სექტემბერი 04, 2018
ის, რაზეც არავის უფიქრია – კალიგრაფიის შემდეგი ცხოვრება და შოთა საგანელიძის „სამომხმარებლო ხელოვნება“
როგორ წარმოგიდგენიათ ხელოვნება, რომელიც ყოველდღიური მოხმარების საგნად უნდა იქცეს? ეს არის შოთა საგანელიძე - თითო ექსპერიმენტი თითო ნამუშევრის შექმნისას, მინიმალიზმი, ქართული ასოები, ყოველ ჯერზე უნიკალური კალიგრაფია და პორტრეტები, რომლებსაც ხელოვანის გამოფენის დათვალიერებისას შეხედავთ და შემოგხედავენ. შემოგხედავენ 5 ასოთი დახატული შოთა რუსთაველი, თამარ მეფე, სოფიკო ჭიაურელი, პეტრე ოცხელი, თუ სხვები და თქვენ მათ იცნობთ. თუმცა, შესაძლოა, არც ისე კარგად იცნობთ შოთას, მათ შემქმნელს, მსოფლიოს მასშტაბით ხატვის უნიკალური ტექნიკისა და სტილის ავტორს.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მუსიკოსი, სცენაზე 5 წლის ასაკიდან იდგა, მისი პირველი, დამოუკიდებელი ხიდი გარე სამყაროსთან 12 წლის ასაკში გაიდო, როცა მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე ფიქრობდა, მის ლოგოდ კი ასოებისგან ხიდი დახატა. ეს იყო მისი პირველი, გაუცნობიერებელი კალიგრაფიული ნამუშევარი, რომელსაც დროთა განმავლობაში, ქართული ასოების გამოყენებით შესრულებული პორტრეტები მოჰყვა. ამბობს, რომ ერთადერთია, ვინც მსგავს სტილში მუშაობს და არ აძლევს საკუთარ თავს გაჩერების საშუალებას. არ ყოვნდება პორტრეტების შექმნაზე, ამბობს, რომ თანამედროვე ხელოვნება მასიური მოხმარების უნდა იყოს, ამიტომაც, ცდილობს მის ნახატებს სხვადასხვა ფორმა მოუძებნოს. ამ ძიების პროცესში შეიქმნა ტექსტილის დიზაინი, რომელიც ქართულ, ფართო წარმოების ქსოვილად შეიძლება იქცეს, ქართული სუფრა, მაისურები თუ სამაჯურები.
დღეს
მივხვდი, რომ არ შემიცვლია არაფერი ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, განვვითარდი სხვა ხარისხზე, სხვა ტექნოლოგიები მოვითხოვე. მაგრამ თვითონ ფუძე – მუსიკა იგივეა. დღემდე იგივე პეიზაჟი მაქვს, იგივე განწყობები მაქვს და ჩემთვის, ერთიმეორესგან დამოუკიდებლად მუსიკა და მხატვრობა არ არსებობს. ასეა ჩემს აქ არსებულ დროში. ცოცხალი ვარ, როცა ვაზროვნებ, ვხატავ იმას, რასაც მუსიკით ვამბობ და პირიქით. თვალი და ყურია ის, რითიც აღვიქვამ და შემდეგ გავცემ ჩემში რაც ხდება. ვერ ვიტყვი, რომ მხატვარი ვარ, ან მხატვარ დიზაინერი, ან კალიგრაფი, ან მუსიკოსი, ან პოეტი. უბრალოდ, მე სხვა ფორმა და მიდგომა მივეცი კალიგრაფიას.
აზრი არა აქვს სხვის აზრს
ბავშვობიდან მიყვარდა პიკასო და მატისი. ვხატავდი. მეგონა რომ მატისივით გამომდიოდა. ვინც მატისი არ იცოდა, ვა, პიკასოს ბაძავო, მეუბნებოდა. ვბრაზდებოდი ხოლმე. პიკასოს როცა ვხატავდი, მატისი გამოგდისო ამბობდნენ. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ამათ აზრს. ვიპოვე „ხიდის“ ლოგო. ყოველ ჯერზე დახატული იყო სხვადასხვა პროპორცია, სხვადასხვა დინამიკა, და ადამიანები. ქართული დამწერლობა არის ფორმა, რომელსაც ოდნავ შეცვლი, რაღაცა პროპორციას მისცემ და სხვადასხვა იერი მოდის, სხვადასხვა შესაძლებლობას გაძლევს, რაღაც იცვლება და სხვადასხვა ადამიანი ჩნდება.
სხვადასხვა კულტურა ერთი მზის ქვეშ
2006 წელი იქნებოდა, როცა გადავწყვიტე რომ მაინტერესებდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ ერთი მზე გვაქვს და საერთო პულსაციები არსებობს, რომლებსაც აღმოჩენა უნდა. შრი-ლანკა, ინდოეთი, აფრიკა, საფრანგეთი – მე მე ვიყავი, ისინი ისინი იყვნენ და ასე, ვცვლიდით უნიკალურ ინფორმაციას. ამ პროექტს ლოგოდ დავურთე კავკასიიდან დანახული მთელი მსოფლიო, განცდები, რომლებიც მოჰქონდა მუსიკას – წრე და ხიდის ლოგო წრეში.
ის, რაზეც არავის უფიქრია
თვითმყოფადია ქართული დამწერლობა და მადლობა, რომ ქართველი ვარ და ჩვენს კალიგრაფიაში მუდმივად არის რაღაც ახალი, საიდანაც ადამიანების ექსპრესიები მოდის. წარმოიდგინე, 5 ასოთი დახატო შოთა რუსთაველი და შოთა რუსთაველად იცნობოდეს. მე მაინტერესებდა ის, რაზეც არავის უფიქრია. ეს მინიმალისტური სტილი, თვალი თუ ცხვირი ასოებისგან, არ არსებობს არც ერთ დამწერლობაში, ანუ მხატვრობაში. თითოეულ ასოზე მუშაობის სტილი, აზროვნება და მიდგომა შევცვალე. მე მგონი, კალიგრაფიის შემდეგი, მხატვრული ეტაპია ეს, რომლის შესასრულებლადაც სხვადასხვა ტექნიკას ვიყენებ.
დაუსრულებელი შოთა რუსთაველი
ჩემი საყვარელი მწერალია შოთა რუსთაველი, ოღონდ თანამედროვეებში. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მუდმივი ნაწილი დაიკავა, რომელიც ძალიან ქართულია. იცი როგორი განცდა აქვს ჩემთვის? ხალხი განვითარებაზე ფიქრობს და არ იციან როგორ განვითარდნენ. აი, გარბიან სადღაც და ვეფხისტყაოსანი დევს ძველი ენით. ნაწარმოები, რომელსაც ვერ ამოწურავ რა. მოხდა ეგეთი რამ, რომ შოთა რუსთაველს როცა ვხატავდი, ქვევით ტილო დავტოვე ცარიელი. გამოფენაზე მითხრეს, რომ დაუსრულებელი ნახატი მქონდა გატანილი. ვუპასუხე, რომ შოთა რუსთაველი, მართლაც, დაუსრულებელია.
თითო ტექნიკური ექსპერიმენტი თითო ნამუშევარზე
ოცხელის პორტრეტი მინდოდა დამეხატა და სხვა ფაქტურას ვეძებდი. ოცხელია და მეც მგონია, რომ არტისტი ვარ და უნდა დავხატო რა ჩემებურად. ტილოზე დამიმძიმდა, ანუ ჩემი ოცხელი არ იყო ის. მივაგენი აბრეშუმს, რომელზე ხატვაც ლამის შეუძლებელია. არის საღებავები, რომლებსაც იშვიათად ხმარობენ. რატომ? იმიტომ რომ რთულია მათი დამორჩილება. ორმეტრიანი აბრეშუმი ავიღე, ავიღე რთული საღებავები და ისე ვიმუშავე. თეონა გაგლოევა დამეხმარა, რომ დიდი პანო დამემორჩილებინა, არ რთული ტექნიკით მუშაობისას. თითო ნამუშევარზე თითო ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული. ხატვის პროცესში ვაზროვნებ ქართულად, არ გავურბივარ წარსულს, წარმომავლობას, ეროვნებას და მომავლისკენ ვმოქმედებ. კარგია, რომ ეს პროცესი სხვადასხვა ვიზუალიზაციას გვაძლევს, ვიღაცას კერამიკა აღაფრთოვანებს, ვიღაცას ვიტრაჟი, ქსოვილი, ნახატი, ან ინტერიერის დეკორი. ეს ყველაფერი ერთ ადამიანს რომ შეგიძლია, მე განვითარებას ამას ვეძახი.
21 კერამიკული ფილისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი თამარ მეფის პორტრეტი
სულ ვეძებდი კერამიკას და შემთხვევით მივაგენი ირინა სალმინას, რომელიც არავინ იცოდა, გამოკეტილი იყო თავის სახელოსნოში და ექსპერიმენტებს ატარებდა. უცებ, შემთხვევით შევხვდი ადამიანს, რომელიც ამ მასალებისა და ფაქტურების ძიების პროცესში იყო. თამარ მეფის პორტრეტი არის 21 სხვადასხვა ფილისგან, სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევარი. პროცესში თავისუფალი აზროვნების უფლებას ვაძლევ თავს. როდესაც ირინასთან მივედი, ის დაინტერესდა. რაღაცას ვეუბნებოდი და ის უკვე, რაღაც პროცესებში იყო, ძიებებში, ფაქტურებში, აინტერესებდა და აი, რაღაც არანორმალური მუშაობა გავწიეთ, ძალიან დიდი სამუშაო იყო. ნამუშევარი რელიეფურია, ანუ, ასოები ამოწეულია. ეს რელიეფი თიხაში ამოვიყვანეთ და მერე, არც ვიცოდით გამოწვის შემდეგ რა შედეგს მოგვცემდა. ყველა ფილა სხვადასხვა ტექნოლოგიით არის შესრულებული.
ხელოვნების თანამედროვე სახე – სამომხმარებლო ხელოვნება
ერთხელ სამკაულის ფორმა მოვიფიქრე, რომელზეც კალიგრაფიით შესრულებული თამარი იყო. შემდეგ დავუკავშირდი იუველირებს, ვისაც მსგავსი ნაკეთობის დამზადება შეუძლიათ. ანუ წარმოებისკენ მივდივარ. მე წავედი უფრო პროდუქტის კეთებისკენ. თბილისში დავდივარ და ცუდი სუვენირებია. პრობლემაა იდეის არ არსებობა. არა, არ გავცდი ამ კალიგრაფიას და ვამზადებ მაისურებს, თავშლებს, სამკაულებს, ჩანთებს, კერამიკას, მისაკრობებს. სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტს. ერთხელ ვიღაცამ მკითხა, რატომ გადაწყვიტე 21-ე საუკუნეში აი, ლამაზად წერა, კალიგრაფიაო. მე კი ვფიქრობ, რომ ხელნაწერი 21-ე საუკუნის შემდეგაც აქტუალური იქნება. მინდა, გავაკეთო აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც სურათის გადაღებისას შეძლებენ საკუთარი კალიგრაფიული პორტრეტის მიღებას. დიდი ხანია ამის სურვილი მაქვს, ჯერ ხალხს ვაჩვევ, რომ აზრი ჰქონდეს ამ მიმართულებით მუშაობას.
ქართული ტექსტილ დიზაინი, რომელმაც უნდა იარსებოს
ქართული ტექსტილ დიზაინი არ არსებობს. აფრიკული ნაჭრები არსებობს, ინდური, თურქული ორნამენტები და ა.შ. როცა ვფიქრობთ ქართული ორნამენტზე, რომელიც ქსოვილზე გვხვდება, გვახსენდება ხევსურული ქსოვილები. თუმცა, მისი განვითარება და მასიური წარმოება არ მომხდარა. შევქმენი ტექსტილი ქართული ორნამენტებისა და ასოებისგან. ხელით ხატვას ვიწყებ, ხელით გამომყავს ტექსტილს დიზაინი, რომლითაც შემიძლია ნაჭერი გამოვუშვა, ან შპალერიც კი.
ქსოვილის წარმოება, როგორც ქართული კულტურის გზა მსოფლიოსკენ
ქსოვილის წარმოება, ეს არის გზა, რითაც ქართული ორნამენტების, დამწერლობის და საერთოდ, კულტურის წარმოჩენა და გავრცელება შეიძლება, მსოფლიოს მასშტაბით. მინდა მქონდეს თანხა, რომ ჩემი გაკეთებული ტექსტილის დიზაინი სასურველი რაოდენობის ქსოვილად ვაქციო. ცალკე სფეროა ეს. თურქული ნაჭრის დაჭრას და მერე ტანსაცმლის კეთებას, მირჩევნია ჩემ მიერ შექმნილ ნაჭრის დიზაინზე მუშაობა. ნაჭრის დიზაინიდან ტანსაცმლის დიზაინამდე – ამ ყველაფერს ნულიდან რომ აკეთებ, სულ სხვა რამეა. შანელი იმიტომ იყო დიდი, რომ ნულიდან იწყებდა, უფრო ღრმა იყო და ფასეული. როცა მომეცა საშუალება მცირე რაოდენობით მეწარმოებინა, ვიტრაჟი გავაკეთე, შპალერი, ფარდები, ბალიშის შალითები, გადასაფარებელი, ტანსაცმელი. რეალურად, მე ვარ ქარხანა, ოღონდ ქარხანა არ მაქვს. სამწუხაროა, რომ საქართველოში მსგავსი წარმოება არ არის, ამიტომ, ვეძებ რესურსს, რომ თურქეთში მაინც ვაწარმოო.
ავტორი: ხატია თორდუა / marketer