მუსიკა | ცა

ზაფხულის მუსიკა | ნაწილი 2

Tsa.Music

აგვისტო 24, 2020

Lone - Emerald Fantasy Tracks (2010)

მეთ ქათლერი, იგივე Lone ჩემთვის თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩული ფიგურაა. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან მისი მუსიკა, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და 90-იანი წლების რეივის ნოსტალგიას ატარებს, მელომანთა გულებს მალამოსავით ედება. Boards Of Canada-ს მუსიკალური შვილობილი, უფრო მეტი რიტმულობითა და ენერგიით - ასე დავახასიათებდი მოკლედ მის შემოქმედებას.


უკვე 10 წლის დაძველების მქონე ალბომი „Emerald Fantasy Tracks“ ჩემი საზაფხულო ვოიაჟის განუყოფელი ნაწილია. იშვიათად თუ შემხვედრია ალბომი, რომელიც ზაფხულში ზღვაზე გატარებულ მხიარულ წუთებს ასე თუ ესატყვისება.  

The Avalanches - Since I Left You (2000)

შექმნის პროცესში ავსტრალიელმა მუსიკოსებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ რომ მათი ალბომი ფენომენალურის სტატუსით იმოძრავებდა მუსიკალურ სამყაროში. 3000-ზე მეტი, რეკორდული სემპლისგან შემდგარი შედევრი იმ პერიოდის საცეკვაო მუსიკის ჟღერადობის გამოძახილი იყო, რაც მრავალფეროვან მუსიკალურ ტექსტურებს მოითხოვდა.


სხვადასხვა მუსიკალური სტილისა და ტერიტორიის გავლენით შექმნილმა ალბომმა, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა, სოული, სალსა ერთ ჯამში მოაქცია, რომელმაც უამრავი მელომანისთვის 2001 წლის ზაფხული შექმნა და 20 წლის შემდეგაც არ კარგავს მნიშვნელობას.

The Beach Boys - Endless Summer (1974)

60-იანი წლების დასაწყისში არსებობდა მცირე სიცოცხლის მქონე, კონკრეტულ ტერიტორიაზე და კონტექსტზე მორგებული მუსიკალური სტილი „Surf Rock“ - რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში სერფინგის კულტურასა და როკ მუსიკას აკავშირებდა. სიმღერებში მცირე რევერბის, ნატიფი საგიტარო რიფებისა და დამახასიათებელი ვოკალური პარტიების დახმარებით, ისინი ადგილობრივ სანაპიროებს და იმ დროის ახალგაზრდობის ცხოვრების სტილს თემატურად გასდევდა.


ლეგენდარული The Beach Boys სწორედ ამ ტალღის შვილები იყვნენ - კომპილაციური ალბომი „Endless Summer” 60-იანი წლების პირველ ნახევარში ჩაწერილ კომპოზიციებს აერთიანებს, რომლებმაც შეიძლება 60-იანი წლების თქვენთვის არ არსებულ მოგონებებშიც კი გადაგაგდოთ.

DeepChord – Sommer (2012)

DeepChord - როდ მოდელის მუსიკალური პროექტია, რომელიც დაბ-ტექნოს დასაბამიდან იღებს სათავეს. თუ თქვენ თავს ღამით, მზის ჩასვენების შემდეგ, საზღვაო/საპორტო ქალაქში წარმოიდგენთ, ალბომი „Sommer” თქვენი ემოციური ხილვებისთვის შეიქმნა. ამისთვის მუსიკოსმა უამრავი საველე ჩანაწერი გააკეთა სხვადასხვა კონტინენტის ქალაქებში. თუ Biosphere საკუთარ ალბომებში არქტიკულ ატმოსფეროს შექმნისკენ ისწრაფვის, როდ მოდელი აქ სრულიად სხვა ისტორიას გვიყვება, ისტორიას მცხუნვარე დღით გათანგული ქალაქისა, რომელიც სიცარიელეს მოუცავს და აქა-იქ ანთებული ლამპრებით მომავალი დღის გათენებას დინამიური ვიბრაციით ეგებება.

Eiichi Ohtaki - A Long Vacation (1981)

ეს ალბომი არამხოლოდ City Pop სტილის, არამედ მთლიანად იაპონური როკ მუსიკის გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება. ჩანაწერის მუსიკალური ფორმა, ამერიკელი პროდიუსერის, ფილ სპექტორის „Wall of Sound”-ის კონცეფციით იქნა ინსპირირებული, რომელიც მუსიკაში ტრადიციული სტუდიური გარემოს გაფართოვებას და ხშირად გაორკესტრებას გულისხმობდა.


ამისთვის ამ ალბომშიც უამრავმა იაპონელმა მუსიკოსმა მოიყარა თავი, მათ შორის ჰარუომი ჰოსონომ, შიგერუ სუზუკიმ და სხვა. მთლიანი ალბომი კი ისე ჟღერს თითქოს ეს ლაივ კონცერტია, 60-იანი წლების ბაროკო პოპ-ში გადაწყვეტილი.


რაც მთავარია სათაურიდან გამომდინარე ალბომი გრძელი საზღვაო შვებულების ისტორიას მოგვითხრობს, სადაც თავგადასავლების მოლოდინი არ წყდება.

Washed Out - Life On Leisure (2009)

2010 იანი წლების დასაწყისში, საკუთარ საძინებელში, კომპიუტერთან და მუსიკალურ ინსტრუმენტებთან გამოკეტილმა ახალგაზრდა მუსიკოსების ტალღამ ახალ მიმდინარეობას „chillwave“-ს დაუდო სათავე. ეს 80-იანი წლების სინთპოპის, lo-fi ჟღერადობისა და ფსიქოლედიური ეფექტების დახმარებით მიღებული ნოსტალგიური ხმოვანებაა - ამერიკელი Washed Out კი ამ სტილის ერთ-ერთი პირველი მერცხალია. ალბომში შესულმა სინგლმა "Feel It All Around" კი მომავალში მთლიანად სტილის მუსიკალური ესთეტიკა განაპირობა.

Marcos Valle - Previsão Do Tempo (1973)

ზაფხული ბრაზილიური მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია და მარკოს ვალე ამას ყოველთვის ამტკიცებს. პირველი ალბომის გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ, 1973 წელს, მისი მუსიკალური პალიტრა უფრო გამდიდრებული იყო ბოსა ნოვას, სამბას, ბაიაოს და ამერიკული მუსიკალური სტილებით - ასე მივიღეთ ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომი. მუსიკალურად იგი ბრაზილიური ბენდის Azymuth- ენათესავება, თუმცა მარკოს ვალეს იგი ტროპიკული განცდის ახალ სიმაღლეზე აჰყავს, რომელიც თქვენს მზიან დღეს აუცილებლად გაალამაზებს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი