ივლისი 03, 2025
ვის მოუსმენთ ლაგოდეხის 2025 წლის ბლუზის ფესტივალზე?
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მეცხრე სერიას 5 ივლისიდან დაიწყებს.

თუ ბიბლიის მიხედვით პირველად იყო სიტყვა, პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ თანამედროვე მუსიკის კონტექსტში, პირველად იყო ბლუზი.
ცხადია მხედეველობაში მაქვს აკადემიურის მიღმა არსებული მუსიკალური ტერიტორია. არ იქნებოდა ბლუზი არ იქნებოდა ჯაზი, პოპ მუსიკა, როკი, სოული, ფანკი და დისკო ხო თავისთავად. მუსიკალური ასპექტის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბლუზის ბექგრაუნდი - პირადი დრამების თუ მოწყვლადობის ღიად, შეუნიღბავად ამოტივტივება, საკუთარ დემონებთან ჯახი და ფლირტიც კი.
თავისი ფაუსტიც ყავს ბლუზს - რობერტ ჯონსონი, ეშმაკს რომ გაურიგდა დაკვრის ვირტუოზული უნარების სანაცვლოდ, დანაშაულს და სასჯელსაც კი გადაწვდა ბლუზის პირქუში ჰიპოსტასი (ციხის ბლუზიც კი არსებობს დასაბამიდან დღემდე), ბლუზამდე ასეთი არაფერი იყო მუსიკაში, სწორედ აქედან მოდის ალტერნატიული, რადიკალური როკერების თვითგვემა და კონტროვერსიები. მაგრამ, ბლუზი არ იყო მხოლოდ რეფლექსია მძიმე ყოფაზე თუ ცხოვრებისეულ სიპირქუშეზე, ბლუზი ჰედონისტურიცაა, ვნებიანი, ეროტიული და რელიგიურ - სულიერ ექსტატურიც კი, სწორედ ესაა გოსპელი - წმინდა აფრიკული მემკვიდრეობა, სადც სულიერი და ხორციელი ვნებას შორის საზღვარი იშლება და ერთიანდება.
ცხადია ბლუზმა, როგორც მუსიკალურმა ჟანრმა პირველყოფილი ფორმით დაკარგა აქტუალობა, მაგრამ მისი იდეოლოგია და იმპულსი დღემდე ცოცხალია თითქმის ყველა ჟანრსა და მიმართულებაში, იატაკქვეშთსა თუ მეინსთრიმში. ბლუზი, როგორც სასიმღერო, ასევე ინსტრუმენტალური მოქნილი იდიომია, ნებისმიერი ფორმალისტურ ინტერპრეტაციას დაქვემბარებადი, ამიტომაცაა რომ ბლუზი დიდი ხანია გასცდა აფრო - ამერიკულ საზღვრებს და უკვე გლობალური ფენომენია. კლასიკური, ავთენტური ბლუზი არასდროს ყოფილა მუსიკალური ინდუსტრიის მძლავრი სეგმენტი, ბლუზი არასდროს ყოფილა მზა პროდუქტი, ბლუზი უნდა შედგეს, პირველ რიგში ცოცხლად შესრულებისას და როცა ეს ხდება, მნიშვნელობა აღარ აქვს ბლუზ ანაქრონიზმს თუ ძველმოდურობას. სწორედ ამის ხარჯზე ჰყავს დღემდე კლასიკურ ბლუზსაც კი აუდიტორია ყველა ქვეყანაში, ყველა ფენაში, ყველა თაობაში, სწორედ ეს ასულდგმულებს საფესტივალო ბლუზ ფესტივალებს დღესაც კი.
რაოდენ სასიხარულო ფაქტია, რომ ჩვენთან, აგერ კახეთში, ლაგოდეხში ნაკრძალთან ახლოს ზღპრულ „ბლუზ ვილიჯში“ უკვე 9-ე წელია ტარდება ტრადიციული ბლუზ ფესტივალი, რომელიც უკვე თამამად შეაბიჯა და დამკვიდრდა მსოფლიო ბლუზ საფესტივალო რუკაზე.

მოხდა ისე, რომ კახეთი თანდათანობით მთავარ საფესტივალო რეგიონად გადაიქცა ჩვენში დიდი ხანია - აკადემიური მუსიკის ფესტივალი წინანდალში, ჯაზის და ღვინის ფესტივალი ლოპოტას ტბაზე და აგერ ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში.
ის რომ ავთენტური ღვინის უძველესი ადგილი, გადაიქცა ავთენტური ბლუზ ფესტივალის იდეალურ ადგილად ალბათ სრულიად ლოგიკურია, რელევანტურიც და ორგანულიც, ეს კი ვერანაირად ვერ მოხდებოდა ბლუზის რეალური დამფასებელი და მცოდნე სამამულო ენთუზიასტების გარეშე, რომელთათათვისაც ბლუზი უფრო მეტია ვიდრე ჟანრი თუ მუსიკალური ინდუსტრიის სეგმენტი. აი რას ამბობს ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი ვიქტორ კერვალიშვილი „ბილბორდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში -
„ბლუზის ფესტივალის ჩატარების იდეა მოდის ჩვენი ბავშვობის წლებიდან, ეს ყოველთვის გვინდოდა და მოვედით იმ ასაკამდე, როდესაც ამის გაკეთება შევძელით. უბრალოდ, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ჟანრს: როკს, როკ-ენ-როლს, ჯაზს, ამ დროს კი ბლუზი არის ამ ყველა ჟანრის საწყისი, დედა მუსიკა. ბევრად უფრო ძნელად შესასრულებელი ჟანრია, თან აღსანიშნავია, რომ ყველა აქტივობა უფრო თბილისშია, ან შავი ზღვის პირას – ბათუმში და ამის საპირწონედ აქეთ, მეორე მხარეს, უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში მოვძებნეთ საუცხოო ადგილი – აკაციის ტყე, შევიძინეთ ეს ტერიტორია, დავდგით სცენა, დავიწყეთ ჩიკაგოდან ბლუზის ვარსკვლავების ჩამოყვანა და სერიოზული, ნამდვილი ბლუზის დაკვრა. ასე რომ, ეს ბავშვობის ოცნება სიბერის ჟამს, როგორც იქნა, ავიხდინეთ და ავიხდინეთ ერთ უბანში გაზრდილმა მეგობრებმა, რომლებსაც გვიყვარდა ბლუზი, მოგვწონდა ბლუზი და ვუკრავდით ბლუზს“ .
აი ასეა, როდესაც სწორე ხალხი საქმის სიყვარულით აკეთებს სწორე საქმეს, სადაც მერკანტელობას არა აქვს ადგილი, ესეთი წამოწყება განწირულია წარმატებისთვის, ამიტომაც გახდა ეს ფესტივალი წარმატებული და ამიტომაც განვითარდება ისე როგორც საჭიროა, როგორც ბლუზი მოითხოვს
წლევანდელი ფესტივალზე სცენა დაეთმობა 4 განსხვავებული პროექტს, რომელიც მთლიანობაში შექმნიან სურათს თუ როგორია კლასიკური ბლუზი და მისი წახნაგები დღევანდელობაში:
5 ივლისი - The Kings of Blues + Kenny Blues Boss Wayne
The Kings of Blues - ბენდი რომლის წევრები წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ ბლუზის ჭეშმარიტ მეფესთან ბიბი კინგთან და სოულ-ფანკის მეფესთან ჯეიმს ბრაუნთან. ბლუზი, სოული და ფანკი - მატთვის მხოლოდ მუსიკალურ პროფესიული აქტივობა კი არ არის, არამედ იდენტობის ნაწილია, ის აუცილებელი ქიმიური ელემენტი ურომლისოდაც ელემნტარულად ვეღარ იარსებებენ, ვერ გაიხარებენ. რაც შეეხება 80 წლის კენი უეინს, ის იმდენად გამოცდლია, იმდენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსთან უთნამშრომლია რომ საიდუმლოება ბლუზში მისთვის უკვე აღარ არსებობს. კენი უენი კომპოზიტორია, ავტორი და შესანიშნავი ბლუზ პიანისტი. აშკარაა ფეტს დომინოს გავლენა, ანუ ნიუ ორლეანური სტილი- წმინდა წყლის ჰედონისტური, საცეკვაო, დრაივიანი და მოქნილი ბლუზი ყოველგვარი თვითგვემის გარეშე. ნიუ ორლეანიდან სწორედ ასეთი ბლუზი შეიჭრა რით ენ ბლუზში, რომელმაც შემდგომში შექმნა როკ ნ როლის ეთერთი ვექტორი(ამერიკელი მკვლევარები სულ 5 ასეთ ვექტორს გამოყოფენ) ლაივში ეს 80 წლის კაცი და The Kings of Blues როგორ გახურდებიან ძალიან საინტერესოა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მათი წამოდგენა ეს იქნება ზუსტად ისეთი როგორიც მე მიყვარს, მოსვინგავე, გახსნილი საცეკვაო და ზომიერად ეროტიულიც კი. სხვათა შორის კენი „ბლუზ ბოსი“ ძალიან კარგო მელოდისტიცაა და ეს უკვე ნებისმიერ არაბლუზისმიერ მსმენელისთვის მომხიბლავი იქნება,. საინტერესოა რომ მისი ბოლო ალბომი go just do it უფრო ინტენსიური და ხისტი ბლუზ - სოულია, ფანკის ელემენტებით, ასე რომ რა მოხდება 5 ივლისს, გაურკვეველია.
12 ივლისი - Claudette King, Luca Giordano
მომღერალი კლოდეტ კინგი, დიდი ბიბი კინგის ქალიშვილი, 12 ივლისს გამოვა სცენაზე იტალიელ ბლუზ გიტარისტ ლუკა ჯიორდანოსთან ერთად. კლოდეტ კინგი მე ვიტყოდი უფრო ბლუზ პოპ მიმართულებით მუშაობს. მისი ვოკალის რესურსები უზრუნვლეყოფს ე.წ. ღრმა ბლუზის შესრულებასაც, თუმცა მისი მიზანი ალბათ უფრო კლასიკური ბლუზის მოსახერხებლად მიტანაა მსმენელის ყურამდე. მისი 2019 წლის ალბომი Face 2 Face ნეოსოულ - არ ნ ბი ტერიტორიაზეც კი იჭრება. ალბომი აქტუალურად არის ჩაწერილი და არანჟირებული, მრავალფეროვანიცაა, როგორც მუსიკალურად ასევე ნარატიულად. საინტერესოა როგორ რეპერტუარს შემოგვთავაზებს კლოდეტი ლაგოდეხის სცენაზე 12 ივლისს, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან სცენაზე დადგება ლუკა ჯიორდანო, სონგრათერი და გიტარისტი, რომელიც ბლუზის უფრო ევროპული სკოლის წარმომადგენელია. ლუკას გიტარას სფეციფიური ბგერა აქვს, მისი დაკვირის ტენიკა უფრო ფრაგმენტულია, არა გავრცობითი. მისი სიმღერებს მყარი მელოდიური ბაზისი გააჩნია და ვოკალური მანერაც ზომიერი, გაწონასწორებული აქვს. ლუკას ბენდის მუსიკოსებიც შესანიშნავად ართმევენ თავს ინსტრუმენტალურ ინტერპრეტაციებს. ლუკას სხვადასხვა ბლუზ მომღერლებთან კოლაბორაციების მდიდარი გამცდილებაც აქვს და საინტერესოა როგორი ინება მისი ურთიერთქმედება კლოდეტ კინგთან, ანდაც როგორი იქნება რეპერტუარი?
19 ივლისი - Shanna Waterstone
უფრო ჯაზიზმიერი მომღერალი და ავტორია, მისი ბენდიც ასეთია - სოულ- ბლუზი მსუბუქი ფანკით. მისი კრედო ნათელია, იგი ცდილობს აფრო ამერიკული ჟანრული ტრიუმვირატი - კლასიკური ბლუზი, ჯაზი და სოული დააბალანსოს, მისი ხმის დიაპაზონი, ტემბრი და მანერა ამას იოლად უზრუნველყობს, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება როცა დაბალ რეგისტრში მღერის. ბლუზ ბალადებიც ალბათ ამიტომ გამოსდის განსაკუთრებით ეფექტურად. შანა ვატერსტონი ნამყოფია ლაგოდეხში და ბლუზ ფესტივალის რეზიდენტიც არის უკვე, თუმცა ეს იმას არნიშნავს რომ იგი განმეორდება, ყოველ შემთხვევაში აქცენტების გადატანა აშკარად ეხერხება. სხვათა შორის მას კარგად გამოსდის წმინდა რითმ ენ ბლუზური სიმღერების შესრულება. ასე რომ წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა თუ როგორ შოუს შემოგვთავაზებენ შანა ვატერსონი და მისი ბენდი 19 ივლისს. მნიშვნელოვანი მომენტია რომ შანა უმთავრესად საკუთარი ავტორობით დაწერილ სიმღერებს არულებს, რაც ბლუზ სამყაროში იშვიათობა ქალებისთვის.
2 აგვისტო - Sir Waldo weathers
ეს კაცი სანამ სოლო პროექტებს მიჰყოფდა ხელს, მანამდე მუშაობდ ჯეიმს ბრაუნდთან, მასეო პარკერთან, ბუთსი კოლინზთან და როკ ნ როლის პიონერ ლიტლ რიჩარდთანაც კი. ვალდო წმინდა ფანკ მუსიკოსია, საქსოფონოსტი და როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგი ვოკალისტი, შოუმენიც და დიდი ორკესტრის ხელმძღვანელიც კი. მისი აკუსტიკური წახნაგებია სოული, ფანკი, რით ენ ბლუზი და შიგადაშიგ გოსპელი, სწორედ ამითაა განპირობებული, რომ იგი რამოდენიმე პროექტის ავტორია, ამ ბოლო ხნებში მისი საკონცერტო საგასტროლო მოღვაწეობა უკვე აერთიანებს ამ ვექტორებს, რის შედეგადაც ვიღებთ მონუმენტურ შოუბს სახელწოდებით - sir waldo weathers and friends. ამ შოუებში ყველაფერია, მთელი პალიტრა აფროამერიკული მუსიკალურ-კულტურული მონაპოვრისა, ნამდვილი აკუსტიკური ზეიმი, უზადო ოსტატობა, ენერგია, გრუვი, სვინგი, ჰედონიზმი და ექსცენტრიკა. ვფიქრობ ფესტივალის დრამატურგიის კონტქსტში, იდეალური იქნება sir waldo weathers - ის და მისი კოლექტივის დასკვნითი შოუ, რომელიც სავარაუდოდ ვიზუალურადაც ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება - ლაგოდეხის 2025 წლის ბლუზ ფესტივალიც ეფექტურად შეიკვრება და ლოგიკურად დასრულდება.
ვფიქრობ ნამდვილად ღირს ლაგოდეხის სამოთხისებრ „ბლუზ ვილიჯში“ 4 კრუიზის გაკეთება, არა მარტო შესანიშნავი მუსიკის მოსასმენად და გასართობათ, არამედ ნაღდი პოზიტივის მისაღებად, ისეთის რომლის დეფიციტია დღეს ყველგან. არსებობს ასეთი საკამათო მოსაზრება ფილმ crossroad დან - „ბლუზი ეს არის როცა კარგ ადამინს ტკივა, წუხს“ , საკამთოა იმიტომ რომ ბლუზი ნამდვილად არ არის ზედმეტი ისეთი კარგი ადამიანებისთვისაც, ვინც ბედნიერია და ხარობს. „ცუდი ადამიანისთვისაც“ არ არის ზედმეტი, გაკეთილშობილების შანს ეძლევათ და იმიტომ, ბლუზს ხომ ნამდვილი პოზიტივი მოაქვს, ავთენტური, გაუყალბებელი პოზიტივი.
ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
ავტორი: გია ხადური