ლიტერატურა

გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი

„საბა"

აგვისტო 02, 2021

2019 წელს, როცა თანამედროვე პროზის კლასიკოსთან, მარგარეტ ეტვუდთან ბუკერის პრემია ბერნარდინ ევარისტომ გაიყო, მწერლისადმი ინტერესი ერთი ასად გაიზარდა. რომანი, რომლითაც ის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა, მისი რიგით მერვე რომანია, სხვა, არანაკლებ საინტერესო ნაწარმოებებს უკვე კარგად იცნობდა მკითხველი. ანგლო-ნიგერიელი წარმოშობის ბრიტანელი მწერალი ლიტერატურული პრემიებითაც განებივრებულია, თუმცა, ბუკერი ყველაზე დიდი აღიარება იყო.

რის შესახებაა რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“? რასაკვირველია, ქალების შესახებ. ამბები ისეთი ცოცხალია, ტექსტი ისეთი რიტმული, რასაც მისი ენობრივი თავისებურებაც განაპირობებს, მაგალითად, პუნქტუაციისა და აბზაცის გამოყენება, ტექსტის განაწილება ფურცელზე, დიალოგების ფორმატი, ზმნის დროის ფორმების მონაცვლეობა თხრობისას.


ამ რომანს კრიტიკოსთა შესანიშნავი გამოხმაურება ჰქონდა,“ტრიუმფალურად ფართო რომანი, პროზისა და პოეზიის ნაზავი“ - წერდა The Sunday Times.

ამ რომანს კრიტიკოსთა შესანიშნავი გამოხმაურება ჰქონდა,“ტრიუმფალურად ფართო რომანი, პროზისა და პოეზიის ნაზავი“ - წერდა The Sunday Times.

რომანს 12 მთავარი პერსონაჟი ჰყავს, ქალები, რომელთა ცხოვრება თან დამოუკიდებლადაა მოთხრობილი წიგნში, თან ერთმანეთს უკავშირდება. 12 განსხვავებული, საინტერესო შავკანიანი ქალი, მათი თავბრუდამხვევი, რთული, ტკივილიანი, ზოგჯერ სასტიკი ცხოვრების ფონზე ავტორი თანამედროვეობის ყველა მნიშვნელოვან პრობლემასა თუ თემას ეხება, როგორიცაა, რასიზმი, თანასწორობა, ფემინიზმი, დისკრიმინაცია, ემიგრაცია, ხელოვნების ადგილი თანამედროვე სამყაროში, ბრძოლა არსებობისთვის, რთული სამუშაო პირობები, სექსი, გენდერული იდენტობა, თვითმკვლელობა, ადამიანთა ტრაგიკული ბედი, ოჯახური ურთიერთობები, სიყვარული, რომელიც ბოლოს ძალადობის ფორმად იქცევა, ოჯახში ძალადობა, გაუპატიურება, სიბერე, სიკვდილი, თაობებს შორის ჩატეხილი ხიდი, მშობლობისა და შვილობის სირთულეები და სხვა.


ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ლიტერატურა კაცის ენითა და ხედვით მოთხრობილი ლიტერატურაა, ქალებმა გვიან, მაგრამ მაინც მოახერხეს თავისი სათქმელის თქმა, ქალების პრიზმიდან აღქმული ნამდვილი ქალების აღწერა. „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ყველაზე ხმამაღალი პასუხი და პროტესტია და, რადგან ლიტერატურა მაინც ალუზიებისა და ინტერპრეტაციების სფეროა, 12 ქალიც არაა შემთხვევითი, თანამედროვეობის 12 მოციქული, ყველაზე ჩვეულებრივი და თან არაჩვეულებრივი, 12 განრისხებული თუ არა, აჯანყებული ქალი მაინც. “მამაკაცის არც ერთი გამოსახულებით არსად”

რას ყვებიან ეს ქალები? გადარჩენის გზებს, სირთულეებისგან თავის დაღწევას, იმედგაცრუებას, ცხოვრებას ქალების თვალით, რომელიც ლიტერატურას არასდროს მოუყოლია.


ავტორი: „საბა"