კულტურა

„ვარდობისთვე“ ყვავილებით და შფოთვებით

11 მაისიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ფოტოგრაფ ნესტან აბდუშელიშვილის ფოტოგამოფენას - „ვარდობისთვე“ მასპინძლობს.

ივნისი 15, 2023

11 მაისიდან მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ფოტოგრაფ ნესტან აბდუშელიშვილის ფოტოგამოფენა - სახელწოდებით „ვარდობისთვე“ მიმდინარეობს.


ზრუნვის კონცეპტის ირგვლივ გაერთიანებულ პეიზაჟებში, პორტრეტებში, სტატიკურ თუ მოძრავ გამოსახულებებში უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე ხელოვანის მიერ ამ თემის სრული სპექტრია ასახული.


სანამ გამოფენას ესტუმრებით და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავთ, მანამდე ჩვენს ინტერვიუში კიდევ უფრო ახლოდან გაიცანით ფოტოგრაფი თავისი საინტერესო ისტორიითა და ნამუშევრებით. 


სანამ მიმდინარე გამოფენაზე ვისაუბრებდეთ, მოგვიყევით, პირველად როდის და როგორ გაგიჩნდათ ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ?

ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი ბავშვობაში გამიჩნდა, როგორც კი პირველად დავინახე კამერა. 90-იანი წლები იყო, ალბათ 6-7 წლის ვიქნებოდი, მამაჩემის მეგობარი ემიგრაციაში მიდიოდა კანადაში, ჩვენთან მოვიდა პოლაროიდით და სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.


პოლაროიდის კამერა და შემდეგ უკვე ფოტო რომ დავინახე, მაშინვე მომინდა გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა.

ზრდასრულ ასაკში წავედი ესპანეთში ფოტოგრაფიის მაგისტრატურაზე. იქ ყველა დოკუმენტალისტი ან მოდის ფოტოგრაფი დამხვდა, ამიტომ საკმაო დრო დამჭირდა ამ გავლენებისგან გასათავისუფლებლად. თავიდან ყველაფერს ვაკეთებდი, წლებთან ერთად უფრო ზუსტად ხვდები, რა გინდა და ამიტომ ჩემი მიმართულებაც უფრო კონკრეტული გახდა.

გახსოვთ პირველი ფოტოპროექტი?

პირველი გადაღებები სკოლის პერიოდში მეგობრების და ოჯახის წევრების პორტრეტები იყო. შემდეგ, 2020 წელს, პირველად გალერეა “ნექტარში” ვაჩვენე „დავიწყებული გრძნობების არქივი“ - ფოტოები თბილისის არქიტექტურული ტრანსფორმაციის შესახებ. ამ პროექტს დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდი, ეს საკითხი ჩემთვის დღესაც მნიშვნელოვანია. ხშირად მომსვლია, რომ რაღაც შენობის გადასაღებად მივსულვარ და უბრალოდ აღარ დამხვედრია, ან მის მაგივრად სასტუმრო აუშენებიათ ან სუპერმარკეტი გაუმართავთ.

ზოგადად, როგორ დაახასიათებდით იმას, რაც აქამდე შეგიქმნიათ, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ფოტოგრაფიის კონცეპტი?

რაც გამიკეთებია, მირჩევნია, სხვამ დაახასიათოს, საკუთარ ნამუშევრებზე შემიძლია მოვყვე, რა არის, მაგრამ დახასიათება  დღევანდელ დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, როცა ხელოვანები ადრეული ასაკიდან საკუთარი თავის ან შემოქმედების „გაყიდვას“ ეწევიან,  ცოტა უხერხულობის განცდას იწვევს ჩემში.  ერთი კონცეფცია არ მაქვს სამუშაოდ - სხვადასხვა თემას ვეხები,  სხვადასხვა მეთოდით. 

შთაგონებას სად პოულობთ?

შთაგონების საძებნელად არ მჭირდება განსაკუთრებული გარემოებები.  ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს, დაწყებული ადამიანიდან, დამთავრებული განათებით,  და თვითონ ხელოვნებამ.  შეიძლება უბრალოდ თავისით გაჩნდეს იდეა, შემდეგ ან გავაკეთებ, ან არა, გააჩნია რამდენად ძლიერი იმპულსია.

მოგვიყევით თიბისი კონცეპტში მიმდინარე გამოფენის შესახებ, რას ნახავს დამთვალიერებელი და რა სახის ნამუშევრები იქნება გაერთიანებული გამოფენაზე? 

თიბისი კონცეპტში სხვადასხვა დროის ნამუშევრებია. კლასიკურად ფოტოქაღალდზე დაბეჭდილი ფოტოები. ჩემთვის ფოტოგრაფიის სირთულე ხშირად ამაშია, რომ ორ განზომილებაში ჩაატიო შენი სათქმელი, ამიტომ ხშირად ვაკეთებ ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალაზე ბეჭდვით, მაგრამ ამ გამოფენაზე, რადგან ნამუშევრების რაოდენობაც ბევრია და სხვადასხვანაირია, გადავწყვიტეთ, რომ ერთი ფორმით წარმოგვედგინა და ექსპოზიციით გაგვეერთიანებინა.

რატომ იყო ზრუნვის კონცეპტი თქვენთვის საინტერესო საკვლევი თემა და რა სახის მიკროთემები ერთიანდება მთელ ამ კონცეფციაში?

ეს საკითხი ჩემთვის პირველ რიგში იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მოიცავს ჩემს, და არამარტო ჩემს, ყოველდღიურ ცხოვრებას. ადრეული პერიოდიდან საქართველოში ქალებმა ბევრი აიღეს საკუთარ თავზე, დღესაც ასეა.

ზრუნვის იდეაში ბევრი გრძნობა ერთიანდება, სიყვარული, ტკივილი, კომპრომისი. 


ამ გამოფენაზე სხვადასხვა სახით არის ნაჩვენები ეს ფენომენი, ჩემი საკუთარი შვილის პორტრეტი, ომში დაღუპული გმირების მემორიალი, გადამეტებული ზრუნვისგან დაზარალებული ადამიანი, უყურადღებოდ დატოვებული შენობა თუ ქანდაკება, ყვავილები და ა.შ. ყველაფერი ამ იდეის ელემენტებია, რომლებიც რაღაც დროს მინდოდა, რომ მხატვრულად გადმომეცა."

როგორ უკავშირდება გამოფენის სახელი “ვარდობისთვე” ექსპოზიციის ძირითად კონცეფციას, რატომ აირჩიეთ ეს სახელი?

ვარდობისთვე, მაისის თვეა, მაია კი ბერძნული და რომაული მითოლოგიის მიხედვით ნაყოფიერების, გაზაფხულის და სითბოს ქალღმერთია. მაისიც ასეთი თვეა, თავისი ყვავილებით და შფოთვებით.

მოგვიყევით გამოფენის დაგეგმვის და სამუშაო პროცესის შესახებაც, როგორც ვიცით, ეს თქვენთვის ერთ-ერთი პირველი გამოფენაა, რამ გიბიძგათ, რომ აუდიტორიისთვის საკუთარი ნამუშევრები გამოფენის ფორმით გაგეცნოთ?

ამ გამოფენის იდეა კურატორ მარიამ წიქარიძეს ეკუთვნის.  პირველი სოლო გამოფენა არ არის, თუმცა ამ მასშტაბის პირველია, შესაბამისად, სამუშაოც უფრო შრომატევადი იყო, მოკლე ვადის გათვალისწინებით. ვიზუალურ ხელოვნებას როცა აკეთებ,  რაც უნდა ინტროვერტი იყო და რაც უნდა ინტიმური იყოს პროცესი,  საბოლოო ფორმა მაინც სხვა ადამიანებისთვის ჩვენებაა, იმის, რაც არის გამოფენა, სადაც გარკვეული მხრივ მთავრდება ავტორის და ნამუშევრის ურთიერთობა. 

როგორ ხედავთ თქვენს თავს ფოტოგრაფიის მომავალში?

ფოტოგრაფიის მომავალი არ ვიცი, რა არის, ალბათ ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული, რასაც ჩემი ტვინი დიდად ვერ ამუშავებს, მე მგონი - ვერც გული.  საკუთარ მომავალზე ფიქრსაც გადავეჩვიე, ამიტომ არ ვიცი, ჩემს თავს როგორ ვხედავ მომავალში, მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ბუნებასთან სიახლოვე. 

ავტორი: გვანცა ჩანადირი/At.ge

ფოტოები: გურამ კაპანაძე