ივლისი 22, 2025
“მიზანს რომ დავისახავთ კბილებით გავიტანთ”

ვერეს ის ფეხბურთელები ქმნიან, ვისთვისაც ფეხბურთი სპორტზე ბევრად მეტია. ის ადგილია, სადაც თავს სამყაროში ყველაზე კომფორტულად გრძნობენ ამ გარემოს კი, მეგობრობით, შრომით, ხანდახან ცოტა ბუზღუნით და ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგომით აძლიერებენ.

ქალების ფეხბურთს სწორედ ეს ერთიანობა გამოარჩევს და ხდის განსაკუთრებულს. აქ ყველაფერი საზიაროა- განცდები, ხასიათი, ემოციები, ამიტომაც ერთმანეთზე ყველა ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ თავზე. ყველას თავისი მიზანი აქვს, რისკენაც საერთო ძალებით მიიწევენ წინ- პატარა სტადიონიდან დიდი მომავლისკენ. თავდაჯერებას და ბრძოლის ჟინს არასდროს კარგავენ. იზიარებენ ერთმანეთის რჩევებს, მიღებულ გამოცდილებას კი მერე სხვებსაც უნაწილებენ.

საქართველოში ქალთა ფეხბურთს დაუზარელი, ჯიუტი და მებრძოლი ხასიათით ავითარებენ. ალბათ ვერეს თამაშს ან თუნდაც ვარჯიშს ერთხელ მაინც უნდა დაესწრო, რომ ის გადამდები მუხტი და შემართება იგრძნო, რაც ამ გუნდში ტრიალებს.
როგორც ვერეს მწვრთნელი, ამბობს - “სტადიონზე ბევრი ისეთი მომენტი ხდება, რაც გოლის გატანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია”

ალბათ ამ სიტყვების აზრიც სწორედ ის სითამამე, ერთმანეთის გულშემატკივრობა და თავდაჯერებაა, რომელიც მთელ გუნდს, ერთად და ცალ-ცალკე, ასე ზუსტად გამოხატავს.
ავტორი: ხატია კოპლატაძე