სექტემბერი 07, 2022
ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია ბინის დაქირავება და მისი სხვა ადამიანთან გაზიარება, კარგად იცის, რამდენი წინააღმდეგეგობის გადალახვა გიწევს ამ გზაზე. ბიუჯეტი, უბანი, სახლი, თანამობინადრე და კიდევ მრავალი დეტალი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს გზა ნაცნობია ნინო უთურაშვილისთვის, ფიქრია ლომჯარიასთვის, ნინუცა ფოფხაძისა და გვანცა სიხარულიძისთვის.
პრობლემამ, რომლის წინაშე ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა დგება, ცოტა ხნის წინ ოთხი თანამოაზრე გააერთიანა და მის გადასაჭრელად სოციალური საწარმო Flatmate.ge-ის შექმნის იდეამდე მიიყვანა. ისინი ახლა Social Impact Award-ის ფინალისტები არიან და გვიამბობენ, რა არის Flatmate.ge.
Flatmate.ge – პლატფორმა მათთვის, ვინც თანამობინადრეს ეძებს
Flatmate.ge პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საცხოვრებლის მაძიებლებს მათთვის სასურველი პრეფერენციების მიხედვით, როგორებიცაა ბიუჯეტი, უბანი, ცხოვრების სტილი და სხვა.
“ბოლო პერიოდში ბინების ქირის ფასის მნიშვნელოვნად ზრდამ ახალგაზრდებს, მათ შორის სტუდენტებს, გაურთულა ბინის დამოუკიდებლად მოძიების პროცესი. ჩვენი პლატფორმა კი მიზნად ისახავს, დაეხმაროს მათ გამოსავლის პოვნაში ქირის თანამობინადრეებთან გაზიარების გზით”, — გვიხსნის გვანცა სიხარულიძე, Flatmate.ge-ის თანადამფუძნებელი.
სტარტაპი ამჟამად იდეის ვალიდაციის ეტაპზეა, გადის ინკუბაციის პროცესს და გუნდში იმედოვნებენ, რომ მიღებული გამოცდილება პლატფორმის დეველოპმენტის ეტაპზე გადასვლაში დაეხმარებათ.
Flatmate.ge და Social Impact Award
“Social Impact Award-ის მონაწილე გუნდებს წლებია, თვალ-ყურს ვადევნებთ და ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იყო ახალგაზრდების მიერ სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ინოვაციური გზები. როცა შევნიშნეთ თანამობინადრეების პოვნის პრობლემა და გაგვიჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა, მაშინვე გაგვახსენდა Social Impact Award-ის კონკურსი. ჩვენი იდეის ხორცშესხმისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, რადგან იგი მხარს უჭერს სტარტაპებს იდეის დახვეწის, საჭირო კავშირების ფორმირების, საწყისი ცნობადობის შექმნის და საწყისი კაპიტალის მოძიების ეტაპებზე”, — ამბობს ფიქრია ლომჯარია.
გუნდი Social Impact Award-ისგან პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ელის, ამასთან მიაჩნიათ, რომ ინკუბაციის პერიოდში მენტორობა იდეის ვალიდაციასა და საჭირო კონტაქტების დამყარებაში დაეხმარებათ. “დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, გავიმარჯვოთ და MVP-ის გასაშვებად საჭირო საწყისი კაპიტალი მოვიზიდოთ”, — აღნიშნავს ნინუცა ფოფხაძე.
მენტორობა და სამომავლო გეგმები
Flatmate.ge-ის მენტორი საკონსულტაციო ფირმა “TBSC Consulting“-ის მმართველი პარტნიორი, თენგო ლომიტაშვილია. მისი თქმით, საცხოვრებელი ხარჯის შემცირება თანამობინადრის პოვნის გზით როგორც საინტერესო საბაზრო შესაძლებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვის მქონე იდეაა, რომელიც, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მზარდი ფასების პირობებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმარება.
“აღნიშნული იდეის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელოვნად ეხება ადამიანების ყოველთვიურ ხარჯებს და მათ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, ხოლო სასურველი თანამობინადრის პოვნა ხომ ცალკე მნიშვნელოვანი ამოცანაა და ადამიანების კეთილდღეობას აუმჯობესებს”, — აღნიშნავს თენგო.
მისი შეფასებით, Flatmate.ge-ს ქმნის “არაჩვეულებრივი, უკვე წარმატებული და ძალიან საზრიანი და ახალგაზრდების ჯგუფი”. თენგო იმედოვნებს, რომ მენტორობის დასასრულს ბიზნეს მოდელი ბოლომდე გამართული იქნება და გუნდი შეძლებს, რთული და ტექნიკური მოდელი მარტივად გააცნოს აუდიტორიას. მენტორი ასევე აფასებს Social Impact Award-ის გავლენას სამეწარმეო ეკოსისტემაზე:
“საქართველოში სოციალურ მეწარმეობას აკლია როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური აღიარება, ასევე ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან. ასეთ ვითარებაში Social Impact Award უკვე მერამდენე წელია, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის სამაგალითო პროექტად ჩამოყალიბდა. იგი განუზღვრელად ზრდის სოციალური მეწარმეობის პრესტიჟს და აღვივებს ამ სფეროს მიმართ ინტერესს. რაც მთავარია, ამ პროექტმა შეცვალა სოციალური მეწარმეობის გაგება და სფერო გადაიტანა ხელნაკეთი ნივთების წარმოებიდან უფრო მასშტაბური, ინოვაციური, ციფრული და ტექნოლოგიური იდეების სამყაროში, რაც გაცილებით დიდი სოციალური ეფექტის მომტანია”, — ამბობს თენგო.
გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის კონკურსები ბიძგს აძლევს ახალგაზრდებს, იფიქრონ მათი ჯგუფის და ზოგადად, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების ინოვაციურ გზებზე.
“მსგავსი კონკურსები შეუფასებელია სტარტაპერებისთვის, რადგან უბრალო იდეიდან მინიმალური პროდუქტის გაშვებამდე მისვლაში ეხმარებათ”,
— ამბობენ Flatmate.ge-ში.
სწორედ MVP-ის (Minimum Viable Product) გაშვებაა ახლა გუნდის უმთავრესი მიზანი. ამასთან, სურთ, მომხმარებლისგან უკუკავშირი მიიღონ, გაუმჯობესონ პროდუქტი და ქართულ ბაზარზე ლოიალური მომხმარებლები შეიძინონ.
Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
ფოტო: საბა შენგელია
ავტორი: იანა კოხოძე