თაობა

5 ვიდეო თამაშის რეკომენდაცია გიორგი ზურაბიშვილისგან

იანვარი 13, 2023

ვიდეო თამაშები ჩემთვის ბავშვობიდან განტვირთვის საყვარელი საშუალებაა. გეიმინგის ინდუსტრია კი ისე განვითარდა, რომ დღეს ის მხოლოდ გართობა აღარ არის და ინტერაქციული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ფორმად ჩამოყალიბდა. ვიდეო თამაშმა შეიძლება ისეთი ინსპირაცია მოგცეს, ისეთი სამყარო დაგანახოს, რომელიც შემეცნებით კინოს და ლიტერატურასაც კი არ ჩამოუვარდება. დღეს მინდა სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ხუთი თამაში გაგიზიაროთ, რომლებიც, ვფიქრობ, თქვენს ყურადღებას იმსახურებს.  

1.Grounded

დეველოპერი: Obsidian Entertainment

გამოშვების თარიღი: 2022

ჟანრი: Survival, Adventure, Co-Op

სიმართლე გითხრათ, survival თამაშების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, Grounded-მა ჩემი უდიდესი სიმპათია დაიმსახურა.


სიუჟეტის დასაწყისში პროტაგონისტი ექსპერიმენტის შედეგად პატარავდება და მინიატურული ზომის ადამიანი ხდება. შემდეგ კი იწყება დიდი მოგზაურობა სახლის ეზოში, სადაც უამრავი მტრულად განწყობილი მწერი ბინადრობს. მოთამაშის მისია არის გადარჩენა, ახალი ხელსაწყოების შექმნა, ბაზების აშენება და, მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ არა მეგობრული გარემოს მოთვინიერება; ბოლოს კი, რა თქმა უნდა, თამაშის მთავარი საიდუმლოს ამოხსნა და ნორმალური გაბარიტების დაბრუნება.


Grounded სხვა survival თამაშებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი გეიმფლეი საოცრად დახვეწილი და გაშალაშინებულია, რაც ამ ჟანრისთვის, როგორც წესი, უცხო რამეა. თანაც, მას აქვს საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უნიკალურ სამყაროზე და პერსპექტივაზე, რაც ამ თამაშშია წარმოდგენილი. ულამაზესი გრაფიკა, მხატვრობა და სტილი კი მას დამატებით ხიბლს აძლევს.


ყველაზე დიდი სიამოვნების მისაღებად გირჩევთ Grounded მეგობრებთან ერთად ითამაშოთ, თუმცა, მისი დახურვა მარტოც არის შესაძლებელი. მთლიანობაში, ვფიქრობ, Grounded წელს გამოსული თამაშებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და მიუხედავად ჰორორის ელემენტებისა, შემიძლია მისი დაგემოვნება შედარებით ახალგაზრდა აუდიტორიასაც თამამად გირჩიოთ. უბრალოდ, გაფრთხილებთ, უფრთხილდით ობობებს!

2.The Talos Principle

დეველოპერი: Croteam

გამოშვების თარიღი: 2014 წელი

ჟანრი: Puzzle, Adventure

ხორვატიული გუნდის მიერ შექმნილი ფაზლ თამაში ინსპირაციებს ისეთი კლასიკებისგან იღებს, როგორებიც არის Portal და Portal 2, თუმცა მახვილგონივრული და თავბრუდამხვევი ფაზლები ამ გენიალური თამაშის მხოლოდ ერთ-ერთი დადებითი მხარეა. The Talos Principle-ის მთავარი ხიბლი ჩემთვის აქ წამოჭრილი ონტოლოგიური საკითხებია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური და ფილოსოფიური თამაში, რომელიც მითამაშია. ფაზლების ამოხსნის პროცესი და ეგზისტენციალური დისკუსიები ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული. აქ ისეთ რთულ საკითხებზე მიდის სიღრმისეული მსჯელობა, როგორებიც არის: არსებობა, ცნობიერება, პიროვნების ცნება და ბევრი სხვა. ამ ყველაფერთან ერთად, თამაშის სიუჟეტიც ძალიან საინტერესოდ ვითარდება და არაერთი მოულოდნელობით არის სავსე. საიდუმლოებებს კი The Talos Principle-ის იდუმალ სამყაროში ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით.


მოკლედ, ფაზლების ამოხსნა თუ ოდნავ მაინც გიზიდავთ, ან ფილოსოფია ოდნავ მაინც გაინტერესებთ, უბრალოდ ვალდებული ხართ ეს თამაში გადმოწეროთ. The Talos Principle იმის კარგი მაგალითია, რომ გეიმინგი მხოლოდ გართობა არ არის და მას ბევრად სერიოზული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. 

3.Elden Ring

დეველოპერი: FromSoftware   

გამოშვების თარიღი: 2022 წელი

ჟანრი: Open World Action RPG

უკვდავების ცნება ადამიანისთვის, როგორც ცნობიერი არსებისთვის, ოდითგანვე მნიშვნელოვანი საფიქრალი იყო. კაცობრიობის მიერ შექმნილ პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც სწორედ უკვდავების ძიების მაგალითები გვხვდება გილგამეში ეძებს. თუმცა, გიფიქრიათ იმაზე, რა მოხდება, თუ არა მხოლოდ თქვენ, არამედ ყველა ადამიანი უკვდავი გახდება? Elden Ring-ში სწორედ ასეთი მხატვრული სამყაროა წარმოდგენილი. Fromsoftware-ის მიერ გამოგონილ რეალობაში გაღმერთებულმა დედოფალმა მარიკამ სამყაროს ღერძს (ელდენ რინგს) სიკვდილის რუნა გამოაცალა, რითაც ყველა ადამიანს უკვდავება აჩუქა. თუმცა, ამ მოქმედების შედეგი არც იმდენად ნათელი და ბედნიერი აღმოჩნდა, როგორც ეს დედოფალს წარმოედგინა. პირიქით, დრო გავიდა და უკვდავთა სამყარო ნამდვილ აპოკალიფსს დაემსგავსა. სწორედ წარსული დიდების აჩრდილის ქვეშ მყოფ ასეთ აპოკალიფსურ სამყაროში იწყებს პროტაგონისტი თავის გრანდიოზულ მოგზაურობას. ეს სიტყვა კი თუ შეიძლება რამეს ეწოდოს, პირველ რიგში სწორედ FromSoftware-ის უახლეს შედევრს. Elden Ring გრანდიოზულია ყველა გაგებით: თამაშის ხანგრძლივობით, მითოლოგიის სიღრმით, რუკის სიდიდით, იარაღების და მაგიების სიმრავლითა თუ მრავალფეროვნებით, შოკისმომგვრელი ხედებით, ბოსების დიზაინით, მუსიკალური გაფორმებით და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტით.


თამაშის ძირითადი მექანიკა Fromsoftware-ის ძველი კლასიკებისგან დიდად არ განსხვავდება. პირიქით, Elden Ring ერთგვარად Dark Souls-ის ფორმულის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს. თანაც, ეს ფორმულა გადატანილია უდიდეს და ულამაზეს გახსნილ სამყაროში, რომელშიც მოთამაშე თავად ირჩევს სად წავიდეს და პრიორიტეტი რომელ ადგილებს მიანიჭოს. თუმცა, ამავე დროს, გახსნილი სამყაროს არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ Elden Ring-ში ჰიდეტაკა მიაზაკისთვის დამახასიათებელი თავბრუდამხვევი რუკის დიზაინი არ გვხვდება. პირიქით, Elden Ring-ის სამყარო სავსეა ზონებით, რომლებიც, რუკის დიზაინით, Fromsoftware-ის სხვა თამაშების საუკეთესო ტურებს ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან.  


გარდა ჩხუბის შესანიშნავი მექანიკისა, Elden Ring-ის მთავარი ხიბლი სამყაროს მითოლოგიაა. სიუჟეტი საკმაოდ ბუნდოვნად ვითარდება, თამაშში ცოტა ქათ-სცენა არის გამოყენებული და მოთამაშე სამყაროს მითოლოგიას ძირითადად ნაპოვნი ნივთების აღწერილობებიდან აკოწიწებს, რაც თითოეული ნივთის აღმოჩენას დამატებით ინტერესსა და ხიბლს აძლევს. აღმოჩენები კი Elden Ring-ის სამყაროს ნამდვილად არ აკლია. რუკის თითოეულ კუთხეში საიდუმლო გელოდებათ და სასიამოვნოა, რომ FromSoftware-ის დიზაინერები მოთამაშის ინტელექტს პატივს სცემენ. ასეთი მიდგომა გეიმინგის ინდუსტრიაში დღეს უკვე, სამწუხაროდ, იშვიათად გხვდება. Elden Ring-ში არაფერს მიგითითებენ. თამაშის რიტმი მთლიანად მოთამაშეზე და მის ცნობისმოყვარეობაზეა მინდობილი, რაც თითოეული აღმოჩენას ძალიან მიმზიდველს ხდის.


ბოლოს კი ვიტყვი, რომ FromSoftware-ის თამაშებიდან Elden Ring ფართო მასისთვის ყველაზე მეგობრულია და თუ მისი სირთულე გაშინებთ სულ ტყუილად. პირიქით, იმ შემთხვევაში თუ რუკას ბოლომდე გამოიკვლევთ, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ ისე გაძლიერდეთ, რომ თამაში ერთი ამოსუნთქვით გაიაროთ.


Elden Ring ეპოქალური ვიდეო თამაშია და მისი რჩევა ძალიან ადვილია  ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ცოტა მოთმინება და ბევრი სათამაშო დრო გააჩნია.  

4.Disco Elysium - The Final Cut

დეველოპერი: ZA/UM

გამოშვების თარიღი: 2019 წელი

ჟანრი: CRPG

Disco Elysium-ზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან თუ ეს გენიალური თამაში ჯერ არ გიცდიათ, მასზე რაც ნაკლები გეცოდინებათ, თამაშის დროს მით უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ერთს ვიტყვი, რომ ასე ოსტატურად დაწერილი თამაში კი არა, ცხოვრებაში ბევრი წიგნიც კი არ შემხვედრია. ტექსტის დონით Disco Elysium-ს, ჩემი აზრით, შეიძლება მხოლოდ ლეგენდარული Planescape: Torment შეედაროს, რომლის სულიერი შთამომავალიც რეალურად არის ეს თამაში.


ჟანრობრივად Disco Elysium სათავგადასავლო დეტექტივის და rpg-ს ნაზავია, მაგრამ აქ ჟანრი მეორეხარისხოვანია. Disco Elysium, როგორც თითქმის ყველა ნამდვილი ხელოვნება, ემოციური როლერკოსტერია, რომელიც ხან გაცინებთ, ხან გატირებთ და ბევრ სხვადასხვა ემოციას გაგიჩენთ.  


ამ თამაშში წარმოდგენილი ალტერნატიული რეალობა და სატირული სამყარო დიდი გულით არის შექმნილი. თამაშის სტილი და მხატვრობა კი უბრალოდ გენიალურია. რაც ყველაზე მთავარია, Disco Elysium-ის მთავარი გმირი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია, არა მხოლოდ ვიდეო თამაშების ისტორიაში, არამედ, ზოგადად. რომ არ დაგასპოილეროთ, ბევრ დეტალს არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით რომ ეს არის შედევრი პროტაგონისტი, რომლის ხასიათს და ქცევებს თავად მოთამაშე განსაზღვრავს. Disco Elysium რეალურად სოციალური და პოლიტიკური ტესტია, რომელსაც მოთამაშე პროტაგონისტის მეშვეობით გადის.


ყველაზე საინტერესო კომპონენტი კი რაც ამ თამაშს აქვს, უნარების განვითარების უნიკალური მექანიკაა. მოთამაშე ავითარებს არა მხოლოდ გმირის ფიზიკურ უნარებს (მოტორიკა, კოორდინაცია, ა.შ.), არამედ ასევე აზრებს, გრძნობებს და იდეოლოგიებს ფიქრების კაბინეტიდან, რაც საბოლოოდ თამაშის დიალოგებზე დიდ გავლენას ახდენს. უნარების განვითარების ეს მექანიკა ნამდვილად რევოლუციურია და ვფიქრობ, მომავალში ამ სისტემის გადაღებას ბევრი თამაში შეეცდება.   

თუ ლიტერატურა ოდნავ მაინც გიზიდავთ და ბევრი ტექსტის კითხვა/მოსმენა არ გეზარებათ, უბრალოდ ვალდებულები ხართ, რომ ეს გენიალური თამაში ითამაშოთ. დამერწმუნეთ, წინ უდიდესი სიამოვნება გელოდებათ!  

5.Hollow Knight

დეველოპერი: Team Cherry

გამოშვების თარიღი: 2017 წელი

ჟანრი: Action-Adventure, 2D Platformer, Metroidvania

ჩემი პერსონალური GOAT. Hollow Knight-ის შესახებ შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, რადგან ის ჩემთვის ყველა დროის ყველაზე საყვარელი თამაშია. ცნობისმოყვარეობის ისეთი გრძნობა, რომელიც Team Cherry-ს მიერ შექმნილმა სამყარომ გამიჩინა, სხვა ვერცერთმა ვიდეო თამაშმა ვერ მოახერხა.


Hollow Knight-ის შემქმნელი კომპანია Team Cherry სულ სამი ადამიანისგან შედგება. ეს არის იმის საუკეთესო მაგალითი, რომ როდესაც გაქვს იდეა, ხედვა, და ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, სასწაული შედეგი შეიძლება მიიღო.


Hollow Knight ჩემთვის ყველაზე დიდი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ კომპიუტერული თამაში შეიძლება უდიდესი ხელოვნება იყოს, რადგან ეს თამაში მართლაც არის ხელოვნების ნიმუში. როგორც ვიზუალურად, ასევე იდეურად, ფილოსოფიურად, ყველანაირად, ეს თამაში არის შედევრი. თითქოს ერთი შეხედვით მარტივი 2D პლატფორმერი, არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მისტიური თამაში, რომელიც ოდესმე მითამაშია.


Hollow Knight-ის ყველა კომპონენტი გენიალურია ატმოსფერო, მუსიკა, რუკის დიზაინი, საიდუმლოებების რაოდენობა და მრავალფეროვნება, უნარების პროგრესია, ჩხუბის მექანიკა, ბოსების დიზაინი, მხატვრობა და სტილი ეს ყველაფერი ამ თამაშში უმაღლეს დონეზეა და თანაც უდიდესი გულითა და ყურადღებით არის შექმნილი. თამაშის უმთავრესი ხიბლი კი მაინც მისი სამყარო და მითოლოგიაა, დიდი ისტორიის მქონე Hallownest-ის დაცემული ცივილიზაცია, სადაც სხვადასხვა სახეობის მწერები ბინადრობენ. 


Hollow Knight ფილოსოფიური თამაშია და ის უამრავი ალეგორიით არის სავსე. საინტერესოა, რომ Hallownest-ის სამყაროში მთავარი ანტაგონისტი სინათლეა და მოთამაშე სიბნელით ცდილობს მის დაძლევას. სინათლისა და სიბნელის ჭიდილი ამ თამაშში გენიალურად არის წარმოჩენილი. Hollow Knight პოეტური ხელოვნებაა და ის ჩემთვის მეტაფიზიკური პოეზიის ერთ-ერთი ფორმაა. ჯონ დონი იამაყებდა Team Cherry-ს მიერ შექმნილი ხელოვნებით. ემოციურად მას ასევე გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ას წელიწადს შევადარებდი, მაგიური რეალიზმით და სხვა საინტერესო თემებით.


რთულია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რომელიც Hollow Knight-მა მომანიჭა. საბოლოოდ ყველაზე მთავარი ხომ ეს არის? ემოცია, რომელსაც ინტერაქციული ხელოვნება გაძლევს და ამ მხრივ, ჩემთვის ამ თამაშთან ახლოს მართლაც ვერაფერი მიდის. უბრალოდ, გაფრთხილებთ, რომ Hollow Knight მექანიკურად საკმაოდ რთული თამაშია. ის გეიმერისგან სერიოზულ უნარებს, რეფლექსებს და მოთმინებას მოითხოვს. მაგრამ, არ შეგეშინდეთ! გადაეშვით Hallownest-ის მიწისქვეშა სამყაროში და იქ იმაზე ბევრად მეტს იპოვით, აღმოაჩენთ და შეიგრძნობთ, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენთ! ესეც არის ალბათ Hollow Knight-ის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, რომ მოლოდინი შეიძლება მაღალი გქონდეთ, მაგრამ სანამ არ გამოცდით, იმას მაინც ვერ მიხვდებით, თუ ამ ერთი შეხედვით მარტივ თამაშს რამხელა სიღრმე შეიძლება ჰქონდეს.

თიბისის სტუდენტის Mastercard ბარათით, ყოველ შაბათ-კვირას, დაიბრუნე 20% ყველა საერთაშორისო ვიდეო გეიმინგ პლატფორმაზე გადახდისას. სტუდენტის ბარათის შეკვეთა შეგიძლია ვებგვერდზე WWW.TBCYOUTH.GE

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი