თაობა

თიბისის სტიპენდიატების პროგრამა — ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

ბავშვების შინაგან თავისუფლებაზე, მათ სილაღესა და შემოქმედებითობაზე მრავალი თქმულა და დაწერილა, თუმცა, სხვა საქმეა მათი მხარდაჭერა, ადრეული ასაკიდანვე ნიჭის გაღვივება, უნარების აღმოჩენა და ზრუნვა მათ ბედნიერებაზე.

აპრილი 27, 2021

სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამე წელია, თიბისი წელიწადში 200 მოზარდს სტიპენდიას უნიშნავს და საგანმანათლებლო პროგრამებში რთავს. სტიპენდიატების პროგრამა კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. მას წელს 45 ახალი მონაწილე შეუერთდა, ხოლო 2019 წლიდან დღემდე პროგრამაში 318 მოზარდი ჩაერთო.

ბავშვები, რომლებსაც თიბისი სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით აღმოაჩენს, მრავალგვარი ნიჭითა და უნარით არიან დაჯილდოებული. ზოგიერთი მათგანი ხატავს, ზოგი — უკრავს, იმარჯვებს ოლიმპიადებში, გამომგონებელია, მისდევს სპორტს, ზრუნავს ბუნებასა და ცხოველებზე, თუმცა ის, რაც ყველა მათგანს აერთიანებს, საკუთარი საქმისადმი უპირობო ერთგულება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობაა. ისინი აკეთებენ საყვარელ საქმეს, აძლევენ სხვებს მაგალითს და ამით უკვე ცვლიან საზოგადოებას უკეთესობისკენ.

 

ჩვენ მოგიყვებით, როგორია რამდენიმე მათგანის ყოველდღიურობა, რას საქმიანობენ სტიპენდიატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რა მიზნები აქვთ, რა ანიჭებთ სიამოვნებას და რას ნიშნავს მათთვის თიბისის მხარდაჭერა.

ფოტო: სერა ძნელაძე / ევროპის ფონდის არქივი

დიანა კოტრიკაძე — მომავალი დიპლომატი ხობის რაიონიდან

16 წლის დიანა კოტრიკაძე სამეგრელოდან, ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლიდანაა. მის მრავალფეროვან ინტერესებს შორის უცხო ენებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იცის ინგლისური, დამოუკიდებლად სწავლობს გერმანულს და მალე ჩინურის დაწყებასაც აპირებს. “მინდა, ამ ენების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები ავიღო და თიბისის სტიპენდიის გამოყენებასაც ამ კუთხით ვგეგმავ. ასევე, სურვილი მაქვს, ზაფხულში გერმანულის და რუსულის კურსი გავიარო”, — გვიყვება ის.


დიანა უცხო ენებს ძალიან ადვილად ითვისებს და ამით სიამოვნებასაც იღებს. 

“როცა უცხო ენაზე წარწერას ვხედავ ან ვინმეს საუბარი მესმის, მაშინვე მინდება, მისი მნიშვნელობა გავიგო; ნებისმიერი წიგნის წაკითხვა ორიგინალში მინდა, რომ ისე აღვიქვა, როგორც ავტორმა დაწერა".

ის უცხო ენებზე უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას, კითხულობს წიგნებს, თარგმნის ტექსტებს და ადვილად სწავლისთვის ბევრ სხვა მეთოდს იყენებს.

 

ის მესამე-მეოთხე კლასიდან უამრავ კონკურსსა და სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობს და თითქმის ყოველთვის იმარჯვებს. ყველაზე დიდ წარმატებად კი FLEX-ის კონკურსს მიიჩნევს. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დიანა მომდევნო სასწავლო წელს ამერიკაში დაყოფს და სწავლას იქაურ სკოლაში დაასრულებს. 

“წესით, უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და აგვისტოში მივდივარ. ვინაიდან მე-12 კლასს ამერიკაში გავივლი, ახლა მიწევს ორი, მე-11 და მე-12 კლასის პროგრამა ერთდროულად გავიარო, რაც საკმაოდ რთულია. ხუთ საგანში ვემზადები და ფაქტობრივად, მე-11 კლასის მოსწავლეც ვარ და აბიტურიენტიც”, - გვიყვება ის.

დატვირთული განრიგის მიუხედავად, მეგობრებისა და ჰობისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებს, ამბობს, “როცა რამე გულით გინდა, ყოველთვის იპოვი დროსო”. დიანა 11 წლის განმავლობაში ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ცეკვავდა, თუმცა ახლა, პანდემიის პერიოდში, სტუდია დაიხურა. ცეკვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რამდენიმე ანსამბლშიც მიიწვიეს, მაგრამ სწავლის გამო ამ საქმეს პროფესიონალურად არ გაჰყვა. ცეკვის გარდა აინტერესებს ხატვა და ძალიან იტაცებს კულინარია.

 

დიანა ახლახან შეუერთდა თიბისის სტიპენდიატთა რიგებს. “ის ფაქტი, რომ მათ თავად აღმომაჩინეს, მიპოვეს და ამირჩიეს სტიპენდიატად, უდიდესი ბედნიერება და წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის. თიბისის სტიპენდიატობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში”, — ამბობს იგი.

მას სამომავლო პროფესია ზუსტად გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ გახდება ადვოკატი ან დიპლომატი.


“ძალიან მინდა, ჩემი ქვეყნის საგარეო ურთიერთობების მოგვარებაში წვლილი შევიტანო”, - აღნიშნავს დიანა.

დავით ჯიოევი — რკინის ოსტატი თბილისიდან

უკვე მეორე წელია, თიბისის სტიპენდიატია 14 წლის დავით ჯიოევი თბილისიდან. მისი ჰობია ხატვა, ძერწვა, ამასთან, მუშაობს რკინასთან. ეს საქმე მას ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი — დავითი რკინისგან დეკორატიულ და ამავე დროს, პრაქტიკულ ნივთებს ამზადებს. რკინაზე მუშაობას ის ერთი წელია, ორგანიზაცია საქართველოს კარიტასში სწავლობს. 

"რკინაზე მუშაობის პროცესი ძალიან მსიამოვნებს. საინტერესოა, თან ცოტათი ძნელიც და ყოველ ჯერზე ვცდილობ, უფრო და უფრო კარგად გამომივიდეს"

დავითს სასკოლო საგნებიდან უყვარს ბიოლოგია და ხელოვნება. როგორც ამბობს, მომავალში სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას აპირებს, თიბისის სტიპენდიატობა კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. “მესამე წელია, რაც თიბისის სტიპენდიატი ვარ და ეს ბევრ რამეში დამეხმარა”, - ამბობს ის.

მარიამ დარჩიაშვილი - პიანისტი თბილისიდან

16 წლის მარიამ დარჩიაშვილიც თბილისიდანაა. მისი ინტერესის სფერო მუსიკაა. მე-9 წელია უკრავს ფორტეპიანოზე და დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ საქმეს უთმობს. ფორტეპიანოზე დაკვრა მისი უბრალო ჰობი არაა, ის მომდევნო წლისთვის გეგმავს, კონსერვატორიაში ჩააბაროს და მუსიკა პროფესიად აქციოს. “გაზაფხულიდან კონსერვატორიის პროგრამის სწავლას დავიწყებ, ვაპირებ, გერმანული ენაც ვისწავლო, მესამე-მეოთხე კურსიდან კი საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა”, - გვიმხელს ის მომავლის გეგმებს.

მარიამის საყვარელ საქმეს თან ბევრი კარგი განცდა ახლავს. “ყველაზე სასიამოვნო მომენტი ფორტეპიანოზე დაკვრისას ისაა, როცა ნაწარმოები შენს თვალწინ ვითარდება, როცა რაღაცას დიდ დროს უთმობ და გამოგდის. კიდევ უფრო უკეთესი მომენტი კი სცენაზე გამოსვლა, მაყურებლისგან აბლოდისმენტების მოსმენა და შესაბამისად, იმის შეგრძნებაა, რომ შრომა გიფასდება”, - ამბობს ის.

 

მარიამი საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით არაერთი კონკურსის ლაურეატია. ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო, კონკურსები ფაქტობრივად აღარ ტარდება, მაგრამ მან მაინც მოახერხა და ერთ-ერთი საერთაშორისო ონლაინ კონკურსისთვის ვიდეო ჩაწერა. მისმა შესრულებამ უმაღლესი შეფასება მიიღო და კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა.

 

პიანისტი გვიყვება, რომ ფორტეპიანოზე მეცადინეობას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ სკოლაში ძირითადად ვერ დადის და გამოცდებს ექსტერნად აბარებს. მიუხედავად ამისა, ძალიან უყვარს უცხო ენები და ქართული ლიტერატურა.

 

მისთვის ძალიან სასიამოვნო და თან საპასუხისმგებლო მომენტი აღმოჩნდა ის, რომ თიბისიმ სტიპენდიატებს შორის დაასახელა. “უკვე მესამე წელია, რაც თიბისის სტიპენდიატი ვარ და ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, — დასძენს ის.

თიბისის სტიპენდიატებს განსხვავებული ისტორიები აქვთ, თუმცა ერთი რამ ყველა მათგანის ამბიდან “ისმის” — ისინი არიან მოზარდები, რომლებსაც აქ და ახლა თავიანთი საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს; მათთვის გადამწყვეტი არაა ის, თუ რომელი პროფესიაა დღეს ტრენდული, რადგან საქმიანობას საკუთარი ინტერესების მიხედვით, თავიანთი ბედნიერებისა და სიამოვნებისთვის ირჩევენ. ისინი ისახავენ დიდ მიზნებს და მათ მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ.

პროექტი გრძელდება. თიბისი ამ და სხვა მრავალი ინიციატივის ფარგლებში ახალ თაობას თავიანთი უნარებისა და ნიჭის განვითარებისთვის მხარს მომავალშიც დაუჭერს.