ცისფერი მთები

თუშეთი

ყველაფერი იმ მთის ძირში იწყება, რომელზეც ჯერ უნახავი გზა ადის. მართალია, სანამ ამ გზას გაივლი მის შესახებ აუცილებლად მოგიყვებიან, მაგრამ ეს ძალიან გრძელი კლაკნილი იმ განსაკუთრებულ ადგილებს შორისაა, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე, რომ გაიგო სინამდვილეში რა არის.


შეიძლება თავი VR თამაშში გეგონოს, მაგრამ ათასჯერ მაგარია როცა ხვდები, რომ შენი ადრენალინის წყაროს ხელით შეგიძლია შეეხო, შეგიძლია ადრენალინი შეისუნთქო, ადრენალინში გაიარო, ადრენალინი დაინახო, ადრენალინის გემო გაიგო... მოკლედ, ყველა შეგრძნების ორგანო ადრენალინად გექცეს.

შიშის სიამოვნებად გარდაქმნა მთავარი გამოწვევაა ამ გზაზე. რაც უფრო მაღლა ადიხარ მით მეტად გეშინია და გინდა ქვემოთ ჩახედვა. ბოლოს მაინც სურვილი გძლევს და აუცილებლად დახედავ ზევიდან უკვე ამოვლილ მიწიან გზას, რომელზეც შიგადაშიგ მთის მდინარეები მოედინება, ზოგან დაქანებული ფერდობის ნაშალი ქვებია ჩამოყრილი, ზოგ ადგილას კი ისე ვიწროვდება, რომ წარმოუდგენელია ორმა მანქანამ ერთმანეთს გვერდი აუაროს.


ალბათ მანქანაზე არანაკლები რაოდენობით მოტო შეგხვდება. ექსტრემალებისთვის საინტერესო ადგილია - ამბობენ, მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორის ერთ-ერთი. ადიხარ, ადიხარ, ადიხარ, პერიოდულად სუთქვა გეკვრება, ჰორიზონტზე ღრუბლებში გახედვისას კი ყველაზე ღრმა ჟანგბადის ნაფაზს ჩაისუნთქავ.

ეს გზაც ზედა ორი აბზაცივით გრძელია. ყველაზე მაღალი წერტილის შემდეგ ისევ დაბლა ეშვები და მერე ისევ ზემოთ ადიხარ. აქ უკვე ნამდვილი თუშეთი იწყება : დაქანებულ ფერდობეგზე გაშენებული სოფლებით, ხასხასა მწვანე მინდვრებით, და კიდევ უფრო მწვანე წიწვოვანი ტყეებით.

თუშეთის ცენტრი ომალოა, რომელიც, როგორც საქართველოში ბევრ სოფელს სჩვევია, ორად იყოფა - ქვემო ომალო შედარებით გაშლილ ფერდობზეა გაშენებული, ზემო ომალოს ყველაზე მაღალი წერტილი კი ციცაბო ბორცვზე აგებული კესელოს ციხეა. გორაზე სოფლის მხრიდან ადიხარ, უკვე ასულს კი უკანა მხარეს ძალიან ღრმა, უფსკრულივით ხევი დაგვხება.


აქ კოშკების და ხეობის ყურებისას კარგად იგრძნობ მთის ხალხის ხასიათს და გადმოგედება კიდეც სიმამაცე და დაცულობის მოთხოვნილება - მოგინდება რომ ისევ აქ იყო, მაგრამ თან თავშესაფარი გქონდეს. კესელოებზე სალოცავების ნაწილში ქალის შესვლა აკრძალულია, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ იქ ლოცვა და სანთლის ანთება. 

ომალოდან რამდენიმე კილომეტრში სოფელი შენაქოა. როგორც კი სოფელს მიუახლოვდები, იმ წამსვე შენიშნავ დასახლებისგან სულ ოდნავ განზე გამდგარ პატარა ეკლესიას ლამაზ მინდორში. მეცხრამეტე საუკუნის ფიქალი კლდისგან აშენებულ ტაძარს თითქოს მთელი სოფელი დარაჯად ჰყავს. აქაურები მშვიდები და თავისუფლები არიან. მინდორში ბევრი ბავშვი დარბის, ხშირ-ხშირად გხვდება სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები თუშური ხინკლით რომ გიმასპინძლებენ.

თუშეთი ოთხი ხეობისგან შედგება. სოფლების ნაწილი მიტოვებულია, მეორე ნაწილში კი ადგილობრივები ზაფხულში ამოდიან. მკაცრი ზამთრის გამო, მოსახლეობის უმეტესობა წლის ცივ პერიოდს ბარში - ალვანში ატარებს. კაცების მთავარი საქმიანობა მეცხვარეობაა. 

ხეტიალისას შეხვდები მეცხვარეებს, რომელსაც თავად გამოჰყავთ გუდის ყველი. ამ პროცესის ყურებისას, იხსენებ და იმახსოვრებ შრომის ფასს და იმას, თუ რამდენად აკეთილშობილებს ყოველდღიურობაზე ჩუმი ზრუნვა ადამიანს. აღმართ-აღმართ ფეხით გავლილი კილომეტრები, ფიქრი, რომელიც ქალაქში შეუძლებელია გაჩნდეს, კათარზისს გავს.

ნახულობ თუშეთის სოფლებს და უფრო და უფრო მაღალზე გინდა ასვლა. შენაქოდან სულ ოდნავ აღმართიანი, სწორი და თოვლიანი კავკასიონის სიმეტრიული გზა, დიკლოსკენ მიდის. ალბათ არცერთ ადგილს ასეთი ლამაზი სახელი არ აქვს როგორც დიკლოს. სოფელს კარიბჭე აქვს და გალავნითაა გარშემორტყმული. აქაური სიძველის სუნში სიახლეა შეპარული - სტუმრების და კარგი მასპინძლობის სურვილის კვალი ატყვია. 

ამინდი დღის განმავლობაში ბევრჯერ იცვლება. ძალიან მცხუნვარე მზე შეიძლება რამდენიმე წუთში შეცვალოს მთიდან ამოსულმა დიდმა ღრუბელმა და მსხვილწვეთებიანმა წვიმამ. იგივე დღეს შეიძლება ცხელი მზე დაბრუნდეს. ღამე კი აუცილებლად გრილი და გავჭვირვალეა და ამ გამჭვირვალობაში შორეული ვარკვლავები უფრო ბევრი, ახლო და კაშკაშა ჩანს.

თენდება და ისევ ზემოთ მიდიხარ, ზემოთ თუშეთის, საქართველოს და ევროპის ყველაზე მაღალ სოფელში. ბოჭორნა ზღვის დონიდან 2345 მეტრზე.


აქ, სულ ყველაზე მაღლა ერთდროულად გრძნობ ფიზიკურ და სულიერ სიმაღლეს და გგონია, რომ შენ და შენს ირგვლივ მყოფები ყველაზე დიდსულოვანი ადამიანები ხართ.


ასეც არის, მთა აკეთილშობილებს.