ედუფინი

"ნაფოტები" ფინანსურ ინსტრუმენტად

ოქტომბერი 11, 2019

1834 წლის 16 ოქტომბერს რიჩარდ უეობლიმ, ბრიტანეთის პარლამენტის სამუშაოების კლერკმა (Clerk of Works) მიიღო ბრძანება ხაზინისგან, სანამ პარლამენტარებს დასვენების დღეები ჰქონდათ, გაენადგურებინა დიდი რაოდენობით ხის გამოუსადეგარი ნაფოტები. მან, თავის მხრივ, გადაულოცა ეს ბრძანება ორ ირლანდიელს, ჯოშუა ქროსს და პატრიკ (ორ ირლანდიელში ერთი აუცილებლად პატრიკი უნდა ყოფილიყო) ფერლონგს. ამ ორმაც პატიოსნად მოაგროვა ის ნაფოტები და შეყარა ცენტრალური გათბობის ორ დიდ ღუმელში, რომლებიც ლორდთა პალატის შენობის ქვეშ იყო განთავსებული. 

რთული სათქმელია, მათი დაუდევრობით, თუ რაიმე სხვა მიზეზით, მაგრამ ცეცხლმა დაადნო კვამლსადენის სპილენძის შიდა მოპირკეთება, გადავიდა ზედა ოთახში და, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, საღამოსკენ ვესტმინსტერის სასახლე თითქმის სრულად დაიწვა. უდავოა, რომ ეს უდიდესი დანაკლისი იყო შთამომავლობისთვის, მაგრამ, პირადად ჩემი აზრით, დანაკლისი არა შენობა (რომ არა ხანძარი, ბიგ ბენიც არ გვექნებოდა), არამედ სწორედ ხის ის გამოუსადეგარი ნაფოტები - საინმდვილეში ფინანსური და ეკონომიკური ისტორიის უნიკალური დოკუმენტები იყო. 

ეს ნაფოტები იყო ე.წ. საანგარიშო ჯოხები (tally sticks) - უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ვალების აღრიცხვის სისტემა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ინგლისში. ჯოხების გამოყენება ძალიან მარტივ პრინციპს ეფუძნებოდა: ფულის სესხებისას, 16-23 სმ სიგრძის, ხისგან (როგორც წესი, კაკლის ან ტირიფისგან) დამზადებულ ჯოხზე კეთდებოდა ვალის თანხის შესაბამისი ჭდეები - განიერი, V-ს ფორმის ჭდეები - გირვანქებისთვის, შედარებით ვიწრო - შილინგებისთვის და ნაჩხაპნები - პენსებისთვის. ამის შემდეგ, ჯოხი სიგრძეში იხლიჩებოდა და რაკიღა ჭდეები ჯოხის მთელ სიგანეზე კეთდებოდა, ისინი ორივე ნახევარზე რჩებოდა. ამის შემდეგ ერთი, შედარებით მოკლე ნაწილი (foil) რჩებოდა მოვალეს, ხოლო უფრო გრძელი (stock, სწორედ აქედან მოდის შესაბამისი ტერმინიც) - კი კრედიტორს. 

თავდაპირველად, ჯოხები მხოლოდ ვალის აღრიცხვისთვის გამოიყენებოდა. ვალის დაბრუნებისას მოვალე და კრედიტორი მოიმარჯვებდნენ თავ-თავის ნაწილებს, მიადებდნენ ერთმანეთს და ორივე დარწმუნდებოდა, რომ ვალი სრულად იყო გადახდილი, ჩამოართმევდნენ ერთმანეთს ხელს და თავ-თავის გზას გაუყვებოდნენ. მაგრამ მალევე მათ დამატებითი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია გამოუჩნდა. დავუშვათ, თქვენ ხართ სანდო ადამიანის - დიდგვაროვნის ან ვაჭრის კრედიტორი. საანგარიშო ჯოხის თქვენი ნახევარი ამ შეთხვევაში თავისთავად ღირებული ხდება.

თუ თქვენ უცბად თავადაც დაგჭირდათ ფული ან უბრალოდ რაიმე გინდათ იყიდოთ - დიდი ალბათობით შეგიძლიათ ჯოხის თქვენი ნახევრის გამოყენება გადახდის საშუალებად. ერთადერთი, რაც ამისთვის საჭიროა არის, რომ გამყიდველიც აღიარებდეს თქვენ მოვალეს სანდო პიროვნებად. შესაბამისად, ჯოხი, რომელიც უბრალოდ აღრიცხვის საშუალებას წარმოადგენდა, გახდა წარმომდგენზე „გამოწერილი“ ჩეკი. 


ნებისმიერ ტექნოლოგიას აქვს განვითარების ტენდენცია. არც ჩვენი საანგარიშო ჯოხები იყო გამონაკლისი - სულ საანგარიშო ჯოხი გახდა გადასახადის შეგროვების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ნახევარ წელიწადში ერთხელ, შერიფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ გადასახადების შეგროვებაზე წარადგენდნენ მეფის ხაზინაში შეგროვებულ თანხებს, ხოლო ხაზინადარი კი შეადარებდა მიღებულ თანხებს წინასწარ განსაზღვრულ გადასახადებს[1] და შედეგად, მისაღები (ან ზედმეტად შეგროვებული) თანხები აღირიცხებოდა შესაბამის საანგარიშო ჯოხებზე. შერიფს გადაეცემოდა ჯოხის შესაბამისი ნაწილი (foil - თუ სამომავლოდ მართებდა, ან stock - თუ პირიქით, ზედმეტი შემოიტანა) და ის ამ ნაწილს მომავალ შეხვედრაზე წარადგენდა. ეს მეთოდი გასაკვირად პოპულარული გამოდგა - ინგლისის ხაზინა აქტიურად იყენებდა ამ ხერხს მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე. და, როგორც ვნახეთ, მისი გადაწყვეტილება საანგარიშო ჯოხების განადგურების შესახებ არცთუ კარგად დასრულდა.


[1] საინტერესოა, რომ გარიგებები მიმდინარეობდა კუბოკრულ გადასაფარებელზე, რომლის მსგავსებამ ჭადრაკის დაფასთან ასახვა ჰპოვა ინგლისის ხაზინის დღევანდელ სახელში - Exchequer.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო და ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, ნიშანდობლივი ისაა, რომ ჩვეულებრივი ჯოხები გამოიყენებოდა როგორც ფული. მათი გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც რაიმე საქონლის ყიდვისთვის, ისე სახელმწიფოსთან საგადასახადო ურთერთობისას - რაც ფულის ორ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. ეკონომისტების აზრი ფულის რაობის შესახებ იყოფა - საანგარიშო ჯოხები, ჩემი აზრით, იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც თვლის, რომ ფული უბრალოდ ვაჭრობადი ვალია (tradable debt) და თუ ადამიანები შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა წარმოადგენს ფულს - სულაც არ არის აუცილებელი, ფულის ერთეულს შინაგანი ღირებულება ჰქონდეს. 

ავტორი: გიორგი ბაქრაძე, ეკონომისტი