მუსიკა | ცა

ჯაზ-ფესტივალის 15 წელი ბათუმში

Tsa.Music

აგვისტო 10, 2022

წელს ბათუმის "Black Sea Jazz festival"-ს 15 წელი შეუსრულდება.

ამ ფესტივალის ორგანიზატორები, ისევე როგორც თბილისის ჯაზ ფესტივალის, კომპანია „ისტერნ პრომოუშენია“. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჯაზ ფესტივალი ჰქვია, მათ შორის დღეს, უკვე, საკმაოდ პრინციპული სხვაობაა. თუ თბილისური ფესტივალი დაარსების დღიდან, დღემდე ერთგულად, მიზანმიმართულად და პრინციპულად ამკვიდრებს ჯაზის, როგორც მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას, და აგერ უკვე თითქმის 25 წელია ნამდვილ მუსიკალურ ზეიმებს სთავაზობს მუსიკის და, პირველ რიგში, ჯაზის ქართველ მოყვარულებს. აი, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“-ების დინამიკა ცოტა განსხვავებული ტრაექტორიით განვითარდა.

თავდაპირველად, ბათუმის ფესტივალი თბილისის საზაფხულო, საზღვაო, ვერსია იყო. ჩაატარო დასასვენებელი სეზონის პიკზე, ბათუმში მუსიკალური ფესტივალი - რა უნდა იყოს ამაზე მომხიბლავი და პოზიტიური მოვლენა?! მით უმეტეს, როცა არტისტების სია უმთავრესად დაკომპლექტებულია როგორც პირველხარისხოვანი და მსოფლიოში სახელგანთმული ჯაზმენებით (ჯონ სკოფილდი, მაიკლ სტერნი, რენდი ბრეკერი, მარკუს მილერი, აირტო მორიერა, სტენლი ჯორდანი და სხვა), ასევე, ქართველი ძველი თუ ახალი თაობის ჯაზმენებით (ბექა გოჩიაშვილი, გიორგი მიქაძე და ა.შ.), რომლებმაც ბრწყინვალე კონცერტების მთელი კასკადი ჩაატარეს ამ ფესტივალის ეგიდით ბათუმში, რომლებსაც დღემდე იხსენებენ მუსიკის გურმანები. 

თუმცა, უკვე საწყისი ეტაპებიდან გამოიკვეთა განსხვავება ბათუმის ფესტივალში. არტისტებს შორის იყვნენ ჯაზთან წილნაყარი ფანკ, სოულ თუ არ ენ ბი და პოპ მუსიკოსებიც, და მერე, როგორი მისოკოსები, ნამდვილი ვარსკვლავები (მასეო პარკერი, ფრედ ვესლი, მეისი გრეი, ლორენ ჰილი).

ეს გასაგებია, საზღვაო საზაფხულო კონტექსტის გათვალისწინებით აუცილებელი იყო გახალისება, გამსუბუქება და გამრავალფეროვნებაც მუსიკალური რეალობის, ოღონდ ჯაზ დომინანტობის შენარჩუნებით.

მაგრამ თანდათანობით „შავი ზღვის ფესტივალმა“ მუსიკალურ აქცენტები შეცვალა, ფესტივალის სცენაზე სულ უფროდ კლებულობდა ჯაზი და სულ უფრო მატულობდა პოპულარულ მუსიკასთან წილნაყარი მუსიკა: ფანკ-სოულს დაემატა ჰიპ ჰოპი და ელექტრონიკაც კი.

ბევრმა ეს კომპრომისულ ნაბიჯად ჩაუთვალა ორგანიზატორებს, კომერციული მოსაზრებით მუსიკის ამჩატების მცდელობად, მაგრამ ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის აკუსტიკური გადაფორმატების (შემსუბუქების) კრიტიკოსებს მხედველობიდან ეპარებოდათ კონტექსტი: ის პრინციპული განსახვავება, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ორგანიზატორებს. 

ჯაზი - ეს არ არის მასობრივი ჟანრი, არც საქართველოში და არც არსად. ის მომთხოვნი და სპეციფიური მსმენელის პრეროგატივაა და თუ თბილისის ჯაზ ფესტივალი იძლევა ჟაზ აუდიტორიის მოთხოვნების დაკმაყოფილების სრულ რესურსს (გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ლეგენდარული და მრავალპროფილური ჯაზ ლაინ აფები აქვთ თითქმის ყოველ წელს), ბათუმის საზაფხულო ფესტივალზე ეს ასსე ეფექტურად ვერ მუშაობს. რატომ?

დავიწყოთ იმით, რომ ბათუმის კორტები (სადაც ტარდება ფესტივალის კონცერტები) გაცილებით უფრო დიდი აუდიტორიას იტევს, ვიდრე თბილისის ნებისმიერი დარბაზი და მისი შევსება მხოლოდ ავთენტური, მით უმეტეს, ექსპერიმენტული ჯაზით შეუძლებელია. შემდეგ, რისთვის მიეშურება ხალხი ზაფხულში ზღვაზე დასასვენებლად, გარუჯვის გარდა?! რა არის მთავარი მოტივაცია?! რა არის ეს არის დასვენება, რელაქსი, მოდუნება, გართობა, მსუბუქი, ანდაც მძაფრი საკურორტო ჰედონიზმი და თავგადასვლები, განსაკუთრებით საღამოთი. ერთადერთი, რაც ყველაზე „გემოვნებიან“ დამსვენებელსაც კი არ უნდა, ეს არის დაძაბვა, მობილიზება და „მუშაობა“, თუნდაც ეს იყოს ინტელექტუალური მუშაობა. 

ისეთი რთული იმპროვიზირებული მუსიკის მოსმენა, როგორიც ჯაზია, გარკვეულ ძალიასხმევას, მუშაობას, დახარჯვას მოითხოვს და თუ ამისთვის მზად არ ხარ, შეიძლება ფანსტასტიური მუსიკაც კი რუტინად მოგეჩვენოს და დაგღალოს, მით უმეტეს, როცა ფეხზე დგახარ საათობით კონცერტზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯაზის ჭეშმარიტი მცოდნე მსმენელიც არ არის ბევრი ჩვენში. 

თბილისი ჯაზ ფესტივალს, სნობური მოტივაციითაც ბევრი ესწრება ხშირად, როგორც მნიშვნელოვან მუსიკალურ ივენთს, რომელიც არ უნდა გამოტოვო. არაფერი ამაში ცუდი არ არის პირიქით, კარგიცაა, რადგანაც სცენიდან წამოსული ხარისხიანი აკუსტიკური ნაკადი მაინც მოქმედებს ნებისმიერ მსმენელზე. 

თბილისის ფესტივალი სწორედაც რომ იდეალურია ამისთვის: ატმოსფერო, სივრცე, უკვე კონცერტამდეც განგაწყობს სერიოზულ-პოზიტიურად. აი, ბათუმის საკურორტო საზაფხულო ფესტივალზე კი, სნობური მოტივაციები კლებულობს, განწყობაა სხვაა, სიტუაცია სხვაა, პრიორიტეტები სხვაა, სიტუაციას ისიც უხდება, როცა კონცერტის მსვლელობისას, ბევრი ხალხი ეკონტაქტება ერთმანეთს, სვამს და ფლირტაობს. 

ეს მომენტი საკმაოდ ზუსტად დაიჭირეს ორგანიზატორებმა და ზუსტად გადაერთვნენ იმ მუსიკაზე და იმ მუსიკოსებზე, რომლებსაც შეუძლიათ პოზიტიური დრაივით დატვირთონ აუდიტორია.

ცხადია, ხალხი რომ მიიზიდო, საჭიროა დიდი, სერიოზული და საეტაპო სახელები, რომლებიც საკუთარი ვარსკვლავური სტატუსის გამო, უფრო პრეტენზიულებიც არიან, უფრო ექსენტრულებიც და არაპროგონოზირებადებიც, რაც ორგანიზატორებისთვის სერიოზული თავის ტკივილია ხოლმე და აი, აქ კი „ისტერნ პრომიუშენს“ ძალიან დაეხმარა ის რეპუტაცია, რომელიც მათ წლიდან წლამდე მოიპოვეს მუსკალურ სამყაროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ის დიდი და სახელგანთქმული არტისტები, რომლებიც ყველა წელს ჩამოყავდათ მათ თბილისის ჯაზ ფესტივალის საწყისი ეტაპიდანვე, თითქმის ყველა მათგანი უაღრესად კმაყოფილი ბრუნდებოდა, ორგანიზატორები და სპონსორების მიერ გაწეული შრომით, მათი დადებითი რეკომენდაციები კი მუსიკალურ სამყაროში მნიშვნელოვანია, დიდად ფასობს და სწორედ, მათ შექმნეს უაღრესად დადებითი ფონი ევროპაშიც და ამერიკაშიც, რის შედეგადაც, ყველა ვარსკვლავი დიდი სიამომოვნებით ჩამოდის აქ, ჩვენთან, „ისტერნ პრომოუშენის“ ჯაზ ფესტივალებზე, იქნება ეს თბილისში თუ ბათუმში.

სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა, რომ პირველხარისხოვანი არტისტებისთვისაც კი, რომელსაც ყველაფერი მოვლილ და ნანახი აქვთ, მათთვისაც კი, „ბათუმის ბელქე სი ფესტივალი“  გახდა საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი ადგილი.


სწორედ ასე მოხვდენენ აქ, სნუპ დოგი, ბასტა რაიმს, ფანკის გამომგონებლები, ჯერ ბუთსი კოლინსი, შემდეგ ჯორჯ კლინტონის "Parliament-fukadelic" , prodigy, ერიკა ბადუ, დიდი რობერტ პლანტიც, ამ ფესტივალის ეგიდით ჩამოვიდა კონცერტის გასამრთად, ყველას ვერც გავიხსნებ იმდენია, თითქმის ყველამ ფანტასტიური კონცერტი გვაჩუქა დამსწრეებს.

ჯაზიც არ აღმოჩნდა ბოლომდე თამაშგარე მდგომარეობაში, მარტო 2018 წლის ფესტივალზე პროექტ R+R=Now -ს დასკვნითი გამაოგნებელი ლაივი რად ღირს, როცა სცენიდან, სრულიად ნოვატორული, აქტუალური იმპოვიზაციული მუსიკა იღვრებოდა, აი ნიუ ჯაზზს რომ ეძახიან ისეთი.


კოვიდ პანდემიამ, ცხადია, ცოტა შეანელა დინამიკა და აკრეფილი სიჩქარეები. ფაქტიურად, თავიდან აქვს კომპანიას ტალღა ასაგორებელი, დარწმუნებული ვარ, მათი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ეს არ გაუჭურდებათ, თუ ყველაფერი მშვიდობით და კარგად იქნება რასაკვირველია.

ის, რომ წლევანდელი ფესტივალი ისეთი შთამბეჭდავი სახელებით არ არის დაკომპლექტებული როგორც ადრეულები, ეს ლოგიკურია, ორ წლიანი ანტრაქტის შემდეგ, ბევრ უდიდესი ტრადიციების მქონე ფესტივალებიც მოხვდნენ ანალოგიურ სიტუაციაში, თუ რატომ, ეს სხვა თემაა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან ზუსტად ვიცი, რომ სიურპრიზებს შეიძლება სწორედაც ისეთი მხრიდან ველოდოთ საიდანაც არ ველოდებით.


ეს მომენტი კი არანაკლებ დამაინტრიგებელი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი შეხდევით გარანტირებული წარმატების მქონე სელებრითი მუსიკოსის პერმოფორმანსზე დასწრება. ასეთი შემთხვევებიც უამრავი ყოფილა და უამრავი მოხდება სამომავალოდაც, ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ, (მე კი მინდა მოკლედ მოგიყვეთ ვის და რა მუსიკას უნდა ველოდოთ ბათუმის ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე წელს, რომელის დაიწყება 12 აგვისტოს და დასრულდება 14-ში.

12/08/2022

დღე I


Boris Band Combination


საკმაოდ საინტერესო მუსიკაა, განსხვავებული აქცენტებით, თუმცა მთავარი მაინც ფიუჟენია, მაგრამ, ფანკი ცოტაა, უფრო ბლუზზეა სწორება, პლუს როკ მეინთრიმი და სოლო ჯაზ იმპროვიზაციები. საინტერესოა, რომ რიტმ სექციაში დრამინგი უფრო როკულია, ბასლაინები უფრო ჯაზური. საუნდ ტრაქტორიებშიც ხან დომინირებს როკი ხანაც ჟაზი. 


მუსიკა მსუბუქია ლაღი და მოქნილი, კომფორტულია, მაგრამ ვერ იტყვი, რომ კონფორმისტულია და ბოლომდე პროგნოზირებადი. ამის მიზეზი არის ის, რომ სინამდვილესი ეს არ არის მობილური ბენდი. ეს არის ჩეხი კომპოზიტორის და პიანისტის ბორის ურბანეკის ღია პროექტი სივრცე, ბორისი კომბინირებს სხვადასხვა ხასიათი ჯურის და იდიომის მუსიკოსებთან, ხანდახან მომღერლებსაც რთავს საქმეში, უბრალოდ თითქმის ყველა კომპოზიცია სწორედ ბორის ურბანეკს ეკუთვნის. ამიტომაც ქვია პროექტს „ბორისი ბენდ კომბინაცია“., ამიტომაც არ ჟღერს ყველა კომპოზიცია ერთნაირად. ვფიქრობ, აშკარად მოუხდება Black Sea Festival-ის ფორმატს, სცენიდან წამოსული მუსიკა, არანაირად არ შეგიშლით ხელს „სატუსაოდ“.  ისე საინტერესოა, როგორი ფორმატით წარსდგება Boris Band Combination ამჯერად.

May be an image of 3 people and text

პირველი დღის ჰედლაინერად მოიაზრება შვეიცარული ფანკ ტრიო The Next Movement. ზოგადად „გათეთრებული„ ფანკი, უფრო მძიმედ ჟღერს, უფრო როკულოდ, პოსტ პანკურადაც კი და ეს ნორმალურია მიტ უმეტეს ევროპელი მუსიკოსებისთვის. აი ეს შვეიცარული კოლექტივი კი ცდილობს სწორედ ავთენტურ შავი ფანკის შეასრულოს, ისეთი, როგორიც დომიონირებდა 70-იანებში, აფრო ამერიკულ სცენაზე. ვოკალისტი(იგივე დრამერი) იმასაც კი ცდილობს, რომ ნაღდი ფანკ რითმ-ფლოუ გამოუშვას მელოდიური სასიმღერო ნარატივის მაგივრად. 


მართალია The Next Movement-ის ფანკში არ არის ის გეტო ესთეტიკა, უკომპრომისობა და კონტროვერსია, რაც შავების სერიოზულ ფანკს მოაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, გრუვი და დინამიკა საკმაოდ დამაჯერებელი აქვთ. ცოცხლად მათი მუსიკა აშკარად უკეთ ჟღერს (ვიდრე ჩანაწერებზე), იმპოვიზაციის ელემენტებიც გვხვდება, საუნდიც უფრო მძლავრია, განსაკუთრებით ბასის, რომელიც ბიძგებს აძლევს მუსიკის დინამიკა. ასევე ეფექტურია გიტარისტი, სწორედ ლაივში, ალბომებზე, თითქოს უფრო შეზღუდულია. სახეზეა ნამდვილი ლაივ პართი-ფანკი, იმდენად გადამდები, რომ ძალიან რთულია სხეულის სტატიკურ ნდგომარეობაში შენარჩუნება, შეუძლებელიც კია.

13/08/2022

დღე II


May be an image of 8 people, people standing and text

Al McKay's Earth, Wind & Fire Experience


აქ ყველაფერი გასაგებია, პროგრნოზირებადი. ბენდის სათაურიდან უკვე ჩანს, რომ მათი რეპერტუარი მთლიანად აგებულია მუსიკის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გაყიდვადი , ფანკ- სოულ- დისკო- ჯაზ- პოპ ლეგენდის „დედამიწა ქარი და ცეცხლის“ მემვიდრეობაზე და სტილზე. კოლექტივი ლიდერია შესანიშნავი გიტარისტი ელ მაკეი, სწორედაც იმ ლეგენდარული ბენდის წევრი მათ საუკეთესო პერიოდში(70-ები). სხვათა შორის, მაკეი, ბევრი ცნობილი ჰიტის თანაავტორიც იყო.


Earth, Wind & Fire-ს მუსიკა ყოველთვის უაღრესად პოპულარული იყო ჩვენში, ვგონებ დღესაც ძალიან უყვართ, ახალი თაობის მსმენელებსაც კი. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მელოდიურადაც საოცრად დახვეწილ კომპოზიციებთან გვაქვს საქმე, დიდი სიამოვნება გართობა და ჟრიამული გველის, ალბათ  ეიფორიაც, მით უმეტეს, რომ ეს საკმაოდ დიდი ბენდი, ბრწყინვალე და უაღრესად გამოცდილი მუსიკოსებით და მომღერლებითაა დაკომპლექტებული. 


დრამერი, და მესაყვირე, ორიგინალური “...Fire” –დან არიან, პლუს მუსიკოსების მთელი დასტა არანაკლებ ლეგენდარული ბენდებიდან, იქნება ეს Tower of Power, Doobie Brothers, Rufus, Santana, სერჯიო მენდესის, ჯოეჯ დიუკის და პრინსის ბენდებიდანაც კი, კომენტარები ზედმეტია. მე ვნახე მათი გამოსვლა ჯაზ ფესტივალზე 3 წლის წინ, დრაივი, ექსტაზი და გრიალი მართლაც უკიდეგანო და მოუთოკავი აქვთ.

14/08/2022

დღე III


May be an image of 6 people and text

ფესტივალს დაასრულებს Cindy Dulfer&Band. ჰოლანდიელი საქსოფონისტი, კომპოზიტორი და შეთავსებით ვოკალისტიც სინდი დალფერი, საკმაოდ დაფასებული არტისტია მუსიკალურ სამყაროში, პირველ რიგში, ცხადია, როგორც ინსტრუმენტალისტი. 


ძალიან სერიოზულ ხალხთან უთანამშრომლია ბოლო 35 წლის მანძილზე- დეივ სტიუარტი, პრინსი, ვენ მორისონი, თვით Pink Floyd-თანაც კი . სოლო ალბომებსაც  სისტემატიურად უშვებს. ხოლო აი ეს ბენდი, რომლის ლიდერადაც მოიაზრება, უკვე 10 წელია „ყავს“ და საკმაოდ შთამბეჭდავ შოუებსაც აწყობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ჯაზი, ფანკი, ჰიპ ჰოპი, ელექტრონიკაც კი, საკმაოდ პროფესიონალი და უნარიანი ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტებიც არიან ჩართულნი ბენდში.

Cindy Dulfer&Band სრული კონცერტები სპეციალურად ვნახე ნეტში და მინდა გითრათ, რომ როგორც სანახავად ასავე მოსასმენად, საკმაოდ ექსცენტრული, ხანდახან ექსპანსიურიც კია ყველაფერი. მუსიკა უმთავრესად სწრაფია, ენერგეტიკა მძლავრი და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები პარიტეტულად მუზიცირებანი, სწორედ სინდი დალფერია ტონუსის მთავარი მიმცემი. პლუს მისი სექსუალურობა და იმპულსიურობა, რაც ეფექტურად იკვეთება საქსოფონზე მის შერულების მანერაში.


ის, რომ გურმანი მსმენელები ალმაცერად უყურებენ მისი იმპროვიზაციულ უნარებს.....ეს არც არის სინდი დალფერის კრედო, ასეთი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ის არც აყენებს საკუთარ თავას და მისი კონცერტების ცქერისას ხვდები, რომ არც არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, ბათუმის კორტების მუსიკალურ საფესტივალო სცენაზე, ჩვენ თანამონაწილენი გავხდებით ჭეშმარიტი აკუსტიკური ჰედონიზმისა, და რა უნდა იყოს საზღვაო მუსიკალური ზაფხულის ფესტივალისთვის ამაზე უკეთესი, ვგონებ არც არაფერი. 

 

სამივე დღე, კონცეპტუალურად ფაქტიურად იდეალურადაა აწყობილი და ავსებს ერთმანეთს, ჰოდა გირჩევთ ყველას, მუსიკის გურმანებს, უბრალოდ მოყვარულებს, თუ გართობა-ფართი აპოლოგეტებს, წადით დაესწარით...არ წააგებთ.

ავტორი: გია ხადური

ფოტოები: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის არქივი