წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკაში წიგნის კლუბი გაიხსნა, რომლის მიზანი მკითხველებისათვის როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი და საყვარელი წიგნების აღმოჩენა, ცნობილი ნაწარმოებების ერთიანი კონტექსტის გაანალიზება და ავტორებისა და მათი პერსონაჟების ახლოს გაცნობაა.

წიგნის კლუბი კითხვის მოყვარულებს მნიშვნელოვანი ნაწარმოებების გარშემო აერთიანებს და იმ პლატფორმას აყალიბებს, რომელიც წიგნის კითხვის, გარჩევისა და მასზე საუბრის კულტურას ამკვიდრებს .

წიგნის კლუბის ფარგლებში ყოველკვირეული შეხვედრების სერია იმართება. ყოველ შეხვედრას ლიტერატურული სფეროს წარმომადგენელი უძღვება, რომელიც სადისკუსიოდ საინტერესო და გამორჩეულ წიგნს თავად არჩევს და კითხვის მოყვარულებს ლიტერატურულ სამყაროში ამოგზაურებს. 



ყოველკვირეული შეხვედრები თიბისი კონცეპტის სივრცის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს სიღრმისეულად განიხილონ თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის მთავარი საკითხები, გაეცნონ ავტორების ბიოგრაფიას, მათი შთაგონების წყაროს და ყურადღება გაამახვილონ იმ მხატვრული ხერხების შესახებ, რომლებიც თითოეულ წიგნს განსაკუთრებულს ხდის. ამასთან თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნაწარმოებების გარშემო დისკუსიასთან ერთად აღმოაჩინონ ბიბლიოთეკის კოლექცია და მათთვის საინტერესო წიგნიც გაიტანონ.

თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა წიგნის კლუბის შეხვედრების სერიას 15 დეკემბრიდან მასპინძლობს. ამ დროის განმავლობაში მოწვეულ მოდერატორებს შორის შორის იყვნენ - მთარგმნელი გურამ ღონღაძე, რომელმაც ჯონ ფაულზის ნაწარმოები - “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” განიხილა, ასევე მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, რომელმაც დანტე ალიგიერის მაგნუმ ოპუსის - “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ ისაუბრა. პოეტმა და დრამატურგმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დისკურსია თომას ბერნჰარდის წიგნის - “ტყის ჩეხის” გარშემო გამართა, ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ კი ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებები - “მზაკვრობის მსოფლიო ისტორია”, “ბროდის ანგარიში” და “შვიდი საღამო” მიმოიხილა. 

წიგნის კლუბისათვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ავტორების წიგნების წარდგენა, ასევე თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მის გარშემო დისკუსიის წახალისება. სწორედ ამიტომ, თებერვალში კლუბის შეხვედრების სერიამ განსხვავებული სახე მიიღო და “საბასთან” ერთად გაგრძელდა. შეხვედრების ახალი სერია 8 თებერვლიდან დაიწყო და ჯამში 7 შეხვედრას მოიცავდა, რომლებიც პანელური დისკუსიის სახით იმართებოდა.


წიგნის კლუბის შეხვედრების ახალი სერიის ფარგლებში ლიტერატურული პრემია “საბა 2021-ის” გამარჯვებულები მოდერატორებთან ერთად საკუთარ ნაწარმოებებს განიხილავდნენ, საუბრობდნენ თავიანთი შემოქმედებითი პროცესის, შთაგონების წყაროსა და თანამედროვე ლიტერატურის მთავარი გამოწვევების შესახებ. თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკა “საბა 2021-ის” გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში მასპინძლობდა: საუკეთესო კრიტიკა და პიესა, პოეზია, დებიუტი, თარგმანი, დოკუმენტური პროზა და პროზაული კრებული.

შეხვედრების ახალი სერია გამარჯვებული მწერლების - თამთა მელაშვილისა და ივა ფეზუაშვილის მოწვევით დაიწყო, რომელსაც მწერალი და ჟურნალისტი ნესტან ნენე კვინიკაძე მოდერატორობდა. თამთა მელაშვილის მესამე რომანი “შაშვი შაშვი მაყვალი” “საბა 2021-ის” გამარჯვებული “წლის საუკეთესო რომანის” ნომინაციაში გახდა. წიგნი შუახნის მარტოხელა ქალის, ეთეროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს, თუმცა ერთ დღესაც მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა, რაც მის დალაგებულ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ივა ფეზუაშვილის წიგნი “ბუნკერი” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”. ნაწარმოები ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგას მოგვითხრობს - ერთი ოჯახის ამბავს ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შეხვედრაზე მოდერატორმა ნესტან ნენე კვინიკაძემ ავტორებთან ერთად გამარჯვებულ წიგნებზე, ორივე რომანის პერსონაჟების სახეებსა და ამ ნაწარმოებების შექმნის შთაგონებაზე გაამახვილა ყურადღება.

თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკამ “საბასთან” თანამშრომლობის ფარგლებში “საბა 2021-ის” გამარჯვებულების - პაატა ციკოლიასა და ნინო დიანოსაშვილის შეხვედრასაც უმასპინძლა. პაატა ციკოლიას პიესამ “მედეა s01e06” “წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში” გაიმარჯვა. ნაწარმოების პერსონაჟი მითური ქალია, რომლის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. პიესის სათაური, რომელიც თითქოს მედეას სერიის პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდს ასახავს, ერთგვარი სპეკულაციაა სატელევიზიო სერიალებით საზოგადოების უახლეს გატაცებაზე. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ნაწარმოებით ჩვენ მედეას ისტორიის მხოლოდ ფრაგმენტს ვეცნობით. ნინო დიანოსაშვილის “შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: “ბაკქი ქალები”, “ჰერაკლე”, “ორესტესი” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “წლის საუკეთესო კრიტიკა”. შეხვედრის მოდერატორმა დიანა ანფიმიადიმ სტუმრებთან ერთად ისაუბრა ორივე გამარჯვებულ ტექსტზე, ანტიკურ ლიტერატურაზე, კრიტიკის მნიშვნელობაზე, ასევე ქართულ ლიტერატურაში პიესის ჟანრის განვითარებასა და საჭიროებაზე.

22 თებერვალს წიგნის კლუბის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ რატი ამაღლობელის მოდერატორობით მწერალ ნუგზარ ზაზანაშვილის გამარჯვებული პოეტური კრებულის შესახებ - “წავა წავა წავა წავა” - დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც “საბას” ჯილდო გარდაცვლილი პოეტის ოჯახს გადაეცა. ნუგზარ ზაზანაშვილის პოეტურ კრებულში თავმოყრილია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი ლექსები და აქამდე გამოუქვეყნებელი პოეტური კოლაჟი - “სიყვარული მოკვდა ანუ საოჯახო ალბომი”. 

თიბისი კონცეპტისა და საბას თანამშრომლობის ფარგლებში წიგნის კლუბის შეხვედრების განახლებული სერია 30 მარტიდან დაიწყო. შეხვედრებს მასპინძლობს პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელიც მოწვეულ სპიკერებთან ერთად კლასიკური და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ნაშრომების მთავარ თემებს განიხილავს და დისკუსიას წარმართავს. პირველი შეხვედრის მომხსენებელი თანამედროვე მწერალი და სცენარისტი ბესო სოლომანაშვილი იყო, რომლის წიგნმა “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა” ნომინაციაში - საუკეთესო რომანი ლიტერატურული პრემია “საბა” მიიღო. ბესო სოლომანაშვილმა შეხვედრის მანსპინძელთან ერთად იოზეფ როთის “რადეცკის მარშზე” ისაუბრა.


6 აპრილს წიგნის კლუბში თომას მანის “დოქტორ ფაუსტს” განიხილავენ. დისკუსიის მოწვეული მომხსენებელი მთარგმნელი და მუსიკოსი მებო ნუცუბიძე იქნება. 13 აპრილის შეხვედრის სადისკუსიო წიგნად უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” შეირჩა, რომლის შესახებ დისკუსიას მოწვეული სტუმარი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა წარმართავს. მისმა წიგნმა „მშვიდობით, ძია გერშვინ“ ნომინაციაში - წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 2020 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.

შეხვედრები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე. დასწრება შესაძლებელია თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, წინასწარი რეგისტრაციით საიტზე: www.conceptevents.ge


ავტორი: ანა განისინი / Hammock Magazine