მუსიკა | ცა

eZo Festival / 8-9-10 სექტემბერი

ზაფხული დასრულდა. თბილისს ყველა საკუთარი საზაფხულო ისტორიებით უბრუნდება, რომელთაც საინტერესო გაგრძელება დედაქალაქშიც მოეძებნება.

სექტემბერი 11, 2017

Hello Blog

ზაფხული დასრულდა. თბილისს ყველა საკუთარი საზაფხულო ისტორიებით უბრუნდება, რომელთაც საინტერესო გაგრძელება დედაქალაქშიც მოეძებნება.

 „ეზო ფესტივალი“, რომელიც ამ ისტორიების პირველწყარო იყო, საბოლოო ღონისძებისთვის ემზადება. ეს თარიღი ყველა მელომანის კალენდარში დიდი ხნის მონიშნული იყო. ჩვენი „ეზო“ 1 წლისაა.  

8 სექტემბრის საღამო, ტრადიციულად, ქართველი სელექტორების მიერ გაიხსნა. „ეზოს“ დებიუტანტმა URU-მ და რეზიდენტმა რატიმ კომუნის წევრებს დაბადების დღე პირველებმა მიულოცეს.

საღამო თელავივიდან ჩამოსულმა დუეტმა - Red Axes-მა განაგრძო.  მათი მუსიკა არასტანდარტული და ამასთან ერთად, მრავლისმეტყველია. ისინი ბენდის ფორმატიდან მოდიან, რომელზეც გავლენა ძირითადად 80-იანი წლების ბოლოს წამოსულმა ბრიტანულმა პოსტპანკმა, ახალმა ტალღამ და მანჩესტერში ახლად აღზევებულმა ელექტრონულმა მუსიკამ მოახდინა . ბიჭები როგორც DJ დუეტის ფორმატში, ასევე 4 კაცის შემადგენლობით (Red Axes 4) იპყრობენ ევროპულ სცენებს.

აღსაღნიშნავია ისიც, რომ მსგავსი მუსიკა და ექსპერიმენტი ეზოს ფესტივალზე პირველად გამოჩნდა და ერთგვარი რისკიც არსებობდა, თუ რამდენად მიიღებდა ამას აუდიტორია. რისკი გამართლებული აღმოჩნდა - მათ აუდიტორიას ნამდვილი მუსიკალური მასტერკლასი შესთავაზეს.

საფესტივალო სივრცე იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუდმივად ირღვევა არსებული სტერეოტიპები. მონრეალიდან ჩამოსული დუეტის - Blond:ish სეტი მათი ბოლო ალბომის კონცეფციას ეხმაურებოდა - რაც დასავლური საცეკვაო კულტურისა და აღმოსავლური, კერძოდ კი ინდური მოტივების სინთეზს წარმოადგენდა.

როდესაც მთაწმინდის ფერდობს მზის პირველი სხივები მოეფინა, მოვლენების ეპიცენტრმა უკანა ეზოში გადაინაცვლა. ქართველი სელექტორების დახმარებით, ამ დღის ძირითადი იდეა - უწყვეტი მუსიკალური მარათონი წარმატებით გაგრძელდა.

ფესტივალის დახურვის დღე ნამდვილად გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ამის თქმის საშუალებას ჯერ მხოლოდ საფესტივალო განრიგში ჩამოთვლილი სახელები გვაძლევდა.

ღამის საათებში პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა დიჯეიმ აიღო კონტროლი ეზოს ტერიტორიაზე. Akufen-ის დახასიათებისთვის ტერმინი მოთხოვნადი, საკმარისი სულაც არ არის, ვინაიდან ის ამავდროულად ცოცხალი ტალანტია, რომლის „ბალანსზეც“ მთელი 2000-იანი წლების მიკროჰაუს ტალღა დგას. მან სწორად შეარჩია მინიმალისტური ბგერითი ნაკადი, რაც აქამდე ნამდვილად აკლდა თბილისის მუსიკალურ სივრცეს.

პროფესიულ წრეებში უკვე მისტიკად ქცეული პერსონა, რომლის მუსიკაც რამდენიმე წლის შემდეგ მორიგი მინი ალბომით დაბრუნდა, ეზოს მნიშვნელოვანი სტუმარი აღმოჩნდა.

მუხტი, რაც მის სელექციას თან გასდევდა, მეტწილად სენტიმენტალური და ნოსტალგიური იყო, რაც კანადელი ტრანსცედენტული მუსიკოსის ყველასთვის ამოსაცნობი ხელწერაა.

შუაღამისთვის, ყოფილი ბალერინა, ამ ეტაპისთვის კი ევროპული საცეკვაო მუსიკის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა, ქალბატონი La Fleur შეეცადა ტერიტორიაზე არსებული ერთობის შენარჩუნებას.

საცეკვაო მოედნის მისეული ხედვა მარტივია - ხარისხი, ცნობისმოყვარეობა და არტისტული შემოქმედებითობა - რაც საბოლოოდ წარმატების საწინდარია.

ფესტივალის დასრულება, რომელიც მომავალში თავისთავად ისტორიულიც გახდება, ლეგენდარულ ფიგურას ერგო წილად. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ A Guy Called Gerald 80-იანების მეორე ნახევარის, Madchester-ის ტალღადწოდებული ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ცენტრალური ფიგურაა. 

30 წლის შემდეგ “Summer of Love”-ის მეორე ნაწილის მთავარი ინსპირატორი, იგივე კონცეფციას უკვე თბილისში იმეორებს.

ყოველთვის რთულია იწინასწარმეტყველო, თუ რას შემოგთავაზებს მსგავსი დონის სელექტორი, მის უკან ხომ მთელი ისტორია დგას, Acid House-დან Jungle-მდე. სიმპსონის სეტში, დინამიკა ხშირად იცვლებოდა, შესაბამისად მისთვის უკვე ნაცნობ აუდიტორიასაც მალევე უწევდა ახალ რიტმულ ნაკადებისთვის ფეხის აწყობა.

დასასრულისთვის - ეზო არ ყოფილა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს იყო და იქნება სივრცე, სადაც სრულიად ახალი ტიპის ურთიერთობა იბადება, ადგილი, რომლის ფუნქციური დატვირთვა სრულიად ქალაქს აღვიძებს - მსგავსი ერთიანობა რთული შესაქმნელია - თუმცა, უფრო რთული მისი შენარჩუნებაა, ეს კი ყოველი მონაწილის დამსახურებაა.

მიუხედავად დაგეგმილი საფესტივალო ტერიტორიის ცვლილებებისა, დარწმუნებული ვარ, მთაწმინდის მოგონებები ყველას დიდხანს გაგვყვება, პარალელურად კი, ისევ გავაგრძელოთ ცხოვრება ახალ ეზოში შებიჯების, ახალი ფერადი ისტორიებისა და ახალი #გამარჯობის მოლოდინში.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტოები: თორნიკე შენგელია