მუსიკა | ცა

4GB 2017, დღე III

ფესტივალის მე-3 დღე The Cidatel-ზე Acid Pauli-სთან ერთად დაიწყო. 

მაისი 17, 2017

Hello Blog

ფესტივალის მე-3 დღე The Cidatel-ზე Acid Pauli-სთან ერთად დაიწყო. 

გერმანელმა მუსიკოსმა დილის 9 საათზე დაიწყო დაკვრა და წინა ღამიდან შემორჩენილი მსმენელისთვის შუადღემდე დაუკრა. 

როგორც ყოველთვის, მისი სეტი ამჯერადაც მრავალფეროვანი იყო, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა ფესტივალის სტუმრების დილის განწყობაზე.

არანაკლებ საინტერესო იყო Vodkast-ის დამფუძნებლების სეტი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ეკლექტური, არაორდინალური და მრავალფეროვანი იყო. აღსანიშნავია, რომ Vakho და Zurkin ის იშვიათი ქართველი არტისტები არიან, რომლებიც მსმენელს მუსიკას ბევრად უფრო ფართო სპექტრში აცნობენ. The Citadel-ზე დაკრული სეტიც არ იყო სწორხაზოვანი და მარტივ დრამატურგიულ პრინციპებზე აგებული. პირიქით, ქართველმა არტისტებმა მკაცრად სტრუქტურირებული სეტის დაკვრას ლაღი მუსიკალური თავგადასავლის მოწყობა ამჯობინეს, რაც საფესტივალო განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. Zurkin და Vakho-ს 4 საათიანი B2B სეტის შემდეგ დღის მთავარი მოვლენის დრო დადგა. 

Hunee და Motor City Drum Ensemble როგორც წესი, ერთად არ უკრავენ, თუმცა 4GB ფესტივალისთვის ეს გამონაკლისი დაიშვა და შედეგი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მათ ყველაზე ოპტიმისტ მსმენელს შეიძლებოდა წარმოედგინა.

საღამოს 6 საათიდან მთავარი სცენის ამოქმედებამდე, ამ ორმა არტისტმა მსმენელისთვის ფანტასტიური მუსიკალური ექსკურსია მოაწყო. 

სხვადასხვა კულტურული თუ ჟანრობრივი სპეციფიკის მუსიკა 4GB-სთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მრავალფეროვნება. 

რამდენიმესაათიანი პერფორმანსის მანძილზე Hunee და MCDE-ს არცერთხელ უცდიათ აუდიტორიისთვის კომფორტის ზონა შეექმნათ. პირიქით, თითოეული მათი დაკრული კომპოზიცია ყველასთვის ახალი გამოწვევა იყო და მიუხედავად იმისა, კონკრეტულ მსმენელს რამდენად მოსწონდა ლათინური, აფრიკული თუ აზიური ესთეტიკა, ფაქტია, აუდიტორიის საერთო განწყობა არასდროს შეცვლილა. 

ამ პერფორმანსმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ დიჯეინგი მხოლოდ კონკრეტული ჟღერადობის, სტილის თუ ესთეტიკის ფარგლებში მოქმედება არ არის. პირველ რიგში, ეს არის ბევრი საინტერესო მუსიკის სხვისთვის გაზიარება და გუშინდელი დღეც ამის ძალიან კარგი დადასტურება იყო.

შუაღამიდან კი ფესტივალზე ერთადერთი სცენა ამუშავდა. ამ სცენის მთავარი გმირი კი რასაკვირველია Michael Mayer იყო, რომელიც ამ ფესტივალის ერთგვარი სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბის არტისტი უკრავს 4GB-ის ამა თუ იმ ღონისძიებაზე, ყველასთვის ნათელია, რომ პირველ რიგში, სწორედ Mayer არის ფესტივალის ღირსშესანიშნაობა. Nika J-ის 2 საათიანი სეტის და The Field-ის საინტერესო, შედარებით დაბალტემპიანი ლაივის შემდეგ, სცენაზე მისი გამოჩენის დროც მოვიდა.

 Nika J თავიდანვე შეეცადა Hunee და Motor City Drum Ensemble-ს მუსიკაზე აცეკვებული მსმენელისთვის განსხვავებული მუსიკა შეეთავაზებინა და ორ განსხვავებულ სცენას შორის მუსიკალური ხიდი გაეკეთებინა. თუმცა, ამის პარალელურად მან ბევრი საინტერესო ჩანაწერის დაკვრა მოასწრო და აუდიტორიას სცენის მუსიკალური შემადგენლობისთვის შესაფერისი განწყობაც შეუქმნა, რაც მრავალსაათიანი მუსიკალური მოგზაურობის წინ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა. 

ვინაიდან Mayer-ის დაკვრის ხანგძლივობა წინასწარ განსაზღვრული არ იყო, მას საკმარისი დრო და შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდა. 

სეტის პირველი რამდენიმე საათი გერმანელმა არტისტმა შედარებით ენერგიულ კომპოზიციებზე გააკეთა აქცენტი და ცდილობდა შესაბამისი რიტმი მუდმივად შეენარჩუნებინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სეტის მთავარი ნაწილი დილით, მზის ამოსვლასთან ერთად დაიწყო. თუმცა, ის დაუსრულებელი მუსიკალური მარათონი, რომელიც მან მოაწყო, ალბათ წინასწარ არავის წარმოედგინა. 17 საათიანი სეტის წარმოდგენა მართლაც ძალიან ძნელია, თუმცა როცა საქმე 4GB-ს და Michael Mayer-ს ეხება, ყველაფერი ხდება.

რასაკვირველია სეტის ყველა ნაწილი ერთნაირიად საინტერესო ვერ იქნებოდა, თუმცა რეალურად სწორედ ეს არის დიჯეის და მსმენელის ცოცხალი ურთიერთობის მაგალითი. პრინციპში ამ ურთიერთდამოკიდებულის გამო ვერ წარმოიდგენს ვერავინ ამ ფესტივალს ამ კონკრეტული არტისტის გარეშე. 

სამდღიანი მუსიკალური თავგადასავლი 14 მაისის საღამოს დასრულდა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი მიღებაც წლევანდელი ფესტივალისგან შეიძლებოდა. 

ერთი კვირის შემდეგ, 20 მაისსს, 4GB კიდევ ერთი დღით შეკრებს იმ ადამიანებს, ვინც ეს დღეები ერთად გაატარა და ძველის შთაბეჭილებების გახსენებაში დაეხმარება. 

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ არტისტების შემადგენლობას, ვინც 20-ში საგურამოში დაუკრავს, ბევრი ახალი შთაბეჭდილებაც გარანტირებულია. თავგადასავალი გრძელდება.

ავტორი: რეზი ხუნწელია

ფოტოები: თორნიკე შენგელია