სიახლეები კულტურა

აქ.ახლა ვაკის პარკში - 100 სკამი ცის ქვეშ

ივლისი 21, 2020

ქალაქში ბუნებასთან ყველაზე ახლო წიაღში, კერძოდ კი ვაკის პარკში, კლუბში “33 ა”-ში დაიდგა 100 სკამი ცის ქვეშ 100 მაყურებლისთვის. სახელდახელოდ გამზადდა სცენა, მობილიზდნენ თეატრები, რეჟისორები, მსახიობები, ხმის, განათებისა და სხვა ტექნიკური ჯადოქრები და შუა ზაფხულის ღამეების სიზმრებს ცხადად გადააქცევენ.

აქ, პირველი ნაბიჯის შედგმისთანავე განსაკუთრებული ამბის თანამონაწილე ხდები. ბუნების ხმებიც კი, ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლის ყეფა, კალიების ჭრიჭინი, ცის გრუხუნი, წვიმა, ექსკლუზიურად ამ წუთებისთვის “დადგმული” გგონია… ან პირიქით, ის, რისი მომსწრეც შემდეგ ხდები, თითქმის კამერულ სიტუაციაში, ბუნების განუყოფელ ნაწილად აღიქმება.



აქ შევხვდი მაია გელოვანს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობს - 100 სკამის იდეის ავტორსა და აქაურობის მასპინძელს. ახლა, როცა პროექტი უკვე წარმატებით მიმდინარეობს, შეგვიძლია საუბარი აღმოჩენებზე, მაყურებლის უკუკავშირზე, მსახიობისა თუ რეჟისორის განწყობაზე… რაც მთავარია, კიდევ ერთ თვალსაჩინო დასტურზე, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში არსებობს გამოსავალი, მით უმეტეს, როცა შენი საქმე უპირობოდ გიყვარს.

ქუდზე დასი

როგორც იდეა, ისე მოცემული სივრცე ერთმანეთზე უფრო მიმზიდველია, მაგრამ 13 თეატრისა და 2 დამოუკიდებელი პროექტის მობილიზება მნიშვნელოვან ძალიხმევას მოითხოვს, მით უმეტეს ასეთ მოკლე დროში.

- ყველა მონაწილე მხარე თეატრის უზომო სიყვარულმა და საქმის მონატრებამ გაგვაერთიანა. ამის ფონზე, თითქოს ყველა სირთულე - მატერიალური იქნებოდა ეს, თუ არამატერიალური - მეორეხარისხოვანი გახდა.

სპექტაკლების გამოფენა

აქ, ქართული თეატრის პოტენციალის ერთ სივრცეში ხილვის, შეფასების, თუნდაც გადაფასების უნიკალური შესაძლებლობა იქმნება...


-ექსპერიმენტია როგორც დასებისთვის, ისე მაყურებლისთვის. ბევრი მსახიობისთვის ღია სივრცეში თამაშის პირველი შემთხვევაა.


ახლა, როცა უკვე 6 სპექტაკლი ჩატარდა ამ სცენაზე, რას გამოარჩევდით?


-უჩვეულოა იმის ყურება, როგორ ცვლის ერთი დასი მეორეს, თითოეულს შემოაქვს თავის სამყარო, თავის დეკორაციით, ამბით, განწყობით და ყველა ერთად სპექტაკლების ერთგვარ გამოფენას ქმნის.

პროქსემიკა, ანუ დისტანციის ფაქტორი

ის, რომ ამ სივრცეში მხოლოდ ასი ადგილია, ერთმანეთისგან 2-2 მეტრის დაშორებით განლაგებული, თითოეულ მაყურებელს პირადი, თითქოს ინტიმური სივრცით უზრუნველყოფს და მსახიობისთვისაც აუდიტორიის ახალ თარგს ქმნის.


- დისტანციურად მდგომი სკამები სულ სხვა ემოციას იწვევს. როგორც წესი, თეატრში აუდიტორია თითქოს უფრო ერთ ორგანიზმად აღიქმება, ამ ჯერზე კი ცალკეულ ადამიანთან გაქვს კონტაქტი. თითქოს, მაყურებელსაც ფიქრის მეტი საშუალება ეძლევა, სხვა რეაქციები მოდის, რასაც მანამდე მიჩვეულები არ ვიყავით…


თითქოს ინდივიდებთან უფრო გაქვთ შეხება და არა პუბლიკასთან… შესაძლებელი იქნება ამ ფორმატის შენარჩუნება?


-ყველანაირი სიახლე საინტერესოა.ზოგს ურჩევნია იყოს ის, რაც იყო, რასაც მიეჩვია, მაგრამ ვფიქრობ, მთავარია რაღაც ხდებოდეს, ვითარდებოდეს და იზიდავდეს მაყურებელს. როგორ დავსხდებით იმდენად მნიშვნელოვანი არაა. თუმცა, ფაქტია, რომ ესეც ცვლის ურთიერთობის ფორმას. ესეც თამაშის წესებია...

აქ და ახლა

-როცა გაურკვეველი სიტუაციები იქმნება, ყოველთვის ფიქრობ რისი გაკეთებაა შესაძლებელი აქ და ახლა. როგორც კი გაჩნდა იდეა, მომენტალურად დავუკავშირდი რეჟისორებსაც. ძალიან კარგი გამოხმაურება იყო, თუმცა ბევრი კითხვა გაჩნდა... მთავარი იყო - რა გვინდოდა და რა შეგვეძლო ამ პირობებში, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა და გვქონოდა კავშირი მაყურებელთან…


-თეატრი კი მარტო შენობა არ არის. უფრო ატმოსფეროა, რომელიც მაყურებელსა და მსახიობს შორის იქმნება, თამაშდება ამბავი, რომელიც გეხება, რაღაცა გრჩება და გამახსოვრდება… და თუ პირობითად, რომელიმე შენობაში არ გვიშვებენ, ნებისმიერ სხვა ადგილას შეგვიძლია ვითამაშოთ, თუნდაც კიბის უჯრედში.


ამ ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელოვანები, რომლებიც ყოვლეთვის გააკეთებენ თავის საქმეს, მაგრამ გვერდში დგომა, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ.

100 სკამი ცის ქვეშ 5 კვირის განმავლობაში, 7 ივლისიდან 11 აგვისტომდე მიმდინარეობს - ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საღამოს 22:00-დან. ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ!

პროგრამა კი ასე გამოიყურება:


29 ივლისი: თავისუფალი თეატრი; „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“; რეჟისორი - ავთანდილ ვარსიმაშვილი


30 ივლისი: თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი; „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“; რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე


4 აგვისტო: „ზიპო“ პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი


5 აგვისტო: ფოთის თეატრი; „ხრამუნა“; რეჟისორი - პაატა ციკოლია


6 აგვისტო: ცხინვალის თეატრი; „ჯაყო“; რეჟისორი - გოჩა კაპანაძე


11 აგვისტო: მოძრაობის თეატრი; „რეჩიტატივი ქალაქში"; რეჟისორი - კახა ბაკურაძე

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: რეზი ყენია


ბილეთები: www.tkt.ge