მუსიკა | ცა

2022 l ქართული მუსიკის ინდუსტრია

Tsa.Music

დეკემბერი 31, 2022

გასული წლების მსგავსად, 2022 წელიც ქართული მუსიკალური სცენისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც კოვიდ პანდემიის და, შესაბამისად, შემოქმედებითი პაუზის დასასრული უნდა გვეზეიმა, უკრაინაში დაწყებულმა საზარელმა ომმა ყოველგვარი ზეიმი ხალისი მოგვისპო - ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა მუსიკალურ სივრცეზეც - როგორც მთელ მსოფლიოში, ქართველი მუსიკოსებიც ცდილობდნენ მიმდინარე ომზე საკუთარი მხარე აქტიურად დაეფიქსირებინათ და რა თქმა უნდა უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის დახმარებასა თუ მხარდასაჭერ ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღოთ. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით 10-მდე განსხვავებული მუსიკალური რელიზი გამოვიდა ქართველი არტისტების კომპოზიციებით, რომლებიც შემოსულ თანხას მთლიანად უკრაინის მხარდასაჭერ სხვადასხვა ფონდში რიცხავდნენ. მუსიკოსები ასევე აქტიურობდნენ სცენაზეც, სადაც უამრავმა მათგანმა ჰონორარის სრული ან ნაწილობრივი თანხა ისევ ამ ფონდებში გადარიცხა - ცალკე აღსაღნიშნია სპეციალურად მოწყობილი ღონისძიებები, რომლებიც მთლიანად ამ თემატიკას ეძღვნებოდა. მაგალითად ქართველ მუსიკალურ ჟურნალისტთა კოლექტივმა Dancing On Architecture-მა 3 სხვადასხვა ღონისძიება მოაწყო (მათ შორის ერთ-ერთი მთლიანად უკრაინულ მუსიკას ეძღვნებოდა) Mutant Radio-ს სივრცეში და 9000₾-ზე მეტი თანხა შეაგროვა ომით დაზარალებულ ბავშვთა დასახმარებლად.

მაისიდან, მაშინ როდესაც კოვიდ შეზღუდვებიც უკვე სრულიად მოხსნილად გამოცხადდა, ერთგვარი აფეთქება იყო მუსიკალური ღონისძიებებისა, რომლებსაც ასე რუდუნებით ელოდა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. პირველი დიდი გაერთიანება ალბათ Tbilisi Open Air-ზე იყო, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად პოპულარული უცხოური ბენდებიც  იღებდნენ მონაწილეობას - ამ გადმოსახედიდან აღნიშნულ ღონისძიებას 3 დღის განმავლობაში ალბათ რეკორდული რაოდენობის ადამიანი დაესწრო. ამას უკვე ზაფხულში მოჰყვა Rokva Festival რაჭაში, რომელიც წინა წლების სირთულეების შემდეგ ამაყად დახვდა მსმენელსაც და მონაწილე მუსიკოსებსაც. ივლისში ასევე მცირე პაუზის შემდეგ, განსხვავებულ ლოკაციაზე თბილისის ჯაზ ფესტივალმა აიღო სტარტი და როგორც არასდროს, აქაც არ დაუღალატებია ერთგული მსმენელი, შესთავაზა რა ჯაზ მუსიკის ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსები -  აგვისტოში თბილისიდან ბათუმის ჯაზ ფესტივალზე გადმოვინაცვლეთ, რომელიც ოქტომბერში უკვე წინანდლის Jazz & Wine-მა დაასრულა. ტრადიციულად ჩატარდა შედარებით მცირე ზომის ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, მათ შორის თბილისიდან შედარებით შორს, რეგიონებშიც, რამაც თავის მხრივ სახელოვნებო აქტივობების დეცენტრალიზაციის კარგი მაგალით მისცა სხვა ორგანიზატორებსაც.

ქართული ლეიბლების აქტიურობაც აშარად ჩანდა, მიუხედავად იმისა თუ კონკრეტულად რა სერვისს სთავაზობენ მუსიკოსებს, ამ გაერთიანებებმა საკმაო სამუშაო ჩაატარეს 2022 წელს და ტრადიციულად გამოსარჩევ CES Records, Leno Records, UNHEARD, Didube Records, giraffe tapes-ს სხვა, ელექტრონულ მუსიკასთან დაკავშირებული მიკრო ლეიბლები მიემატნენ. გამოჩნდა „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკის ფირფიტაზე გადმოტანას ცდილობს.

ნელ-ნელა მოიმატა მუსიკასთან და ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა აქტორების ჩართულობამ და გააქტიურებამ. Bloom Music-ს არტისტების სიაში Eko & Vinda Folio-ს პროექტი შეემატა, Stockton Records-ს კი Kordz და Bedford Falls. გაიზარდა ქართული მუსიკის რაოდენობა საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმაზე, რამაც მუსიკოსებსაც ახალი ფინანსური შემოსავლის წყაროს შესაძლებლობა გაუჩინა. Postred-მა, Heima Production-მა და Addmusic სხვადასხვა საერთაშორისო თუ ლოკალურ პროექტზე იმუშავეს მუსიკალურ თუ ხმის დიზაინის მიმართულებით.

Mutant Radio ერთ-ერთ ის წამოწყებაა, რომელმაც თბილისიდან საერთოშირისო აღიარებას მიაღწია და დღემდე უამრავი გლობალური პროექტის პარტნიორია. არ უნდა დაგვავიწყდეს Tempo Radio და მათი მუსიკალური სესიები თბილისსა თუ რეგიონებში.

ვერ ვიტყვი რომ ქართული მუსიკალური ვიდეოების ნაწილში ისეთივე კარგი შედეგი გვქონდა როგორც წინა წელს, თუმცა მაინც შეიძლება რამდენიმე რეჟისორისა (avi.musaifi, DRO) და ნამუშევრის გამოყოფა, რომლებიც ამ მხრივ მიძინებულ სცენას შიგდაშიგ აღვიძებენ ხოლმე.

2022 წელს აქტიურად ამოქმედდა სხვადასხვა მუსიკალური ვენიუები -  აქამდე უნიკალური შემთხვევაა, რომ მარტო თბილისში ალბათ 4-მდე მუსიკალური სივრცეა სადაც საღამოობით შეგიძლია ჯაზ მუსიკას მოუსმინო, ყოველ პარასკევს და შაბათს კი MonoHall-ის სივრცეში საკმაოდ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები იმართება ქართული ბენდების მონაწილეობით - ეს იმ დროს როდესაც 10 წლის წინ ალბათ წარმოუდგენელიც იყო 50-ზე მეტ ადამიანს ქართული ბენდის კონცერტზე ბილეთში თანხა გადაეხადა. თუმცა ამ მხრივ აქტუალური რჩება მთელი პრობლემების ჯაჭვი, რამეთუ აღნიშნულ სივრცეებში წარმოდგენილი არ ხდება ქართველ მუსიკოსთან ძალიან დიდი ნაწილია, მათ შორის დამწყები თუ უკვე გამოცდილები, რომლებიც წლებთან ერთად ერთგვარ აუტსაიდერებად ჩამოყალიბდნენ და უჭირთ საკუთარი შემოქმედების გარეთ გატანა. ალბათ ეს კედელიც, რომელიც ხშირად ხელოვნურად და დაუფიქრებლად არის აღმართული მუსიკოსებსა და მსმენელს შორის უნდა დაინგრეს და მუსიკოსთა უფრო ფართო ფენას უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარსდგნენ საკუთარ უკვე არსებულ თუ პოტენციურ მსმენელთან, ამისთვის კი სივრცეებმა ბიზნეს ინტერესებსა და მუსიკალური სცენის საჭიროებებს შორის ბალანსის დაცვა უნდა მოახერხონ.

რაც შეეხება თავად მუსიკოსებსა და მათ აქტიურობას - ბოლო რამდენიმე წელი შესამჩნევია თანმიმდევრული წინსვლა, რომლის განზოგადებაც ალბათ არ იქნება სწორი, თუმცა აღსაღნიშნია რომ საკმაოდ ბევრმა მათგანმა მეტი ინფორმაცია მიიღო თუ როგორი მოქმედებებია საჭირო მუსიკალური სივრცეში სწორი ორიენტაციისთვის - რომ არ შევეხოთ თავად მუსიკალურ ნაწილს, ის რომ ალბომების თუ EP-ების გამოცემის წილი იმატებს, ესეც კარგი ტრენდის ნაწილია - მუსიკოსები მიხვნდნენ, რომ Ableton-დან კონვერტაციის შემდეგ მუსიკის პირდაპირ Youtube-ზე წაღება არაფრის მომცემი ნაბიჯია და ამ საქმესაც თავისი სტანდარტები და უკვე აპრობირებული პრაქტიკა ახლავს თან.თუმცა პრობლემები აქაც რჩება, მათ შორის აუდიტორიასთან საკუთარი აქტივობის კომუნიკაციის ნაწილში და ვფიქრობ ბევრი რამ არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი, რომლის დეტალური ანალიზიც ძალიან შორს წაგვიყვანს.

ბოლოსთვის კი მსურს გაგიზიაროთ იმ ქართული ალბომების მცირე ჩამონათვალი, რომლებმაც ამ წლის სხვადასხვა პერიოდში ჩემი ყურადღება მიიქციეს.

Moku J - Bleeding Indigo

VAQO – Land Of Kartvelians

Ninshū – Infinite

FH HF - An Element Of Benevolence

Sandro Tavartkiladze – Retardol

Killages - 1 Step 2 Shut Up

Ani Zakareishvili - Falling

Skhivosani - დამწვრისები

RIHA - Glance Into My Visions

Nika Gengashvili - მრავალთა ერთობა

foxkids – PES

Blindfold  - NFR021

Bad Habitz – She Gets It

Natalie Beridze  - Of Which One Knows

HVL – Resolve

SKAZZ – MEMORIAL

DEENA – LOW LOVE

Nikakoi  - Stochastic Device

ავტორი: ჯაბა შავიშვილი