სიახლეები კულტურა მუსიკა | ცა

Kordz-ის „ბრუნტეტი“ - დაბრუნება ბავშვობის წარმოსახვით სამყაროში

TBC Concept | Masctercard | Stockton

თებერვალი 11, 2023

მეგობარი მონსტრები, უშველებელი მცენარეები და ქვესკნელში მცხოვრები კეთილი არსებები ხუთი წლის Kordz-ის გამოგონილი სამყაროს - “ბრუნტეტის” მთავარი გმირები არიან.

მოგონებები, რომელშიც პატარა ბავშვის ფანტაზია და 90-იანი წლების რეალობა ერთმანეთში ირევა, “ჰარაკის” სცენაზე სპექტაკლის სახით გაცოცხლებულ მუსიკაში ისმის, რომელსაც ბავშვობასთან მიბრუნებული Kordz ჰოლანდიურ ანსამბლ kluster 5-თან ერთად ასრულებს. ამბავს, რომელიც მუსიკოსის პერსონალურ ოდისეას, ქვეყნიდან წასვლას, უკან დაბრუნებას და ამ ყველაფრით გამოწვეულ ბავშვურ ემოციებზე გვიყვება, მაყურებელი კიდევ ერთხელ, 11 თებერვალს Silk Factory Studio-ში ნახავს.

Kordz, მოგვიყევი, საიდან გაგიჩნდა იდეა, რომ შენს უკვე არსებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე დაყრდნობით სპექტაკლი დაგედგათ?

ეს ნაწარმოები - 1999, რომელზეც სპექტაკლია დაფუძნებული, 2 წლის წინ დავასრულე და რამდენჯერმე ჰოლანდიაში ფესტივალზეც დავუკარით, როცა ალბომი ჩავწერეთ, ვიფიქრეთ, რომ ვიზუალური ნაწილიც მოუხდებოდა და თან, რადგან თავიდან ბოლომდე ჩემი ბავშვობის მოგონებებია, მეც ამ ყველაფერში უფრო ღრმად მინდოდა შესვლა. სპექტაკლის პროდიუსერის კოკა გოგოხიას იდეა იყო, რომ „ჰარაკთან“ გვეთანამშრომლა.

გადავწყვიტეთ, ნაწარმოები სანდრო კალანდაძისთვის გვეჩვენებინა, როცა მოუსმინა, გვითხრა, რომ მასაც ძალიან მოუნდა ამ პროექტზე მუშაობა და შემოგვთავაზა, სრულიად ახალი დრამატურგიით მთელ ამ მუსიკაზე სცენარი დაწერილიყო. შემდეგ დასი შეკრიბა, მხატვრობა ნანუკა კალანდაძემ გააკეთა და საბოლოო ჯამში ასეთი დიდი და საინტერესო კოლაბორაციაც გამოვიდა.

რა ამბავს გვიყვება და რა თემებს იკვლევს „ბრუნტეტში“ დაბრუნება?

ყველაფერი ჩემი ბავშვობისდროინდელ ჩანაწერებზეა აგებული, რომელიც მთლიანობაში 45 წუთი გრძელდება და მთავრდება იმით, რომ ვემშვიდობები მამიდაჩემს, რადგან მეორე დღეს უკვე შვეიცარიაში მივდივარ. ამ ქვეყანაში 20 წელი გავატარე, სულ რაღაც სამი წლის წინ დავბრუნდი და ამ არქივის კასეტაც მაშინ ვიპოვე. თითქოს თავისით შეიკრა ყველაფერი.

ბოლო ამბავი, რომელიც ჩემი შვეიცარიაში გაფრენით მთავრდებოდა, იყო იმაზე, თუ როგორ წავიყვანდი თან ჩემს მეგობრებს და ამავე დროს როგორ დავრჩებოდი საქართველოსთან. 

ამ განშორებასთან დაკავშირებული ყველა ემოცია პატარა ბავშვის ფანტაზიიდან არის დანახული, რომელსაც, მეორე მხრივ, 90-იანი წლების ნამდვილი რეალობა გასდევს ფონად - ტელევიზიით გასული საპარლამენტო სესიები, სამოქალაქო ომი, ბუნკერში დამალვა - ძალიან რეალურ და ამავე დროს ფანტასტიკურ სამყაროში ხდება მოქმედება. საინტერესო იყო თვითონ ამ პერიოდის კონტექსტის კვლევის პროცესიც - ვიკვლევდით, საიდან შეიძლება მოსულიყო პატარა ბავშვის წარმოსახვაში ესა თუ ის იდეა, რა ხდებოდა 1999 წლის საქართველოში და რა ცვლილების მომტანი იყო მაშინ ჩვენთვის შვეიცარიაში წასვლა, ზოგადად, რა არის ემიგრაცია, რატომ არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ან საჭირო და ა.შ.

როცა ინტუიციურად წერ მუსიკას, ასეთი თემებისთვის მზად არ ხარ, ამიტომ მათთან ხელახლა მიბრუნება და კვლევა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.

ემიგრაციის თემა ახლაც ძალიან აქტუალურია...

კი, სანდრომ ბევრი ინტერვიუ ჩაწერა დედაჩემთან ამ თემაზე. მე არაფერი მახსოვს, ალბათ 2 ან 3 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი წავიდა, მამაჩემიც წასული იყო უკვე და მე შემდეგი რამდენიმე წელი აქ, ბებიასთან დავრჩი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზუსტად ამას ჰყვება, რომ 90-იანი წლების საქართველოში მუსიკა, როგორც პროფესია არ არსებობდა.

დღეს მთლად ამ დონეზე არ არის ყველაფერი, მაგრამ ქვეყნიდან წასვლა-არწასვლის გადაწყვეტილების წინაშე, ამგვარი მიზეზების გამო, ისევ ბევრი ადამიანი დგას.

პირადად შენთვის რატომ იყო მნიშვნელოვანი ბავშვობასთან მიბრუნება?

იმიტომ რომ ახლა ამ ყველაფრის მიმართ თითქოს ნოსტალგია მაქვს, მაშინ როცა პატარა ხარ, მშობლები, ბებიები და ბაბუები, ყველანაირი რეალობისგან გიცავენ და ბევრ რამეს გარიდებენ, სწორედ ამის გამო 90-იანები ძალიან მაგარი დრო გვეგონა, იმდენად რომ, პირიქით, ჩემთვის ამ გარემოს შეცვლა და შვეიცარიაში წასვლა უფრო ტრაგიკული იყო მაშინ, ვიდრე თბილისში დარჩენა იქნებოდა. ამიტომ ეს ნოსტალგიის განცდა რაღაცნაირად სულ მომყვება. სანდრო კალანდაძეც, რეჟისორიც, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, დიდი ხნის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის, რომ დავბრუნდით და ის კითხვა, თუ რატომ დავბრუნდით, ორივესთვის საერთოა.

ერთად ვიკვლევდით, თუ რატომ შეიძლება მოგინდეს უკან დაბრუნება, მაშინ როცა მთელი ცხოვრება სხვაგან გაატარე.

სიმბოლური და პრაგმატული მიზეზების უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას უკვირს, როგორ შეიძლება, შვეიცარიიდან აქ გინდოდეს დაბრუნება.

რა ხდება ხუთი წლის Kordz-ის ბრუნტეტში?

თან ბნელი და თან ძალიან მხიარული ადგილია, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს. საბნის ქვეშ უნდა შეხვიდე, გამოქვაბულში ჩახვიდე და გაცურო წყალში, საიდანაც ქვესკნელ სამყაროში გადადიხარ. აქ მყოფი ტიპები ძალიან კეთილები არიან, ყველა ერთმანეთს ეხმარება, მაგრამ პარალელურად სამოქალაქო ომიც მიდის. ბავშვისთვის ბევრი გაუგებარი რამ ხდებოდა, თითქოს ორმაგი სამყაროა, რომელიც ბოლომდე მეც არ მესმის.

შენი მუსიკალური ნაწარმოების გარდა, არსებობს რაიმე სხვა საარქივო მასალები, რომლებიც სპექტაკლის დადგმის დროს დაგეხმარათ?

მუსიკის გარდა არის ტექსტები და ვიდეოები, 2001-2002 წლებში შვეიცარიაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერები, ასევე ჩემს სოფელში - კავთისხევშიც ვიპოვე 2000-იანი წლების რამდენიმე ჩანაწერი, დედაჩემის - თამრიკოს - 1999 წლის რადიოგადაცემაში საუბრის არქივიც, საკმაოდ ბევრი მასალა შევაგროვეთ ამ პერიოდიდან, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დაგვეხმარა.

მოგვიყევი თავად სპექტაკლის სამუშაო პროცესის შესახებ, რამდენად იყავი ჩართული დრამატურგიაში?

მთლიანი იდეა და დრამატურგია - რა, როგორ და რატომ ხდება სანდრომ და თავისმა ჯგუფმა მოიფიქრა. მე ჩემს აზრს ყოველთვის ვამბობ, ხანდახან უფრო ძლიერი აზრი მაქვს, ხანდახან ნაკლებად, მაგრამ ძირითადად არ ვერეოდი ხოლმე.

მე თვითონაც ვმონაწილეობ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ ვარ, ვუკრავ და ჩემს მუსიკაზე ვლაპარაკობ გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდება ჩემს სიზმრებში და მოგონებებში.

სპექტაკლში მონაწილეობს ანსამბლი Kluster 5-იც, პირველად „საკამოტოს“ პროექტისთვის იყვნენ ჩამოსული და მეტ-ნაკლებად იცნობენ აქაურობას, ახლა „ბრუნტეტის“ პრემიერისთვის ჩამოვიდნენ, ძალიან მაგარი მუსიკოსები არიან და მინდოდა, რომ სწორედ მათთან ერთად გაგვეკეთებინა ეს სპექტაკლი. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობა ორგანიზატორული ან ფინანსური კუთხით, ბევრად გააადვილებდა საქმეს, ჩემთვის Kluster 5-ის ჩართვა სიმბოლურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თავის დროზე პირველად მათთვის შეიქმნა, მათ მიერ შესრულდა და შესაბამისად, მთელი ეს ნაწარმოებიც ზეპირად იციან.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე ანიმაციური ვიდეოც, რა ამბავს ჰყვება და ფორმით ჩნდება ეს ანიმაციები სპექტაკლში?

ნანუკა კალანდაძემ კოკა კიტიასთან ერთად რამდენიმე ანიმაცია შექმნა, რომელიც ჩემი ბავშვობის ფანტაზიებზე მათი ხედვით აიგო. მაგალითად, გადავიღეთ ჩემი ბავშვობის ოთახი, სადაც კედლებზე ჩრდილების სახით ჩემი მეგობრები - მონსტრები და ჩაფიქრებული პერსონაჟები შემოდიან. მონსტრები ამ სამყაროში უშველებელი მცენარეებიც არიან, რომლებიც ძალიან ახლო ხედით გადავიღეთ და ვიდეოში მართლა უშველებელი მონსტრების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

სცენაზევე გვაქვს ეკრანი, სადაც ეს ანიმაციები გადის, მუსიკოსებიც უკრავენ და ეს ყველაფერი ისე გადადის ერთმანეთში, რომ საბოლოოდ საკმაოდ მასშტაბური სამგანზომილებიანი სანახაობა იქმნება.

გაგიკეთებია აქამდე რაიმე მსგავსი?

აქამდე მსგავსი კოლაბორაცია არ მქონია, დამიწერია მუსიკა ბალეტისთვის, მაგრამ არ მქონია იმის გამოცდილება, რომ მე თვითონ ამ ფორმით ვყოფილიყავი სპექტაკლში ჩართული. თან თითქოს მერიდებოდა, ჩემს ამბავზე რომ ვდგამდით სპექტაკლს, ვითომ ძალიან დავიმსახურე? მაგრამ, რადგანაც სანდროსაც ჰქონდა მოტივაცია და ჩემთვისაც ახალი ემოციები და გამოცდილება მოიტანა, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.

ექნება „ბრუნტეტს“ გაგრძელება?

ყოველთვის ვცდილობთ, რომ განსხვავებული მუსიკალური პროექტები გავაკეთოთ, სპექტაკლზე მუშაობა ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული და საინტერესო იყო, გაგრძელება არ ვიცი იქნება თუ არა, ჯერ მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, რაც უკვე გავაკეთეთ.

აპრილში შვეიცარიაში ვგეგმავთ ჩვენებას, კარგი იქნება, თუ ზაფხულში ისევ საქართველოში, რომელიმე რეგიონშიც ვაჩვენებთ, თუმცა, შვეიცარიაში ჩვენების გარდა ჯერჯერობით არაფერი დაგვიგეგმავს.


Hammock Magazine


ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე

შემოქმედებითი ჯგუფი: ნიცა ნიკოლაიშვილი, გიორგი მაისურაძე