ცისფერი მთები

უშგულის გაზაფხული

მარტის ბოლოს უშგულში ნახევარმეტრიანი თოვლი მოვიდა.

აპრილი 21, 2020

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი, At.ge

მთაში ზამთრის გარდა, ყველა სეზონი კვეცადია. ზაფხული იკლებს ერთ თვეს, შემოდგომაც ერთს, გაზაფხული – ორს. ეს 4 თვე ზამთარს ემატება და გამოდის, რომ ნახევარ წელზე მეტი ზამთარი გვაქვს. თბილისში იგივეა, ოღონდ ზაფხულის ამბავში. 7 თვე ზაფხული გაქვს, დანარჩენი 5 თვე სხვა დანარჩენი. მთის ზამთარს ბევრი დადებითი აქვს, სწავლობ სტრატეგიას, როგორ უნდა მოიქცე დროის ნელი სვლის პირობებში. ადრე სწავლობდი ჭარბად ფიქრსაც, ახლა ამაში ტელეფონი ინტერნეტი გიშლის.

წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა ვაჟას და სანდრო ყაზბეგს რომ 4-ჯიანი ტელეფონი ჰქონოდათ მთაში. წარმოიდგინეთ ბუხართან ჯორკოზე ჩამომჯდარი, ცალთვალგაფუჭებული მოხრილი ფშაველი, რომელიც ჭუჭყიან ქაღალდზე კი არ ჩხაპნის თავის ბრილიანტებს, არამედ ანკარა ცისფერ ეკრანს ჩაჰკირკიტებს იმ ერთი შერჩენილი თვალით და ცერა თითს ძალუმად უსვამს ზემოდან ქვემოთ, ხანდახან კი ტელეფონს მეორე ხელშიც გადაიტანს. მშვიდობით ხმელო წიფელო, პატარა ნუკრო, მძლეო ალუდავ, გველისმჭამელო და სხვებო.

სანდრო ყაზბეგი ძალიან ლამაზი კაცი იყო და ნამეტანი პოპულარულიც ქალებში. სანდროზე პაპაჩემის დები მიყვებოდნენ ხოლმე, რომლებსაც თავის მხრივ მათი პაპა იაგორი უყვებოდა, ის და სანდრო ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. “სანდროს იმდენი ენერგია რომ დაეხარჯა წერაზე, რამდენსაც ქალების დევნას ახარჯავდა, წამოდგენაც კი შეუძლებელია ისეთ რამეებს შექმნიდაო.” ამბობდა თურმე პაპაჩვენი აგუ. აი სანდროს რომ სმარტფონი ჰქონოდა, იმასაც აღარ დაწერდა რაც დაგვიწერა.

მარტის ბოლოს უშგულში ნახევარმეტრიანი თოვლი მოვიდა. აღმოჩნდა რომ ცხენები, ხარები, ძაღლები, გოჭები, უაზები თეთრ ფონზე ბევრად უფრო განგაწყობენ გადასაღებად ვიდრე ისე. 

თუ წახვალთ ძაღლის საჭმელი, მარილი და კვნიტი შაქარი წაიღეთ. ძაღლის საჭმელს ცუგები შეჭამენ, მარილს ხარები ალოკავენ, შაქარს ცხენები დაკვნეტენ და საშუალებას მოგცემენ უფრო ახლოს მიხვიდეთ და რაიმე კარგი გადაიღოთ. ერთი ცუგას დარდი მომყვება, რომელიც წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო და ისე დაცოცავდა მოყინულ გზებზე. ლამარიამდეც კი ამოგვყვა. რას იზამს ახლა როცა თოვლი დადნება, როგორ ივლის.