სექტემბერი 16, 2021
„ქართველებმა უნდა იამაყოთ, ვინაიდან დღესდღეობით მსოფლიოს პირველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია“.
- თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო დირიჟორი Daniel Barenboim
„ცნობილი მევიოლინეები ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ ლიზა ბათიაშვილი ინდივიდუალობით გამორჩეულია“.
- კომპოზიტორი გია ყანჩელი
New York Times: „ის ნუსხავს კრიტიკოსებს და აუდიტორიას ბუნებრივი ელეგანტურობით, აბრეშუმისებრი ჟღერადობითა და ბგერების კეთილხმოვანებით. მისი შესრულების მანერაში გამჭოლი პირდაპირობაა, რაც ეხმარება მას გადმოსცეს გულწრფელი ემოცია ყოველგვარი ხელოვნურობისა და მანერულობის გარეშე“.

© Sammy Hart
მუსიკალურ შეხვედრებზე წინანდალში, თავად ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარი პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებული მსოფლიო ვარსკვლავი ლიზა ბათიაშვილია. კონცერტების პირდაპირი ტრანსლაცია Medici-ს, Euronews Georgia-ს და Silk Universal-ის არხებზე იგეგმება და ამ ფორმით ყველა შეძლებს საფესტივალო კონცერტების მოსმენას.
© Ugo Ponte
წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნა ლიზა ბათიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით City Lights („განათებული ქალაქები“). ეს Deutsche Grammophon-ის 2020 წლის უახლესი ალბომის, „ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი City Lights“ საკონცერტო ვერსიის მსოფლიო პრემიერაა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდა ბახის, შტრაუსის, დვორჟაკის, ჩაპლინის, ყანჩელის, ლეგრანის, პიაცოლას, მორიკონეს, სიგელის, რაჭველის, მელუას და კონცის მუსიკალური ნაწარმოებები.
ლიზას კლასიკური დისკოგრაფიისგან განსხვავებით, ეს ალბომი - „City Lights“ მრავალმხრივი მუსიკალური ჟანრების საინტერესო და გამდიდრებული ჰიბრიდია, რომლის კონცეფციაც იმ ქალაქებში მოგზაურობასთან ასოცირდება, ლიზა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს რომ უკავშირებს. ამ მუსიკალურ თავგადასავალში კი ყველაფრის საწყისი ჩარლი ჩაპლინის კინომუსიკაა.
„როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩაპლინი საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. მას ჰქონდა მრავალმხრივი ნიჭი - შეეძლო არა მხოლოდ კარგი მსახიობი ყოფილიყო და ფილმები გადაეღო, არამედ მშვენიერი მუსიკა დაეწერა. ამიტომაც, ჩემთვის ის XX საუკუნის შემოქმედებითი სრულყოფილების მქონე ხელოვანია...“
- ლიზა ბათიაშვილი

© Martin Divisek
ლიზას ბახი, ლიზას ჩაიკოვსკი, ლიზას პროკოფიევი, ლიზას ბრამსი, ლიზას სიბელიური, ლიზას მოცარტი... ლიზა უკრავს და დარბაზი ჰიჰნოზირებულია.
ლუცერნში ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტზე (D dur, op.35), რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის Divan ორკესტრის თანხლებით მსოფლიო მაესტრო დანიელ ბარენბოიმთან ერთად დაუკრა, ორი მუსიკოსის აზროვნების სტილი, აქცენტები და პრინციპები გადაიკვეთა. მუსიკოსები ცდილობენ, ახლოს იყვნენ ორიგინალთან და მას მისცენ თანამედროვე ჟღერადობა, რაც ღრმა და ძლიერ ინტერპრეტაციას გულისხმობს – ყოველი არქაული ფრაზა დაიჭირონ და მასთან ერთად ხელახლა ისუნთქონ… ამ შესრულებამდე მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა გერმანულმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ Deutsche Grammophon-მა 2016 წელს გამოსცა ლიზას გახმაურებული ალბომი ჩაიკოვსკისა და სიბელიუსის სავიოლინო კონცერტებით ბერლინის Staatskapelle-სთან ერთად, დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით.
სწორედ ამ ჩანაწერმა მოიპოვა საერთაშორისო კრიტიკის საუკეთესო აღიარება და გახდა რეზონანსული. უფრო მანამდე კი იყო ჯერ ბერლინის ცენტრში, Bebelplatz-ზე, ღია ცის ქვეშ 38 ათასი მსმენელისთვის შესრულებული ბეთჰოვენის კონცერტი, შემდეგ კი ბერლინის Waldbühne-ს ამფითეატრში 22-ათასიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მსოფლიო მაესტრო Daniel Barenboim-თან ერთად.
„ბედმა ინება დავლოდებოდი ლიზას და ამის გამო ბედნიერი ვარ. ჩაიკოვსკის სამყარო ძალიან სპეციფიკურია, სავიოლინო კონცერტიც შესანიშნავია და ძალიან მიხარია, რომ მასზე ლიზა ბათიაშვილთან ერთად ვიმუშავე, რადგან ის გრძნობს და ღრმად, გააზრებულად უკრავს კონცერტის ცალკეულ ელემენტებს. სენტიმენტების გარეშე რომ ვთქვა, ისე როგორც ლიზა უკრავს, პირდაპირ ჩემს გულს ესაუბრება“
- მსოფლიო დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი
მას შემდეგ, რაც Deutsche Grammophon-მა ექსკლუზივი აიღო ლიზას ჩანაწერებზე, 2018 წლის თებერვალში გამოიცა ქართველი მევიოლინეს სოლიდური CD „Vactions of Prokofiev“ - სერგეი პროკოფიევის ოპუსებით, ევროპის კამერულ ორკესტრთან ერთად, Yannick Nézet-Séguin-ის დირიჟორობით. ამ ალბომისთვის, რომელიც წლის საუკეთესო ჩანაწერად დაასახელეს, ლიზას გადასცეს პრიზი Opus Klassik 2018.
სიბელიუსის კონკურსის, ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი - ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“ გამარჯვებული მევიოლინე, რომლის საკონცერტო სეზონი ყოველწლიურად დატვირთულია, მსოფლიოს დიდი და საუკეთესო ორკესტრების რჩეული სოლისტია. უკრავს Berliner Philharmoniker-ის, ევროპის კამერულ ორკესტრის, გუსტავ მალერის ახალგაზრდული ორკესტრის, დრეზდენის სახელმწიფო ორკესტრის - Dresden Staatskapelle-ის, ნიუ-იორკის ფილარმონიული და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრების, კიოლნის, ლოს-ანჟელესის, სანკტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრების თანხლებით...

ლიზას ვარსკვლავურ თავგადასავალს კიდევ სხვა მიმართულებას აძლევს ის, რომ 2019 წლიდან ინგოლშტატში Audi-ს საზაფხულო კონცერტების სამხატვრო ხელმძღვანელია.
2013 წლის ამერიკულ ტურნეზე, როდესაც ლიზამ ბრამსის სავიოლინო კონცერტი დაუკრა, Chicago SunTimes-ში დაიწერა:
„ეს იყო ბრამსის სავიოლინო კონცერტის საუკეთესო ცოცხალი შესრულება, რომელიც ოდესმე მომისმენია“
The Classical Review-ში კი: „ბათიაშვილმა ხმაურიანი ოვაციები დაიმსახურა, ყველაზე გრძელი და ენთუზიაზმით სავსე, რაც კი ბოლო წლებში მაყურებელს სოლისტის მიმართ გამოუხატავს“
© Sammy Hart
BBC-ის მუსიკალურმა ჟურნალმა ლიზას გამოსვლა შოტლანდიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წლის საუკეთესო დებიუტად დაასახელა, უფრო მეტიც, Sony Classical-ის გამოცემული ალბომი „Beethoven Violin Concerto & Tsintsadze 6 Miniatures“ 2008 წელს ოქტომბრის ფავორიტად იქცა.
„ბათიაშვილის ბეთჰოვენი უდავოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც საუკეთესო ოდესმე შესრულებულთა შორის“.
- BBC Music Magazine, 2008
2011 წელს ECHO Klassik-გან მან მიიღო თავისი ალბომისათვის Echoes of Time პრიზი, რომელშიც შედის შოსტაკოვიჩის N1 სავიოლიონო კონცერტის ჩანაწერი ბავარიის სიმფონიური ოსკესტრის თანხლებით და ცნობილი ფინელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, Esa-Pekka Salonen-ის ხელმძღვანელობით.
© André Josselin
ლიზა კონცერტებზე „ბისზე“, ხშირად ასრულებს ქართულ მუსიკას, მათ შორის გია ყანჩელის ოპუსებს და სულხან ცინცაძის მინიატიურებს.
ზუსტად ამაზე წერდა ბრიტანული The Independent : „დიდებული შესრულება მოვისმინეთ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისგან. მის შესრულებაში არ იყო არავითარი სიყალბე, მხოლოდ ელეგანტურად გამოხატული ვირტუოზულობა, რომელიც ნაწარმოებს სრულყოფილად გადმოსცემდა. მისი ჟღერადობა, რთული აკუსტიკის მიუხედავად, იდეალურად ფიოკუსირებული იყო. ლიზას მიერ შესრულებული სულხან ცინცაძის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელსაც არანჟირება ვიოლინოსა და ორკესტრისათვის მამამისმა თამაზ ბათიაშვილმა გაუკეთა, სასიამოვნო სიახლე იყო ტრადიციული ბახ/კრეისლერის შემდეგ“.
მსოფლიოს დიდ და პრესტიჟულ დარბაზებამდე, სანამ ევროპელი მსმენელი ელიტარულ მევიოლინეს გაიცნობდა, ლიზა კლასიკას ბავშვობიდან ოჯახში უსმენდა, პირველი კონცერტი კი მოცარტის პიესებით 4 წლისამ დაუკრა.
„ერთხელ ლიანა ისაკაძემ ბიჭვინთაში მუსიკის ფესტივალზე დაგვპატიჟა, ბავშვთა ორკესტრის შექმნა უნდოდა და ამისთვის ცნობილ ჩელისტს, ივანე მონიგეტს სთხოვა, ბავშვები შეარჩიეო. ჩვენი კოლეგების შვილები თითქმის ყველანი უკრავდნენ. იქვე შეკრიბეს ბავშვები, დაიწყო მოსმენა და ლიანამ ლიზა რომ ვერ შენიშნა, მკითხა: ლიზიკო რატომ არ მოიყვანეო? მე ვუთხარი: ესენი 12-14 წლისანი არიან, ლიზა ჯერ 8 წლისაა, პატარაა მეთქი. არა, ახლავე ამოიყვანე, მოასმენინე ვანიასო! ლიზა ამ დროს ბიჭებთან ერთად ეზოში ფეხბურთს თამაშობდა. ამოვიყვანე. ოფლიანი, გაბრაზებული, დაბღვერილი მიყურებდა, ერთი სული ჰქონდა, გარეთ გაქცეულიყო. აიღე ვიოლინო და ენესკუს კადენცია დაუკარი მეთქი. საკმაოდ რთული ნაწარმოებია. ლიზამ დაიწყო დაკვრა და, ივანე მონიგეტი, რომელსაც ხელში ვიოლონჩელი ეჭირა და ხემს წმენდდა, უცბად გაჩერდა. დაკვრა რომ დაასრულა, ლიზაზე ვკითხე: რა ვქნათ, ღირს ამ გოგოზე ფსონის დადება? ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, კოჭებში ეტყობა, რა დიდი მევიოლინე დადგებაო! ვანიას ინტუიცია, რა თქმა უნდა, არ შეცდებოდა და გამართლდა კიდეც“.
- იხსენებს ლიზა ბათიაშვილის მამა, მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი.

თავად ჭავჭავაძეების საზაფხულო მამულში წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თავისი ვარსკვლავთცვენით, პროგრამული შინაარსით და კულტურულ-ისტორიული სივრცით ნამდვილი დღესასწაულია მსოფლიო მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას ხელმძღვანელობით, რომელიც ამ მუსიკალურ ფორუმს კიდევ სხვა მასშტაბებსა და მუსიკალურ ინტელექტს მატებს.
როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ამ ახლად დაარსებულ მუსიკალურ ფესტივალზე? გასულ წელს ფესტივალზე, ამფითეატრის საკონცერტო სივრცეში, თქვენ ვერბიეს ფესტივალის კამერულ ორკესტრთან ერთად პინკას ცუკერმანის დირიჟორობით შეასრულეთ ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი (D dur,თხზ. 35). რამდენად რთულია ჩაიკოვსკის ამ ემოციურად სავსე ოპუსის დაკვრა? ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით: ‘’თუკი სიბელიუსის კონცერტის შესრულებაში დიდი გამოცდილება მაქვს, ჩაიკოვსკის კონცერტი ჩემთვის გამოწვევააო.”
ამ კონცერტის სწავლა რომ დავიწყე, გამიკვირდა, თურმე რამდენი ნოტი ყოფილა, რამდენჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ ყოველთვის ყველა ბგერა არ მესმოდა ხოლმე. მერე მივხვდი, ხანდახან ისე გადაუსვამენ სიმებზე ხემს, ისე უკრავენ, რომ ყველაფერი არ ისმის. ეს არის ჩაიკოვსკის წარმოუდგენლად გულწრფელი ნაწარმოები, ის მოითხოვს განსაკუთრებულ გაგებას. მე საჭიროდ ჩავთვალე, ისე შემეხედა, როგორც ახალი კონცერტისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემი ინსპირაცია იყო ის, რომ ამ კონცერტის სწავლა მაესტრო ბარენბოიმმა შემიკვეთა. ამიტომ, ჩაიკოვსკის ეს კონცერტი თავიდანვე მასთან გავიარე, ჩემი ინტერპრეტაციაც მასთან იყო დაკავშირებული. რაც დრო გავიდა, სხვა მუსიკოსებთანაც მომიწია დაკვრა და ყოველ ჯერზე იცვლება ამ კონცერტის შესრულება იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად, ან სად ვუკრავ.
© Sammy Hart
სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც უკვე წლებია ვუკრავ, ყველგან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. საქართველოში ისეთი ენერგია მოდის ხალხისგან, ისეთი განსაკუთრებული შეგრძნებები მიჩნდება, რომ... აქ, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და სიყვარულის გრძნობა დაკვრის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე ბუნებრივი ინსპირაცია გავსებს ადამიანს და სწორედ ეს არის ხელოვნება.
ეს ფესტივალი ჩემთვის ახალი არ არის, რადგან ეს იმის გამეორებაა, რაც ვერბიეში ხდება. ვერბიეში მრავალი წელი „შენდებოდა“ ამ მუსიკალური ფესტივალის უნიკალური კონცეფცია, სადაც მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები უკრავენ კამერულ მუსიკას, არის აკადემია და ახალგაზრდული ორკესტრი, - ორი-სამი ორკესტრიც კი ჰყავთ. იცით, თავიდან ვფიქრობდი, რომ ასეთი მაღალი ხარისხის და მნიშვნელობის ფესტივალი საქართველოსთვის ზედმეტად მასშტაბური შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ იქვე მივხვდი, რომ ასეთი შანსი ხელიდან გასაშვები არ იყო. მიხარია, რომ გიორგი რამიშვილს (წინანდლის მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი) ჰქონდა ეს შესაძლებლობა, რაც თავის კოლეგებთან ერთად ბოლომდე განახორციელა.
რამდენიმე წელია თქვენი წარმატებების თანამონაწილეა Joseph Guarneri-ის უნიკალური ვიოლინო, 1739 წლის „del Gesu“, მანამდე უკრავდით ანტონიო სტრადივარის 1709 წლის ვიოლინოზე „Engleman“, რომელიც მილიონებად არის შეფასებული და იაპონურმა ფონდმა The Nippon Music Foundation-მა პატივისცემის ნიშნად გადმოგცათ. როგორ უვლით ამ ანტიკვარულ ინსტრუმენტს კლიმატური პირობების გათვალისწინებით? სულ რამდენი ინსტრუმენტი გაქვთ - საკონცერტოდ და სარეპეტიციოდ?
© Sammy Hart, Chris Singer & André Josselin
მე ეს ერთი ვიოლინო მაქვს და ამაზე გავდივარ რეპეტიციებს, ვმეცადინეობ... ძალიან გამიმართლა, რომ არა მხოლოდ ფანტასტიკური ინსტრუმენტია, არაჩვეულებრივად ჟღერს სცენაზე, არამედ კლიმატურ ცვლილებასაც ძალიან ადვილად ეგუება. ამიტომ, აღარც კი ვფიქრობ ხოლმე ასეთ დეტალებზე, უბრალოდ, ყოველთვის მახარებს და გემოს ვატან ყველა იმ მომენტს, რომელსაც ამ ვიოლინოსთან ერთად ღია ცის ქვეშ, დიდ თუ კამერულ დარბაზებში ვატარებ. გასაოცარი, ძალიან სასიამოვნო ჟღერადობა აქვს, ტექნიკურადაც უფრო ადვილია მასზე დაკვრა, თბილი, ძლიერი, განსაკუთრებული ბგერა აქვს. აი, ერთ ნოტს რომ გაუსვამ, გრძნობ, რომ მისი ბგერა არ აგერევა სხვა ინსტრუმენტის ჟღერადობაში.
რომელია თქვენი განტვირთვის მუსიკა?
ჯაზი. მანქანაში თუ ვუსმენ მუსიკას, ეს ჯაზია.
მოცარტისტი ხართ?
მოცარტზე ვგიჟდები, მაგრამ მოცარტის მუსიკის მოსმენა უფრო მიყვარს, ვიდრე დაკვრა.
თქვენი პირველი პედაგოგი იყო მამა - თამაზ ბათიაშვილი, შემდეგ კი მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში - ანა ჩუმაჩენკო. რა არის ის რჩევები, რაც მათგან მიიღეთ, რაც დღესაც მნიშვნელოვანია და ითვალისწინებთ?
რჩევები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ მიმართულება მსგავსი: დიდი პატივისცემა მუსიკის მიმართ, მუდმივი სწავლა, ის, რომ არასდროს უნდა გაჩერდე. ადამიანი ყოველთვის უნდა იბრძოდე იმისათვის, რომ განვითარდე. რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, შენ თუ მუსიკა? მე ორივემ მასწავლა, რომ მთავარია მუსიკა და ამ ხაზს მივყვები.
სცენაზე მუსიკისთვის უკრავთ, საკუთარი თავისთვის თუ მსმენელისთვის?
პირველ რიგში - მუსიკისთვის. მე მსმენელს აღვიქვამ აბსტრაქტულად, მაგრამ ვიცი, რომ თუ თავად ძალიან გულწრფელად და გამოკვეთილად ვიგრძენი მუსიკა, ამას მსმენელიც გაიგებს.
ავტორი: მზეხა მახარაძე / At.ge