აგვისტო 25, 2021
COVID-19 სიცოცხლისთვის საშიშ სერიოზულ გართულებებს იწვევს, ხოლო კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილს გამოჯანმრთელების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, სისუსტე, წონაში მატება ან კლება და სხვა მრავალი პრობლემა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვიზიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმში ქმნის დამცველობით ანტისხეულებს, რომლებსაც ვირუსთან გამკლავება შეუძლიათ. ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობისა და სიკვდილის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ამ ბლოგში ეპიდემიოლოგ ლელა წაქაძესთან ერთად გიყვებით, რა შესაძლებლობები აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს და მოვიხმობთ ათ მიზეზს, რის გამოც აცრა სასარგებლოა.
1
გიცავს ინფიცირებისგან
პირველივე დოზის მიღების შემდეგ შენს ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება. ანტისხეულები კი იმუნურ სისტემას ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსთან ბრძოლაში ეხმარებიან და გიცავენ ინფიცირებისა და ავადმყოფობისგან.
საქართველოში არსებული ვაქცინები (Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac) 60%-დან 95%-მდე იცავენ ადამიანებს COVID-19-ით ინფიცირებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან.
საგულისხმოა, რომ აცრის შემდეგ, შესაძლოა, მაინც დაინფიცირდე, რადგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ იცავს ვირუსისგან, მაგრამ მათი დახმარებით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკები მცირდება, ხოლო დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
2 სექტემბრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებული რეანიმაციაში მოხვედრილი პირებიდან მხოლოდ 0.3% იყო სრულად ვაქცინირებული, ერთხელ აცრილი კი — 1%-მდე, ხოლო ბოლო 5 თვეში ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი აცრილი არ იყო. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 556,909-ს. ვირუსს კი ჯამში 7,563 პირი ემსხვერპლა;
„ვაქცინაციის შედეგად ისევე ხდება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტის შექმნა, როგორც ე.წ. ბუნებრივი გზით, ანუ დაავადების გადატანის შედეგად."
თუმცა, ვაქცინაციისაგან განსხვავებით, დაინფიცირებისას ადამიანი იმყოფება დაავადების მძიმე გართულებებისა და გარდაცვალების რისკის ქვეშ. აუცრელი ადამიანი საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მთლიანად საზოგადოებას. COVID-19 ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!”
— ამბობს ეპიდემიოლოგი ლელა წაქაძე.
2
იცავ საყვარელ ადამიანებს
ბავშვებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ ადამიანებს, რომლებიც აცრას ვერ ახერხებენ, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. ეს კი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვები აიცრებიან და მინიმუმამდე დაიყვანენ ვირუსის გადაცემის რისკებს.
რაც მთავარია, აცრით იცავ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები ან სჭირდებათ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია — ქირურგიული ჩარევა ან სხვა სახის სამედიცინო დახმარება. აცრის შედეგად ვირუსის გავრცელების შემცირებით, ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ჰოსპიტალიზაციის რისკები და დავიცვათ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსისგან. შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ექიმთან ვიზიტს და გეგმურ თუ სასწრაფო სამედიცინო ჩარევების მიღებას.
აცრით შენ შეგიძლია გამოიჩინო სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაიცვა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ საზოგადოებაც.
3
რაც მეტი აიცრება, მით უფრო მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას
კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში თითქმის ორი წელია არსებობს და მას თან ახლავს მუდმივი შიში, ჩაკეტვები, კარანტინი, დისტანციური მუშაობა და სწავლა, უარის თქმა საყვარელ საქმიანობებსა და გართობაზე. ამიტომაც, რაც მეტი ადამიანი აიცრის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მით უფრო შემცირდება ვირუსის გავრცელების ტემპი და მასშტაბები, და შესაბამისად, ერთი დიდი ნაბიჯით მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას.
4
ვაქცინა სანდოა, შემოწმებულია და აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა განვითარების ყველა ეტაპი გაიარეს და ტესტირებულია უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე. მცირე დროში მოხერხდა ამ საკითხზე ურთიერთთანამშრომლობა, ფინანსების მობილიზება და ვაქცინები შეიქმნა ისეთი პროცედურების და მეთოდოლოგიების დახმარებით, რომელზე მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. ეს მეთოდოლოგიები უზრუნველყოფენ იმას, რომ ინფექციური დაავადებების მოულოდნელად გაჩენის და პანდემიის შემთხვევაში მეცნიერებმა სწრაფად და ეფექტიანად შეძლონ საწინააღმდეგო საშუალების შექმნა.
ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჩვენს ქვეყანაში დაინერგა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა. NCDC-ში აცხადებენ, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადიან მკაცრ ტესტირებას კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს”. მაგალითად, NCDC-ის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის კლინიკურ ცდებში 43,000 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ, კი COVID-19-ით მხოლოდ 170 ადამიანი დაინფიცირდა. 23 აგვისტოს აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.
5
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევებმა და ტესტირებამ მოიცვა ყველა ტიპის ადამიანი
COVID-19-ით ყველა ადამიანი შეიძლება დაავადდეს, ამიტომაც მეცნიერებმა კლინიკური კვლევები ისე ჩაატარეს, რომ მასში ყველა ტიპის ადამიანი მოხვედრილიყო და განზოგადების საშუალება ჰქონოდათ. კლინიკური კვლევებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები, ასაკოვანი ადამიანები და ისინი, ვისაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვთ, მათ შორის იყვნენ ჭარბწონიანი, დიაბეტიანი, გულის, სასუნთქი სისტემების და სხვა დაავადების მქონე ადამიანები.
„კლინიკურ კვლევებში შესწავლილი თანმხლები დაავადებები მოიცავს: ჰიპერტენზია; დიაბეტი; ასთმა; ფილტვის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები; ასევე, ქრონიკული (სტაბილური და კონტროლირებადი) ინფექციები: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ), C ჰეპატიტის ვირუსით (HCV) და B ჰეპატიტის ვირუსით (HBV).
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის, რომლებიც ზრდის COVID-19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკს”, — ამბობს ლელა წაქაძე.
6
კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს, შესაბამისად, აცრის შედეგად COVID-19 არ დაგემართებათ.
საყურადღებოა, რომ აცრის შემდეგ, 2-3 დღის განმავლობაში, შესაძლოა იგრძნოთ გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა რეაქცია ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ცხელება, თუმცა ეს მოვლენები დროებითია და სიგნალია, რომ იმუნური სისტემა სწავლობს კორონავირუსთან გამკლავების ხერხებს. გასათვალისწინებელია, რომ აცრილი ადამიანების უმეტესობას, შესაძლოა, საერთოდ არ გამოუვლინდეთ მსგავსი სიმპტომები. საგულისხმოა ისიც, რომ აცრის შემდეგ იმუნიტეტი არ სუსტდება, პირიქით, ის აქტიურდება.
7
აცრის გაკეთება, ზოგიერთ შემთხვევაში, ალერგიული ადამიანებისთვისაც შესაძლებელია
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას გასცემს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ ზოგიერთ საკვებზე, მწერის ნაკბენზე, ლატექსზე ან იმ ალერგენებზე, რომლებიც ვაქცინებთან ან საინექციო პრეპარატებთან კავშირში არაა.
თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია კორონავირუსის ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე, აცრამდე კონკუსლტაცია გაიარეთ ალერგოლოგთან.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
8
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკომენდებულია ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის და უშვილობასთან კავშირში არაა
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება საქართველოში რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ (ზოგიერთ ქვეყნებში 12 წლის ზემოთ) პირებისთვის, მათ შორის ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის და მათთვისაც, ვინც მომავალში აპირებს შვილის გაჩენას. ორსული ქალებისთვის განსაკუთრებულად სარისკოა COVID-19-ით დაავადება.
საქართველოში COVID-19-ის ვაქცინების თანდართული ინსტრუქციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისა და არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ორსულები და მეძუძური ქალები იცრებიან პფაიზერ ბიონტექის (Pfizer-BioNTech) ვაქცინით.
რაც მთავარია, ვაქცინებს არანაირი შეხება არ აქვთ ადამიანის დნმ-თან. „COVID 19-ის ვაქცინების ნაწილი, მაგალითად Pfizer-BioNTech და Moderna-ს ვაქცინები მზადდება საინფორმაციო რნმ-ის გამოყენებით. ვაქცინის რნმ-ს არ შეუძლია შეცვალოს ადამიანის დნმ. რეალურად, ვაქცინის რნმ არ შედის უჯრედის ბირთვში, რომელშიც დნმ ინახება. შესაბამისად, ვაქცინის რნმ-ს არანაირი შეხება არ აქვს ადამიანის დნმ-თან”, — გვიხსნის ლელა წაქაძე.
9
თუ უკვე გადაიტანე კორონავირუსი, აცრა უფრო მეტად დაიცავს შენს იმუნიტეტს
იმ შემთხვევაში, თუ უკვე გადატანილი გაქვს COVID-19, ვაქცინის გაკეთება მაინც რეკომენდებულია. არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ ხანგრძლივი იმუნიტეტი არ ყალიბდება და განმეორებითი ინფიცირების რისკი მაინც არსებობს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება.
საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით, დაყოვნების პერიოდი იმ პირებისათვის, რომლებსაც ტესტირებით დაუდასტურდა ინფექცია, განისაზღვრა 30 დღით. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID–19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომელთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ასეთ შემთხვევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.
10
რაც უფრო ყოყმანობ აცრაზე, ვირუსი უფრო ძლიერდება
როდესაც ვირუსი მრავლდება, მისი გენომი ზოგჯერ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციები ეწოდება და ჩვეულებრივ, ისინი უმნიშვნელოა. თუმცა, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტია მისი ცვლილების და ახალი, გარემოსთან უფრო ადაპტირებული ვერსიების, შტამების წარმოქმნის ალბათობა. ამიტომაც, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრის, მით უფრო დაიკლებს ვირუსის გავრცელების ტემპები, მასშტაბები და შესაბამისად, მუტაციებიც შემცირდება.
NCDC-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის პროგრამებში ამჟამად გამოყენებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სულ მცირე, ნაწილობრივ დაცვას მაინც შექმნიან ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ, რადგან ყველა ეს ვაქცინა გათვლილია ფართო იმუნურ პასუხზე.
----
პანდემიის შესაჩერებლად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია ნიღბის ტარება, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა, დახურული სივრცეების განიავება, ხალხმრავალ ადგილებში ან ჩაკეტილ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავება.
გაინტერესებს, ვის შეუძლია ვაქცინაცია, რა სახის ვაქცინებია ხელმისაწვდომი, რომელია შენთვის საუკეთესო, როგორ დარეგისტრირდე და მოემზადო ვაქცინაციისთვის? მაშინ ესტუმრე ამ ბმულს. ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და გვერდითი მოვლენების შესახებ გაიგე მეტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებსაიტიდან.
ავტორი: იანა კოხოძე