კულტურა

საქართველოს პავილიონი ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალეზე

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების 57-ე ბიენალეზე ქართული პავილიონი წელს ვაჟიკო ჩაჩხიანის

მაისი 10, 2017

Hello Blog

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების 57-ე ბიენალეზე ქართული პავილიონი წელს ვაჟიკო ჩაჩხიანის

შემოქმედებას წარადგენს. „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ - ასე ჰქვია ინსტალაციას,

რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთგავლენის მარადიულ კითხვას ეხმიანება და ხელოვნებას

სოციალურ-ანთროპოლოგიურ ჭრილში განიხილავს.

ბიენალეს ქართული პავილიონის ორგანიზატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

სამინისტროა, მხარდამჭერი კი თიბისი ბანკი. ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ

საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება, რომლისთვისაც შენობაში “ “Artiglierie” 115 კვ.მ.

ფართობის სივრცეა განსაზღვრული.

ვაჟიკო ჩაჩხიანი არსენალეზე იმერეთის რაიონიდან ჩამოტანილ ხის ოდა სახლს ააწყობს. სახლი მოეწყობა

საყოფაცხოვრებო ნივთებით. ინტერიერში კი, სპეციალურად დამონტაჟებული საირიგაციო სისტემის

წყალობით, მაისიდან ნოემბრამდე, ყოველდღიურად იწვიმებს. ბუნების ზემოქმედების ქვეშ ნივთები სახეს

იცვლიან ან საერთოდ გაქრებიან. მხოლოდ ექსტერიერის სახე დარჩება უცვლელი.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა წელს 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი).

„VIVA ARTE VIVA“ ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და

პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს, ხელახლა აღმოაჩინოს

ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ან ისინი, ვინც მათი ნამუშევრების მნიშვნელობის მიუხედავად,

საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ

საზღვრებსა და რუსეთს.

ვაჟიკო ჩაჩხიანი, ახალგაზრდა ქართველი არტისტია, დაიბადა თბილისში 1985 წელს, სწავლობდა გერაიტ

რიტფელდის აკადემიაში ამსტერდამში, აუდიოვიზუალურ ფაკულტეტზე და შემდეგ ბერლინის ხელოვნების

უნივერსიტეტში (UDK). ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. ის არაერთი გამოფენის ავტორია და

მიღებული აქვს გერმანიის ზიგენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რუბენსის ჯილდო.

„ჩემს ნამუშევარს კავშირი აქვს ქვეყნის წარსულთან, მაგრამ ეს კავშირი ზოგადია. ფოკუსი უფრო

ადამიანების შინაგანი სამყაროა, რომელიც გარემოსთან ერთად იცვლება. მე მაინტერესებს ჩვეულებრივი

ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლები არიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში

უმნიშვნელოები ისტორიის კონტექტში,“-ამბობს ვაჟიკო ჩაჩხიანი.

მისი პროექტის კურატორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და მწერალი, ჯულიან ჰეინენია. 2003–2005

წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე და 2008 წელს შანხაის

ბიენალეს ერთერთი კურატორი.

„ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია ისტორიისა და ფსიქოლოგიის გამოყენებით ახერხებს, რომ კონკრეტული

სიტუაცია პოეტურ სცენად წარმოაჩინოს. ამ ნამუშევრით არ ხდება რაიმე ისტორიული მოვლენის

დაზუსტება, მაგრამ იგულისხმება, რომ სიტუაცია ეხება ახლო წარსულში საქართველოში და სხვაგან

განვითარებულ ტრავმატულ მოვლენებს და ქმნის ადამიანური ყოფის მძლავრ მეტაფორას. ნამუშევრის

დასახელებაში გამოყენებულია ანტიკურ მითოლოგიასთან თავისუფალი ასოციაცია, რაც წარმოადგენს

მითითებას იმაზე, რომ ადამიანს მძიმედ აწევს სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული გარემოებების

ტვირთი. დროთა განმავლობაში ინსტალაცია ერთგვარ ბუნებრივ დრამატურგიას დაექვემდებარება და

საკუთარ ნარატივს შექმნის. ნამუშევარში ჩადებული ეს პროცესი, რომელიც მის თანდათანობით ცვლილებას

გამოიწვევს, მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სახლის ინტერიერი შეიძლება, აღვიქვათ, როგორც

ინდივიდის შინაგანი ცხოვრების მეტაფორა, ხოლო წვიმა - როგორც მუდმივი საფრთხე, მაგრამ ასევე,

როგორც განგრძობითი განწმენდა. პროექტი ამავდროულად მიზნად ისახავს „საერთო ადგილისაკენ და

ყველაზე განუსაზღვრელი განზომილებებისკენ“ სწრაფვას. შესაბამისად, მისი წარდგენა ქართული

პავილიონისათვის სრულ თანხვედრაშია 2017 წლის ბიენალეს ამბიციურ თემასთან,“ - წერს ჟულიან ჰეინენი

ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტზე.