დირიჟორი | ხშირად დასმული კითხვები

მიუხედავად იმისა, რომ 4 წლიდან ვიოლინოზე ვუკრავდი და ბავშვობიდან კლასიკურ მუსიკასთან მქონდა შეხება, მეც დიდხანს ვერ ვხვდებოდი დირიჟორის ფუნქციას. ამ საკითხში შედარებით უკეთ მხოლოდ მაშინ გავერკვიე, როდესაც სტუდენტურ ორკესტრში დავიწყე დაკვრა. სულ რაღაც მეორე რეპეტიცია იყო, როდესაც დირიჟორმა დარბაზში გამიშვა პაუზის დროს მოკრძალებული დაცემინებისათვის. ამნისტიის შემდეგ, სულ მალე ისევ დარბაზში გამიშვეს, რადგან დირიჟორს მოეჩვენა, რომ ფანჯარაში ვიხედებოდი, რაც წარმოუდგენელი დანაშაული იყო რეპეტიციის დროს. მაშინ მივხვდი, რომ დირიჟორის ერთ-ერთი ფუნქცია დისციპლინის დამყარებაა

დარბაზში ნოტებით ხელში ვიჯექი ხოლმე და ასე ვსწავლობდი ნაწარმოებებს. ზუსტად მაშინ მივხვდი, თუ რას აკეთებს დირიჟორი - ეს ერთი ჯოხიანი კაცი რომ არა, საუკეთესო მუსიკოსები ერთ გვერდსაც ვერ დაუკრავენ ისე, რომ ერთიანი აზრი გადმოსცენ და ნაწარმოები თავიდან ბოლომდე შეკრან. 

რამდენი მუსიკოსიც არის, იმდენი აზრია და იმდენივე ინტერპრეტაცია. ამ კუთხით, დირიჟორი ნამდვილი დიქტატორია, რადგან მხოლოდ მისი აზრის გაჟღერების უფლება აქვს ორკესტრის ყოველ წევრს. დემოკრატია აქ არ არის. დემოკრატია ორკესტრში სრული ქაოსის ტოლფასია. ყოველ შემთხვევაში, სტუდენტურ ორკესტრში ასე იყო. თუმცა, ეს ერთპიროვნული მმართველობა უკიდურესობაში არ უნდა გადაიზარდოს. ფილმი „Whiplash“ თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ.

როდის და რისთვის გაჩნდა დირიჟორი? 

ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ ბარელიეფებზე ვხვდებით ადამიანის გამოსახულებას, რომელიც კვერთხის მსგავსი ჯოხით ხელში მუსიკოსების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ძველ საბერძნეთში ძვ.წ. 709 წელს ცხოვრობდა ფერიკიდე პატრიდან, რომელსაც „რიტმის მომცემად“ მოიხსენიებენ. აღწერილია, თუ როგორ ანიშნა მან რვაასამდე მუსიკოსს თავის ოქროს კვერთხით მუსიკის დაწყების დრო და როგორ დაიწყო ყველამ ერთდროულად დაკვრა.


ანტიკურ ხანაში გუნდის ხელმძღვანელებს სტეპის მოცეკვავეების მსგავსად, სანდლებზე რკინა ჰქონდათ დაკრული რიტმის ხმამაღლა დასათვლელად. ეს პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ როგორც მინიმუმ, რიტმის „დამჭერი“ ყოველთვის საჭირო იყო ნებისმიერ ანსამბლში, ისეთ დროსაც კი, როცა მუსიკა ჯერ არ იყო დიდად განვითარებული. მუსიკის განვითარებამ კი ის მოიტანა, რომ ამ ადამიანის როლი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა და დირიჟორის „ინსტრუმენტიც“ სულ იცვლებოდა. XVII საუკუნეში რიტმს უკვე სპეციალური ჯოხის, ბატუტას მეშვეობით ანიშნებდნენ. საკმაოდ დიდი და მძიმე ჯოხი იყო, რომელსაც იატაკზე ურტყავდნენ. ერთხელ ფრანგმა კომპოზიტორმა ჟან-ბატისტ ლულიმ ორკესტრის რეპეტიციის დროს ასეთი ბატუტა ფეხში ჩაირტყდა, რამაც საბოლოოდ განგრენა გამოიწვია და კომპოზიტორი გარდაიცვალა.

ჟან-ბატისტ ლული (1632-1687)

გამოკვეთილად დირიჟორის პროფესია XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. მანამდე სოლისტები ან კომპოზიტორები ითავსებდნენ ამ ფუნქციას. XIX საუკუნისთვის ორკესტრი უკვე ასამდე მონაწილეს ითვლიდა და მათ მართვას ცალკე ადამიანი სჭირდებოდა. სწორედ მაშინ დადგა დირიჟორი ამაღლებულ საფეხურზე და ზურგით დარბაზისკენ შეტრიალდა. დაახლოებით მაგ დროისათვის ბატუტაც საგრძნობლად დაპატარავდა და თანამედროვე ჯოხს მიუახლოვდა ზომითა და წონით. სხვათაშორის, ზოგიერთი დირიჟორი ჯოხის გარეშე დირიჟორობს. ვალერი გერგიევი ხშირად კბილის ჩხირით დირიჟორობს, რომელიც შორიდან არც კი ჩანს კარგად. 

მეტრონომი თუ სულის ჩამდგმელი?

ზოგს დირიჟორის როლი მხოლოდ მეტრონომის ფუნქციამდე დაჰყავს. ეს ასე არ არის. დირიჟორი ეხმარება მუსიკოსებს იმაში, რომ ნოტები სწორად „წაიკითხონ“, მასთან ერთად ხდება ნაწარმოების ზედმიწევნით გარჩევა, ინტერპრეტირება და არა მხოლოდ ნოტების ზუსტ დროსა და მომენტში დაკვრა. როგორც „ჰამლეტის“ მონოლოგს ყველა მსახიობი თავისებურად კითხულობს და როგორც რეჟისორი თავისებურ ინტერპრეტაციას სძენს ამა თუ იმ პიესას,  ზუსტად ასე დირიჟორიც ყოველ ნაწარმოებში ეძებს კომპოზიტორის ჩანაფიქრს და  ამატებს მას საკუთარ ხედვას. მისთვის ტექსტი ნოტებშია გამოხატული და არა სიტყვებში. ჩემთვის დირიჟორის საქმე ყველაზე ახლოს რეჟისორის საქმესთან არის. უბრალოდ რეჟისორი საბოლოო შესრულებისას უკვე სცენის მიღმა რჩება, დირიჟორი კი ბოლომდე თავის დასთან უნდა დარჩეს. 

წარწერა: დააქნიეთ ჯოხი სანამ მუსიკა არ დამთავრდება, შემდეგ

შეტრიალდით დარბაზისკენ და თავი დაუკარით.

არსებობენ თუ არა ქალი დირიჟორები?

ამ საქმეში ნამდვილად კაცები არიან უმრავლესობაში, თუმცა თანამედროვე დროში სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ქალ დირიჟორებს. პირველი ქალი-დირიჟორი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა ანტონია ბრიკო (1902 — 1989 წწ.) იყო. გამოვყოფდი, ასევე, მერინ ესლოპს, ანდრეა ქუნს, სიმონ იანგს...


ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დირიჟორი 40 წლის მექსიკელი მუსიკოსი, ალონდრა დე ლა პარრაა. მის ორკესტრში სიამოვნებით დავჯდებოდი ნებისმიერ პულტზე ან თუნდაც დარბაზში.


მოუსმინეთ მის მხიარულ პროკოფიევს.

მართალია, რომ ყველა დირიჟორი ტირანია?

გულში, ალბათ, ყველა. თუმცა, არიან რბილი ხასიათის მქონე დირიჟორებიც. ვერ ვიხსენებ, მაგრამ სადღაც აუცილებლად უნდა იყვნენ. ემოციური და მკაცრი დირიჟორებიდან კი პირველ რიგში ჰერბერტ ფონ კარაიანი მახსენდება. მუსიკოსების რისხვა. მგონი მსმენელსაც კი ეშინოდა მისი. წარმომიდგენია დღევანდელ დროს მისი კონცერტის დროს დარბაზში ტელეფონს რომ დაერეკა რა მოხდებოდა. ძალიან მიყვარს არტურო ტოსკანინი, რომელიც მართლაც რომ აზაზანზარებდა დარბაზებს. შეგიძლიათ, უბრალოდ მოუსმინოთ მისი რეპეტიციების კომპილაციას. დიდი პატივის გარდა, სერიოზული სტრესიც იყო მასთან ორკესტრში დაკვრა. 

შეძლებს თუ არა ორკესტრი დირიჟორის გარეშე დაკვარს?

შეძლებს და კლასიკურ ეპოქაში ასეც ხდებოდა. ამ შემთხვევაში ლიდერობის აღება საკუთარ თავზე პირველ ვიოლინოს, ანუ კონცერტმეისტერს უწევს. 1922 წელს მოსკოვში ჩამოყალიბდა ორკესტრი „პერსიმფანსი“, რომელიც მთელი ათი წელი უდირიჟოროდ უკრავდა. სამწუხაროდ მათი ჩანაწერი არ მაქვს მოსმენილი, საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა. ფაქტია, რომ ეს პრაქტიკა საერთოდ არ გავრცელებულა. დირიჟორი თუნდაც იმიტომ არის საჭირო, რომ მას ერთდროულად ყველა ინსტრუმენტის ხმა ესმის. ცალკე აღებულ მუსიკოსს ორკესტრში ხშირად უბრალოდ არც კი ესმის სხვისი შესრულებული პარტიები. ასე რომ შეუძლებელია ლიდერის,  გამცილებლის (conductor) გარეშე მუსიკალური ლაბირინთიდან გამოსვლა.


საკმარისია ერთ ნაწარმოებს სხვადასხვა ორკესტრის შესრულებით მოუსმინოთ, რომ დირიჟორის მისია გასაგები გახდეს. ეს „და და და დააა“ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ყველა დირიჟორს ეს დასაწყისი სხვდასხვანაირად აქვს აღქმული.

თავისთავად კარგ დირიჟორს კარგი ორკესტრიც სჭირდება. როგორც კარგ მთქმელს კარგი გამგონე. კარგ გამგონეს კი დიდი სიამოვნება ელის ყოველთვის, როდესაც საათივით გამართული ორკესტრი დირიჟორის ზუსტი ხელმძღვანელობით უკრავს.  

ავტორი: თამრიკო კვაჭაძე