მუსიკა | ცა

ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა

Tsa.Music

სექტემბერი 13, 2022

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა დღემდე შეუსწავლელი პერიოდი და ტერიტორიაა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სახელოვნებო პროცესებსაც ჩამოშორდა ყველა ის ჩარჩო და შეზღუდვა, რაც 70 წლის განმავლობაში, ქართველთა შემოქმედებითი ცხოვრების მარწუხებში მოქცევას ემსახურებოდა. თავისთავად, ამ ხანგძლივმა პერიოდმა გავლენა იქონია ყველა იმ ადამიანის ცნობიერებაზე, ვისაც ოდნავ მაინც სურდა რაიმე ახლის შექმნა.

ალტერნატიულ მუსიკალურ პროცესებზე ცნობები საქართველოში ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან მოდის - რა თქმა უნდა, იმ პერიოდის იატაკქვეშეთის მოძრაობა ერთეული ადმაიანებისგან თუ შედგებოდა. 70-იანი წლებიდან პროცესები შედარებით გაიხსნა, ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დასავლეთის ქვეყნებში. უკვე შეხვდებით ქართველი შემსრულებლების მიერ დასავლური მუსიკალური ნაწარმოებების ქავერ ან თუნდაც გადმოქართულებულ ვერსიებს. 

80-იან წლებში ამ გისოსების მორღვევა გაგრძელდა და, ალბათ, 1987 წელი ქართული ალტერნატიული მუსიკის სრულიად ახალი ტალღის ასპარეზზე გამოჩენის თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ის, რაც თბილისში დადა დადიანის „ტაქსით“, ლადო ბურდულის „რეცეპტით“, ქუთაისში კი რობი კუხიანიძის „აუტსაიდერით“ დაიწყო, 90-იან წლებში ფართოდ გაიშალა და ამ ფუნდამენტზე საკმაოდ თვითმყოფადი მუსიკალური სცენა აშენდა.

აქ ერთმანეთში ირეოდნენ სრულიად განსხვავებული წარსულისა და სუბ-კულტურის წარმომადგენლები, რომლებსაც თითქოს საერთო არაფერი უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ მასობრივი კულტურისგან განსხვავებული თვითგამოხატვის ფორმები ახასიათებდათ და ამას ახალგაზრდული ენთუზიაზმისთვის დამახასიათებელი თავისუფლების ხარისხით აკეთებდნენ. 

ამ პერიოდის ქართულ მუსიკას თავისი გმირებიც ჰყავდა, რომლებიც განადგურებული ქვეყნისა და ქალაქების შემხედვარე, მუსიკასთან ერთად ალტერნატიული სამყაროს შექმნასაც ცდილობდნენ - პირველ რიგში მათთვის და გაუცნობიერებლად მომავალი თაობისთვისაც, ვინაიდან სწორედ მათ მიერ გაკვალული გზა, მრავალი წლის განმავლობაში ჩირაღდნის ფუნქციასაც ასრულდებდა.

თუმცა, ალტერნატიული სამყაროს შექმნის მცდელობა, გარეთ მიმდინარე პროცესების სრულ უგულვებელყოფას როდი მოიაზრებდა, პირიქით, იმ პერიოდის სოციალური სიდუღჭირე და უპერსპექტივობის განცდა სრულიად აირეკლა მათ შემოქმედებაშიც. დასავლური მუსიკიდან აღებული ფორმებით პირველად იქმნებოდა სრულიად ახალი ტიპის ქართული მუსიკა.

ადამიანებისთვის, რომელთა ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ  ქაოტურობას ეწირებოდა, მარტივი როდი იყო თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. მარტივი არც ის იყო, რომ მსგავსი შეხედულებისა და ღირებულებების მქონეებს ერთმანეთი ეპოვათ და არც ის რომ განადგურებულ ქალაქში, მუსიკისთვის დრო დაგეთმო დაგეთმო  და გემღერა იმის შესახებ, რაზეც საჯაროდ იქამდე ხმა არავის ამოუღია. ეს არ იყო თანამედროვე „რებელობის“ სოუზში გახვეული სენტიმენტი, როდესაც ძალით ცდილობ დაფიქსირდე იმად, რაც სინამდვილეში არა ხარ. ამ პერიოდის მუსიკალურ სცენას სწორედ ავთენტურობის მაღალი ხარისხი ახასიათებდა და ის ისტორიები რაც იმ დროიდან მოდის, იმდენადვე ნამდვილია, რამდენადაც მათი მუსიკა.

ყველაფერთან ერთად, ისინი სრულიად მივიწყებულები იყვნენ ფართო საზოგადოებისგან. თუ დასავლეთში ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში როკ მუსიკამ მასები აყოლიება და შედეგად საკმარისი მენტალური ცვლილების გამოწვევა შეძლო, 90-იანი წლების თბილისში ამისთვის არავის ეცალა და როგორც ჩანს ქვეყანაც არ იყო მზად მათი ხმაურისთვის ყური დაეგდო - ალბათ პირიქით, ყველაფერი ისე ხდებოდა რომ მათი სათქმელი ერთეულების გარდა არავისთან მისულიყო. ამას ემატებოდა ტექნიკური საშუალებების თითქმის არ არსებობა, რათა მუსიკა ჩაწერილიყო და მსმენელამდე ხარისხიანი პროდუქტი მისულიყო - საბჭოთა კავშირის დაშლამ მისი იშვიათი სიკეთე, ჩამწერი სტუდიებისა და ფირფიტების დამბეჭდავი ქარხნის არსებობაც თან გაიყოლა. კონცერტების დროს ელ-ენერგია წყდებოდა, საჭირო აპარატურის ნახვა და გამოყენება ურთულესი პროცესი იყო. იშვიათი გამონაკლისების გარდა ტელევიზია, რადიო თუ ბეჭდური მედია მათ ყურადღებას თითქმის არ უთმობდა და ამგვარად თავისუფალი საქართველოს, თავისუფალი ხმები ხშირად უჩინარდებოდნენ.

... და მაინც, ზემოთ აღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად, ამ მოძრაობაში ჩართული ადამიანები არ ნებდებოდნენ - წერდნენ მუსიკას, თანაკვეთა ჰქონდათ მხატვრებთან თუ თეატრის წარმომადგენლებთან, აწყობდნენ საღამოებს და ამ ყველაფრით ქვეყანაში იშვიათ სინათლის წერტილს წარმოადგენდნენ, რომელსაც გადამდები ეფექტი ჰქონდა. აღნიშნული ეფექტის დახმარებით მოძრაობაში ჩართულთა რაოდენობა უფრო მზარდი გახდა. კონცერტებზე ხშირად შეხვდებოდით როდესაც პანკები, მეტალისტები თუ ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლები ერთად ეზიარებოდნენ მუსიკალურ გამოცდილებას. 

2022 წლის პერსპექტივიდან, შესაშურია ის შემოქმედებითი და ადამიანური ენერგია, რასაც ისინი საყვარელი საქმისთვის და მუსიკისთვის იღებდნენ. იმ პერიოდის მუსიკალური სცენა სწორედ იმის დასტურია რომ უკომპრომისობით, მინიმალური შესაძლებლობებითაც კი, სასურველი შედეგის მიღწევა სრულიად შესაძლებელია და ეს შემოქმედებითი პროცესისთვის დამაბრლოკებელი გარემოებას არ წარმოადგენს.

თუმცა, რა თქმა უნდა, არის ერთი ბარიერი, რომლის გადალახვაც მეტად ჭირს ხოლმე - დრო, რომლის გასვლასთან ერთადაც, შეუძლებელი ხდება თავდაპირველი ენთუზიაზმის შენარჩუნება - მოდის იმედგაცრუებების და დამსხვრეული შემოქმედებითი ოცნებების მთელი წყობა. ასე მოხდა 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის შემთხვევაშიც - ანთებულმა სანთელმა კიდევ ბევრს გადასდო, თუმცა იმ დროს მთელი ქვეყნის განათება ვერ შეძლო - ეს ხომ დასაწყისიდანვე ყოველი ახალგაზრდული მოძრაობის უტოპიურ ილუზიას წარმოადგენს.

მოძრაობის მნიშვნელოვანმა წარმომადგენლებმა განვითარებულ ქვეყნებს მიაშურეს, რათა საკუთარი შემოქმედებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ, იყვნენ ისინიც, ვინც ქვეყანაში დარჩა, თუმცა უკვე კომპრომისით, 2000-იანი წლების შოუბიზნესის თამაშის წესებს მოერგნენ. მსმენელს კი დარჩა იმ პერიოდის ხშირად უხარისხო, თუმცა დიდი ღირებულების მატარებელი ჩანაწერები, რომლებმაც მკვეთრად მოხაზეს შემდგომი თაობების კულტურული ორიენტირები. 

ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა [Georgian Music Legacy Collection] ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება. ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არ არსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია. ჩვენ გვჯერა რომ მათი ხელახლა გაცოცხლებით, განახლებით, აღმოჩენითა და მსმენელის წინაშე წარდგენით, ჩანაწერები საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ იმ მუსიკალურ ჯაჭვში, რომელიც დღემდე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 80-იანი წლების ბოლოდან, 2010-იან წლებამდე არსებული ალტერნატიული მუსიკალური სცენის ჩანაწერების გამოცემა ფირფიტის ფორმატზე მოხდება და საბოლოოდ კოლექციის სახეს მიიღებს, რომელიც ყველა ქართული მუსიკის გულშემატკივარის აუცილებელი ატრიბუტი გახდება.

ინიციატივის ფარგლებში პირველი ფირფიტა 15 სექტემბერს გამოვა - Mutant Radio-ს სივრცეში 90-იანი წლების საკულტო ჯგუფის, Mother On Monday-ს 1995 წლის ალბომის - „Friends”-ის გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი