მუსიკა | ცა

14 სექტემბერი - ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი

“არ მგონია, ისრაელში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც დასჭირდებოდა ჩემი სიყვარულის მტკიცებულება ამ ქვეყნისა და ხალხისადმი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რამდენად დიდი როლი ითამაშა ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა ჩემი შემოქმედების განვითარებაში ბოლო 50 წლის მანძილზე” - ზუბინ მეტა [წინასიტყვაობა წიგნიდან “ჩემი ცხოვრების პარტიტურა”].

სექტემბერი 11, 2017

Hello Blog

“არ მგონია, ისრაელში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც დასჭირდებოდა ჩემი სიყვარულის მტკიცებულება ამ ქვეყნისა და ხალხისადმი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რამდენად დიდი როლი ითამაშა ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა ჩემი შემოქმედების განვითარებაში ბოლო 50 წლის მანძილზე” - ზუბინ მეტა [წინასიტყვაობა წიგნიდან “ჩემი ცხოვრების პარტიტურა”].

***

კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი კარგად უნდა იყოს ნაცნობი - ერთიც და მეორეც უკვე მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობას წარმოადგენს. მათი სტუმრობა, არამარტო ცელკეული კონცერტისთვის, არამედ ქვეყნებისთვისაც დიდ პატივია. ნიშანდობლივია, რომ წინანდლის კლასიკური მუსიკის საფესტივალო ტრადიცია სწორედ ამ ლეგენდარული სახელებით იწყება; მით უფრო საამაყო - მათთან ერთად ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დაუკრავს. 

კონცერტი 14 სექტემბერს, წინანდლის ახლად აშენებულ ამფითეატრში გაიმართება. 130 კაციანი ორკესტრის, ლეგენდარული მაესტროსა და საამაყო ქართველი პიანისტის შესრულების ნახვა ადგილზე - 1000 კაციან აუდიტორიას, ხოლო ცოცხალი ტრანსლირებით - მთელ საქართველოს შეეძლება. 

მანამდე კი, ზუბინ მეტასა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის უკეთ აღსაქმელად, მათი ვრცელი ბიოგრაფია-ისტორიის მცირე ექსტრაქტს გთავაზობთ.

საერთო იუბილე

ზუბინ მეტა დაიბადა 1936 წელს, მაშინ, ჯერ კიდევ ბომბეიში. დირიჟორობა 15 წლიდან დაიწყო, ცნობილი მუსიკოსი მამის ორკესტრში. 25 წლის ასაკში, ის ყველაზე ახალგაზრდა დირიჟორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ერთდროულად ორ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. 

ისრაელის ფილარმონიული ორკესტრიც 1936 წელს დაიბადა. ორკესტრი ავსტრია-გერმანიის ებრაელმა პიონერებმა ჩამოაყალიბეს, მაშინ ჯერ კიდევ პალესტინის სახელით. ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, როგორც ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი. დღესდღეობით, ის მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის.

შარშან, ორკესტრმა და მისმა ხელმძღვანელმა დაბადების 80 წლისთავი აღნიშნეს. 

ადამიანი და ორკესტრი

მეტამ, თავისი შემოქმდება მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან (მათ შორის - მონრეალის სიმფონიურ, ლოს ანჯელესისა და ნიუ იორკის ფილარმონიულ ორკესტრებთან) მუშაობით გაამრავალფეროვნა. როგორც კრიტიკოსები ამობებენ, ქარიზმატული და ენერგიული მანერის გამო, ის გუსტავ მალერის, ბრუკნერისა და შტრაუსის საუკეთესო გადმომცემია. თვითონ კი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავს მოცარტის შემოქმედებას.

ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან მას უკვე 50 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ყველაფერი საპატიო თანაშემოქმდებით დაიწყო 1961 წელს. 1966-ში საერთო გასტროლები მოაწყვეს. 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს, აშშ-დან პირველივე რეისით ჩავიდა ისრაელში და ებრაელთა სოლიდარობის ნიშნად რამდენიმე კონცერტი გამართა. 1977 წ. კი ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ერთად ჩატარებული 3000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი საერთო დღესასწაული, და ზოგჯერ ტრაგედიაც...

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ხელმძღვანელის წოდება მას სამუდამოდ მიენიჭა, მისივე გადაწყვეტილებით, 2019 წლის ოქტომბერში, ის ამ პოსტს დატოვებს. იმ დროისთვის, 83 წლის ზუბინს დიდი ალბათობით უამრავი ახალი პროექტის განხორციელება ექნება ჩაფიქრებული, ან უბრალოდ, მეუღლესთან - ნენსი კოვაჩთან მეტი დროის გატარება. 

© Marco Brescia / La Scala

მუსიკა, როგორც მშვიდობის გზავნილი

ინდოეთში, სპარსი ზოროასტრების ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს. მეტაც, სწორედ მათი წარმომადგენელია. როგორც ნებისმიერ ზოროასტრს, მასაც სწამს, რომ მხოლოდ დადებითი ფიქრი ბადებს დადებით სიტყვას და დადებით საქმეს. მსოფლიო მასშტაბით, არაერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩაუტარებია მშვიდობის ეგიდით. სჯერა, რომ დადებით ფიქრებთან ერთად, სწორედ მუსიკაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის ტრანსფორმაცია და მშვიდობის მოტანა. ამბობს - „თუ ორს ერთად სიმღერა შეუძლია, მათ შორის კონფლიქტი აღარ იქნება“...  

სწორედ ამიტომ, მიუხედავად ისრაელის ტურბულენტური რეალობისა, ისინი ყოველთვის შეგნებულად აგრძელებდნენ დაკვრას, რაც არ უნდა მომხდარიყო გარეთ. თუნდაც 1991 წელი, სპარსეთის ყურის ომი - მეტა ყოველ დილით ატარებდა კონცერტს ისრაელის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თან ჰქონდათ აირწინაღებიც. შემდეგ იტყვის - „არ ვიცი რამდენად კარგ კონცერტებს ვთავაზობდით ხალხს მუსიკის მხრივ, რადგან რეპეტიციები საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ ვიცი, რომ მაშინ ეს აუცილებელი იყო“. 1982 წელს კი, ლიბანში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, არაბები სცენისკენ დაიძრნენ, რომ ებრაელ მუსიკოსებს გადახვეოდნენ - „როგორ ვნატრობ, რომ ასეთ სცენებს ხშირად ვხედავდე, როცა არაბები და ებრაელები ერთმანეთს ეხუტებიან. მჯერა, ეს დღეც დადგება“. 

თავად ზუბინ მეტა, მოქალაქეობით - მსოფლიოს ეკუთვნის. განწყობით, ისრაელს. თუმცა, გულით ყოველთვის - ინდოეთს. 

ისტორია, განწყობა და მუსიკის ბრწყინვალება - ამჯერად, წინანდალში

შეუძლებელია შეეხო ისტორიას და არ შეიცვალო... ალბათ ასევე, შეუძლებელია შეგეხოს მუსიკა და არ იგრძნო სიცოცხლის პულსირება... წინანდლის წალკოტზე, კი ისტორია და მუსიკა ერთმანეთს დაუვიწყარი განწყობის შესაქმნელად შეხვდება. 

ამასობაში, ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი უკვე თბილისში არიან და რეპეტიციებისთვის ემზადებიან.  

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი / ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის არქივი