სიახლეები

საქართველოს ეროვნული გმირი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი

26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეა

დამოუკიდებლობა გამოცხადდა კვირა დღეს, თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე, საღამო ჟამს, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, საქართვლოსა და კავკსიისთვის არეულ დროს და ეს იყო ახალი ცხოვრების, ახალი ქვეყნის დასაწყისი.


დასაწყისი რთული იყო, მაგრამ - იმედიანი.

აწეწილი, სულმოუთქმელი წლები იდგა, მაგრამ პასუხისმგებლობით - სავსე და ადამიანები თავდაუზოგავად უკეთესს ცდილობდნენ.

ამ ახალი ქვეყნის დაცვა ძნელი იყო. შენებას, მოწესრიგებასა და ფეხზე წამოდგომას ულმობელი წამზომის წიკწიკი ჩაესმოდა. გარდატეხა, სამშვიდობოს გასვლა, დინჯად მიმოხედვა არ მოხერხდა: პირველმა რესპუბლიკამ იარსება, მხოლოდ, ორ წელიწადსა და ცხრა თვეს, და მოისპო ბოლშევიკების მიერ - წითელმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო.

ამ დროის გმირია პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი ახალგაზრდა კავალერისტი, რომელმაც უარი თქვა ოკუპაციას შერიგებოდა და პატარა რაზმთან ერთად დაიწყო ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ.

მაშინდელი საქართველო სავსე იყო ტყის რაზმებით, მამაცი და შეურიგებელი ადამიანებით, მაგრამ ხალხის მეხსიერებამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ,მაინც , გამორჩეულად შემოინახა.

იქნებ იმიტომ, რომ ის განასახიერებდა რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ტყის მაშინდელი მებრძოლები იყვნენ. ან, იქნებ, იმიტომაც, რომ ის უბადლოდ ხსნიდა თავის შეურიგებლობას:

არ მაინტერესებს, რომელი მთავრობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ აქ რუსის ჯარი არ იდგეს და საქართველო თავისუფალი იყოსო

და, ან ,იქნებ, იმიტომაც, რომ იერით, ქცევით, ფიქრით ის რაღაც ტიპს- დროსგან დამოუკიდებელ ერთხასიათიან ქართველს განასახიერებდა და მტერიცა და მოყვარეც ამას ცხადლივ გრძნობდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი იმ დროის გმირი იყო და საუკუნო გმირად იქცა თავისი პირშეუკრავი ჭრილობებით, ჭლექით, ნატანჯი და ამოწყვეტის პირად მიყვანილი ოჯახითა და ნათესაობით; იმ სევდიანი გამონთქვამითაც, ხუმრობასავით რომ ისროლა პარიზში, როცა სთხოვეს,რომ ეცეკვა : ჩემი ფეხები მხოლოდ საქართველოში ცეკვავენო.

აკა მორჩილაძე

მწერალი

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფოტო არქივიდან: საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, თბილისი 1918 / Wikipedia

ვიდეო პროექტის შესახებ: