თიბისი შენთვის ბიზნესი

ebazaar.ge - სოფლის პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად

მაისი 10, 2022

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი ავთენტური სოფლის პროდუქტების მრავალფეროვნებით, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელშიც ადგილობრივი სოფლის ნობათის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნატურალური სოფლის პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში საკმაოდ პრობლემურია – შედეგად, პროდუქტის მწარმოებელსა და მის საბოლოო მყიდველს შორის არსებული კავშირი თითქმის აღარ არსებობს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ცოტა ხნის წინ, საქართველოში ინოვაციური სტარტაპი ebazaar.ge შეიქმნა, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ნაწარმი ყოველგვარი შუამავლის გარეშე გაყიდონ.


ebazaar.ge-ის შექმნის იდეასა და კომპანიის ბიზნეს-მოდელზე, ქართველი ფერმერების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ქართული სოფლის ნობათის ხარისხის კონტროლზე და კომპანიის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ebazaar.ge-ის თანადამფუძნებელს, თამარ ბუაძეს ვესაუბრეთ.

თამარ ბუაძე, ebazaar.ge-ის თანადამფუძნებელი

თამარ, რა იქცა ebazaar.ge-ის შთაგონებად?

ebazaar.ge-ის იდეა ჩვენს თანადამფუძნებელს, გიორგი გვაზავას ეკუთვნის, რომელსაც სოფლის მეურნეობასთან შეხება ბავშვობიდან აქვს – მის ოჯახს, სამეგრელო­­ში, სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოჰყავს. ასე რომ, გიორგის ბავშვობიდანვე აწუხებს ის პრობლემები, რომლებსაც მისი ოჯახი და სხვა ფერმერები პროდუქტის რეალიზაციისას აწყდებოდნენ.


გიორგიმ დაინახა, რომ გადამყიდველებს შორის არსებული არაეფექტური მიწოდების ჯაჭვის გამო, ფერმერისადმი გადახდილ ფასსა და თბილისში, ადგილზე არსებულ გასაყიდ ფასს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. მთელ ამ ამბავს პროცესების გაციფრულების ტრენდი დაერთო და გიორგიმაც გადაწყვიტა, რომ ამ მიწოდების ჯაჭვის გამოსწორება მხოლოდ ამ ტრენდისადმი ფეხის აბმით იყო შესაძლებელი. აი, ასე შევხვდით ერთმანეთს. 

ხომ ვერ მოგვიყვებით თქვენი ბიზნეს-მოდელის შესახებ და აგვიხსნით, თუ როგორ ფუნქციონირებს ebazaar.ge?

ebazaar.ge ფერმერების სავაჭრო სივრცე, ე.წ. „მარკეტფლეისია“, რომლითაც რიგით ფერმერს საკუთარი პროდუქტის გაყიდვა საქართველოს ყველაზე დიდ ბაზარზე, თბილისში შეუძლია.


ამისთვის, ვიზუალური და ტექსტური აღწერილობით ფერმერს რეალისტურ ციფრულ იდენტობას და ულიმიტო რაოდენობით ციფრულ დახლებს ვუხსნით. კომერციული მოდელის მიხედვით, ფერმერებისთვის რეგისტრაცია უფასოა, რადგან პროდუქტების გამყიდველების მოზიდვა მარკეტფლეისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – გაყიდული პროდუქტიდან საკომისიოს ვიღებთ და, როგორც ნებისმიერი სტარტაპი, მომხმარებელთა ბაზის მასშტაბირებაზე ვმუშაობთ.

კარგად გვესმის, რომ ქართული ფერმერი არ არის ციფრული ფერმერი – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას სამართავ პანელს, ე.წ. „დაშბორდს“ ვთავაზობთ, მას მისი დამოუკიდებლად გამოყენება ჯერჯერობით უჭირს. დაშბორდის გამოყენებით ფერმერს პროდუქტის განთავსება, მისი რაოდენობისა და ფასის შეცვლა, შეკვეთებისა და შეფასებების მიღება და გაყიდული პროდუქტის სტატისტიკის წარმოება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები დაშბორდს აქტიურად იყენებენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი მას კონსულების დახმარებით იყენებს.

Giorgi Chanturia

თამარ, რეალურად დროპშიპინგის ბიზნესი ხართ, ხომ ასეა?

კი, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ჩვენს ჯაჭვში ხარისხის კონტროლის რგოლიც არის – თითოეულ ფერმერს მიმაგრებული ჰყავს კონსული, რომელიც პლატფორმაზე შეკვეთის ინფორმაციულ მენეჯმენტს ფერმერის ნაცვლად ახორციელებს. ამასთანავე, კონსულები მომხმარებელთა მომსახურების ნაწილშიც გვეხმარებიან – ისინი პროდუქტის წონასა და ხარისხს, ვიზუალური დათვალიერებით აკონტროლებენ.


ამასთანავე, კონსულები პროდუქტის შეფუთვასა და ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ: თბილისიდან მათ პროდუქტის შეფუთვის საბაზისო პაკეტს ვუგზავნით, რომელშიც შედის, როგორც ავტომობილისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის ჰერმეტული ყუთები, ასევე ბიოდეგრადირებადი პარკები, დასადები თეფშები და სხვადასხვა გამოყენების ჭურჭელი. ფერმერისგან წამოსული პროდუქტი თავიდანვე სუფთა შეფუთვით მოდის, მაგრამ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მას კიდევ ერთხელ ვამოწმებთ, საჭიროების შემთხვევაში შეფუთვას ვუცვლით და ბრენდირებულ სტიკერს ვაკრავთ. 

თამარ, ხომ ვერ მოგვიყვებით რა შედეგები აქვს ebazaar.ge-ის გაშვებიდან რამდენიმე თვის თავზე?

პლატფორმა რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის 16 დეკემბერს გავუშვით. ამ ეტაპზე, ფერმერები ხუთი რეგიონიდან – ქვემო-ქართლიდან, კახეთიდან, გორიდან, თიანეთიდან და თბილისის გარშემო არსებული სოფლებიდან გვყავს. გაყიდვებს რაც შეეხება, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით განხორციელებულია დაახლოებით 400 ტრანზაქცია. ამ ტრანზაქციებში ქართველმა ფერმერებმა 2,300-ზე მეტი ერთეული პროდუქტის რეალიზაცია მოახდინეს. ამასთანავე, ჩვენი ვებგვერდი სრულად ფუნქციურია ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად და თამამად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროდუქტებს უცხოელებიც ყიდულობენ – ლოიალური მომხმარებლების წილი თვის ჭრილში დაახლოებით 20%-ს შეადგენს. 

თამარ, საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდების სერვისი დიდ ქსელურ სუპერმარკეტებსაც აქვთ. თვლით თუ არა მათ საკუთარ კონკურენტებად და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ბიზნესში ვართ: მომხმარებელი, რომელიც პროდუქტს ქსელური სუპერმარკეტიდან უკვეთავს, იმ მომენტში, მხოლოდ პროდუქტს ეძებს – მას არ აინტერესებს ქართული ავთენტური პროდუქტი და მისი შემქმნელი და ყველს რომ ყიდულობს, შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არ იცის, ეს ყველი ნატურალური რძისგან გაკეთდა თუ რძის ფხვნილისგან. ჩვენს მომხმარებელს აინტერესებს პროდუქტს ვისგან ყიდულობს და სურს წარმოდგენა ჰქონდეს მის მიერ შეძენილი პროდუქტის წარმომავლობაზე.


ამასთანავე, ჩვენთან იყიდება ისეთი რძის ნაწარმი, რომლებიც ქსელურ სუპერმარკეტებში თითქმის არ იშოვება, მათ შორის ერბო, დამბალხაჭო, ნადუღი, სოფლის კარაქი და არაჟანი. ქსელურ სუპერმარკეტებში არათუ ავთენტური პროდუქტი, ხილიც კი მწირი რაოდენობით აქვთ და ხშირად საზღვარგარეთიდან შემოტანილი. ასე რომ, ქსელურ სუპერმარკეტებს ჩვენს კონკურენტებად არ აღვიქვამთ, რადგან ebazaar.ge ფერმერების მარკეტფლეისია და არა – სუპერმარკეტი. 

თამარ, რა პრობლემებს აწყდებით ქართველი ფერმერების პროდუქტების რეალიზაციის კუთხით და ახერხებთ თუ არა, რომ მათ შეეჭიდოთ?

სამწუხაროდ, რეგიონებში მცხოვრები ფერმერები ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან და ჩვენ გვსურს, რომ მათ ამ მიმართულებით დავეხმაროთ, რისთვისაც, დონორ ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ. ამასთანავე, ფერმერებს უშუალოდაც ვხვდებით: აი, მარნეულში, მაგალითად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე აღმოვაჩინეთ, რომ ფერმერებმა არ იცოდნენ, თუ რა პროცესების გავლა სჭირდებოდათ სხვადასხვა ტიპის სერტიფიკატების მისაღებად.


რეალურად, ამ საკითხზე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, მაგრამ ადგილობრივი ფერმერები, როგორც ჩანს, სრულყოფილ ინფორმაციას მაინც არ ფლობენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენს ფერმერებს პირდაპირ ვეხმარებით – მომხმარებლის უკუკავშირია. საქმე ისაა, რომ დღეს, ფერმერებს უკუკავშირის მიღება ფაქტობრივად არ შეუძლიათ, რადგან მათი ნაწარმის საბოლოო მყიდველთან კავშირი საერთოდ არ აქვთ. ამასთანავე, მათ არ იციან ყველაზე კარგად რომელი პროდუქტის გაკეთება გამოსდით და ხშირად, ენერგიას არაეფექტურად ხარჯავენ. ჩვენი პლატფორმა მათ ამ კუთხითაც ეხმარება. 

Ebazaar.ge-ის განვითარების ადრეულ ეტაპზე, თქვენმა სტარტაპმა თიბისის სტარტაპ სესხი მიიღო. რას მოახმარეთ ეს ფინანსური რესურსი და, ზოგადად, რა როლი ითამაშა თიბისიმ თქვენი სტარტაპის განვითარებაში?

რეალურად, ebazaar.ge საკუთარი კაპიტალით დავიწყეთ, მაგრამ ჩვენი მთავარი აქტივის, ციფრული პლატფორმის შექმნაში თიბისის სტარტაპერის სესხი გამოვიყენეთ. ჩვენი ციფრული პლატფორმა, რომელზეც Leavingstone-მა იმუშავა – უნიკალურია, რადგან შეკვეთის დამუშავების შესაძლებლობას გვაძლევს. აი, წარმოიდგინეთ, რომ იმერულ ყველს ყიდულობთ, რომელიც სტანდარტიზებული წონით, კილოგრამებით იყიდება – როგორ შეიძლება, ფერმერმა ზუსტად ერთკილოგრამიანი ყველი ამოიყვანოს, ეს ხომ ძალიან რთულია?


შეკვეთის დამუშავების ფუნქციონალი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით – შეკვეთილი პროდუქტის რაოდენობისა ან მოცულობის შეცვლა, შეიძლება მანამ, სანამ პროდუქტი მომხმარებელთან წავა, რაც, ცხადია, პროდუქტის ფასზეც პროპორციულად აისახება – ამაში ქართული ფინტექ კომპანია Payze-ი გვეხმარება. რეალურად, ეს ფუნქციონალი პროდუქტის გაყიდვაში გვეხმარება, ხოლო მომხმარებლებს – სოფლის ნაწარმის შეძენის პროცესს საგრძნობლად უმარტივებს. 

თიბისის სტარტაპ სესხის მიღებას რაც შეეხება, პროცესი ძალიან სწრაფი, მოქნილი და მარტივი იყო – პერსონალური მენეჯერი გვყავდა, რომელიც დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებში გვეხმარებოდა. ამასთანავე, ეს სესხი იმითაც არის მიმზიდველი, რომ საპროცენტო განაკვეთის გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ფარავს.

რას უნდა ველოდოთ ebazaar.ge-ისგან ახლო და შორეულ მომავალში?

მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი რეგიონების ათვისებას ვგეგმავთ, ხოლო 2022 წლის ბოლომდე გვინდა, რომ დასავლეთ საქართველოშიც გადავიდეთ – ეს მხარე თბილისიდან საკმაოდ დაშორებულია და თან, ის ადგილობრივი ავთენტური პროდუქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა – ჩვენი იქ გამოჩენით დავეხმარებით, როგორც მომხმარებლებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ebazaar.ge-ის ბიზნეს-მოდელის ქვეყნის გარეთ გატანას ვფიქრობთ.

ავტორი: გიორგი არონია

ფოტოგრაფი: ლაშა ღუღუნიშვილი