ლიტერატურა

დიდებული სიკვდილის აღაპი

„საბა“

აგვისტო 04, 2020

ე სიყვარულის მჯერა. ყოვლისშემძლე სიყვარულის, რომელიც სიკვდილივით ძლიერია. სიკვდილისაც მჯერა, ან, ალბათ უფრო გარდაცვალების და მჯერა ჩვენთვის უხილავი სამყაროების არსებობის არა მაინცდამაინც ცათა შინა, არამედ სადღაც, სადამდეც თვალი ვერასოდეს წვდება და ხშირად - ვერც გონება.


მე მჯერა სამყაროს უსასრულობის და ცვალებადობის, და თან, მთელ ამ ამბებზე, შემიძლია, ვიცინო და ვიტირო კიდეც, ვიცინო და ვიტირო ჩემს და ჩემი სურვილების მინიატურულობაზე მთელ ამ ქაოსში. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემზე არ ვწერ, მაინც ასე გამომდის, რადგან „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“, მგონია, რომ ზუსტად ჩემისთანა ადამიანებისთვის დაწერილი წიგნია. თუმცა ალბათ სხვებისთვისაც, ცივსისხლიანი სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც მასში ნაკლებ მისტიკას და მეტ ირონიას დაინახავენ, ვიდრე მე ვხედავ და ვიცი, რომ სწორედ ამის გამო შეიყვარებენ.

ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი რომანი „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ეს წიგნი, შეგიძლია, სიყვარულის ახსნის ნაცვლად აჩუქო ადამიანს და ამით იმდენი რამე უთხრა, რომ მან ზუსტად იცოდეს - მაშინაც კი, თუკი სხვა სამყაროში გადაწყვეტს გადასახლებას, ხელს მაინც არ გაუშვებ და უხილავი კავშირის შენარჩუნებას შეძლებ, რადგან როგორც ქარუმიძის პერსონაჟი ამბობს, „სიკვდილი წესრიგია“. 

© მწერალთა სახლი

მას შემდეგ სულ ველოდებოდი ამ წიგნის ქართულ ენაზე გამოსვლას, რომ ჩემს მეგობრებსაც წაეკითხათ. მათ, როგორც ბევრმა სხვამ, რა თქმა უნდა, იცოდნენ, ვინ იყო დაგნი იუელი - ნორვეგიელი პოეტი და დრამატურგი, მუნკის, სტრინდბერგის, ჰამსუნის და სხვათა მუზა, პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის ცოლი, რომელიც 1901 წელს, თბილისში ჩამოიყვანა და აქვე, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ მოკლა ვლადისლავ ემერიკმა. მაგრამ რადგან მუდამ ვცდილობ, ჩემი საყვარელი წიგნები მთელ ჩემს გარემოცვას მოვაწონო მაინც, იმ ფაქტების მიღმა, რომელიც ბევრჯერ წაგვიკითხავს, მინდოდა, მათაც დაენახათ დაგნი, რომელიც მარიამ მაგდალელს უკნიდან ეხვევა და ეუბნება:

„მარიამ, ჩემო ტკბილო მარიამ, მე ის ქალი ვარ, რომელმაც შეიყუარა ფრიად, შენსავით. ახლა კი ჩემი სიყვარული სიკვდილისაკენ მიბიძგებს. მითხარი, სიკვდილი როგორი საყვარელია?“ 



2020 წელს, სულ ორიოდე თვის წინ, რომანი, როგორც იქნა, გამოიცა ქართულ ენაზე გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ და თამარ ჯაფარიძის შესანიშნავი თარგმანის წყალობით, ტექსტმა ზედმიწევნით შეინარჩუნა ზურაბ ქარუმიძის ხმა და ხასიათი.


ავტორი ჩვეული ოსტატობით ატრიალებს ერთმანეთზე საოცარ ამბებს. აქ, ამ წიგნის ფურცლებზე, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟის თბილისში, მისტიკური რიტუალი უნდა აღსრულდეს, რომელში მონაწილეობაც რჩეულთა ხვედრია. აქ, დაგნის გარშემო შეკრული ჯადოსნურ წრეში ტრიალებენ იდუმალებით აღსავსე გურჯიევი და დედაქალაქის ბაღებში მოჩხუბარი ვაჟა ფშაველა, იაპონურად ამეტყველებული ფიროსმანი, მისი მარგარიტა, რომლის სახლშიც მილიონ ვარდში ჩაფლული დაგნი იღვიძებს, კამო, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ თბილისი მისთვისაც საბედისწერო ქალაქი აღმოჩნდება, სტალინი, ისეთი, როგორსაც სხვაგან ვერ შეხვდებით, რომელსაც „სახე თანდათან ებადრება, ვიდრე ბოლოს მთლად ღიმილად არ იქცევა - მხოლოდ ღიმილად, სტალინის გარეშე,“ ოლივერ უორდროპი და ილია ჭავჭავაძეც კი ჩნდებიან გავლით, სრულიად მოულოდნელად და თქვენ წარმოიდგინეთ, მედეა და იასონიც. აქ ოქროს საწმისის ლეგენდაც იძენს ახალ სიცოცხლეს და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანიც“ - სხვა მისტიკას. 

© მწერალთა სახლი


როგორც ზურაბ ქარუმიძის მკითხველი, მისგან მიჩვეული ვარ ლიტერატურულ საოცრებებს. მას, ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართულ ლიტერატურაში სრულიად განსხვავებული გზა აქვს არჩეული, უსაზღვრო ჰორიზონტით და გამაოგნებელი სიმაღლეებით. თუმცა „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“, მის შემოქმედებაშიც კი განსაკუთრებული წიგნია ჩემთვის, რეალური ადამიანებით, მისტიკური ისტორიებით, დაუფარავი ეროტიკულობით, მსუბუქი ირონიით, წიგნი, რომელსაც თან კოსმოსში გაყავხარ და თან მუდმივად თბილისის თავზე გატრიალებს, იმ თბილისის, რომელიც თავად იყო მუზა და რომელიც, რატომაც არა, მართლაც შეიძლებოდა, მსოფლიოს უდიდესი შამანების და მისტიკოსების თავშეყრის ადგილი ყოფილიყო, იმ თბილისის, რომელსაც გვგონია, რომ კარგად ვიცნობთ და მაინც ხშირად გვიწევს, რომ თავიდან აღმოვაჩინოთ. 



ზემოთ ჩემს ემოციებზე გიყვებოდით, იმდროინდელზე, „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ პირველად რომ წავიკითხე. მაშინ გადავწყვიტე, რომ კუკიაზე დაგნი იუელის საფლავი უნდა მენახა. ვეძებე და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერ ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ თურმე, სულაც არ არის რთული საპოვნელი. მერე კი მივხვდი, რომ ალბათ ასე ჯობდა, რადგან მე სიყვარულის, სიკვდილის და სამყაროს უსასრულობის მჯერა და არა საფლავების, და მეტიც, საფლავებს საერთოდაც ვერ ვიტან. მჯერა უცნაური კავშირების ადამიანებს და ამბებს შორის, და მწერლების, რომლებიც ახერხებენ, ამ ყველაფერზე ისე დაწერონ, რომ სიცილ-ტირილამდე მიგიყვანონ. და მჯერა ქალების, რომლებსაც შეუძლიათ, სიკვდილს ფეხის ფეხზე ელეგანტური გადადებით შეხვდნენ და მესაფლავეს გასძახონ:



„ვლად ემერიკ, შე დარტყმულო ხურუშიანო, რაღას უცდი?

გამიმზადე ბოლო ტრაპეზი!“


სიგიჟეა, არა?


მეც ასე მგონია. 




ავტორი: სალომე ბენიძე