Mind Controlled Rectifier - არაფერი ისეთი, რასაც ელოდებოდით

გონების შეშლილი მბრძანებლების ერთ ახალ ლეიბლზე უნდა მოგიყვეთ, სადაც „არაფერია მოულოდნელი“, არაფერი ისეთი, რასაც უკვე მომავალში აღარ დაელოდებოდით, არაფერი ისეთი, რაც არასდროს დაგჭირდებათ. 

ლეიბლის შექმნის იდეა პანდემიური თვეების ის ერთ-ერთი პლიუსია, რომლითაც IDM აუდიტორიისთვის ქართული მუსიკალური ინდუსტრიის რუკაზეც ახალი მოსასმენი წერტილებიც მოინიშნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლეიბლის ამბიცია ელექტრონული მუსიკალური სივრციდან ჩარჩოების ჩამოხსნის, გათავისუფლების და მუსიკაში განსაზღვრებების გაქრობის იდეას ეყრდნობა, Mind Controlled Rectifier  მაინც ქმნის მისი გუნდის ცხად ღირებულებას:

ლეიბლი საერთაშორისო ფართო აუდიტორიაზეა ორიენტირებული: თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის არტისტებთან ერთად საკუთარი სახელის ქვეშ აერთიანებს ევროპელ არტისტებსაც და მსენელისთვის თავს უყრის ახალი მუსიკის ესთეტიურ კომბინაციებს. 

Toke, Generali Minerali, Tsa, SALOME, 7uka, DJ Astrobee, 666uba, Source 04, Rydeen, Ottonian, Reverie - ეს იმ ქართველი მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ლეიბლთან თანამშრომლობამდეც არაერთხელ გვინახავს თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენაზე. 

Mind Controlled Rectifier არსებობას პანდემიის პირველ ტალღასთან ერთად იწყებს და წლების განმავლობაში დალექილ იდეებს რამდენიმე თვეში უკვე სამი რელიზის სახით გვთავაზობს.

VA001 - ლეიბლის 2020 წლის რელიზია, რომლითაც მისი მუსიკალური გეზი Bandcamp-ის აუდიტორიისთვის თითქოს უფრო ცხადი გახდა: აქ ყველაფერია Acid-House, Techno-House, Drum&Base, New Beat ან ელექტრო live-მუსიკას მონატრებული მიმდევრებისთვის. 

სულ რამდენიმე თვეში პირველი რელიზის ეიფორიას უნიკალური ტყუპისცალი VA002 მოჰყვა, რომელმაც ერთი ყდის ქვეშ გააერთიანა ქართველი და ევროპელი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის არტისტების Acid, New Beat და House-ის სხვადასხვა მიმართულების კომპილაციები. ორივე რელიზი იმ გულშემატკივრებისთვისაა განსაკუთრებული, ვისაც ურბანული რეივ-კულტურის ენერგეტიკა პანდემიური კარჩაკეტილობის პირობებში უფრო მეტად სჭირდება.

ორივე ალბომის ენერგეტიკა მაქსიმალურად ჭრელი და მძაფრია. შეიძლება, ეს ნამდვილად არ არის მუსიკა ყველასთვის, მაგრამ მათ, ვისაც მუშაობის დროს მეტი ადრენალინი სჭირდება ან მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ეთმობა რითმის ცოცხლად შეგრძნების თავისუფლება, ორივე რელიზი თამამად შეგიძლიათ, Wishlist-ში ჩააწყოთ. 

ზუსტად მაშინ, როდესაც თითქოს უკვე ცხადი გახდა ლეიბლის მუსიკალური ნიშა, Mind Controlled Rectifier (MCR) დღეს, 2 აპრილს, უკვე მესამე, სრულიად სხვა კონტექსტის მქონე ალბომს აქვეყნებს. 

ამ ალბომს, VA001 და VA002-ის ინტენსიური რეივის შემდეგ, ლეიბლის აუდიტორია სხვა გამოქვაბულისკენ მიჰყავს. 

ინდუსტრიული მინიმალიზმი, Dark Ambience და მუსიკალური ქსოვილი, რომელიც ცოტა ძნელია რაიმე კონკრეტულ ჟანრში გამოკეტო.

Hamatsuki-სთვის დამახასიათებელი თბილი ჟღერადობა შეიძლება ზუსტად ის არის, რაც გარკვეული დოზით ყველას გვჭირდება პანდემიის ამ ეტაპზე, და არა მარტო. Sleepwalking ლეიბლის ის რელიზია, რომლის 11 ნაწილიდან ყველასთვის შეირჩევა სულ ცოტა ერთი ყველაზე საყვარელი კომპოზიცია ჩვენი ყოველდღიურობის მეტი მგრძნობიარობისთვის. 

ალბომის tracklist-ის მცირე ნაწილი Hamatsuki-ის გამოუქვეყნებელი მუსიკის ჩამონათვალში რელიზამდეც არსებობდა, თუმცა მისი საბოლოო ფორმა, ჟღერადობა და ტექსტურა უშუალოდ Sleepwalking-ის რელიზისთვის გაერთიანდა. ლეიბლი მისი ბოლო რელიზითაც მიჰყვება საკუთარ არაპროგნოზირებად მოცემულობას, გამორიცხავს მიჯაჭვულობას კონკრეტულ ჟანრზე და ყოველ ჯერზე საკუთარი თავის ახლიდან შენების პროცესშია. 

ალბომის ციფრული ფორმატის მოსმენა უკვე დღეიდან მუსიკალურ პლატფორმებზე Spotify, Apple Music, და Bandcamp არის შესაძლებელი.

და კიდევ რას შეიძლება ველოდოთ გონების შეშლილი მბრძანებლებისგან მომავალში?!

სანამ Mind Controlled Rectifier-ის აუდიტორიასთან ცოცხლად ურთიერთობისთვის სივრცეები გაიხსნება, ლეიბლზე 2022 წლის აგვისტომდე 5 რელიზის გამოქვეყნება იგეგმება. საერთაშორისო არტისტებთან და პრომოუტერებთან კომუნიკაცია ლეიბლისთვის მნიშვნელოვანი სტანდარტია, ამიტომ ალბომებიც იქნება იმდენად გლობალური, რამდენადაც ამას New Age მუსიკა გულისხმობს. თითოეული მათგანი ისევ შემოგვთავაზებს მუსიკას ჟანრობრივი კლიშეების თუ არტისტების ეროვნული განსაზღვრებების გარეშე. Hamatsuki-ის შემდეგ კი ლეიბლის წევრ არტისტებს Yarn Init შეურთდება. დუო ლაიფციგიდან, რომელთა კომპილაცია “Don’t Bother” უკვე იყო ლეიბლის VA002 ალბომის განსაკუთრებული ნაწილი, ახლა კი MCR-თან თანამაშრომლობას უკვე შემდეგი ალბომის ავტორობით გააგრძელებს.

შთამბეჭდავი დასაწყსის შემდეგ კი მხოლოდ ის დაგვჩენია, რომ წარმატებები ვუსურვოთ ლეიბლს, რომელიც თანამედროვე ელექტროული მუსიკის სცენაზე კიდევ არაერთ საინტერესო არტისტს აღმოაჩენს. 

ავტორი: ნინო დავაძე