ლიტერატურა სიახლეები

მკითხველის 2022 წელი

„საბა"

დეკემბერი 22, 2022

აი, უკვე 2022 წლის ბოლო თვეა, დეკემბრის ბოლო რიცხვებიც გვიახლოვდება. როგორც წესი, ეს დრო წლის შეჯამების პერიოდია, ადამიანები რეტროსპექტულად გაიხსენებენ-ხოლმე წელს, რომელიც მალე დასრულდება, მის კარგ და ცუდ მხარეებს აღნიშნავენ. წელს რთულზე რთული წელი იყო, დაუსრულებელი ომის, მსხვერპლისა და სირთულეების, თუმცა, მარტივი არც რომელიმე წელი ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, თუ საქართველოს ახლო წარსულს გადავხედავთ, ასეთი დროის მოძებნა გაგვიჭირდება.

მაგრამ ცხოვრება გრძელდება, მაშასადამე, ადამიანისა და ტექსტის თანაცხოვრებაც, ლიტერატურა კიდევ ერთხელ გვასწავლის, რომ „რადგანაც კაცნი გვქვია, შვილნი სოფლისა“, რთული დღეებიც მრავლად იქნება და უკეთესიც, ამის შესახებ ბევრი წაგვიკითხავს და კიდევ უფრო მეტს წავიკითხავთ.


უმთავრესი სურვილი, რასაკვირველია, ომის დასრულებაა, როდესაც უსახლკარო და დაობლებულ ბავშვებს უყურებ, რთულია ლიტერატურაზე ფიქრი და სურვილი გაქვს, რომ თუ 2021 წელს მსოფლიომ პანდემია დაამარცხა, 2023 წელი ომსა და ტირანიაზე გამარჯვების წელი იყოს. 


დავუბრუნდეთ ლიტერატურას. 


პანდემიური ჩაკეტილობიდან გამოსვლისა და ომის პარალელურ რეალობაში ცხოვრების კვალდაკვალ ჩატარდა რამდენიმე ლიტერატურული ფესტივალი თუ ლიტერატურული პრემია. რასაკვირველია, დაიწერა და გამოიცა ბევრი საინტერესო წიგნი, მათ შორის, ქართველმა გამომცემლობებმაც გაანებივრეს თავიანთი მკითხველი.

ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ წელს 20 წლის იუბილე იზეიმა. მეოცე წელია, რაც კონკურსი აფასებს ქართულ ლიტერატურას და აჯილდოებს გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ, 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-მდე პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). წელსაც, ისევე, როგორც ყოველ წელს „საბას“ ახალი ლაურეატები ჰყავს, მათ შორის, ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო იყო ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის არა რომელიმე პიროვნების, არამედ ჟურნალ „არილის“ დაჯილდოება.

2022 წელს უცვლელი იყო SABA Reader-ის მთავარი მიზანი - მკითხველებისთვის შეექმნა მაქსიმალურად კომფორტული პლატფორმა წიგნების წასაკითხად და მოსასმენად. აპლიკაციას არაერთი ახალი ფუნქცია დაემატა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ნახონ, თუ რომელია ბოლო კვირის, თვისა თუ წლის ყველაზე ხშირად წაკითხვადი წიგნი. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე სწრაფად კითხვის ფუნქციონალიც. ეს ინოვაციური ფუნქცია მკითხველებს ეხმარება უფრო სწრაფად და მეტი კონცენტრაციით იკითხოს წიგნები. „საბას“ ბიბლიოთეკას 2022 წელს 300 ელექტრონული და 100 ხმოვანი წიგნი დაემატა. ასე რომ, აქ წიგნები ყველანაირი გემოვნების მქონე მკითხველისთვის მოიძებნება.


2022 წელს დაიწერა და გამოიცა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნი. ნათარგმნი წიგნების ბრწყინვალე ჩამონათვალს ქართული წიგნების თაროც არ ჩამორჩა, გამოიცა აკა მორჩილაძის, ზაზა ბურჭულაძის, ზაირა არსენიშვილის, ნინო ხარატიშვილის და სხვათა ახალი წიგნები. 


წელს ლიტერატურის მთავარი თემა, რასაკვირველია, ომი იყო, უკრაინის ომის ტრაგიკული მოვლენების გამო ბათუმში გაიმართა ოდესის ლიტერატურული ფესტივალი, რომელზეც ბევრი ქართველი, უკრაინელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მწერალი იღებდა მონაწილეობას.


საინტერესო ღონისძიებების მთელი ციკლი გამართა თბილისის ლიტერატურულმა ფესტივალმა, რომელიც, ყოველ წელს მსოფლიო ლიტერატურის ვარსკვლავებს მასპინძლობს-ხოლმე. რამდენიმე ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდა რეგიონებშიც.


ფესტივალებს შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ თბილისის წიგნის ფესტივალი, რომელმაც, როგორც ყოველ წელს, დიდი წარმატებით ჩაიარა. წიგნის ფესტივალი თბილისში არაერთხელ გაიმართა, კიდევ ერთი ფესტივალი ახლა, დეკემბრშიც შედგა.

მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ქართველი მწერლის, ივა ფეზუაშვილის საერთაშორისო ლიტერატურული წარმატება, იგი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა.

მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა ქართველი პოეტის, დიანა ანფიმიადის წიგნის ბრიტანულ გამოცემასაც. არაერთი ქართველი ავტორის წიგნი გამოიცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.


გამოვლინდა ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი, ფრანგი მწერალი ანი ერნო, რომლის წიგნის, „წლები“ სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა ქართულად.

2022 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი შრი-ლანკელი მწერალი შეჰან კარუნატილაკა გახდა. პრესტიჟული ჯილდო მას რომანისთვის „მაალი ალმეიდის შვიდი მთვარე“ გადაეცა. წიგნი გარდაცვლილ სამხედრო ფოტოგრაფზეა და ომის სისასტიკეს ასახავს.

 

2022 წელს ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას მრავალი მნიშვნელოვანი სახელი გამოაკლდა, პოეტი რეზო ამაშუკელი, ლიტერატორი და კრიტიკოსი კობა იმედაშვილი, ლიტერატორი, მწერალი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე, ლიტერატორი, რუსთველოლოგი ნოდარ ნათაძე, ხოლო წლის დასასრულს ცნობილი მწერალი, მეცნიერი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, უმნიშვნელოვანესი წიგნების ავტორი, ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა.


მსოფლიო ლიტერატურას სხვა სახელებთან ერთად საშინელებათა ჟანრის ცნობილი ავტორი პეტერ სტრაუბი გამოაკლდა, ასევე, ორგზის ბუკერის პრემიის ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი ჰილარი მანტელი, რომელიც პირველი ქალი მწერალი იყო, ვისაც ბუკერის პრემია ორჯერ მიანიჭეს. ასევე, 2022 წლის ბოლოს გარდაიცვალა ქართველი მკითხველისთვის კარგად ცნობილი გერმანელი პოეტი, ჰანს მაგნუს ენცესბერგერი.

ასეთი იყო 2022 წლის ლიტერატურული მიმოხილვის ყველაზე მოკლე და სქემატური ვერსია, ალბათ ბევრი წიგნი და ფაქტი ამ მიმოხილვის მიღმა დარჩა. მსოფლიო ლიტერატურა კი ახალ 2023 წლისგან, პირველ რიგში, ნაკლებ სისხლსა და ომს და წიგნის კითხვისათვის უკეთეს განწყობას ჩაიფიქრებს.





ავტორი: „საბა"