სიახლეები ტექნოლოგია

როგორ ვისწავლოთ „სამომხმარებლო გამოცდილების პროექტირება“- UX კურსი IT აკადემიაში

ივლისი 29, 2020

ბოლო დროს შექმნილი პირობების გამო, ციფრული პროდუქტების მნიშვნელობა ისე მკვეთრად გამოიხატა, როგორც არასდროს. მეორე მხრივ კი, ადამიანებს მეტი დრო გაუჩნდათ თვითგანვითარებისთვის. თიბისი კი, რომელიც თავდაპირველად 4 თვიანი UX ბუთქამფ პროგრამის გაკეთებას გეგმავდა, აქ. ახლა არსებულ რეალობას მოერგო და IT აკადემიის ფარგლებში, ონლაინ UX კურსი შესთავაზა დაინტერესებულ ადამიანებს.


UX, ანუ „სამომხმარებლო გამოცდილების პროექტირება“, როგორც მას IT აკადემიის UX კურსის ავტორი – კახა დოლიძე განსაზღვრავს, ციფრული პროდუქტების შექმნისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მსგავსი კურსის გავლა კი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ციფრულ (და არა მხოლოდ) პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ახალი უნარები აითვისონ და ციფრული პროდუქტების არქიტექტურაზე ზრუნვა შეძლონ. არქიტექტურაზე, რომელმაც მომხმარებლის ინტერესები უნდა აირეკლოს და მას უნდა მოერგოს.

სტატიის ფარგლებში შემოგთავაზებთ როგორც კურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, კურსის ავტორისა და ლექტორის – კახა დოლიძის დამოკიდებულებებს UX დიზაინისა და ამ მიმართულებით, ამ სახის კურსის არსებობის მიმართ.

როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება UX დიზაინით და როგორია თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებით?

ჩემი დაინტერესება Product design-ით დიდი ხნის წინ დაიწყო. დიზაინზე ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მიმუშავია: Graphic Design, Print, Typography, Interior, industrial, ბოლოს ვებისა და აპლიკაციების დიზაინი. ციფრულ სამყაროში არსებული სივრცეების პროექტირება, ასევე მათ ვიზუალურ მხარეზე ზრუნვაც ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის.


ზოგადად, სიტყვა „დიზაინი“ ჩემთვის დიდი ხანია აღარ აღიქმება, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაციის საშუალება. UX დიზაინი ეს გაცილებით მასშტაბური პროცესია, რომელიც თავის თავში ბევრ რამეს აერთიანებს და ამ ყველაფრის ცენტრში შენი მომხმარებელი დგას – როგორ დაინახავს ის შენს პროდუქტს და რა ემოციას შეუქმნი მას? რამდენად ზუსტად მიაწოდებ მას ინფორმაციას და რამდენად კომფორტულად გაივლის ის მთელ პროცესს? მოკლედ რომ ვთქვა, მომხმარებელმა უნდა იგრძნოს რომ პროდუქტზე მუშაობისას, მასზე ფიქრობდნენ და იმაზე, თუ როგორ გაემარტივებინათ მისთვის კონკრეტული პროცესი.


ჩემი მიზანი ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში ყოველთვის იყო და არის end მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილების მიღება. ყოველთვის მინდა გავიგო რას ფიქრობენ იმ პროდუქტზე, რომელშიც სულ ცოტა მაინც ჩემი წვილი არის შეტანილი.

რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენი საქმის მიმართ? რას ნიშნავს UX დიზაინი თქვენთვის და თქვენი აზრით, რას ცვლის ის სხვებისთვის?

„სამომხმარებლო გამოცდილების პროექტირება“ – ასე ვეძახი/ვამკვიდრებ მე UX-ს „ჩვენს ენაზე“. UX დიზაინერი არის არქიტექტორი, რომელიც პროდუქტს აპროექტებს მომხმარებლისთვის ისე, რომ მან მაქსიმალურად მარტივად, იოლად და კომფორტულად შეძლოს მისი გამოყენება. მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის შექმნა ჩვენთან ახლა დაიწყეს, არადა ის ციფრული პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად ვეხებით და რომელთაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ზუსტად რომ კარგი UX-ის შედეგად, კარგად დაპროექტებული სამომხმარებლო გამოცდილების მეშვეობით არსებობს. წარმოიდგინეთ რამდენი გასხვავებული მომხმარებელი ჰყავს ერთი და იგივე პროდუქტს: TBC app, Netflix, Soundcloud, Wetrasfer, Google (თავისი მრავალი პროდუქტით), Apple app store-ი თავისი გასართობი თუ პროდუქტიულობაზე მორგებული აპლიკაციებით. დღეს საშუალო ასაკის გამვლელი რომ გააჩერო და ჰკითხო, რომელია მისთვის ყველაზე ღირებული ციფრული პროდუქტი, რომელიც მას ცხოვრებას უმარტივებს, ერთის დასახელებას მაინც შესძლებს.

როგორც ვიცით, ამჟამად თიბისის დიზაინ ცოდნის ცენტრის ლიდერი ხართ. როგორ გაჩნდა IT აკადემიაში სპეციალური UX პროგრამის შექმნის იდეა?

როგორც ვახსენე, ჩვენს ქვეყანაში მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შექმნა ბევრისთვის ახალი ხილია, ქვეყანაში გვაკლია ახალგაზრდა პროფესიონალები, ის ადამიანები ვინც მომხმარებლის ხმის ამაღლებაზე იზრუნებს და მათ საჭიროებებზე მოარგებს კონკრეტულ პროდუქტს/მომსახურებას. ეს არის არა რომელიმე კონკრეტული ბრენდის, კომპანიის ან ინდივიდის პრობლემა, ეს ამ მიმართულებით არასაკმარისი ცნობადობის და განათლების მხარდაჭერის პრობლემაა.


მე და თიბისის ერთი ხედვა გვაქვს, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით იმაში რომ საუკეთესო გამოცდილება შევქმნათ ჩვენს ციფრულ არხებში, იმ ყველა პროდუქტში რაც მომხმარებელთან საბოლოოდ ინტერაქციაში მოდის. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ ქვეყნის მაშტაბით, ეს მიმართულება და მისი მნიშვნელობა მეტად გავაცნოთ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს საერთაშორისო დონის პროდუქტები შექმნას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებული ადამიანებისთვის; მათთვის ვისაც უკვე ხელი მიუწვდება ციფრულ სამყაროზე ან ახლო მომავალში გახდება ამ სამყაროს ნაწილი. ამ კუთხით, განათლების მხარდაჭერის იდეაც აქედან გაჩნდა.

როგორია UX პროგრამა დამწყებებისთვის და როგორ შექმენით ის?

ონლაინ UX ბეისიქ პროგრამები დამწყებთათვის ერთმანეთს ძალიან წააგავს, თუმცა იკვეთება რამდენიმე არხი, რომელიც საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს სტუდენტებს, ჩვენ ავარჩიეთ ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ კურსი ბეისიქების დასაფარად. თიბისის IT აკადემიის, ჩვენი შიდა პროფესიონალი ინდივიდუალების და დიზაინ ლაბის კოლაბორაციით, გავაკეთეთ კურსი “UX research and strategy”. კურსის მსვლელობისას სტუდენტებს მენტორობას უწევდით TBC-ს შიდა UX სპეციალისტები, ციფრული მიმართულების პროფესიონალები და ქვეყანაში არსებული საუკეთესო მარკეტერები. ასევე, საერთაშორისო სპეციალისტები ისეთი ცნობილი კომპანიებიდან როგორებიც არის – Airbnb, Amazon, Facebook, Instagram, Vodafone, Toptal, Walmart, Udemy, Netflix და სხვები.

რა საფეხურებს მოიცავს კურსი და რას ფარავს ის?

სწავლის პროცესში იფარება სრული პროცესები პროდუქტის იდეიდან მიწოდებამდე და ამ პროცესში არსებული ინსტრუმენტების ნაირსახეობების შესწავლა:

• საბაზისო UX – პრინციპები

• მომხმარებელზე ცენტრალიზირებული დიზაინი

• ემპათია მისი მნიშვნელობა და ტექნიკები:


კვლევები:


  1. კონტექსტური კვლევაეთნოგრაფიული კვლევა
  2. დღიურების მართვის ტექნიკა
  3. ინტერვიუ მომხმარებელთან
  4. კითხვარის შექმნის ტექნიკა და სხვამომხმარებლის განსაზღვრა (პატერნები):
  5. ემპათიის რუკები
  6. სთორიბორდები
  7. CJM (Customer journey maps) – მომხმარებლის თავგადასავლის რუკები
  8. ჰურეისტიკული ანალიზი


პროგრამის ავტორობის გარდა, ხართ ლექტორიც და IT აკადემიაში UX მიმართულებით ასწავლით. რა შესაძლებლობას აძლევს ეს კურსი UX-ით დაინტერესებულ ადამიანს?

UX დიზაინის მთავარი პრინციპები, UX კვლევა, სტრატეგია, დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგია და სხვა მნიშვნელოვანი თემები, ეს არის ის მიმართულებები რომლებზეც IT აკადემიიის UX სტუდენტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, ასევე TBC-ს გამოცდილი გუნდისგან ცოცხალ, მიმდინარე პროცესებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და საუკეთესო გამოცდილებების მაგალითებს, წარმატების და შეცდომების რეალურ ისტორიებს. წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გახდნენ თიბისის გუნდის სრულყოფილი წევრები, აქედან უკვე ძალიან საინტერესო თავგადასავლები იწყება ჩვენი ნიუქამერებისთვის, პრაქტიკული მუშაობის პროცესში გამოცდილების გაზრდა და კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯების გადადგმა.

როგორია კურსთან დაკავშირებული დეტალები – რამდენხნიანია სალექციო პერიოდი? რა ფორმატის სწავლებას მიმართავთ მის ფარგლებში და როგორ, რა პერიოდებში შეუძლია მსურველს დარეგისტრირება?

თიბისის IT აკადემიის ვებგვერდი მალე მზად იქნება, ყველა დაგეგმილი აქტივობები აისახება ამ ვებგვერდზე, დაინტერესებული ახალგაზრდები შეძლებენ გაეცნონ მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების სიას, წარმატებული სტუდენტების განვითარების ისტორიებს, იმის გარდა რომ სტუდენტები შეძლებენ ადგილზე გაეცნონ ინფორმაციას ასევე შეძლებენ ინფორმაციის და სიახლეების გამოწერას ვებგვერდიდან. სალექციო პერიოდი განხვავებულია სხვადასხვა მიმართულებებისთვის, ჩვენი პირველი UX კურსი სრულად ონლაინ ჩატარდა და ჯამში 2 თვე მოიცვა. ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით გადავწყვიტავთ, დარჩება თუ არა კურსი სრულად დისტანციური.

რა განასხვავებს თქვენ მიერ შედგენილ UX პროგრამას სხვა, ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული პროგრამებისგან. რა არის თქვენი უპირატესობა?

ჩვენ განვსხვავდებით იმით, რომ ამ პროცესებში ყოველდღიურად ვართ ჩართულები, მიმართულებას ვავითარებთ და თავად ვვითარდებით, ყველაფერი პარალელურად ხდება აქ და ახლა. ჩვენს სტუდენტებთან ერთად ახალი აღმოჩენებისკენ მივისწრაფით, ჩვენთან მიღებული გამოცდილება რეალურ მარკეტზე, კონკრეტულ ისტორიებზეა მორგებული და ვფიქრობ ეს მეტი ღირებულების მიმცემია ჩვენი სტუდენტებისთვის.

რას გეგმავთ სამომავლოდ, UX მიმართულებით ცოდნის უფრო ფართო აუდიტორიაში გავრცელების, ან სხვა მიზნით?

ვგეგმავთ ქვეყნის განვითარებას ამ მიმართულებით, ორგანიზაციებში და ინდივიდუალებში ცნობიერების ამაღლებას, იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება გამარტივდეს. ნებისმიერი პროდუქტი, რომელთანაც ადამიანს შეხება აქვს უნდა იყოს მის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მეტად მორგებული, ამ მიმართულების განვითარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯია, რადგან მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპის აყოლა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.


ავტორი: Marketer.ge