თიბისელები

თიბისი აკადემია თიბისელებისთვის

21 საუკუნის ცხოვრების სტილმა, სადაც გარემო მუდმივად ცვალებადია, ადამიანები კი თითქმის ვერაფერს ვასწრებთ - მოვლენების აჩქარებულმა ტემპმა, სიახლეების აღმოჩენისა და გამოყენების დრო წაგვართვა. არადა, იმ შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც პიროვნულად და პროფესიულად გვზრდის, ჩვენივე კეთილდღეობას განსაზღვრავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ - რა მოხდება, თუკი თვითგანვითარების პროცესს შევწყვეტთ?


ადამიანები ხშირად ვფიქრობთ, რომ მივაღწიეთ სასურველ ეტაპს, გავხდით რაღაცის მენეჯერები, გვაქვს “ამდენწლიანი” გამოცდილება. სამწუხაროდ, ასეთი ნიშნულები ზოგჯერ აფერხებს იმ აუცილებელ აქტივობას, რასაც დღევანდელი ეპოქა განვითარებად მოიაზრებს. არ არსებობს სფერო, პროფესია ან თუნდაც თემა, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად დავეუფლეთ ან ზედმიწევნით კარგად ვიცით. მრავალწლიან გამოცდილებას გამდიდრება და ხშირად შეცვლაც კი სჭირდება, ადრე ნასწავლს კი - განახლება.



სწორედ ამიტომ, დინამიური, დატვირთული სამუშაო პროცესის პარალელურად, თიბისიმ თიბისელების ცოდნის გამრავალფეროვნებაზე ჯერ კიდევ წლების წინ იზრუნა, როდესაც თიბისი ბანკის ტრენინგ ცენტრის გუნდმა ახალი პროექტი - თიბისი აკადემია შექმნა, სადაც თიბისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცოდნა გაეფართოვებინათ და შთაბეჭდილება შეექმნათ ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ფინანსები, პროექტები, ადამიანური რესურსები და სხვა.


წლების განმავლობაში ბანკის ზრდასთან, ეკოსისტემების, ახალი პროდუქტებისა და პლატფორმების მატებასთან ერთად, ბანკში ცოდნის კერები გაიფანტა. საკუთარი გუნდის გარეთ ყველა თიბისელი სხვა სიახლეებისა თუ პროცესების შესახებ ინფორმირებული ვეღარ არის. სწორედ ამიტომ, საჭიროება გაჩნდა თიბისი აკადემიის საგანმანათლებლო სივრცე უფრო კომპლექსური გამხდარიყო და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ცოდნა შეეთავაზებინა თანამშრომლებისათვის. ყველა თიბისელისათვის საყვარელი და ცნობილი სახელი - თიბისი აკადემია ახლა კრებითი სახელი გახდა, რომლის ქუდის ქვეშ თიბისი აკადემიასთან ერთად, სხვა სკოლებიც გაერთიანდა. 


სულ მალე, თიბისელებს ინტრანეტში ახალი ფანჯარა დაგვხვდება, სადაც თითოეულ თიბისელს სასურველ სკოლაში დარეგისტრირების საშუალება გვექნება. რეგისტრაციამდე გავეცნობით ცხრილს, განრიგს, მოდულებს, ვადებსა და ლექტორებს. შინაარსისა და ფორმატის გათვალისწინებით, ზოგი სკოლა რამდენიმე შეხვედრას მოიცავს, ზოგიც კი რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

მენეჯმენტის წარმომადგენლები თუ სხვადასხვა განყოფილების უფროსი თიბისელები დროებით ლექტორების როლს მოირგებენ და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას დანარჩენ თიბისელებს გაგვიზიარებენ.


სასურველ სკოლაში დარეგისტრირებამდე, მოდით წინასწარ გავეცნოთ - რას გულისხმობს თიბისი აკადემიის თითოეული მიმართულება და დავფიქრდეთ - რომელი ცოდნა გვაკლია, ან უბრალოდ რა გვაინტერესებს?


ეჯაილის სკოლა


ცოტა ხნის წინ თიბისიში ეჯაილ სისტემა დაინერგა. ვინაიდან ახალი პრაქტიკა ჯერ მხოლოდ სათაო ოფისის თანამშრომლებს შეეხო, ყველა თიბისელმა არ იცის, ზუსტად რას გულისხმობს ეჯაილი, როგორ განხორციელდა ის და რა არის მისი მიზანი.


ეჯაილის სკოლაში დარეგისტირებული თიბისელები გაიგებთ - რას გულისხმობს ეჯაილის პროექტი, როგორ განხორციელდა ის და ვინ იყო ამ პროცესში ჩართული.


ანალიტიკის აკადემია


ანალიტიკის აკადემიაში ბინზესის ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელს - კოტე ხოფერიას გაიცნობთ, რომლის გუნდშიც ახალგაზრდა, ნიჭიერი დამხიარული მათემატიკოსებიდა ანალიტიკოსები სულ რაღაც 1 წელია მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მომხმარებლების ქცევას სწავლობენ.


თიბისი მიხვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი პროდუქტი არ უნდა შესთავაზოს. უფრო დიდ სურათში დაინახა მომხმარებელი და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები. ანალიტიკური გუნდი თითოეულ კლიენტს დემოგრაფიის, ოჯახური მდგომარეობის, შემოსავალის, ხარჯვის სტილის, არხების გამოყენებისა და სხვა მონაცემების მიხედვით შეისწავლის. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი მომავალში უშუალოდ მასზე მორგებულ შეთავაზებას მიიღებს.


ანალიტიკის აკადემიაში ისწავლი - რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ შეგიძლია გამოიყენო მონაცემები ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების დროს.


 

IT აკადემია


აკადემია არა მხოლოდ თიბისელებს, არამედ თიბისის გარეთ საინფრომაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებსაც სრულიად უფასოდ აძლევს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას.


თიბისი IT აკადემიის პირველი კურსი ძალიან საინტერესო აღმომჩნდა სტუდენტებისთვის, ოცდახუთივე კურსდამთავრებული თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში უკვე დასაქმდა.


აკადემიით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, სწორედ ამიტომ სულ მალე, შანსი გაქვთ მომდევნო ჯგუფის სტუდენტი გახდეთ და ამ მიმართულებით გაიღრმავოთ ცოდნა.



ბიზნეს სკოლა


ვისაც გაინტერესებთ რისკები, ფინანსები, კორპორატიული მიმართულება, ფინანსური მოდელინგი, რას გულისხმობს KYC – know your client; ასევე თუ გინდათ განივითაროთ ე.წ soft skills - ეფექტური პრეზენტაცია, დროის მენეჯმენტი, სტრესის მართვა - მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა. კურსი კომპლექსურია და კომპეტენციების დაგროვების საშუალებას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით იძლევა.



თიბისი სკოლა


ეს სკოლა წლების განმავლობაში ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი სივრცეა, რომლის თავდაპირველი იდეაც ახლა რამდენიმე სკოლას აერთიანებს. სკოლა თიბისელებს ისევ გვთავაზობს კომპლექსურ ცოდნას პროექტების მართვის, ფინანსური ანალიზის, ადამიანური რესურსების, სტრატგიული პროექტების, მაკროეკონიმიკის, მარკეტინგისა თუ პროდუქტების განხრით.


ახლა მთავარია გადავწყვიტოთ რა გვაინტერესებს, რისი სწავლა გვინდა და გამოვიყენოთ ის შანსი, რომელსაც თიბისელებს თიბისი აკადემია გვთავაზობს.




ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: unsplash.com