მუსიკა | ცა

მუსიკის ჰონტოლოგია 011 - კრაუტროკი | გერმანული გადატრიალება

Tsa.Music

სექტემბერი 27, 2021

ვინ წარმოიდგენდა იმ შორეულ 70-იანებში, რომ როკ მუსიკის გერმანული, პერიფერიული ვერსია, რომელსაც დაცინვით „კრაუტროკი“(ამჟავებული კომბოსტოს როკი) დაარქვა ბრიტანულმა პრესამ, სამომავლოდ გახდებობა უმთავარესი ორიენტირი არა მხოლოდ ახალი და პროგრესული როკ მუსიკისთვის (ახალი ტალღა, პოსტ პანკი, პოსტ როკი და ა.შ.), არამედ ემბიენტისთვის, ინდასტრიალისა და ექსპერიმენტული ელექტრონიკისთვისაც. 

კრაუტროკი დღესაც აქტუალურად ითვლება, ხოლო მისი  გავლენების ასეთი ფართო სპექტრი კი, გამოწვეულია იმით, რომ კრაუტროკი არასდროს ყოფილა ერთიანი მონოლითური ჟანრი. 

ის, რაც დღემდე ფასეულია კრაუტროკში, სინამდვილეში 70-იანების გერმანული მუსიკის მხოლოდ მცირე სეგმენტია, ანუ იყო ნოვატორ მუსიკოსთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებდნენ მუსიკალურ ექსპერიმენტებს. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებდათ, იყო ახალი საუნდის მანიაკალური ძიება, შედეგად, მათ საერთოდ შეცვალეს წამოდგენა იმაზე, თუ რა არის საუნდი.

კრაუტროკში საუნდი იმას კი არ ნიშნავს, თუ როგორ არის ჩაწერილი ესა თუ ის ინსტრუმენტი სტუდიაში, არამედ ტოტალური კონცეფციაა, როდესაც ბგერა კარნახობს, თუ როგორი უნდა იყოს მუსიკა, მისი ხასიათი და შემადგენელი ელემენტებიც კი. შეიძლება პირიქითაც ხდებოდა, ახალი სფეციფიური ფორმების ძიების შედეგად ჩამოყალიბდა სწორედ ის საუნდი, რაც არის კიდეც, პრინციპში, კრაუტროკი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ იყო შემთხვევითი, მის  უკან იდგა სერიოზიული გამოწვევები, როგორც სოციალური, ასევე შემოქმედებით-არტისტული. ეს გამოწვევები კი სპეციფიურად გერმანული იყო, სხვაგან რომ ვერ ექნებოდა ადგილი ვერანაირად, აი, ისეთი.

60-იანების მიწურულის გერმანია - მიმდინარეობს ფასეულობების გადაფასების მტკივნეული პროცესი, ახალი თაობა ცდილობს, საბოლოოდ განთავისუფლდეს წარსულის მძიმე მეკვიდრეობისგან, ცდილობს დაამკვიდროს ახალი გერმანული იდენტობა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ფართომასშტაბიანი უკომპრომისო ქმედებებით სოციალურ, პოლიტიკური თუ კულტურული ფრონტზე. 

მთელი ეს რადიკალური მემარცხენე ინტელექტუალური მოძრაობა, ანტი ბურჟუაზიული ტერორისტული აქტებით, სწორედ ამ პროცესის ექსტრემალური ბექგრაუნდია. და თუ, პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ფრონტზე გერმანული კათარზისი მტკივნეულად და მძიმედ მიმდინარეობდა, კულტურულ ფრონტზე, სრული ტრიუმფით განხორციელდა. შეიქმნა ახალი გერმანული კინო (ვენდერსი, ჰერცოგი, ფასბინდერი) ახალი არტ ავანგარდი(იოზეფ ბოისი,დიტერ როტი) და ახალი მუსიკალური კონტრკულტურა, ავანგარდული ჯაზი და კრაუტროკი.

Wim Wenders | Rainer Werner Fassbinder | Werner Herzog

რა თქმა უნდა, გერმანელი კრაუტროკერები გარკვეულწილად განიცდიდნენ იმ მუსიკალური პროცესების გავლენას, რასაც ადგილი ჰქონდა ამერიკასა და ინგლისში, მაგრამ ისინი არანაირად არ ცდილობდნენ შეექმნათ ანგლო-ამერიკული, თუნდაც ყველაზე პროგრესული მუსიკის გერმანული ეპიგონი.

ახალი გერმანული მუსიკალური იდენტობის ძიებაში მყოფნი, ისინი ცდილობდნენ, საკუთარ კულტურაში ეპოვათ ის რაციონალური მარცვალი, რაზეც დაამყნობდნენ საკუთარ შემოქმედებით ექსპერიმენტებს.

ასეთი აღმოჩნდა როგორც გერმანული კლასიკური რომანტიზმის მემკვიდრეობა, ასევე, ახალი აკადემიური ავანგარდ გურუს, კარლ ჰაინც შტოკჰაუზენის ძიებები ელექტრონულ მუსიკაში. 

Karlheinz Stockhausen

ამიტომაც იყო, რომ თითქმის ყველა პროგრესული კრაუტროკ მუსიკოსი, შეპყრობილნი იყვნენ ელექტრონიკით და სტუდიური ექპერიმენტებით. პლუს, რა თქმა უნდა, ეპოქა,  60-იანების მეორე ნახევარი, იდეალიზმის, კონტრკულტურის, ჰიპიზმის ეპოქა, რომელმაც თავისებური ასახვა ჰპოვა ახალ გერმანულ ახალგაზრდულ მუსკალურ კულტურაში.

ამ მხრივ, ალბათ, ყველაზე საინტერესო მიუნჰენის ჰიპურ სკვოტებში შემქნილი ფსიქოდელიური კოლექტივი Amon Düül 2 -ის შემოქმედება იყო, სადაც აშკარაა აპელირება არტ როკთან, მაგრამ ბენდი მაქსიმალურად ცდილობს გაემიჯნოს იმ ინგრედიენტებს, რომლითაც სულდგმულობდა მთელი ანგლო ამერიკული ფსიქოდელია- იქნება ეს ბლუზი, ანგლო-საქსური ფოლკი, თუ ჯაზისმიერი ინსტრუმენტული იმპროვიზირები.

Amon Düül II

Amon Düül 2-ის მუსიკა სხვანაირადაა დაფორმატებული. ყველა ელემენტი ნაცნობია, მაგრამ რეზულტატი უცხოა, უცნაური, უფრო ევროპული მუსიკალური გამოცდილებით გაჯერებული, პლუს გერმანულად პედანტური, არანაირი გადამეტებული ემოციები და რომანტიული ილუზიები. აშკარად დომინირებს ბგერის, განყენებული საუნდის კულტი.

თითქმის ყველა კრაუტროკერი, უმთავრესად მღეროდა ინგლისურად, გერმანული „წახნაგოვანი“ აქცენტით, და სწორედ ასეთი ფრაზირება ჯდებოდა იდეალურად მათ მუსიკალურ ქსოვილში. საინტერესოა, რომ კრაუტროკ ტექსტებში, მაქსიმალურადაა იგნორირებული სოციალური თემატიკა, ჭარბობს ეზოთერიკა და სურეალიზმი. 

სოციალურ აქტივიზმს იმ პერიოდის გერმანულ მუსიკაში უფრო მისდევდნენ ურბანისტული ფოლკ სინგერები და მემარცხენე ყაიდის როკ ბენდები, კრაუტროკში კი ტექსტები ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი, ან საერთოდაც არ არის. კრაუტროკში მთავარი საუნდ ტრაექტორიებია, როცა ყველაფერი ერთიანად იძირება აკუსტიკურ ნაკადში, რომელიც შეიძლება მანიაკალურ-აბსტრაქტულიც ყოფილიყო. ამის მკაფიო ნიმუშია ტრეკი მანიფესტი Krautrock, რომელიც ჩაწერა ჰამბურგულმა ბენდმა სიმბოლური სახელწოდებით Faust.

დღევანდელი ყურით მათ მუსიკას არანაირი როკ ბენდი არ სჭირდება თითქოს, რითმული სტრუქტურის შერჩევა, სემპლების ჩაწერა გამოყენებდა, კოლაჟური ტექნიკა, ხანდახან სტანდარტული სონგ ფორმატი, ხან სრული ქაოსი, ხშირად მუსიკა იქმნება მცირე ფრაგმენტებით, შერეული ტექნიკით,(მელოდია, ხმაური და ა.შ).

მოკლედ Faust, თითქოს ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ უნდა მუშაობდეს როკ ბენდი სტუდიაში, სადაც ცალკეული მუსიკოსების ტექნიკური შესაძლებლობი თუ მელოდიური უნარები სულაც არაა გადამწყვეტი, მთავარია, თუ როგორ ფუნქციონირებს მთლიანი მუსიკალური მასა. დღეს ეს აღარავის უკვირს, მაშინ კი ყველა დაიბნა, ბენდს თითქოს საერთოდ არ აინტერესებდა აუდიტორიის მოხიბლვა, ისინი თითქოს თანამზრახველთათვის მუშაობდნენ. 

Faust

დასავლეთ გერმანიის მთავარი კულტურული ცენტრი, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბერლინი იყო, კონტრკულტურის და ანდერგრაუნდის ნამდვილი ციტადელი. კრაუტროკის ელექტრონული ფრთაც სწორედ ბერლინში შეიქმნა და აყვავდა, რომელიც მყისვე დანაწევრდა. ყველაზე გავლენიანი გახდა ე.წ. Kosmische Music დინება.

„კოსმიური მუსიკა“, ელექტრონული მასიური საუნდი, კოსმიური ჟღერადობის ასოციაციას რომ იწვევდა მაშინ.

დასავლეთ ბერლინურ კონტექსტში კი სხვა ბექრაუნდიც ჰქონდა, ქალაქი, გარშემორტყმული მტრული ტოტალიტარული ტერიტორიით, რომლისგან მოწვეტაც, თითქოს, ელექტრონული ბგერითი ხომალდით, კოსმოსში აჭრით თუ იყო შესაძლებელი. უკვე 70-იანებისთვის, კოსმიური ელექტრინიკის კორიფეები, Tangerine Dream და კლაუს შულცე, საერთოდ განთავისუფლდნენ ინსტრუმენტებისგან და მუსიკას მხოლოდ სინთეზატორებით და ელექტრონული „ისნტრუმენტებით“ აკეთებდნენ.

Tangerine Dreams

კლაუს შულცე იგონებს:

„საკმაოდ ცუდად ვერკვეოდით ელექტრონიკაში, ფულიც არ გვქონდა, რომ ძვირიანი სინთეზატორები გვეყიდა, ამიტომ თავად ვაკოწიწებდით ბგერის მწარმოებელ დანადგარებს, ემპირიული მეთოდით ვიღებდით ბგერებს და რეზულტატსაც ხშირად მოულოდნელს ვიღებდით, რაც ასტიმულირებდა კიდეც ჩვენს კრეატივს“. 

არაპროგნოზირებადობა და ავანტიურა, აი, რა იყო კიდევ დამახასიათებელი კრაუტროკისთვის მაშინ. „კოსმიური მუსიკის“ კომერციული პოტენციალი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა კრაუტროკში, ამიტომაც ის, რომ 70-იანების მეორე ნახევრიდან ეს დინება მდორედ ტრანსფორმირდა სპირიტუალურ და მოსაწყენ „ნიუ ეიჯ“-ად (New Age) სრულიად ლოგიკურიც იყო. 

საინტერესოა, რომ კლაუს შულცე დასაწყისში დრამერ ინსტრუმენტალისტი იყო და სოლო კარიერამდე კრაუტრიკის კიდევ ერთი ბერლინელი გურუს, მანუელ გოტშინგის ბენდში - Ash Ra Tempel მოღვაწეობდა. 

Ash Ra Tempel

უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ბენდის მუსიკა. ერთი შეხედვით, ეპოქის ტრადიციული ატრიბუტიკა-ფსიქოდელია როკ დრაივით და ინსტრუმენტებით, მაგრამ მეორეს მხრივ არანაირი ტრადიციული როკ ესთეტიკა. ფაქტიურად, ეს მუსიკა როკი კი არა, თითქოს მისი ალტერ ეგოა. მოგვიანებით, 80-იანებში, მანუელ გოტშინგი გადაიქცევა ახალი გერმანული ელექტრონიკის პიონერად, ხოლო მის მუსიკას, გერმანული ტექნოს პროტოტიპადაც კი ჩათვლიან. 

ეხლა კი ყველაზე არაორდინალურ ბერლინურ კოლექტივზე. კონრად შნიცლერი - საფეიქრო ქარხნის ოსტატი და ახალი ხელოვნების დიდი მოტრფიალე, დიუსელდორფში დაესწრო კონცეპტუალური არტის ლიდერის, იოზეფ ბოისის ლექციებს. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბოისის ორმა თეზამ, პირველი ის, რომ ნებისმიერი მასალა შეიძლება გამოდგეს ხელოვნებაში და მეორე-ყველას შეუძლია იყოს ხელოვანი.

Conrad Schnitzler

თავის ქარხანაში კონრადს გამუდმებით ესმოდა დაზგა დანადაგარების ურთიერთ გადამკვეთი ხმაური, რომელიც მის წარმოსახვაში უცნაურ მუსიკალურ ფორმებს იღებდა და სანიტარი იოხიმ როდელიუსთან და მზარეული დიტერ მიობიუსთან ერთად შექმნა კოლექტივი Kluster.

აუდიო მასალად ისინი იყენებდნენ ყველაფერს, ინდუსტრიულ ნაგავს, გადაყრილ საყოფაცხოვრებო ნივთებს, გენერატორ ოსცილაგრაფებს, ჩელოს და ალტსაც კი, მუზიცირებდნენ, იმპროვიზირებდნენ, ეფექტურ პასაჟებს იმეორებდნენ ოღონდ ყოველგვარი სტუდიური სემპლ-ლუპინგის გარეშე. მთელი მათი ელექტრონული გრუხუნი, ეს იყო ცოცხლად შესრულებული პირველი ელექტრონული ინდასტრიალი.

მოგვიანებით შნიცლერი წავიდა, დანარჩენმა ორმა კი Klaster გადააქცია Cluster–ად, მუსიკა „გაადამიანურდა“, ფორმები მომრგვალდა, გაჩნდა მელოდიები და სტუდიური ეფეტქებით შექმნილი აკუსტიკური ლანდშაფტები. ბრაიან ინომ, როცა მათი მუსიკა პირველად მოისმინა, მყისვე ესტუმრა მათ რომელიღაც გერმანულ სოფელში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა მაშინ Cluster. უამრავი ჩანაწერც გააკეთა მათთან ერთად, შემდეგ ეს ყველაფერი წაიღო ლონდონში და შეუდგა საკუთარ პირველ ემბიენტზე მუშაობას. 

იმ პერიოდში Cluster-თან თანამშრომლობდა გიტარისტი მიხაელ როტერი(ერთობლივი პროექტიც ჰქონდათ - Harmonia). დრამერ კლაუს დინგერთან ერთად როტერი წარმოადგენდა დიუსელდორფულ დუეტს Neu!. ბევრი (მათ შორის, მეც) მიიჩნევს, რომ სწორედ Neu! არის კრაუტროკის კვინტესენცია, მისი ესთეტიკის იდეალური ხორცშესხმა. ერთიც და მეორეც, ადრე Kraftwerk-ის წევრები იყვენ და იქიდან წამოსვლის შემდეგ შექმნეს Neu!. 

Neu!

მათი მუსიკა ისე აღიქმება, როგორ ელექტრონულ ინტრუმენტული აკუსტიკური პროექტი, დინგერი გამუდმებით უკრავს მონოტონურ რითმს, ე.წ. „მოტორიკს“(როგორც დაარქვეს მაშინ), როტერი კი ფენა ფენად, წაღმა-უკუღმა დატრიალებულს ადებს თავის გიტარულ პასაჟებს ამ „მოტორიკ“-ს. მუსიკა ისე მიქრის, როგორც მანქანა ავტობანზე სწრაფად ცვალებადი ლანდშაფტების ფონზე. მოგვიანებით დინგერმა სიმღერაც დაიწყო, მათ ბოლო ალბომი Neu!75 ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი ნაწილი როტერის ემბიენტ საგიტარო კომპოზიციებია, მეორე - დინგერის სასიმღერო როკი, ოღონდ იმ პერიოდისთვის აბსოლიტურად ალტერნატიული როკი, რომელსაც მოგვიანებით დაახასიათებენ, როგორც პროტო პანკ, პროტო პოსტ-პანკს. ამ ალბომით დევიდ ბოუი ისე მოიხიბლა, რომ თავისი ბერლინური ტრილოგიის ჩაწერა უკვე დაშლილ Neu!-სთან ერთად უნდოდა, ხოლო მისი სახელგანთქმული „Heroes“ კი, სრული ალუზიაა Neu! -ის ტრეკ Hero-ზე.

სულ სხვა გზით ვითარდებოდა ფლორიან ფრიკე და მისი Popol Vuh. ფრიკე ნასწავლი მუსიკოსი იყო, დირიჟორობდა კიდეც, მაგრამ ახალ საუნდ ექსპერიმენტებში გადაეშვა და თავისი პროფესიული განათლებაც იდეალურად გამოიყენა. პლუს ის გატაცებული იყო აღმოსავლეთ აზიური ფილოსოფიით, მისტიციზმით, ფოლკლორით და სწორედ ამიტომაც ჟღერს მისი კრაუტროკი ტრანსულ მედიტატიურად.

Popol Vuh

რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა, ზუსტად განსაზღვრა Popol Vuh-ს მუსიკის სინემატოგრაფიული ხასიათი და სისტემატიურად მიმართავდა ფრიკეს საკუთარი ფილმებისთვის მუსიკის შესაქმნელად. მათი თანამშრომლობის მწვერვალია ფილმი „აგირე“ (1977), რომლის მუსიკა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესი საუნდტრეკადაა აღიარებული დღეს. 

და ბოლოს ყველაზე სახელგანთმული კრაუტროკ ბენდი Can. ბენდის ორი წევრი (ჰოლგერ შუკაი, ირმინ შმიდტი) შტოკჰაუზენის მოწაფეები იყვნენ და როკ მუსიკას არ იცნობდნენ, გიტარისტი (მიხაელ კაროლი) როკ მუსიკიდან მოვიდა, ხოლო დრამერი (იაკი ლიბეცაიტ) ფრი-ჯაზსაც უკრავდა და მოროკოულ ტრანსულ მუსიკასაც. 

Can

ცალ ცალკე ყველა უცნობი იყო, ერთიანობაში კი შექმნეს უნიკალური ბენდი. თავდაპირველად მხოლოდ ორბილიკიან აპარატურაზე იწერდნენ, ანუ მიქსინგ მასტერინგის რესურსები შეზღუდული იყო, ამიტომაც ჯემ სეიშენობდნენ ათეულ საათობით, რათა ჩაწერილი მასალის  მონტაჟ გადამონტაჟების გზით მიეღოთ ფასეული რეზულტატი. ეს ფსიქოდელიურ არანორმალური ქაოსი კი შედუღაბებული იყო იაკი ლიბეცაიტის უნიკალური დრამინგით, რომელშიც შენარჩუნებული იყო მონოტონური ბითიც (იმიტომაც ეძახდნენ იაკის ცოცხალ მეტრონომს) და პარალელურად, რიტმულ-მელოდიური დრამ ფიგურებიც იკვეთებოდა. არ უნდა დავუკარგოთ ამაგი არანორმალურ იაპონელ ვოკალისტს დამო სუზუკის, რომელიც კიდევ უფრო ირაციონალურს ხდიდა მათ მუსიკას. 

Can-ის გავლენა, მათი დაშლის შემდეგ, თანდათანობით იმდენად გაიზარდა, რომ დღეს უკვე ყველა დროის უდიდესი როკ ბენდების სიაში მოწინავე პოზიციებზეა გამაგრებული, თუმცა, ეს ფაქტი ოდნავადაც არ აკნინებს დანარჩენი ნოვატორი კრაუტროკერების შემოქმედებას. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი აქტუალური მუსიკა, ჯერ კიდევ ვერ გაძღა კრაუტროკზე აპელირებით, ეს არც არის გასაკვირი, თავის დროზე, ამ არტისტებმა სრულიად ახალი გზები გაკვალეს და ისეთ იმპულსებს მისცეს დასაბამი, რომლებიც დღემდე არ გაცვეთილა.

მუსიკა, როგორც პროცესი, როგორც ექსპერიმენტი, როგორც განუწყვეტელი ძიება, აი, ეს იყო მათთვის მთავარი და არა საბოლოო პროდუქტისგან მიღებული დივიდენდები.

სწორედ ასე გახდა შესაძლებელი Kraftwerk-ის რევოლუციაც თავის დროზე, რომელიც კრაუტროკის პირდაპირი რეზულტატია, ბოლო-ბოლო, შემთხვევით ხომ არ დაარქვა bbc-მ მათზე შექმნილ ფილმს, „კრაუტროკი-გერმანიის ხელახლა დაბადება“.

ავტორი: გია ხადური