ლიტერატურა სიახლეები

7 წიგნი თბილისის წიგნის დღეებიდან

ნოემბერი 01, 2022

თბილისის წიგნის დღეები იწყება, დღეები, როცა მკითხველები ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, ახალ წიგნებს ვეძებთ, ახალ ავტორებს ვეცნობით, დამატებითი მიზეზი და მოტივაცია გვეძლევა, რომ ახალი საკითხავი მოვძებნოთ, შთაბეჭდილებებით, ლიტერატურული სიხარულით დავიხუნძლოთ.

ასეთ დროს, სარეკომენდაციო სია ერთდროულად სასარგებლოა და თან უსარგებლოც. რას ვგულისხმობ? ზოგიერთ საკუთარი, განუმეორებელი „ყნოსვა“ აქვს, სასურველ წიგნს თავისით აგნებს, პირიქით, თუ ვინმემ გაბედა და რამე ურჩია, შეიძლება მისი წყრომაც გამოიწვიოს. ასეთმა მკითხველებმა სიას, რომელსაც შემოგთავაზებთ, შეგიძლიათ გადახედოთ და მერე საერთოდ არ გაითვალისწინოთ.


მკითხველთა მეორე ნაწილს ძალიან უყვარს სარეკომენდაციო სიები, რჩევა, რეზიუმე თუ რევიუ, რომელიც მას თავის სასურველ წიგნს მოაძებნინებს. ასეთმა მკითხველებმა აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ეს პაწია სტატია.


ისე კი, როგორი მკითხველიც არ უნდა იყოთ, წიგნების უზარმაზარ რაოდენობაში, სიახლეების წვიმაში თუ ახალი გამოცემების ლაბირინთში გზის გაკვლევა მაინც რთულია და ნებისმიერი რჩევა შეიძლება არიადნეს ძაფი გამოდგეს, რომელიც ამ რთული თავსატეხიდან გამოგიყვანთ.


მოკლედ, სიტყვა გაგვიგრძელდა, გთავაზობთ წიგნებს, რომელთა არშემჩნევა თბილისის წიგნის დღეებზე ნამდვილი ლიტერატურული დანაშაული იქნება.

1.    რაინერ მარია რილკე - დუინური ელეგიები და სხვა ლექსები

მთარგმნელი - ზვიად რატიანი

გამომცემლობა ინტელექტი

პოეზიით აღფრთოვანება, სუნთქვის შეკვრა, გაოცება მოგენატრათ? მაშინ ეს თარგმანი აუცილებლად უნდა მოძებნოთ. ზვიად რატიანის მიერ ნათარგმნი რილკე ქართული ლიტერატურისათვის ისეთივე მოვლენაა, როგორც ვთქვათ, დავით წერედიანის ლორკა ან ვახუშტი კოტეტიშვილის აღმოსავლური პოეზია. 


რჩევა- ნუ წაიკითხავთ ავტობუსში, მეტროში ან იქ, სადაც ბევრი ხალხია, რადგან აღტაცების ხმამაღალი შეძახილები, რომელთაც ეს წიგნი თქვენში გამოიწვევს, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.

2.    იუვან ნოახ ჰარარი-შეუჩერებლები

მთარგმნელი - ნიკა სამუშია

სულაკაურის გამომცემლობა

ეს წიგნი ერთნაირად მოგეწონებათ თქვენ და თქვენს შვილებს, თუმცა, წიგნი, ისევე როგორც წყალი, პატარისაა და მოდით, ჯერ მათ წაიკითხონ კაცობრიობის მარადიული სრბოლის, მოძრაობის, განვითარების ეს სუნთქვისშემკვრელი ისტორია.


რატომ გახდა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი არსება ადამიანი? მასზე ფიზიკურად ძლიერი ცხოველი ბევრია, დელფინები უკეთ ცურავენ, ჩვენ კი ფრენაც არ შეგვიძლია. რა არის ის განსაკუთრებული ძალა, რომლის საშუალებითაც გადავრჩით და კიდევ დიდხანს გადავრჩებით? ეს შესანიშნავი წიგნი ბევრ პასუხს მოგაძებნინებთ თქვენს კითხვებზე.

3.    ზებალდი - აუსტერლიცი

მთარგმნელი - მაია ბადრიძე

დიოგენე

„აუსტერლიცი“ ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც ის უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს.


ეს დიდი მწერლის დიდი წიგნია, რომელიც მაია ბადრიძემ თარგმნა. მთარგმნელმა, როგორც ყოველთვის შესაშური პროფესიონალიზმითა და სიზუსტით გადმოიტანა ზებალდის განსაკუთრებული ენა, სინტაქსი და თხრობა.

4.   შარლოტ პერკინს გილმარი - „ყვითელი შპალერი“, მთის გადადგმა

მთარგმნელი - ელისო ფანცხავა

წიგნები ბათუმში

შარლოტ პერკინს გილმანი ამერიკელი ფემინისტი მწერალი, სოციოლოგი, პედაგოგი და სოციალური რეფორმატორია. მწერალი ფემინისტური უტოპიის ჟანრის საინტერესო წარმომადგენელია და მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობის ფემინისტებზე. მისი „ყვითელი შპალერი“ ყველა დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და დიდ ცვლილებათა გამომწვევ ნაწარმოებად იქცა, რადგან საფუძველი ჩაუყარა ფართო დისკუსიას ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის, მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და სხვა მნიშვნელოვანი, მანამდე იგნორირებული, საკითხების შესახებ. გილმანი ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში („მთის გადადგმა“) დაიწყო თანმიმდევრული მსჯელობა ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.

5.    რალფ ელისონი - უჩინარი

მთარგმნელი - რამაზ ხატიაშვილი

ქარჩხაძის გამომცემლობა

რალფ ელისონის "უჩინარი" პირველ პირშია დაწერილი, რომელშიც უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა.


„უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა.

6.    დანიელ პენაკი - სიზმრის მხილველის კანონი

მთარგმნელი - თინათინ ბელიაშვილი

გამომცემლობა აგორა

თანამედროვე ფრანგი მწერალი, დანიელ პენაკი, ფრანგი მკითხველების უსაყვარლესი ავტორია. წლების განმავლობაში მწერლის პროფესიას სკოლის მასწავლებლობას უთავსებდა. მისი ნაწარმოებები საფრანგეთის განათლების სამინისტროს სავალდებულოდ წასაკითხი ლიტერატურის სიაშია შეტანილი და ყველა ბავშვი იცნობს მის საბავშვო გმირებს – ძაღლს სახელად ძაღლი, ცალთვალა მგელს, თავგადასავლების მოყვარულ კამოს... მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ფრანგებისთვის დანიელ პენაკი „მალოსენთა საგას“ ავტორია. საგაში გაერთიანებული შვიდი წიგნიდან გამომცემლობა აგორამ ქართველ მკითხველს უკვე გააცნო სამი რომანი – „კაციჭამიათა საბედნიეროდ“, „ფერია კარაბინით“ და „პროზის გამყიდველი გოგონა“. დანიელ პენაკს მრავალი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: კრიტიკოსთა პრემია დეტექტივისთვის, ლივრ ინტერის პრემია, ულისეს პრემია, რენოდოს პრემია, ლურჯი მეტროპოლისის დიდი პრემია და სხვ. „სიზმრის მხილველის კანონი“ ესაა ოდა, რომელიც ეძღვნება სიზმრისა და წარმოსახვის ძალას, ოჯახს, მშობლებს, მეგობრობას, შემოქმედებით თავისუფლებას და ... ფედერიკო ფელინის, რომლის ფილმებზეც დიდ გავლენას ახდენდა მისივე სიზმრები.

 7.ელიფ შაფაქი, გამქრალი ხეების კუნძული

მთარგმნელი - ია ქვაჩახია

გამომცემლობა „პალიტრა L”

ჩვენ ომებისა და მიგრაციების სამყაროში ვცხოვრობთ, ლიტერატურა კი ის მეხსიერებაა, რომელიც ადამიანთა ტკივილიან ამბებს აღნუსხავს და ინახავს.

ელიფ შაფაქის ახალი, გულში ჩამწვდომი რომანი სიყვარულზე, ტრავმაზე, განშორებასა და ძიებაზე, რომელიც, ავტორისავე თქმით, ეძღვნება ემიგრანტებსა და დევნილებს მთელ მსოფლიოში.


„ეთნიკური შუღლის შედეგად ცეცხლში გახვეული კუნძული, ორად გაყოფილი ქალაქი, გაწყვეტილი ურთიერთობები... სწორედ ამ სისასტიკით სავსე სამყაროში ჩაისახა ორი სხვადასხვა ეროვნების მოზარდის სიყვარული. მათი ჩუმი, დაფარული და ბედნიერი სიყვარულის მოწმეა ლეღვის ხე, რომელიც ქალაქის ფერფლად ქცევისა და შეყვარებულების დაცილების მოწმედაც იქცა. ომმა შეყვარებულები დააშორა, მაგრამ მათ გრძნობას ვერაფერი დააკლო. ათწლეულების შემდეგაც სიყვარული ცოცხლობს და უბიძგებს ადამიანებს, არ გაწყვიტონ კავშირი თავიანთ მღელვარე ისტორიასთან.."




ავტორი: „საბა"