მუსიკა | ცა

ზაფხულის მუსიკა

ზაფხული, პერიოდი რომელზეც ყველას სხვადასხვა ასოციაცია უჩნდება წარმოსახვაში, თუმცა შთაბეჭდილებების ძირითადი აღწერა რამდენიმე სიტყვით მაინც შეგვიძლია გამოვხატოთ: ზღვა, გამთანგველი სიცხე, სანაპირო და მხიარულება. ასეთივეა ზაფხულის მუსიკაც, რომელსაც სხვადასხვა მუსიკალურ ეპოქაში, განსხვავებული გამომხატველობა ჰქონდა. საზაფხულო საუნდტრეკის არჩევა, ყოველწლიურად ერთ-ერთი საკრალური პროცესია, სწორედ ამიტომ ამ სტატიების სერიაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა სტილისა თუ ეპოქის ალბომებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის ფლეილისტში ადგილის დასაკავებლად აუცილებლად იბრძოლებენ.

João Donato - Quem É Quem (1973)

ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან ახლოს დაბადებულმა ჟოაო დონატომ, წარუმატებელი პილოტის კარიერის შემდეგ, მთელი ცხოვრობა მუსიკას მიუძღვნა - მოზარდობის ასაკში იგი რიოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ანტონიო კარლოს ჟობიმი და ჟოაო ჟილბერტუ გაიცნო, მას შემდეგ იგი ბოსანოვას სტილის ერთ-ერთ არქიტექტორად ითვლება.


მშვიდი და ტროპიკული ესთეტიკის მატარებელი ალბომი „Quem é quem“ 1973 წელს გამოვა, სადაც გამოკვეთლად ჩანს Fender Rhodes-ზე ჟოაოს უნიკალური დაკვრის სტილი, რის გამოც მას ბრაზილიელ თელონიუს მონქსაც კი უწოდებდნენ. არანჟირება აქ უნაკლოა, ვოკალური ნაწილი კი სიმშვიდის მომგვრელი. ბრაზილიურ მუსიკაში თუ ვინმე სრულყოფილებას ეძებს, სწორედ ამ ალბომით დაწყებას ვურჩევდი.

Halftribe - For the Summer, or Forever (2018)

ირლანდიელი რაიან ბისეტი, იგივე Halftribe ემბიენთ მუსიკას ქმნის, რომელიც ხშირად მისი ჩრდილოური ბუნებისგან სრულიად განსხვავებული, თბილი ატმოსფეროთი ამახსოვრებს მსმენელს თავს. სწორედ ასეთია მისი 2018 წლის ალბომი „For the Summer, or Forever“, რომელიც სათაურიდან და ალბომის ვიზუალური გაფორმებიდანაც უკვე ქმნის იმ განწყობას, რაც შემდეგ მუსიკალური მიმართულებით გვირგვინდება.


წარმოიდგინეთ თავი ტროპიკული მცენარეებით სავსე სანაპიროზე, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, დღისით თქვენი ძირითადი აქტივობა ჰამაკში წიგნის კითხვა და მზისგან თავის არიდებაა, საღამოხანს კი სანაპიროზე გასეირნება, სადაც მზის ჩასვლა ალისფერად ედება ირგვლივ არსებულ ნაგებობებს - სწორედ მსგავსი, თითქოს რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრების მუსიკალურ აღწერას ცდილობს ალბომიც, რომელიც იმ სამყაროს საოცარ ატმოსფეროს ქმნის, რომლისკენ სწრაფვაც, ჩვენი საზაფხულო იდენტობის განმსაზღვრელად იქცევა.

Steely Dan – Aja (1977)

ვალტერ ბექერისა და დონალდ ფეიგენის მიერ ჩამოყალიბებულ Steely Dan-ს, დღეისთვის უამრავი ჰიტი ეკუთვნის, რომელთაც აქტიურად იყენებენ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერები სემპლების სახით.

 

მათი 1977 წლის ალბომი „Aja“ ჯგუფის სრულყოფის მორიგი ნაბიჯი იყო. smooth jazz-pop-ის და yacht rock ის გავლენით შექმნილი მხურვალე კომპოზიციები, სიმშვიდის შეგრძნებას პირველივე კომპოზიციიდან გვანიჭებენ - აქ ყველაფერია საზაფხულო ხასიათის შესაქმნელად - მელოდიები საოცარი არანჟირებით, ცოტა ფანკიც და რა თქმა უნდა ულამაზესი სოლო პარტიები ვირტუოზი მუსიკოსებისგან.

Microphones - It Was Hot, We Stayed in the Water (2000)

დღეისთვის ისევ აქტიური ამერიკული indie folk ბენდი ვაშინგტონიდან, 20 წლის წინ ჩაწერილი ალბომით გვახსენებენ, რომ როკ მუსიკაშიც შეიძლება გაოცების ეფექტი გვქონდეს და გადავუხვიოთ ტრადიციული და ხშირად მომაბეზრებელი სტრუქტურებისგან.


მუსიკა აქ გიტარისა და როკ მუსიკისთვის არადამახასიათებელი ინსტრუმენტებით იქმნებოდა, კომპოზიციების ქრონომეტრაჟი მცირეა, თუმცა მაინც ხერხდება მუსიკალური კომპლექსურობის შენარჩუნება, რომელიც უცნაურად ლამაზ ალბომს ქმნის.

Tatsuro Yamashita - For You  (1982)

70-იანი წლების ბოლოს, ტექნოლოგიურად განვითარებად იაპონიაში პოპ მუსიკის ახალი ქვესტილი „City Pop” ყალიბდება, რომელიც დასავლური ფანკით, ბუგითა და სოულით გაჯერებულ, სრულიად ახალ მუსიკალურ სცენას აყალიბებდა ტოკიოს შემოგარენში - „მუსიკა ქალაქელებისგან, ქალაქელებისთვის“ დაახლოებით ასე ხასიათდებოდა სტილის ლირიკული მოტივები.


ტატსურო იამაშიტა „City pop” სტილის ერთ-ერთი პიონერია - მიუხედავად ამერიკული გავლენებისა, ამ ალბომში იგი ახერხებს უნიკალური მუსიკალური ატმოსფეროს შექმნას, რომელიც ზაფხულში კალიფორნიის სანაპიროებზე გასეირნებას მოგანდომებთ. 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი