სიახლეები კულტურა

ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს

24 სექპემბერს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნება

სექტემბერი 23, 2022

24-29 სექტემბერს, უკვე მეორედ, ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, რომელიც საკონკურსო ფილმებთან ერთად მრავალფეროვან პროგრამას შემოგვთავაზებს. ფესტივალი 24 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი “ქორწილი”.

წელს კონკურსში როგორც ქართული, ასევე უცხოური 30-მდე მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, მხატვრული ფილმების სექციაში ჟიურის წევრები არიან: თავმჯდომარე - რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, კინო და ტელეპროდიუსერი კატია კრაუსოვა, მსახიობი და პროდიუსერი გალინა სულიმა და კინოინდუსტრიის ექსპერტი ედვინას პუკშტა. დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრები არიან: თავმჯდომარე - რეჟისორი ინეკე სმიტსი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი კოტე კალანდაძე და მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი. ჟიური გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში გამოავლენს - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი, გამარჯვებულებს ოქროს დინოზავრი გადაეცემათ. გარდა ამისა, ფესტივალს ეყოლება კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომლის წევრებიც ჟიურის თავმჯდომარე ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი არიან, კინოკრიტიკოსები თავიანთ რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ. 

წლევანდელ ფესტივალზე საკონკურსო ფილმების გარდა ვიხილავთ რამდენიმე პროგრამასა და რეტროსპექტივას. გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამის ხილვა. გარდა ამისა, ლიეტუვის საელჩოსა და კინოგამოცემა Cinexpress-ის თანამშრომლობით, ქუთაისის კინოფესტივალზე იონას მეკასის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნაჩვენები იქნება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს ოთარ იოსელიანისა და ალექსანდრე კობერიძის მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს, გიორგი შენგელაიას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად კი ნაჩვენები იქნება “ალავერდობის” აღდგენილი ვერსია. ფესტივალზე უკრაინა იქნება ფოკუს-ქვეყანა - მაყურებელი ნახავს თანამედროვე უკრაინულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინომემკვიდრეობის პროგრამის ფარგლებში კი რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის “მაგდანას ლურჯას”. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძენული წარმოშობის კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი,  ნაჩვენები იქნება მისი ფილმი “ლამაზი დღე”.

კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების გარდა, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საკმაოდ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს მოიცავს.

ჩატარდება სცენარის განვითარების ვორქშოფი, სადაც ახალგაზრდა სცენარისტებს ტრენინგებს ალექსანდრე კობერიძე და უტა ბერია ჩაუტარებენ, კატია კრაუსოვა მასტერკლასს ჩაატარებს კრეატიული პროდიუსინგისა და საერთაშორისო კოპროდუქციის საკითხებზე, გუგა კოტეტიშვილი კი კინოში ფერის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. 

 

ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 29 სექტემბერს კინო "საქართველოში" გაიმართება, ფესტივალი დაიხურება მიხეილ კობახიძის ფილმით “მუსიკოსები". 


აქვე, გირჩევთ 10 ფილმს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე უნდა ნახოთ.

გუშაგები - სანდრო სულაძე, საქართველო

“გუშაგები” ერთგვარი ზღაპარია ორი მცირეწლოვანი ძმის, მათი მამისა და საყვარელი თხის შესახებ. ფილმი გვახსენებს, თუ როგორია ბავშვობა, როდესაც ჭინკა და მისგან დამცავი ამულეტი რეალური გვგონია, სახლიდან მოშორებით წასვლა ნამდვილი თავგადასავალია, ღამე კი აუცილებლად საფრთხეს მოასწავებს. რეჟისორი სიმბოლოებისა და მინიშნებების გამოყენებით გვიამბობს მომენტზე, როდესაც ბავშვი იზრდება და წარმოსახვითი სამყარო ქრება. 

პაპანაქება - თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო

ტრაგიკომიკური ფილმი ორი დისა და ორი ძმის გარშემო ვითარდება, რომელთა დედასაც რამდენიმე საათის სიცოცხლე დარჩენია. ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ საქმეები ქალის გარდაცვალებამდე მოაგვარონ, დაძაბულობისა და მტანჯველი მოლოდინის გამო კი კომიკური და კონფლიქტური სიტუაციები იქმნება. 

სამზადისი - ილია ასიტაშვილი, საქართველო 

შვილის მე-15 დაბადების დღეზე მამა აცნობიერებს, რომ ბავშვის აღარ ესმის, მისი ყოველი მცდელობა, რომ შვილს დაუახლოვდეს, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ყველაფერი კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხდება, სანამ ოჯახი ტრადიციულ ფოტოს იღებს. 

მიცვალებულები გაგვიგებენ - მარიტა თევზაძე, ანა ჯეგნარაძე, საქართველო 

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გვიყვება პატარა სოფლის ცხოვრებას პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს. ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც წარსულის გახსენებას იწყებენ, მათ თანაცხოვრებას ბუნებასთან და დილემას, რომლის წინაშეც სოფელს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული აყენებს. 

ჭიათურა - ტობი ანდრისი, საფრანგეთი 

ჭიათურელი ქალის ისტორია, რომელიც მაღაროში ქმრის გარდაცვალების შემდეგ მთელ ქალაქს ბრძოლას უცხადებს.

ვუნდერკინდი - ქსავიე დისკევი, ბელგია

ისტორია ახალგაზრდა პიანისტის, ფელიქსის გარშემო ვითარდება, რომელიც ვუნდერკინდადაა მიჩნეული, ბიჭი შეჯიბრის საღამოს თავისი ბიძაშვილების, საფეხბურთო აგენტების ორგანიზებულ სქემაში ეხვევა. 

A Firecracker Story - ჟიჟი ჰაო, ჩინეთი

ჩინური ახალი წელი ახლოვდება, თუმცა ჩინეთში ფეიერვერკი აკრძალეს, 8 წლის ბიჭისთვის სადმე გადამალული მაშხალის პოვნა პირად მისიად იქცევა. ფილმი რეალურ მოტივებზეა - 2016 წელს შანხაისა და რამდენიმე დიდ ქალაქში ფეიერვერკის გამოყენება აიკრძალა, რაც, ერთი მხრივ, ეკოლოგიურად სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ხალხს უჭირს ახალ წესებთან ადაპტაცია. რეალურად სწორედ ამიტომ ეძებს პატარა ბიჭი ფეირვერკს, მას სურს, რომ დღესასწაული ჩვეულებისამებრ გაატაროს.

Eyes Open - ვიაჩესლავ ბიჰუნ, უკრაინა

დოკუმენტური ფილმი კურდღლების ფერმაზე გვიყვება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაღებული კადრები გვიჩვენებს, თუ რამდენადაა მათი ცხოვრება ადამიანებზე დამოკიდებული და რამდენად სევდიანია მათი ცხოვრება ტყვეობაში. 

Nobody owns me - ანუკ მეისნე, საფრანგეთი

კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ინტერვიუების საშუალებით გვაცნობს ირენს, უსახლკარო ქალს, რომელიც გვიყვება იმ მიზეზებზე, თუ რატომ აღმოჩნდა ქუჩაში, როგორ იპოვა ადამიანების ჯგუფი, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს, წიგნზე, რომელსაც წერს და მარტიზე, მის ცხოვრების სიყვარულზე, კაცზე, რომლის გაცნობამაც ირენს ცხოვრების მიზანი დაუბრუნა. 

The Polacks - კარლოს ბარბა სალვა, კუბა 

“The Polacks” თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ Road Movie-ს. თანამედროვე ჰავანაში დედა-შვილი პოლონური მანქანით მოგზაურობს. მგზავრობისას ჩვენ თვალწინ იშლება როგორც მათი ოჯახის, ასევე კუბის პრობლემები. 

ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ


ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Kutaisi International Short Film Festival