კულტურა

სათავეები - მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან

ოქტომბერი 09, 2023

მოგზაურობა ყოველთვის დროში გადასვლის ჯადოსნური შესაძლებლობაა


შემდგომში კი უკვე განვლილი თავგადასავალი, მოგონებებით ისევ წარსულში, უკვე სხვა ემოციით, ისევ დროში გვაბრუნებს...

მითუმეტეს, თუ თავსგადახდენილი იმდენად გაგიტაცებს, გამოფხიზლება და ყოველდღიურობაში დაბრუნება გიჭირს..



„მოგზაურის“ და თიბისი კონცეპტის რიგით მესამე კონცეპტ თავგადასავალი -   „სათავეები - მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან"


ისტორიის დოქტორ ბუბა კუდავას მეგზურობით, ნოდარიკო ხუციშვილის და სანდრო ბიბიჩ კვაჭაძის ტკბილხმოვანებითა და მელოდიებით, ძალიან ჰგავდა ჯადოსნურ, მისტიკურ სიზმარს, რომლიდან გამოფხიზლებაც გაგვიგრძელდა და გაგვიხანგრძლივდა... ტაო-კლარჯეთთან ხელახლა მიბრუნება კი, კიდევ უფრო ძლიერ სურვილად გადაგვექცა... 

ტაო-კლარჯეთი ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ...

„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხესიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ..


აქ ყოველთვის რჩება რაღაც – უპასუხო, გრძნობასა და განცდას რომ ვერ სცდება და სიტყვად და აზრად ვერ გარდაიქმნება.

20 წელია დავდივარ, ვტკბები, ვსწავლობ, ვიკვლევ და არცერთი მორიგი სტუმრობისას არ მთავრდება ემოციათა შემოდინების პროცესი, არასოდეს ხუნდება იქ ჩასვლა და საოცარია, რომ სხვა არაერთ მეგობარს, კოლეგასა თუ უბრალოდ უცნობს, ტაო- კლარჯეთში რომ შევყრივარ, დაუმოწმებია, რომ დიახ, ისიც ასეა, არასოდეს ჰბეზრდება იქ მიბრუნება“.


გაგვაფრთხილა ბუბა კუდავამ

ტაო-კლარჯეთის მოგზაურობის დაწყებამდე და ასეც მოხდა, სამხრეთ საქართველოს ისტორიულ წარსულთან მიბრუნების სურვილი ყველა მონაწილის თანმდევ ფიქრად იქცა.


„ამაზე უკეთესი რა უნდა მენახა… სად ვიყავი აქამდე…“


როგორც ჩვენმა მეგზურმა გაგვაფრთხილა, ეს ფიქრიც ყველა ჩვენგანს აგვეკვიატა...

„ამაზე უკეთესი რა უნდა მენახა… სად ვიყავი აქამდე…“

 4-დღიანი მოგზაურობისას ისტორიული ძეგლების მონახულების პარალელურად, სიამაყით, აღფრთოვანებით, სევდით, ბრაზითაც ავივსეთ...


თითქოს შორიდან, ყველამ ხომ ვიცით, რამხელა სიმდიდრეა სამხრეთ-საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე, თუმცა საკუთარი თვალით ნანახი, მოვლილი და შეგრძნებული ტაო-კლარჯეთი ენითაუწერელ, წარმოუდგენელ, ჯადოსნურ სიმდიდრესა და ენერგეტიკას ატარებს, რომელიც აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახო, იმისთვის, რომ სრულფასოვნად გაიაზრო ქართული იდენტობა, ჩვენი შესაძლებლობები და წარსული... 

ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, კოლა, არტაანი თუ სხვა მხარეები ლანდშაფტით და ენერგეტიკით ზღაპრულ სამეფოს და ამასთან დანარჩენ საქართველოს ძალიან ჰგავს... ქაჯისციხე, ციხე ქალაქი არტაანი, არტანუჯის და ახიზის ციხეები , ტბეთი, ხანცთა, ოთხთა ეკლესია, დოლისყანა, იშხანი, ხახული, ოშკი და ბანა, ჩაძირული კავკასიძეების ციხე-ეკლესია... 

ჩვენს მიერ შემოვლილი ძეგლები წარსულის დიდების აჩრდილებს , დღემდე ღირსეულად ატარებს... ჯადოსნურ სიზმარში მოგზაურობას, მოულოდნელ სამეცნიერო აღმოჩენებთან პარალელურად, ნამდვილი ზღაპრებიც ახლდა..

შთაბეჭდილებებით და ემოციებით სავსეებს, ზაქარია ჭელიძის ფოტოობიექტივი რომ არა, ახლაც ვერავინ დაგვაჯერებდა, რომ იშხანთან ასე ახლოს, ნიამორების დიდ ოჯახს მართლაც გადავეყარეთ და არ დაგვსიზმრებია..

ტაო-კლარჯეთთან მიბრუნებას, იმდენი ემოცია და ფიქრი ახლდა, გამოთქმა და გააზრებისთვის ჯერ ცოტა დრო გავიდა...  

"როგორ შეიძლება, ყოველმა ქართველმა ერთხელ მაინც არ მოინახულო ეს აღთქმული მხარე… ერთხელ კი არა, ორჯერ, სამჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ"

ბუბა კუდავას ამ სიტყვებს ერთხმად და სრულად ვიზიარებთ და ტაო-კლარჯეთთან მიბრუნებას კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ ვგეგმავთ.