებთ ქართულ ლეიბლებს იქნება ეს კლუბური მუსიკა, თუ ნებისმიერი სხვა ჟანრი. მაგალითად, ახლახან მივიღეთ „CES Records“-ისა და „Georgian Music Legacy Collection“-ის ფირფიტები. ასევე გვაქვს ქართველი არტისტების ჩანაწერებიც, რომლებიც უცხოურ ლეიბლებზე გამოიცემა. რაც შეეხება ძველ მუსიკას, ამისთვის ცალკე თარო გვაქვს გამოყოფილი და ვცდილობთ აქაც მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს. გვაქვს ფოლკლორი, როკი, საგალობლები და ა.შ.


„მორევი“ ასევე არის ლეიბლი, რომელზეც გამოცემული გაქვთ Theef-ის EP “Back to Freedom”. მომიყევი მეტი ამ ჩანაწერის შესახებ.

Theef ბერძენი პროდიუსერია, კუნძულ კრეტიდან. პირველად ის გივის, YouTube არხზე თავისი მიქსის - Theef - Sun & Smoke Mixtape გამოქვეყნების თხოვნით დაუკავშირდა. ეს მიქსი კი შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით ჯდებოდა ჩვენს მუსიკალურ გემოვნებაში. პირველ მიქსს მოჰყვა მეორე - Theef - Mirrors Are Just Windows To Parallel Universes,  დროის ზუსტად იმ პერიოდში, როცა განვიხილავდით არტისტებს ჩვენი პირველი რელიზისთვის. მუსიკოსთან მოლაპარაკებების, მასტერინგსა და გარეკანის ვიზუალზე მუშაობის შემდეგ კი საბოლოოდ მივიღეთ მორევის პირველი რელიზი MRVD001 - Back to Freedom EP.

გაქვთ თუ არა ლეიბლის კონცეფცია? ხედვა, თუ როგორი სტილის მუსიკას გამოსცემთ და რის მიხედვით უნდა აარჩიოთ მომდევნო ჩანაწერი?

ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენს ლეიბლზე გამოსაცემ მუსიკას ვარჩევთ, ჩვენივე კოლექტივის გემოვნებაა. არ გვინდა კონკრეტული ჟანრის საზღვრებში მოვექცეთ, შესაბამისად გვაინტერესებს ნებისმიერი მუსიკალური მიმართულება, რომელიც ჩვენს გემოვნებაში ჯდება. გარდა ამისა, ვცდილობთ ლეიბლის დახმარებით ახალგაზრდა ნიჭიერ არტისტებს შევუწყოთ ხელი. მუდმივად ვეძებთ ახალ არტისტებს და განვიხილავთ შესაძლო ვარიანტებს „მორევის“ რელიზებისთვის.


მორევი” აქტიურად მუშაობს ღონისძიებების მიმართულებითაც. სამ თვეში ერთხელ Horoom-ის სივრცეში იმართება „Morevi Records Night”, სადაც „მორევის“ გუნდთან ერთად მოწვეული სტუმრებიც უკრავენ. ყოველი მომდევნო ღონისძიების დაგეგმვისას კოლექტივის მიზანია, შერჩეული არტისტები და მათი სელექციების ჟღერადობა თანხვედრაში იყოს სივრცესთან. ერთი მხრივ, მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრა დაახვედროს, მეორე მხრივ კი შენარჩუნებული იყოს ერთიანობა.

სამომავლოდ რას უნდა ველოდოთ „მორევისგან“?

ამ მომენტში, ვცდილობთ მაღაზიაში პროცესების ოპტიმიზაციასა და ბარის სისტემის ბოლომდე გამართვას. აქტიურად ვმუშაობთ ფირფიტების კოლექციის გაზრდასა და მოსასმენი სესიების გაგრძელებაზე. წელს გადაწყვეტილი გვაქვს გამოვცეთ „მორევის“ პირველი ფირფიტა. არტისტის ვინაობას კი ჯერ მაინც საიდუმლოდ დავტოვებ.

ქართველი იქნება თუ არა, ამის თქმა შეგიძლია?

კი, ქართველი იქნება. ასევე, ივენთების მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან ორი ღამე გვქონდა ჰორუმში და ორიც ბერლინში - სხვადასხვა ლოკაციაზე. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 17 დეკემბრის Horoom-ის „Morevi Records Night” ზუსტად ის იყო რაც გვინდა მსმენელს „მორევის“ ღამეებზე შევთავაზოთ. მთელი ღამის განმავლობაში შევძელით მსმენელისთვის განსაკუთრებული ატმოსფერო შეგვექმნა და მათგანაც ზუსტად ის ენერგია დაგვიბრუნდა, რაც მაღაზიის გახსნისთვის საჭირო სამუშაოებით გადაღლილებს ასე ძალიან გვჭირდებოდა.

ავტორი: მარიამ ლეჟავა