მუსიკა | ცა

Dj Tree x Small Moves x Zurkin | 21 მაისი აპრილში

Tsa.Music

მაისი 21, 2022

თბილისური ლეიბლი Small Moves და ლეგენდარული იტალიელი არტისტი DJ Tree 21 მაისს ბარ აპრილში ერთობლივ საღამოს შემოგვთავაზებენ, მათთან ერთად დაუკრავს ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი Zurkin. Dj Tree ევროპული საცეკვაო სცენის კლასიკოსია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანულ ლეიბლს, Slow Life-ს წარმოადგენდა. 

ყველაზე ხშირად უკრავს კლუბებში Club der Visionaire, Ohm, Hopetosse და სხვა. თბილისში კი პირდაპირ მისი ამერიკული ტურნედან ჩამოდის. მისი მუსიკა მელოდიური, მსუბუქი და ოდნავ ჰიპნოტურია, ვფიქრობ 21 მაისის საღამოს ბარ აპრილში, სმოლ მუვსთან და ზურკინთან ერთად იდეალური შერწყმა გამოვა.

Small Moves ლეიბლი, ბარი და ვინილების მაღაზიაა, რომლის ორი დამფუძნებელი იკა ბერძენიშვილი და ალექს უშერენკო არიან. ზურკინ ჭყონია კი ასევე ლეგენდარულ ლეიბლს, ვოდკასტს წარმოადგენს, რომელიც გიო ბაქანიძემ დააარსა. 

ბარი “აპრილი" უკვე თითქმის ერთი წელია არსებობს. ის პანდემიის დროს გაიხსნა და რამდენიმეთვიანი ფორმირების პროცესის შემდეგ მუსიკალურ ბარად ჩამოყალიბდა. აპრილს აქვს მყუდრო ეზო, ოდნავ ეკლექტური ინტერიერი და საინტერესო გადაწყვეტის მქონე საცეკვაო ოთახი, სადაც დიჯეი და ბარმენი ერთი სიბრტყის მიღმა არიან წარმოდგენილი. 

“აპრილის" კარი 21 მაისს 3 საათიდან გაიღება, მსმენელს უფასოდ შემოსვლა 17:00 საათამდე შეეძლება.

Dj Tree, Usherenko, Ika, Zurkin @ Aprili

თარიღი - 21 მაისი

Doors open: 15:00