მუსიკა | ცა

4GB 2017, დღე II

4GB 2017-ის მეორე დღეს, ღია ცის ქვეშ განთავსებულმა სცენამ, The Citadel-მა დაიწყო ფუნქციონირება. 

მაისი 15, 2017

Hello Blog

4GB 2017-ის მეორე დღეს, ღია ცის ქვეშ განთავსებულმა სცენამ, The Citadel-მა დაიწყო ფუნქციონირება. 

ამ სცენის პირველი მასპინძელი Patrice Baumel იყო, რომელმაც დილის 8 საათზე DJ Deep-ის სეტით ნასიამოვნებ მსმენელს განწყობა შეუნარჩუნა და ახალი მუსიკალური დღეც დაიწყო. Trouw-ის ყოფილი რეზიდენტის 3 საათიანი სეტის შემდეგ 2015 წლის ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერის, Jonathan Kaspar-ის დრო დადგა. 

იქიდან გამომდინარე, რომ დამსწრეთა უმეტესობას წინა ღამით ძალიან ბევრი ენერგია ჰქონდა გაცემული, The Citadel-ის მუსიკა მათთვის ძალების აღდგენის და დასვენების „საუნდტრეკი“ იყო. თუმცა, ამის პარალელურად, ფესტივალის ტერიტორიაზე მსმენელთა იმ კატეგორიამაც დაიწყო მოსვლა, რომელსაც სურდა დღის განმავლობაშიც მოესმინა მუსიკა და ღამის სცენების ამოქმედებას არ დალოდებოდა. ადრე მოსვლისთვის კი საუკეთესო მოტივაცია Vodkast Records-ის საღამო იყო, სადაც Third Soul და Optimo უკრავდნენ. 

Third Soul ბექა ელოშვილის მუსიკალური პროექტია. მას ქართველი მსმენელი პროექტ 3SULI-დან იცნობს, რომლის დანარჩენმა წევრებმაც Ochtachoron-ის სახელით წინა დღეს დაუკრეს. სოლო პროექტით იგი ძირითადად ჰაუს და ტექნო მუსიკას უკრავს, თუმცა თავისი 3 საათიანი სეტი ფარგლებში სხვა მუსიკალური საზღვრების გადაკვეთაც მოასწრო.

ბრიტანული მუსიკალური დუეტი Optimo დაახლოებით 20 წელია რაც არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში მათი რეპუტაცია ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. 4GB-ის სტუმრებს Optimo-ს მოსმენა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში შეეძლოთ და მთელი ეს პერიოდი ამ დღის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა.

ჯეიდი თვიჩი და ჯეიჯი უილკინსი უკრავდნენ ყველაფერ იმას, რაც საჭიროდ მიაჩნდათ და არცერთი წამით არ წასულან რაიმე კომპრომისზე. მათი საოცრად მრავალფეროვანი სეტი არცერთ კონკრეტულ ჟანრსა თუ მუსიკალურ მიმართულებაზე არ ყოფილა მორგებული. The Citadel-ზე მთელი საღამო ისმოდა ჰაუსის, ფანკის, ჯაზის და ზოგჯერ როკის ესტეტიკით გაჯერებული კომპოზიციებიც, რამაც ჯამში იდეალურად განაწყო მსმენელი მომდევნო ღამისთვის.

შუაღამიდან ფესტივალის სამივე ღამის სცენა ერთდროულად ამოქმედდა და როგორც წინა ღამით, მეორე დღესაც დრო ძირითადად ლაივ პერფორმანსებს დაეთმო. 

ამ დღის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი დეტროიტელი პროდუსერი და დიჯეი Carl Craig იყო, რომელსაც მთავარ სცენაზე თავის პროექტს, სახელად Modular Pursuits წარადგენდა. ეს პერფორმანსი მთლიანად მოდულარული სინთეზატორებიდან გენერირებულ ჟღერადობაზე იყო აგებული, რაც თავისთავად იმპროვიზაციის და ცოცხალი შესრულების ეფექტს მნიშვნელოვნად ზრდიდა. 1 საათიანი ლაივის პირველ ნახევარში Carl Craig მთლიანად ამბიენტ ჟღერადობაზე იყო ფოკუსირებული და საჭირო რიტმის შენარჩუნებას ძირითადად პერკუსიის მინიმალისტურად გამოყენებით ცდილობდა. მეორე ნახევარში კი სინთეზატორების სრული პოტენციალის გამოცდის დროც დადგა და ნამდვილი მუსიკალური თავგადასავალიც დაიწყო.

მიუხედავად შეზღუდული ქრონომეტრაჟისა, დეტროიტელმა არტისტმა ასეთ კომპლექსურ ლაივზეც კი შეძლო მსმენელის ყურადღების კონცენტირება და ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსიც შედგა. 

ზუსტად ამ დროს, Red Bull Music Academy-ს სცენაზე მთელი შემადგენლობით უკრავდა Juju & Jordash, Jonah Sharp და Move D-ს პროექტი The Mulholland Free Clinic, რომლის სადებიუტო ალბომიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოიცა. ლაივის დასრულების შემდეგ, Move D-მ კიდევ ერთხელ დაუკრა, ოღონდ ამჯერად 2 საათიანი დიჯეი სეტი, რომლის შემდეგაც ამ სცენის მუსიკალურ ატმოსფეროს თავისი ლოგიკური დასასრული გიო შენგელიამ უპოვა.

შენგელია როგორც 4GB-ის, ასევე ზოგადად ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტია, რომელიც 2013 წლიდან ამ ფესტივალის ერთ-ერთი რეზიდენტი დიჯეია. ის, თავის სეტებს, როგორც წესი, არასდროს შემოსაზღვრავს ერთ კონკრეტულ მუსიკალურ ჩარჩოში და ამაში ფესტივალის მსმენელი ამ დღესაც დარწმუნდა. RBMA-ს სცენა ამ დღეს ვეტერანმა ქართველმა დიჯეიმ და კლუბ „მტვარზეს“ დამფუძნებელმა Bero-მ გახსნა, რომელიც მინიმალისტური საცეკვაო მუსიკის კვალდაკვალ თავის სეტებში ელექტროს ძველ ესთეტიკასაც ხშირად ახმოვანებს. სცენის კიდევ ერთი გმირის იყო ლადუკა ნინუა, პროექტით Sevda. ეს პროექტი დაახლოებით ერთი წელია რაც არსებობს და მალე სადებიუტო EP-საც გამოსცემს. Sevda-ს მუსიკაSi აქცენტი ძირიტადად ჰაუს და Lo-Fi ორიენტაციაზე კეთდება, რაც მის ლაივებშიც საკმაოდ მკაფიოდ შეიმჩნევა.

Carl Craig-ის შემდეგ მთავარ სცენაზე Mathew Jonson-ის დრო დადგა, რომელმაც საათნახევრიანი ლაივის ფარგლებში ლამის მთელი თავისი მუსიკალური კარიერის მიმოხილვა მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ არტისტის მუსიკა ძირითადად მელოდიასა და ჰარმონიაზე უფრო ორიენტირდება, ვიდრე მხოლოდ საცეკვაო ენერგეტიკის შექმნაზე, Jonson-მა ადვილად მოახერხა სცენის ირგვლივ შეკრებილი ადამიანების აცეკვება. 

სცენის დახურვის პატივი კი ამ დღეს Marcel Fengler-ს და Zitto-ს ერგოთ. კლუბ Bassiani-ის რეზიდენტმა ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექნო სეტი დაუკრა, თუმცა ამჯერად აგრესიული და დინამიური მუსიკის დაკვრის კვალდაკვალ, მან სივრცის და დროის მიხედვით ლავირებაც იდეალურად შეძლო. 

რაც შეეხება Dorm Stages, რომელის პირველ დღეს ქართველ ჰიპ-ჰოპ არტისტებს მასპინძლობდა, 13 მაისის დილას სრულიად სხვა მუსიკა ჟღერდა. Autumn Tree-ს გარდა, ფესტივალის სტუმრებმა Hamatsuki-ს, Cobert-ის, Reinhard Voigt-ის და T. Raumschmiere-ს ლაივების მოსმენა შეძლეს.

მართალია Hamatsuki სულ რაღაც ერთი წელია რაც აქტიურად გამოჩნდა საკლუბო სცენაზე, თუმცა Horoom-ის რეზიდენტობით მიღებული გამოცდილების და თავისი სპეციფიკური მუსიკალური სტილის გამო ის უკვე საკმაოდ საინტერესო დიჯეიდ და ლაივ არტისტად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება Autumn Tree-ს, ამ სახელის უკან ქართველი ტექნო პიონერები, აჩი თაბუკაშვილი და ლეონ ლოლიშვილი დგანან, რომლას მსმენელი პროექტ Greenbeam & Leon-ით უფრო იცნობს. თუმცა, Autumn Tree უკვე წლებია რაც მათი აქტიური მუსიკალური პროექტია. ამ სახელის ქვეშ ისინი ძირითადად ჰაუსს, ექსპერიმენტალურ მუსიკას და ტექნოს უკრავენ.

Dorm-ზე უკრავდა ასევე თბილისის საკლუბო სივრცის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი, Bacho და Cobert, რომლებიც ამჯერად სოლო პროექტებით წარსდგნენ. Bacho-ს ერთსაათიანი სეტის შემდეგ Cobert-მა თავისი ლაივი დაუკრა, რაც არც თუ ისე ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ მისი მუსიკით დაინტერესებული ადმაიანებისთვის ეს ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდა.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც დღისით, ასევე მთელი ღამის განმავლობაშიც ადამიანები ახლა ემოციებს და შთაბეჭდილებებს მუსიკის გარდა გარემოსგან, ატმოსფეროსგან და ერთმანეთისგან იღებდნენ. მიუხედავად იმისა თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ სცენაზე, ყოველთვის თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ფესტივალის ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთში რაღაც საინტერესო ხდებოდა. ეს კი ძირითადად იმათი დამსახურება იყო, ვინც საგურამოში კარგი ენერგიის დასაგროვებლად და გასაზიარებლად მოვიდა.

ავტორი: რეზი ხუნწელია

ფოტოები: თორნიკე შენგელია