თიბისელები

ფონდი, რომელმაც ასობით თიბისელის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა

იანვარი 13, 2020

ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“ 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი თიბისელების და მათი ოჯახის წევრების ფინანსური მხადაჭერაა მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


10 წლის განმავლობაში ფონდმა ასეულობით თანამშრომელი იხსნა გამოუვალი სიტუაციიდან და 1500 თიბისელისა და მათი ოჯახის წევრებისთვის 5 500 000 ლარზე მეტი გამოყო.


მხოლოდ 2019 წელს თიბისელების ფონდი 273 თანამშრომელს დაეხმარა. მათ შორის არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დახმარება თანამშრომელს ოჯახის წევრებმაც მიიღეს


თიბისელების დასახმარებლად თანამშრომლები ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით ერთიანდებიან და ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს რიცხავენ. ფონდიდან დაფინანსების მისაღებად საკმარისია შიდა მიმართვის დაწერა, რომელსაც ფონდი მცირე დროში განიხილავს და საჭიროების მქონე ადამიანს თანხებს გამოუყოფს.


ბლოგში რამდენიმე თიბისელს გაგაცნობთ, რომელთა ცხოვრება თიბისელების ერთიანობამ უკეთესობისკენ შეცვალა.


თიბისელ თამუნას  2008 წელს ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ 11 წელი გავიდა და ის დღეს ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას, ამბობს, რომ მისი სიცოცხლე თიბისელებმა გადაარჩინეს.


თამუნას შემთხვევამ თიბისიში შიდა ფონდის დაფუძნების იდეა გააჩინა. მიზანი ერთი იყო: თანამშრომლებს ჰქონოდათ დაცულობის განცდა ისეთი შემთხვევების წინაშე, რომელსაც მათ ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. შედეგად, დაარსდა ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“.



„თამუნას შემთხვევამ გვასწავლა, რომ ერთობას ძალიან დიდი ძალა აქვს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „თიბისელების“ ფონდი, რომელიც თიბისელებს და მათ ოჯახის წევრებს ეხმარება დაიბრუნონ სიცოცხლის ხალისი, მოაგვარონ პრობლემები და მშვიდად განაგრძონ ცხოვრება“


- ამბობს ფონდის საბჭოს მდივანი, მარიამ ბერელიძე.

თიბისელი სოფოც ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარია. 2010 წელს რევმატოიდული ართრიტი დაუდგინეს. იხსენებს, რომ უჭირდა სიარული, მოძრაობა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება არ შეეძლო. 


მან დასახმარებლად „თიბისელების“ ფონდს მიმართა და პასუხმაც არ დააგვიანა. ფონდი დღემდე ზრუნავს სოფოს ჯანმრთელობაზე.



„როდესაც ამ ფონდში ჩავერთე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მეც დამჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფონდის არსებობა, როცა მე დავდექი მსგავსი გამოწვევის წინაშე“, - ამბობს სოფო. 



სოფო უკვე რვა წელია ფონდისგან უწყვეტად იღებს სამკურნალოდ საჭირო თანხებს.

ერთ-ერთი თიბისელი გვიყვება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მის შვილს შეეხო, რომელსაც საზღვარგარეთ გამოკვლევების თანხა სწორედ ფონდმა დაუფინანსა.



„მიჭირს, ემოციების გარეშე ვისაუბრო ამ საკითხზე. როცა ვიხსენებ, რა დიდი სიხარული იყო თიბისელებისგან მიღებული მხარდაჭერა ცრემლები მადგება. მათი დახმარებით შევძელით, ჩემი შვილი გერმანიაში წაგვეყვანა გამოკვლევებზე და დღეს ის სრულიად ჯანმრთელია“, - ამბობს თიბისელი.



ფონდმა „თიბისელები თიბისელებისთვის“ საჭირო თანხა გამოყო მედეასთვისაც, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გულის გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მედეა გვიყვება, რომ დაზღვევის მიუხედავად, ოპერაციის დარჩენილი თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, ამიტომ დახმარებისთვის თიბისელების ფონდს მიმართა.




„საბედნიეროდ „თიბისელების“ ფონდი ძალიან მოკლე დროში დამეხმარა და ოპერაციისთვის საჭირო თანხები გამომიყო. უკვე სამი თვეა ბიულეტინზე ვარ, მაგრამ ხელმძღვანელები სულ მეუბნებიან, რომ არ ვიჩქარო სამსახურში დაბრუნება და ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. ყველანაირად მეხმარებიან და ყურადღებას მაქცევენ. არ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო“, - ამბობს მედეა.


გარდა აუცილებელი და გადაუდებელი სამკურნალო ხარჯებისა, თიბისელების ფონდი თანამშრომლებს ოცნებების ახდენაშიც ეხმარება. ასე მოხდა მაკოს შემთხვევაშიც, რომელმაც თიბისელების ფონდის დახმარებით თვალის ოპერაცია გაიკეთა და დღეს სათვალეების გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. 


თიბისელების ფონდმა მხარდაჭერა უკვე 1500-ს თიბისელს და მათი ოჯახის წევრებს გაუწია, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი მიზნებია. თიბისელებს სჯერათ, რომ ერთიანობას ყველაზე დიდი ძალა აქვს. 



ავტორი: დიმიტრი სანაია