კულტურა

ყველაზე დასამახსოვრებელი კოლაბორაციები კინოში

ამ ბლოგში გვინდოდა გაგვეხსენებინა ისეთი კოლაბორაციები კინოში, რომლებმაც დაუვიწყარი შედეგი შექმნეს და ამასთან ძალიან მოულოდნელი და უჩვეულო თანამშრომლობა შემატეს ხელოვნების ისტორიას. სიაში იხილავთ ისეთ თანამშრომლობებს, რომელიც ორ სხვადასხვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს კვეთს, რომელთა გადაკვეთაც ძირითადად არ ხდება ხოლმე.  

სექტემბერი 29, 2017

Hello Blog

ამ ბლოგში გვინდოდა გაგვეხსენებინა ისეთი კოლაბორაციები კინოში, რომლებმაც დაუვიწყარი შედეგი შექმნეს და ამასთან ძალიან მოულოდნელი და უჩვეულო თანამშრომლობა შემატეს ხელოვნების ისტორიას. სიაში იხილავთ ისეთ თანამშრომლობებს, რომელიც ორ სხვადასხვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს კვეთს, რომელთა გადაკვეთაც ძირითადად არ ხდება ხოლმე.  

სალვადორ დალი და ლუი ბუნუელი 

დალი კინემატოგრაფში არაერთხელ გამოჩენილა, ჰიჩკოკთან დეკორაციებზეც აქვს ნამუშევარი ფილმ Spellbound-ის სცენაზე, როდესაც კერი გრანტის პერსონაჟის სიზმრის ვიზუალიზაცია ხდება. თუმცა ჩვენ ამაზე წინ მისი და მექსიკური კინოს გიგანტის, ლუი ბუნუელის კოლაბორაცია უნდა დავაყენოთ. თუმცა არა ის, რომელზეც ახლა ფიქრობთ. ”ანდალუზიური ძაღლი” რასაკვირველია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია კინოს ისტორიაში და მთვარეს რომ ღრუბელი გადაკვეთავს, შემდეგ კი გამოსახულება თვალის გუგის სამართებლით გაჭრით დასრულდება დაუვიწყარი იმიჯია, მაგრამ ჩვენი ხმა ბუნუელის და დალის პირველი თანამშრომლობის შედეგთან მიდის, რომელსაც ”ოქროს ხანა ეწოდება”.

”ოქროს ხანა” სურეალისტური მანიფესტის შექმნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ჟანრის წარმომადგენელი და საფრანგეთში შექმნილი ხმოვანი ფილმების პიონერთა რიგებშია. მასში აღწერიალია ბურჟუაზიული საზოგადოების სექსუალური აღვირახსნილობა, გაქილიკებულია კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება და ღირებულებები და იმ დროისთვის მოქმედი ყველა ოპრესიული ინსტიტუტი. ეს კი გაკეთებულია საოცარი იუმორისტული სიმსუბუქით და სურეალისტური სიმძიმით, რაც საბოლოოდ მიღწეული იქნა მისი ავტორების, დალის და ბუნუელის პროდუქტიული თანამშრომლობით.

ჰანს რუდოლფ გიგერი და რიდლი სკოტი

კინოში არსბეულ სურეალისტურ გამოსახულებებს თუ ვიხსენებთ, აუცილებლად უნდა წამოიმართოს ჩვენ გონებაში გიგერის მონუმენტი. თუმცა ალბათ უფრო ქსენომორფის და არა მისი ავტორის. პრინციპში, სულერთია, ავტორი და მისი შემოქმედება მაინც საბოლოოდ ერთ მთლიანობად აღიქმება. რიდლი სკოტმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ევროპული მგრძნობელობის, ნაპოლეონის ხანის აღმწერი სურათი, ”დუელანტები” ქონდა გადაღბული, შეძლო შეექმნა სამეცნიერო ფანტასტიკის და ჰორორის იდეალური სინთეზი და ეს მისთვის შესაძლებელი გახადა სწორედ გიგერმა, რომელმაც მოიფიქრა სრულყოფილი ორგანიზმი, წყვდიადის განსხეულება და ყველა შეუცნობელი შიშის ანატომიის მქონე არსება. 

მაღტალია სკოტს ცალკე მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ სასპენსის დოზისთვის, რომელიც წარმოგვიდგინა პირველ ”უცხოში”, მაგრამ რომ არა გიგერი, ხომალდი ნოსტრომო რიგითი მფრინავი ობიექტი იქნებოდა და არა ყველაზე შემაძრწუნებელი სატვირთო ლაინერი კოსმოსურ სივრცეში.

კენ მაკმულენი და ჟაკ დერიდა

კენ მაკმულენის ექსპერიმენტული ფილმი ”მოჩვენებების ცეკვა” დიდწილად იმპროვიზირებული ნამუშევარია, რომელსაც არც სტრუქტურა გააჩნია არც ჟანრული იდენტობა. პრინციპში მასში არც დასამახსოვრებელი კადრები დაგხვდებათ და ძაან რთული საყურებელიც არის ფართო აუდიტორიისათვის, ამიტომ დღემდე რჩება სინეფილების ვიწრო წრის ინტერესის საგნად. ის, რაც ფილმს აქცევს განსაკუთრებულ ნამუშევრად, არის ფაქტი, რომ მასში ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ დერიდა თამაშობს საკუთარ თავს. დერიდას ფილმში ეკითხებიან მოჩვენებების თუ გწამსო და ამ ხუთ წუთიან სცენაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნარატივი იქმნება, რაც ოდესმე ვიზუალურ მედიუმზე აღბეჭდილა.

დერიდა, რომელიც საკუთარ თავს თამაშობს, გადაიქცევა მოჩვენებად, რადგან ის არ არის საკუთარი თავი, ის წარმოადგენს იმიჯს თუ როგორ უნდა გამოჩნდეს კამერის წინ, როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი ფილმში, სადაც საკუთარ თავს თამაშობს. შეიძლება ცოტა რთულია, მაგრამ უნდა გაუძლოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეცნობით ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ წინასწარგანსაზღვრულ მოცემულობებში, არასოდეს ვრჩებით ავთენტურები და მუდამ ვემსგავსებით საკუთარი თავის ფანტომებს, რადგან წინასწარ გვაძლევს გონება სცენარს, როგორ უნდა ვითამაშოთ იმ სიტუაციაში, რომელიც უკვე ვიცით, რომ გათამაშდება. დერიდა ფილმში მსჯელობს იმის შესახებ, რომ მას ფილმი გადააქცევს მოჩვენებად, მაგრამ მისი თეზისის წაკითხვა და გაშლა გაცილებით დიდ მასშტაბებზე ხდება შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, მაკმიულენი-დერიდას კოლაბორაცია ჩვენი სიის საპატიო წევრი ხდება.

დევიდ ბოუი, პიტერ გებრიელი და მარტინ სკორსეზე

იმ დროს, როდესაც სკორსეზემ ”ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” გადაიღო, დევიდ ბოუის არაერთ ფილმში ქონდა მთავარი როლი ნათამაშები. და თან ძალიან დასამახსოვრებელი როლები, დაწყებული უცხოპლანეტელი ნიუტონით, დამთავრებული გობლინების მეფით. თუმცა მისი ქარიზმა და დრამატული პერფორმანსის ფართო შესაძლებლობები იმ პატარა როლში გაცილებით დიდ მასშტაბებზე გაიშალა, როდესაც პონტიუს პილატეს იდენტობა მოირგო და იესო ქრისტეს მსაჯული გახდა. და ეს ერთ-ერთი საუკეთესო კასტინგ არჩევანია, რაც ოდესმე ჰოლივუდში გაკეთებულა.

 ამ ბრწყინვალე თანამშრომლობას, რაც მომღერალსა და რეჟისორს შორის შედგა, ემატება კიდევ ერთი ფიგურა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ უდიდესი პოპ ფასეულობის მქონე პიტერ გებრიელი, რომელმაც ალბათ კარიერის საუკეთესო ჩანაწერები შექმნა როგორც დამოუკიდებელმა კომპოზიტორმა, რადგან შეეხო კონტინენტურ მუსიკას, რაც იდეალურად ეხმიანებოდა ფილმის მოტივებს და შინაარსს.

ჟან ლუკ გოდარი, ანა კარინა და ანიეს ვარდა

ფრანგული ახალი ტალღის სამი კოლოსი ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმში Les Fiancés Du Pont Macdonald უკვე საკმარისი მიზეზია, რომ აღარ გავაგრძელოთ არგუმენტაცია თუ რატომ იმსახურებდნენ ჩვენ სიაში მოხვედრას, მაგრამ არგუმენტაცია ჩვენი საყვარელი საქმეა. ”წყვილები მაკდონალდსის ხიდიდან” მუნჯური კინოს ესთეტიკაში გადაღებული კომედიაა, რომლის შეცვლილი ვარიანტიც შემდეგ ვარდამ თავის სრულმეტრაჟიან ფილმში Cleo de 5 a 7 გამოიყენა. 

იმ დროს გოდარი და კარინა ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ, შესაბამისად მათი კარიკატურული პერფორმანსები კიდევ უფრო სასაცილო და რომანტიკული ხდება კონტექსტის აღქმისას. გოდარი, რომელიც მუდამ შავი მზის სათვალით ჩნდებოდა ინტერვიუებში და არასოეს იხსნიდა მათ. ფილმში სწორედ ამაზე ხუმრობს ვარდა და თვითირონიზირებს გოდარი. მზის სათვალეები ხდება გაუგებრობის და რეალობის არასწორად დანახვის მიზეზი, რაც ბასტერ კიტონის სტილში გადაწყვეტილ გოდარის გმირს აფიქრებინებს, რომ გულისსწორი მოუკვდა. როდესაც ბოლოს სათვალის გარეშე შეხედავს სამყაროს, აღმოაჩენს, რომ მათ გამო დაერღვა რეალობის აღქმა და უსათვალოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

სიმსუბუქის, ბურლესკის, კომედიის, რომანტიზმის და ფრანგული ახალი ტალღის საოცარი სინთეზი თვითირონიის და მეგობრული ხუმრობების შედეგად შეიქმნა, რის გამოც სწორედ ის ამთავრებს ჩვენს დღევანდელ სიას საუკეთესო კინემატოგრაფული კოლაბორაციების შესახებ.

ავტორი: DIGITAL CULTURE