ტექნოლოგია

თვალსაჩინო ვიჯეტები

მობაილბანკი iOS 14.1

დეკემბერი 18, 2020

iOS-ის ყოველ ახალ ვერსიას მოსდევს აღტაცება. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. ეფლმა iOS 14 წარადგინა, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალოს.


ერთ-ერთი ასეთი სიახლე, რომელსაც კომპანია გვთავაზობს არის „ვიჯეტები“.

განახლებული ვიჯეტების გაცნობისას, პირველ რიგში, პარალელს გავავლებთ ძველ ვიჯეტებთან, რომელიც თავისი ფუნქციონალით საკმაოდ შეზღუდული იყო.


თანამედროვე ვიჯეტები კი გაცილებით უფრო მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული შეიძლება იყოს. ყველაზე დიდი განსხვავება არის ის, რომ თანამედროვე ვიჯეტების განთავსება თავისუფლად არის შესაძლებელი იგივე სივრცეში, სადაც აპლიკაციის გამხსნელი ხატულებია.

თანამედროვე ვიჯეტები სამ ზომაში შეიძლება იყოს წარმოდგენილი

ეფლის ამინდის ვიჯეტი სამივე ზომაში

ვიჯეტის უკან არ მოიაზრება მინი აპლიკაცია. პირიქით, ვიჯეტი უნდა წარმოადგენდეს ძირითადი აპლიკაციის გარკვეული თვალსაჩინო ფრაგმენტის პრეზენტაციას, რომლის აღქმა მომხმარებელს თვალის მარტივი შევლებითაც უნდა შეეძლოს.


განახლებულ ვიჯეტებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებთ, შეუძლიათ მაქსიმალურად მოერგონ მომხმარებლებს, ისე, რომ არ მოითხოვონ დამატებითი ინტერფეისი ძირითადი აპლიკაციისგან, რაც ასევე ერთ-ერთი დიდი განსხვავებაა თანამედროვე და ძველ ვიჯეტებს შორის.


კონფიგურაციის მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ზემოთ მოცემული ამინდის ვიჯეტისთვის ადგილმდებარეობის მითითების საშუალება.


განახლებული ვიჯეტები სწორად კონფიგურირების წყალობით გადადის სრულიად განსხვავებულ პარადიგმაში.

აღნიშნულმა სიახლემ და შესაძლებლობამ თიბისის მობაილბანკის გუნდი გულგრილი ვერ დაგვტოვა. ჩვენ მუდმივად ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებასა და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე. ვიჯეტები კი ის ახალი არხია, რომლითაც სრულიად განსხვავებული შეგრძნებები შეიძლება გავაჩინოთ.

უამრავი საინტერესო ვიჯეტის იდეა განვიხილეთ და მოუთმენლად ველით თითოეულის განხორციელებას. დასაწყისისთვის კი გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ თიბისის გაცვლითი კურსის კონფიგურირებადი ვიჯეტი.

მოდით ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ვიჯეტის მოძიება და შემდეგ მისი დაკონფიგურირება.

  • ეკრანზე დიდი ხანი დაჭერით, მარცხენა ზედა კუთხეში გამოჩნდება პლუსის ღილაკი, რომელზე დაჭერითაც გადავალთ ვიჯეტების გალეარაში. ეს არის სივრცე, სადაც ყველა ის აპლიკაციაა თავმოყრილი, რომელიც ვიჯეტის ფუნქციონალს გვთავაზობს.
  • ვიჯეტი უკვე ამაყად იწონებს თავს ხატულების გვერდით. ახლა კი მთავარზე გადავიდეთ და ვიჯეტი ჩვენს ინტერესებს მოვარგოთ.
  • როგორც ვხედავთ, იმის გარდა, რომ შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ვალუტა ავირჩიოთ, ასევე არ ვართ შეზღუდული ვიჯეტების რაოდენობაზე. ეს კიდევ ერთი ხელშესახები განსხვავებაა თანამედროვე და ძველ ვიჯეტებს შორის.

ეფლი ყოველთვის ორიენტირებული იყო დეტალებზე. პატარა შეუმჩნეველ ინტერაქციებსა და სილაღეზე, რომელიც მისი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას მოსდევს.

ვიჯეტები სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს. არც ისე დიდი დრო გავიდა iOS 14-ის ოფიციალური გამოსვლიდან, მაგრამ უკვე არაერთი აპლიკაცია სთავაზობს მომხმარებლებს ვიჯეტებს. ჯერ კიდევ ადრეული ადაპტაციის ეტაპზე ვართ და მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, თუ რამდენად დაიმკვიდრებს ის ეკოსისტემაში საკუთარ ადგილს.

მომავალ ვიჯეტამდე 🚀🚀🚀

აქედან გადმოიწერე მობაილბანკი iOS-ისთვის

ავტორი: შოთა იორამაშვილი