კულტურა

სურათების ეროვნული გალერეა

აგვისტო 11, 2019


1883 წელს, საქართველოს მუზეუმის წინამორბედის – კავკასიის მუზეუმის დირექტორმა, გერმანელმა მეცნიერმა და მკვლევარმა, გუსტავ რადემ, მთავარმართებელ ალექსანდრე დონუკოვ–კორსაკოვს კავკასიაში რუსული არმიის მიღწევების და გამარჯვებების უკვდავსაყოფად მუზეუმში სამხედრო განყოფილების დაარსება შესთავაზა. რადეს ჩანაფიქრით, ექსპოზიცია პეტრე დიდის მიერ 1722 წელს წარმოებული დერბენდის ლაშქრობით იწყებოდა და 1864 წელს კავკასიის ომის დასრულების აღმნიშვნელი სამხედრო აღლუმის მასალებით სრულდებოდა. ამრიგად, ქრონოლოგიურად წარმოჩინდებოდა რუსეთის მიერ კავკასიის დამორჩილების „დიდებული“ სურათი. დონდუკოვ–კორსაკოვი, რომელიც თავად იყო შამილის და ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილე და იმპერიის მთელი ხელმძღვანელობა იდეას აღფრთოვანებით შეხვდა.



1885 წლის 6 თებერვალს, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ კავკასიაში რუსული ჯარის გამარჯვების ამსახველი მუზეუმის გეგმა და ხარჯთაღირცხვა დაამტკიცა. სოლიდური თანხა გამოიყო ექსპონატების მოძიებისთვის. პარალელურად, ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა კავკასიის ბრძოლებში მონაწილე გენერლებს, ოფიცრებს და ჯარისკაცებს ექსპოზიციის შესავსებად უსასყიდლოდ გაეცათ პირადი მემორიალური ნივთები.



მუზეუმისთვის თბილისის ცენტრში ალექსანდრეს ბაღის ის ნაწილი გამოყვეს, რომელიც რუსთაველის, მაშინდელი გოლოვინის გამზირს ესაზღვრებოდა. 


ქაშუეთის ძველი ეკლესია და ალექსანდრეს ბაღი

ალექსანდრეს ბაღი

პირველი საზოგადოებრივი ბაღი თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის ბარიატინსკის ინიციატივით შეიქმნა. პროექტის ავტორი იყო თბილისში ცნობილი არქიტექტორი ოტო სიმონსონი, რომელმაც მებაღის სახლთან და ტერასებთან ერთად თბილისის უძველესი შადრევანიც დააპროექტა. 


ალექსანდრეს ბაღი, შადრევანი, კლასიკური გიმნაზია


ბაღის ლანდშაფტურ კონცეფციაზე მუშაობდა გერმანელი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის არქიტექტორი ჰაინრიხ კარლ ვერნერ შარერი. გამწვანებაში თავისი „წვლილი“ თბილისში სტუმრად მყოფმა იმპერატორმა ალექსანდრე II-ემაც შეიტანა და ბაღში ხე დარგო. სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა აქაურობას თბილისის ყოვლდღიურ სამეტყველო ენაში დღემდე შემორჩენილი ბაღის პირველი ოფიციალური სახელი – ალექსანდრეს ბაღი.



1801 წლიდან აქაურობა რუსული ჯარის სამხედრო აღლუმების პოლიგონად იქცა. 1840–იან წლებში ბოლო ყაბახობა გაიმართა. ამიერიდან ეს ტერიტორია თბილისური არისტოკრატიის საყვარელი დასასვენებელი და სასეირნო ადგილი გახდა, სანამ კონკურენტად მუშტაიდის ბაღი გაუჩნდებოდა.



მუზეუმისთვის პროექტის შემუშავება თბილისელ არქიტექტორ, ალბერტ ზალცმანს დაევალა. რომში სპეციალურად მივლინებულმა ზალცმანმა შენობის პროტოტიპად არქიტექტორ პიო პიაჩენტინის პროექტით აგებული საგამოფენო სასახლე Palazzo delle Esposizioni შეარჩია და გოლოვინის გამზირის მასშტაბებს დაუქვემდებარა. თბილისური არქიტექტურისთვის თვისობრივად ახალი გამოდგა შემინული ჭერი, საიდანაც 58 მეტრის სიგრძის საგამოფენო დარბაზი ნათდებოდა. 1888 წლის 11 სექტემბერს რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლო – ე.წ. „დიდების ტაძარი“ არასრული ექსპოზიციით სახელდახელოდ გაიხსნა, რათა თბილისში სტუმრად მყოფი იმპერატორი ალექსანდრე III მიეღო. 


იმპერატორი ალექსანდრე III თიანეთში

მუზეუმის შესასვლელშივე გხვდებოდათ რუსეთის იმპერიის გერბი – ორთავიანი არწივი, რომლის ქვეშაც პეტრე I-ის დიდი სურათი ეკიდა. დარბაზში გამოფენილი იყო კავკასიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი სამხედრო შენაერთების დროშები, ვიმპელები და სამხედრო ნადავლი: თურქეთში, იარნსა და კავკასიაში აღებული ქალაქების გასაღებები და საბრძოლო იარაღი. განსაკუთრებული ადგილი ეკავა კავკასიის მთიანეთის დამორჩილების თემატიკას, რომლის ცენტრალური ნაწილიც იყო შამილის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ბრძოლა. საქართველოს დამორჩილების ისტორიას ასახავდა გეორგიევსკის ტრაქტატი, ქართლ – კახეთის მეფის გიორგი XII-ისთვის ბოძებული სამეფო ნიშნები: ტახტი, გვირგვინი და სკიპტრა. აგრეთვე ფრანც რუბოს გრანდიოზული ტილო: „რუსის ჯარის შესვლა თბილისში 1799 წლის 26 ნოემბერს“. რუბოსთან ერთად, დიდების ტაძრის ექსპოზიციის შესავსებად და მასშტაბური ბატალური სცენების შესაქმნელად საგანგებოდ იყვნენ მოწვეული იმპერიაში ცნობილი მხატვრები: მაქს ტილკე, ივანე აივაზოვსკი, ალექსანდრე კოლჩინსკი და სხვ. 

დიდების ტაძარი, საგამოფენო დარბაზი


შენობის გარშემო ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით განთავსებული იყო ბრძოლებში მოპოვებული 38 ზარბაზანი, მათ შორის გაჭიმული მსხვილი ჯაჭვით. ფასადებზე მიმაგრებულ ლითონის თორმეტ მოოქროვილ ფირფიტაზე კავკასიის დაპყრობითი ომების მნიშვნელოვანი თარიღები, ფაქტები და ლოკაციები იყო მოყვანილი. 


დიდების ტაძარი

დიდების ტაძრის ექსპონატებით სრულად შევსება ჭიანურდებოდა. თუმცა თბილისში ამ დროისთვის ერთადერთი იდეალური საგამოფენო სივრცე არ ცდებოდა: აქ გამართული დროებითი ექსპოზიციებიდან აღასნიშნავია ქართველ მხატვართა გამოფენა, რომელზეც პირველად გამოჩნდნენ გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, ალექსანდრე მრველიშვილი და სხვები. 1890 წელს თბილისელ მხატვართა ნამუშევრების პირველი გამოფენა–გაყიდვაც მოეწყო. ამგვარად, დიდების ტაძარი ნელ–ნელა კარგავდა თავის იდეოლოგიურ ფუნქციას. ხალხში ის უკვე საგამოფენო სივრცედ მოიაზრებოდა, რაც კავკასიის მმართველთა წრეებში უკმაყოფილებას იწვევდა. მუზეუმის კონცეფციის გასაცოცხლებლად სასწრაფოდ გაიზარდა ხარჯთაღრიცხვა და ახალი მთავარმართებლის, ილარიონ ვორონცოვ–დაშკოვის მონდომებით 1907 წლის 24 თებერვალს დიდების ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა. 1914 წელს ექსპოზიცია დაათვალიერა თბილისში სტუმრად მყოფმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზის მოახლოების გამო, სამუზეომო ექსპონატები ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს, რითიც დიდების მუზეუმის ისტორიაც დასრულდა. 

დიდების ტაძარი


შენობა, რომელიც „... მანამდე მხოლოდ ჩვენი მონობის დიდების ტაძარი იყო, სადაც ეკიდა საქართველოს დახეული დროშები, შამილის გამტყდარი ხმალი და ჰაჯი–მურატის ტანზე შეხსნილი მუზარადები...“ (ტიციან ტაბიძე) ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის ძალისხმევით აქტიურ საგამოფენო სივრცედ იქცა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო ქართული კულტურის განვითარებისთვის. 


დიმიტრი შევარდნაძე

1916 წელის დიმიტრი შევარდნაძის უშუალო ხელმძღვანელობით ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დაფუძნდა, რომლის მიზნებსა და ამოცანებს შორის ერთ–ერთი უმთავრესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვა, შესწავლა, კედლის მხატვრობის პირების გადმოღება და დაბინავება იყო. თუ რუსული ცარიზმის ეპოქაში ქართული ეკლესია–მონასტრების სავალალო მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ეს საქმე იყო გადაუდებელი და უმნიშვნელოვანესი.


საზოგადოების მიერ განხორციელებული პირველი მნიშვნელოვანი პროექტი გახდა ქართულ საისტორიო – საეთნოგრაფო საზოგადოებასთან ერთობლივი სამეცნიერო–სამხატვრო ექსპედიცია, რომლის შედაგადაც მხატვართა ჯგუფმა დიმიტრი შევარდნაძის, გიორგი ერისთავის, მოსე და ირაკლი თოიძეების, ლადო გუდიაშვილის და მიხეილ ჭიაურელის შემადგენლობით ძლიერ დაზიანებული ნაბახტევის ეკლესიიდან საეკლესიო მხატვრობის 19 ასლი ჩამოიტანა.




1917 წლის 8 იანვარს დიდების ტაძარში ნაბახტევის ექსპედიციის მასალები: ფრესკები, ჩანახატები, სურათები და საისტორიო–საეთნოგრაფო საზოგადოების საკუთრებაში არსებული 40–მდე ფრესკის პირი გამოიფინა. ექსპოზიცია ორ კვირას გაგრძელდა და დამთვალიერებელი არ მოჰკლებია. 


ნაბახტევის ექსპედიციის წევრები სტუმრად ავლევში, კონსტანტინე ამირეჯიბის ოჯახში. მარცხნიდან: გიორგი ერისთავი, დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, მოსე თოიძე. ცენტრში – ირაკლი თოიძე, ხესთან დგას ლადო გუდიაშვილი


„უცხო ქვეყნელები, ფრანგები და ამერიკელები ფრესკებს გულდასმით სწავლობენ და წერილებს გზავნიან თავიანთ სამშობლოს გაზეთებში. ბევრი უცხოელი ფრესკების ასლებს თხოულობს და კარგ ფულსაც იძლევიან, მაგრამ ასლები ჯერ არ მოიპოვება“.


გაზეთი „თანამედროვე აზრი“ 1917წ. 


„გამოფენამ საზოგადოების უჩვეულო ინტერესი და აღტაცება გამოწივია, ყველას სახეზე სიამოვნების ღიმილი უკრთოდა. იდგნენ ფრესკების წინ გაკვირვებულნი და არ იშლებოდნენ. ჩვენთან ყველანი რიგრიგობით მოდიოდნენ , ხელს გვართმევდნენ და გვილოცავდნენ. მახსოვს, ნიკო ნიკოლაძემ და მისმა მეუღლემ მეტად შეგვაქეს, მოგვილოცეს და დიდი მადლობა გვითხრეს.


გამოფენის დახურვის შემდეგ დიტო დიდების ტაძრის შენობიდან არ გამოსულა და მთლიანად დაისაკუთრა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისათვის. შიშობდა, შიგ არავინ ჩასახლებულიყო, ამის გამო მიატოვა თავისი ბინა, საცხოვრებლად გადავიდა ქვედა, ნახევრად სარდაფის სართულში და დარაჯობდა. ჯერ კიდევ ადრე, მას შემდეგ, რაც, ომის საშიშროების გამო, მოხდა დიდების ტაძრის მასალების ევაკუაცია სტავროპოლში, დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა ამ შენობის მოპოვება ეროვნული სამხატვრო გალერეისათვის, გალერეის დაარსებისათვის წინასწარ ამზადებდა ნიადაგს, როგორც მას სჩვეოდა, ძალიან ენერგიულად მოჰკიდა ხელი ნაწარმოებების, უმთავრესად ქართული მხატვრობის ნიმუშების შეკრებას. ბევრი ქალაქი და სოფელი მოიარა და მრავალი სურათი შეაგროვა.ზოგ მათგანს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს კი ყიდულობდა. ასე შეკრიბა წიგნები და ბიბლიოთეკა მოაწყო“.

გიორგი ერისთავის მოგონებიდან

ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დიდების ტაძრისთვის ახალი სტატუსის მისანიჭებლად იბრძოდა. 1918 წლის ბოლოს შენობის მისაღებად საგანგებო კომისია გამოიყო შალვა ქიქოძის, გიორგი ერისთავის და დიმიტრი შევარდნაძის შემადგენლობით. პარალელურად, საზოგადოება აქტიურად იყენებდა სივრცეს საგამოფენო საქმიანობისთვის, რითიც ერთგვარად ასაბუთებდა თავის მოთხოვნას: 1919 წლის მაისში მოეწყო ქართველ მხატვართა მასშტაბური გამოფენა. 


„აქ უნდა მოვიხსენიო მხოლოდ ერთი მხატვარი, რომელსაც არაფერი გამოუფენია, მაგრამ მთელი თავისი ძალა შესწირა გამოფენას. ეს არის დიმიტრი შევარდნაძე. მისი თავდადებული შრომა ქართული ხელოვნებისათვის საოცარია. რასაკვირველია აქ მადლობა საჭირო არაა.“


გრიგოლ რობაქიძე, გაზეთი საქართველო, 1919წ. 




იმავე 1919 წლის დეკემბერში შედგა ქართველი და საქართველოში მოღვაწე სხვა ეროვნების მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიცია. შემოსავალი ორივე გამოფენას კარგი ჰქონდა – თითქმის ყველა ექსპონატი გაიყიდა. მათ შორის, საქართველოს მთავრობამ შეიძინა და ქართველ ხელოვანთა საზოგადეობას მფარველობის ქვეშ გადასცა ნამუშევრები, რომლითაც ფაქტობრივად დაიწყო თანამედროვე ქართული მხატვრობის სამუზეუმო კოლექციის დაკომპლექტება.

გამოფენების შემდეგ, რამდენიმე გამორჩეული ახალგაზრდა მხატვარი სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გაიგზავნა. 


 „1919 წელს, დღევანდელი სურათების გალერეაში მოეწყო ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, სადაც ჩემი საკმაოდ ბევრი სურათი გამოიფინა. გამოტანილი მქონდა დიდი ტილო „თბილისის აღმოჩენა“, „ქალი მზეთამზე“, თევზი ცოცხალი“, „ხაში“, „ძმა–ბიჭების ქეიფი“ და სხვ.

ამ გამოფენამ გადაწყვიტა ჩემი და დავით კაკაბაძის საზღვარგარეთ წასვლის ბედი.

და აი, ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ „ქიმერიონში“ ვიმყოფებოდი და ჩემთვის განკუთვნილ კედელს ვხატავდი, უეცრად ზემო კარიდან ძახილი მომესმა... ვიცანი ტიციან ტაბიძის ხმა: ამოდი რაღაც უნდა გახარო... შენი და დავითის კანდიდატურა გავიდა, საფრანგეთში მიდიხართ!“ 


ლადო გუდიაშვილი, მოგონენების წიგნი


„თევზი ცოცხალი“ ლადო გუდიაშვილი

„ბინა არ იშოვება (დიდი კრიზისია), რიგიანი ოთახი ვერ ვიშოვე, სახელოსნოს ვინ დაეძებს, ერთი თვე გაუთბობელ ოთახში ვცხოვრობდი. დიდი სიძვირეა. ეს გარეგნული სახე. რაც შეეხება სხვა მხრივ დიდად კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ შევიძინე და კიდევ ვიძენ, ბევრი ხელოვნების მარგალიტები ვნახე... პარიზის მუზეუმებისგან დიდია შთაბეჭდილება, ხელოვნების დიად აზრს ახლა უფრო ფართოდ ვღებულობ. ეხლა თანამედროვეზე. როგორც ვაკვირდები ამ ომმა დიდათ შეაჩერა მხატვრობის წინმსვლელობა. მხატვრები ხატავენ ისე და იმას, რაც ამ 7 წლის წინედ იყო. ეხლა სრული შეჩერებაა, ახალი მხატვრული იდეა ჯერ საღად არა სჩანს (მხოლოდ ეხლა იბადება და კიდეც ვგრძნობ რა სახით), ფუტურიზმი კი აქ უკვე ძველი, დაუმთავრებელი ფორმაა, შემდეგ კი... მხატვრობა „ნეოკლასიკური“ ფორმისაკენ გადადის, საინტერესოა ამ მხრივ ბრაკის და პიკასოს სურათები, რომელიც ვნახე (შალიკო და ლადო დიდად გაჯავრებული არიან ამ სურათებით, სისულელეაო!). ერთი სიტყვით, ეხლა პარიზში ხდება დიდად საინტერესო მოვლენა მხატვრობაში. ვნახოთ რა იქნება შემდეგში... გისურვებ ყოველივე სიკეთეს. დათიკო კაკაბაძე“ - 1920 წელი, 7 მარტი დავით კაკაბაძის წერილი დიმიტრი შევარდნაძეს.

ქართველი მხატვრები პარიზში. დგანან:მარცხნიდან პირველი – ლადო გუდიაშვილი, მარჯვნიდან მეორე – დავით კაკაბაძე ცენტრში ზის შალვა ქიქოძე


„...არ ვიცი არაფერი, ჩემთვის სულ ერთია, მხოლოდ მუშაობა და წვალება. ამით გახდება რასმე კაცი. ოხ, პარიზი დიდია, მასთან ხუმრობა არ შეიძლება. მუშაობა, მხნეობა და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ დღეებში მიმიწვიეს საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც დაიწყება ქალაქ ჟენევაში და ვაგზავნი სამ სურათს. ... ასე ჩვენი ბიჭები დავითი და შალვა (დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე) გაქანებულები მუშაობენ. წარმოიდგინე, რომ შალვას ვეღარ იცნობ, ისე წაიწია წინ. დიდი პროგრესი გააკეთა დავითმაც, ასე რომ ჩვენ ვმუშაობთ, რაც ძალი და ღონე გვაქვს.“ - ლადო გუდიაშვილის წერილი დიმიტრი შევარდნაძეს. 1920 წელი


1920 წელს, „რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მხატვარს“ კიდევ ერთ მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ფაქტობრივად, ამ გამოფენებმა გამოავლინა იმდროინდელი ქართული სახვითი ხელოვნების, მის განვითარების პოტენციალის სრული სურათი.


იმავე წლის 30 მარტს, მთავრობის თავჯდომარემ ნოე ჟორდანიამ და დამფუძნებელი კრების თავჯდომარის ამხანაგმა ექვთიმე თაყაიშვილმა ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების დეკრეტს.

გალერეის დაარსებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან 43 780 მანეთი გაიცა.


ოქტომბერში, სურათების ეროვნულმა გალერეამ პირველი ექსპოზიცია მოაწყო, რომლის მიზანიც საქართველოს მუზეუმებსა და ორგანიზაციებში და კერძო კოლექციებში დაცული მნიშვნელოვანი ძეგლების წარმოჩენა იყო: საქართველოს მუზეუმიდან გამოიფინა ძველი ირანული მხატვრობა და მინიატურები, საისტორიო–საეთნოგრაფო საზოგადოების მუზეუმდან ძველი ქართული კედლის მხატვრობის და პორტრეტული მხატვრობის ნიმუშები, ლიკანის სასახლიდან – ევროპული მხატვრობის კოლექცია.


გამოფენისთვის შეგროვილი დიდი მასალის ნაწილი საფუძვლად დაედო ეროვნული გალერეის ძირითად ფონდს და შვიდ ნაწილად დაყოფილ საგამოფენო სივრცეში შემდეგნაირად დაჯგუფდა:


აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშები–ირანული მხატვრობა და მინიატურები, თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრები, XVIII-XIX საუკუნეების ე.წ თბილისური სკოლის ნიმუშები, რუსული და დასავლეთ ევროპული მხატვრობა. შუა ნაწილში ბიბლიოთეკა განთავსდა. აღასანიშნავია, რომ პირველსავე წელს შეიქმნა ძვირფასი წიგნთსაცავი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის – ალექსანდრე სარაჯიშვილის ქვრივის მიერ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისადმი უსასყიდლოდ გადაცემული იშვიათი ბიბლიოთეკა. წიგნთსაცავი, ისევე როგორც გალერეის ფონდები, გამდიდრდა დიმიტრი შევარდნაძის უშუალო ძალისხმევითაც, რომელიც დაუღალავად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საინტერესო ექსპონატების შესაგროვებლად. 


ქეთევან მაღალაშვილი და დიმიტრი შევარდნაძე


“… შემატყობინეს, რომ წინანდალში 100–მდე ძვლი სურათი არის ერთი თავადის ოჯახში, უნდა გავემგზავრო სანახავად და თუ საინტერესო დარჩა ჩამოვიტანო გამოფენისთვის.... ქეთო, იქნებ თიანეთშიც აქვს ვინმეს რამე ძველი მხატვრობის ნიმუშები. ეცადეთ წამოიღოთ გამოფენისათვის“.


დიმიტრი შევარდნაძის წერილი ქეთევან მაღალაშვილს, 1920წ. 




XVIII-XIX საუკუნის პორტრეტული მხატვრობის კოლექცია მნიშვნელოვნად შეივსო მოსკოვის სამუზეუმო საცავებიდან 1923 წელს გამოგზავნილი ქართველ ბატონიშვილთა პორტრეტებით. მოქალაქე ნაბადოვისაგან სამხატვრო გალერეის დირექციამ თავად მუხრან–ბატონის და მისი ოჯახის წევრების ჯგუფური პორტრეტი შეისყიდა.

მუხრან–ბატონი ოჯახით

1924 წლის პრესაზე დაყრდნობით ამ დროისთვის ეროვნული გალერეის მფლობელობაში იყო გიგო გაბაშვილის, ალექსანდრე მრევლიშვილის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ–ერისთავის, შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები. აგრეთვე, თავად შევარდნაძის და ქართველ ხელოვანთა საზოგადოების მიერ მოპოვებული ფიროსმანის ნამუშევრების შესანიშნავი კოლექცია.


1925 წელს, ფონდებს შეემატა ცნობილი მეცენატის და მეწარმის, აკაკი ხოშტარიას მეუღლის ანდერძის მიხედვით, პარიზიდან ქართველ ხელოვანთა საზოგადოების სახელზე გადმოიგზავნილი ორი ფერწერული ტილო. გალერეამ ასევე შეიძინა ბატალისტი მხატვრის ჰორშელდის 355 ნახატი, ფონდებში მოხვდა კოლექციონერის და მხატვრის ბოტკინის შესრულებული 10 ეტიუდი. 1927 წელს მოწყობილი გამოფენიდან გალერეამ შეისყიდა ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ნინო წერეთლის და სხვათა ნამუშევრები. „დიდების მუზეუმის“ ფონდები შეადგენდა თანამედროვე არაქართული მხატვრობის ნაწილს.

შთამბეჭდავი იყო გალერეის აღმოსავლური კოლექცია.



„...როდესაც ჩვენ შევძლებთ მთელი ჩვენი სპარსული განყოფილების გაშლას, ცხადად დავინახავთ მთელი სპარსული მხატვრობის განვითარებას მე–15–ე საუკუნიდან დაწყებული ვიდრე მე–19–ე საუკუნის ბოლომდე.“



დიმიტრი შევარდნაძის საანგარიშო მოხსენება განათლების სახალხო კომისარს, 1928 წელი

ჩინური კოლექციის ნაწილი და ირანული მინიატურული მხატვრობის რამდენიმე ნიმუში ქართველ მხატვართა საზოგადოებამ მოსე თოიძისგან შეიძინა. მხატვარმა კოტე ქავთარაძემ ეროვნულ გალერეას უსასყიდლოდ გადასცა 111 ნივთისგან შემდგარი ძველი სპარსული მაიოლიკის უძვირფასესი ნიმუშების კოლექცია. გალერეამ აგრეთვე სოფელ ჩაქვის ჩაის პლანტაციების ყოფილი გამგის, ლ. სენჩანგისაგან აკვარელით აბრეშუმის ქსოვილზე შესრულებული უძველესი ჩინური პეიზაჟური მხატვრობის ნიმუშები.



„...ლუვრის სპარსული კაბინეტი, რომლესაც პირველი ადგილი ეჭირა ადრე, დღეს ვერ შეედრება თბილისის ეროვნული გალერეის სპარსულ განყოფილებას...“

გაზეთი Заря Востока, 1924 წელი


მეტეხის ციხე

ფონდები ივსებოდა და მალე ცხადი გახდა, რომ სამხატვრო გალერეის შენობა არასაკმარისია საგამოფენო საქმიანობის სრულად გასაშლელად. თავად შევარდნაძე განათლების სახალხო კომისრის სახელზე დაწერილ მოხსენებით ბარათში, აღწერდა რა ეროვნული გალერეის მდგომარეობას, ჩიოდა, რომ პატარა სარდაფი ვერ აკმაყოფილება სამეურნეო საჭიროებას, რომ აუცილებელია შეშის და ნახშირის საწყობი, სადურგლო, სარესტავრაციო და ფოტოგრაფიული კაბინეტები, სადეზინფექციო კამერა...


ეროვნული გალერეის გაფართოებისთვის დიმიტრი შევარდნაძე ყველაზე შესაფერის ვარიანტად მეტეხის ციხეს მიიჩნევდა.



„...პირველ რიგში იმის გამო, რომ შენობა დამოუკიდებლად დგას, რაც ხანძრისგან გარანტირებულს ხდის მას და მისი დაცვაც ადვილია. მერე იმის გამო, რომ გალერეის ფონდების მატებასთან ერთად საკმარისი ფართი იქნება მის განსათავსებლად, მესამეც იმის გამო, რომ თვით მეტეხი ტაძართან ერთად ისტორიული ძეგლია, რომელიც ისედაც უნდა დაიცვას სახელმწიფომ“.



1933 წლის 18 ნოემბერს მეტეხის ყოფილი საპყრობილე სამხატვრო გალერეის ფონდების განსათავსებლად საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატს გადაეცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მოწყობილ მიტინგზე მეტეხის ახალ დირექტორს – დიმიტრი შევარდნაძეს ციხის ყოფილმა კომენდანტმა კომპლექსის გასაღები გადასცა. 1934 წლიდან მეტეხში დაიწყო ფუნქციონირება „პლასტიკურ ხელოვნებათა ცენტრალურმა მუზეუმმა“, რომლის ფუნქციონირების პირველი ხუთწლიანი გეგმა დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავა და წარადგინა. გეგმა 1937 წელს ორი მნიშვნელოვანი მოვლენით სრულდებოდა: ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო ღონისძიება. როგორც აღმოჩნდა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ბერიას თავისი გეგმები ჰქონდა:


მეტეხის ციხე და ეკლესია



"დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისთვის. რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრიათ მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამ მიზნით ერთ დღეს ამფეთქებელთა ბრიგადაც კი გაგზავნეს. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები (სანდრო ახმეტელი, გიორგი ჩუბინაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი) და ბერიასთან მივიდნენ. ეს ამბავი გახმაურდა, რაიონებსაც მისწვდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა (რუსთაველი აქ არაფერ შუაში იყო, - გამოინახებოდა მისთვის ადგილი ქალაქში). ბერიამ თითქოს უკან წაიღო თავის ნათქვამი, გამოისტუმრა დეგეგაციის წევრები, მაგრამ დიტო დატოვა: ეკლესიას შენი ხელით დაანგრევინებო. მალე დიტო მოსკოვში წავიდა, ფული ითხოვა მუზეუმის ახალი შენობის ასაგებად, თანხა გამოუყვეს, მაგრამ მალე დააპატიმრეს ''...


ქეთევან მაღალაშვილის მოგონებებიდან



1937 წლის 6 ივნისს თბილისში ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, რომელიც, სამხატვრო ექსპოზიციების მსგავსად, თავად დიმიტრი შევარდნაძემ გაფორმა. 

ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

გამოფენის გახსნიდან რამდენიმე დღეში შევარდნაძე დააპატიმრეს და როგორც მოგვიანებით გაირკვა იმავე წლის დეკემბერში დახვრიტეს. 


“ყველა ორატორის სიტყვა გამსჭვალულია ღრმა სიყვარულით და ერთგულებით საბჭოთა ქვეყნისადმი და უსაზიზღრესი მძულვარებით ხალხის მტრებისადმი, მათ შორის მუზეუმის ყოფილი დირექტორის გარეწარ შევრდნაძისადმი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე შენიღბულ შხამიან გესლს ანთხევდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დევნიდა მუზეუმიდან საბჭოთა თემატიკას და მის მაგივრად არქაული სიძველეების იდეალიზაციას ახდენდა”.


1937 წლის ქართული პრესა




დიმიტრი შევარდნაძის სახელთან ერთად, მის მიერ დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ხსენებაც აიკრძალა. მეტეხის მუზეუმი 1950–იანი წლების დასაწყისში ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში განთავსდა და მის ბაზაზე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი შეიქმნა. ციხე, მათ შორის მუზეუმის კორპუსებიც, თბილისის 1500 წლის საიუბილეო ზეიმისთვის მზადებისას დაანგრიეს.


რეპრესიების დროს აბსურდული ბრალდებით დახვრეტილი და დაპატიმრებული ხალხის მასობრივი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა. დიმიტრი შევარდნაძის რეაბილიტაციის ცნობა 13 სექტემბრით თარიღდება.


ამ დროს – 1950–იანი წლების მეორე ნახევარში, სურათების ეროვნულ გალერეაში სტალინის სიკვდილამდე გამეფებული პროპაგანდისტული პოლიტიკა ნელ–ნელა იცვლება. ამბობენ, 1957 წელს ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფმა ძალით გახსნა ლადო გუდიაშვილის დალუქული გამოფენა. 

ეროვნული გალერეა. 1992 წელი

თვისობრივად ახალი პერიოდი სურათების ანუ როგორც შეფერილობის გამო უწოდებდნენ, ცისფერი გალერეისთვის 1980–იან წლებში დაიწყო. 1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „სურათების ეროვნული გალერეა“, რომელმაც მხატვრის სახლი, საქართველოს საგამოფენო დარბაზები და გალერეები გააერთიანა. გაერთიანების ცენტრალური ნაწილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც გალერეაში, აქვე არსებული ფონდების ბაზაზე შეიქმნა. იმავე წლის შემოდგომაზე თანამედროვე ქართული ხელოვნების ვერნისაჟი შედგა. თუმცა 1990–იანი წლების სამოქალაქო ომის შემდეგ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა და შენობის დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც გადაიდო.

თბილისის ომი. ეროვნული გალერეა.


შენობის რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში ხელმეორედ 2007 წელს დადგა, როცა ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა. დაიგეგმა ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის გეგმაც პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია ,,Ainda Arquitectura"-მ შეიმუშავა.


დღეს სურათების ეროვნული გალერეა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების, დაცვის და ტემპერატურული რეჟიმის მქონე 8 საგამოფენო დარბაზს აერთიანებს. სხვადასხვა ზომის და სიმაღლის დარბაზები განსხვავებული ტიპის გამოფენების გამართვის შესაძლებლობას იძლევა: ფოტოგამოფენა, ვიდეოინსტალაცია და სხვ. რეკონსტრუქციის შემდეგ შენობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უცვლელი დარჩა ცენტრალური საგამოფენო დარბაზი და ფასადი. 


ეროვნული გალერეა. რეაბილიტაციის შემდგომი ფოტო.


„მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული გალერეის რეკონსტრუქცია ძველი შენობის სრული პატივისცემით ჩატარდა.“ 


ლუიშ ფერეირა, არქიტექტორი



მთლიანი შენობა აღჭურვილია ვენტილაციის, გათბობის, განათების სისტემებით. შეიქნმა სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისთვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე. ექსპონატების დამუშავება, გაწმენდა, სრული აღწერა და ციფრულ ფორმატში გადატანა.

8 წლიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების მერე, ეროვნული გალერეა მასშტაბური გამოფენით „ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები – ХХ საუკუნის I ნახევარი“ გაიხსნა.


2012 წლიდან ეროვნული გალერეა დიმიტრი შევარდნაძის სახელობისაა. 



ავტორი: თამარ ესაკია / ინდიგო