სიახლეები

ხმოვანი ასისტენტი Payments Awards-ზე

თიბისის მობაილბანკის ხმოვანი ასისტენტი Payments Awards 2019-ზე საუკეთესოთა შორის ორ კატეგორიაში დასახელდა - საუკეთესო მობილური გადახდის საშუალება და საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტი.


ხმოვანი ასისტენტის შექმნიდან 6 თვე გავიდა. თავდაპირველად ახალი ფუნქცია ადამიანებმა ემოციური ვიდეო რგოლით გაიცნეს, სადაც ხმების ოსტატმა - ბატონმა რობერტმა სამყაროში ხმების მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე დაგვაფიქრა. ხმოვანმა ასისტენტმა დროთა განმავლობაში ერთგული მომხმარებლებიც გაიჩინა, რომლებიც მისი დახმარებით უფრო მარტივად ასრულებენ გადარიცხვებს მობაილბანკიდან. ხმოვანი ასისტენტის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო - ადამიანებისთვის ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება. 



როგორც ჩანს, არც საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩენიათ ეს სიახლე. Payments Awards უკვე მეშვიდედ ტარდება და მის ფარგლებში ყოველწლიურად აუდიტორია სხვადასხვა კომპანიის ინოვაციური გადახდის სერვისებს ეცნობა. წელს ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის დახმარებით თიბისი ფინალისტებს შორის ისეთი ცნობილი ბანკებისა და Fintech-ების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: HSBC, Judopay, O2, PPRO, NatWest და სხვა. 

პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტის პროექტზე მობაილბანკის და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია Pulsar AI-ის გუნდები 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდით. შექმნისას გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეთოდოლოგიები“ - გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული ბანკის განვითარების ხელმძღვანელი


Payments Awards-ზე თიბისი პირველად არ არის წარდგენილი. შარშან თი ბოტმა - პირველმა ქართულენოვანმა მესენჯერ ჩატბოტმა, საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტის კატეგორიაში გაიმარჯვა. რა შედეგით დაბრუნდება ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია, ამის გასაგებად 3 თვეზე ნაკლები რჩება. სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები 13 ნოემბერს ლონდონში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან.