კულტურა

#მეტიკინო / ყველაზე დასამახსოვრებელი უწყვეტი კადრები

უწყვეტი, უმონტაჟო კადრები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ილეთია კინოში. ამ ტექნიკას იყენებდნენ როგორც ოპლუსი, ბერგმანი და ჰანეკე, ისე ტარანტინო, სპილბერგი და მაიკლ ბეიც კი. ჩვენ შევეცადეთ ბალანსი დაგვეცვა ისე, რომ სია ყოფილიყო მრავალფეროვანი და ამასთან არ ყოფილიყო არც ძალიან რეტრო და არტჰაუსი, არც ძალიან პოპ და "მეინსტრიმული".

სექტემბერი 09, 2017

Hello Blog

უწყვეტი, უმონტაჟო კადრები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ილეთია კინოში. ამ ტექნიკას იყენებდნენ როგორც ოპლუსი, ბერგმანი და ჰანეკე, ისე ტარანტინო, სპილბერგი და მაიკლ ბეიც კი. ჩვენ შევეცადეთ ბალანსი დაგვეცვა ისე, რომ სია ყოფილიყო მრავალფეროვანი და ამასთან არ ყოფილიყო არც ძალიან რეტრო და არტჰაუსი, არც ძალიან პოპ და "მეინსტრიმული".

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ათ ყველაზე დასამახსოვრებელ უწყვეტ კადრს.  

Shaun of the Dead

ედგარ რაიტის ”კორნეტოს ტრილოგიის” პირველ ნაწილში მთელი ზომბი ჟანრის რეინვენტარიზაცია ხდება, რამაც საბოლოოდ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო კომედია მოგვცა. უწყვეტი კადრი აქ ორჯერ გვხვდება, მთავარი გმირი შონი სახლიდან მაღაზიისკენ ავტომატურად მიეშურება, და გზადაც ავტომატურად მოქმედებს, იმდენად ერთფეროვანია მისი ყოველდღიურობა. მეორე დღეს კი იგივე გზის გავლისას, ვეღარ ამჩნევს სისხლიან ფანჯრებს, სასოწარკვეთილ ხალხს, ნაომარ ქუჩებს. სახეზე გვაქვს, ერთდროულად, ტექნიკურად საკმაოდ გამართული, რიტმული, სასაცილო და ჭკვიანური სცენა, რომელიც სამომხმარებლო საზოგადოების ყოფაზე იმაზე გაცილებით უკეთეს კომენტარს აკეთებს, ვიდრე ჟანრის არსბეობის მანძილზე გაუკეთებიათ სხვა ნამუშევრებს.

Hard Boiled

90-ანების ექშენის მთავარი სუპერვარსკვლავი რეჟისორი ჯონ ვუ იყო, რომელიც ჰონგ კონგში ქმნიდა ჟანრის ახალ კანონებს. სწორედ მისმა სტილმა მოახდინა თანამედროვე ბრუტალური ექშენ სცენების ესთეტიკის ფორმირება. Hard Boiled-ში, რომელიც პოლიციური ბოევიკის სანიმუში წარმომადგენელია მრავალი თვალისმომჭრელი სცენაა, მაგრამ სამშობიაროს კორიდორში გამართული დავიდარაბა სხვა განზომილებაა. მთავარი პერსონაჟი ინსპექტორი ტეკილა მეწყვილესთან ერთად ცდილობს ახალშობილების გადარჩენას შენობაში განთავსებული ბანდისგან. მას შემდეგ, რაც ერთ სართულს გაწმენდენ დამნაშვეებისგან, ანუ ყველას გადაცხრილავენ, მართლმსაჯულების რაინდები ლიფტში შედიან, რომ ზედა სართულზე ავიდნენ. სინამდვილეში ფილმის გადაღბისას ორი სართულის ფუფუნება არ ქონია რეჟისორს და ის დრო, რომელსაც ვხედავთ, რომ თითქოს ლიფტი ზედა სართულზე ასვლას ანდომებს, სინამდვილეში ტექნიკური პერსონალის მიერ იმავე სართულის გასუფთავებაზე იხარჯება. რამდენიმე წამში გაღებული კარი ქმნის ილუზიას, რომ ახალ სართულზე მოვხვდით და ხელახლა იწყება სროლები.

Soy Cuba

თუ ქმნი პროპაგანდას, მხოლოდ ასეთი მშვენიერება უნდა გადაიღო. ”მე ვარ კუბაში” კალატოზოვი და მისი ოპერატორი სერგეი ურუსევსკი კინემატოგრაფულ გამოსახულებას ახალ შესაძლებლობებს მატებენ. აქ უამრავი შთამბეჭდავი უწყვეტი კადრია, იქნება ეს დასაფლავების სცენა ცაში ლევიტირებადი კამერით, ღამის კლუბის ვნებათაღელვა ვუაიერისტული გამოცდილებით თუ კოლოსალური ინტრო, რომელიც სურათის ტრანსცენდენტურ ხასიათს მომენტალურად გაცნობს. მაგრამ ჩენ წვეულების სცენას გამოვყოფთ, როდესაც სახურავიდან სახურავებზე, სართულიდან სართულზე ისე ვინაცვლებთ, თითქოს ზებუნებრივი უნარებით ვიმართებოდეთ. აუზში ჩახტომის სცენა წარმატებით ისესხა ჯერ პოლ ტომას ანდერსონმა ”ბუგის ღამეებში”, შემდეგ კი დემიენ შაზელმა ”ლა ლა ლენდში”.

Magnolia

პოლ ტომას ანდერსონი ვახსენეთ და აქვე მის ფილმსაც მოვაყოლებთ. ანდერსოსნის ფილმოგრაფიაში უხვად გვხვდება კომპლექსური და სიუჟეტურად აუცილებელი უმონტაჟო კადრები, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად წინ ”მაგნოლია” იჭრება. ორი წუთის განმავლობაში წვიმიანი ტელევიზიის ეზოდან შენობის დერეფნებსა და ოთახებში დავყვებით ვუნდერკინდ სტენლი სპექტორს, რომელსაც მამა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებს. გარდა იმისა, რომ ოპერატორი რობერტ ელსიტი საოცარი სირთულის მანევრებს აკეთებს, ანდერსონის მიერ კალკულირებული სცენა იდეალურად ეხმარება ტონალობის გამძაფრებას და იმის კიდევ ერთხელ წარმოჩენას, რომ ყველა და ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

The Player

რომ დავიწყოთ იმაზე საუბარი თუ რომელმა რეჟისორმა მოახდინა ზემოთხსენებულ ანდერსონზე ყველაზე დიდი გავლენა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რობერტ ოლტმენი. ამერიკელი გიგანტი კადრის თუ სიუჟტური სტრუქტურის არქიტექტურაში დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ”მოთამაშე” კინოსატირის მონუმენტური წარმომადგენელია, რომელიც დაუზოგავად აქილიკებს ჰოლივუდის ყოველდღიურობას, სტუდიური ფილმების წარმოების ასპექტებს, ვარსკვლავური სტატუსის აბსურდულობებს და ერთი სიტყვით ყველაფერს, რის ქვეშაც ჰოლივუდური გლამური ერთიანდება. ფილმი 7 წუთზე ხანგრძლივი უწყვეტი კადრით იწყება, სადაც ვეცნობით მოქმედ პირებს და თემატიკას. მალევე იმასაც ვისმენთ, ორსონ უელსმა ექვს ნახევრი წუთი უმონტაჟო სცენით დაიწყო Touch of Evil-იო, შემდეგ კი ვხედავთ როგორ აუმჯობესებს უელსის შედეგს ოლტმენი და 7 წუთზე ხანგრძლივი უწყვეტი კადრით იწყებს ფილმს.

Goodfellas

მარტინ სკორსეზეს ”კარგი ბიჭები” პირველივე კადრში გვაცნობს მთავარი პერსონაჟის ვნებას და ერთ-ერთი ყველაზე საციტირო კინოფრაზას გვთავაზობს: ”რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა განგსტერი ვყოფილიყავი” - ამბობს რეი ლიოტას პერსონაჟი ჰენრი ჰილი. მოგვიანებით სკორსეზე წარმოგვიდგენს სცენას, რომელშიც იდეალურად აიხსნება ეს სენტიმენტი. ჰენრი გოგოსთვის თავის მოწონებას ცდილობს, რაშიც განგსტერის სტატუსი ეხმარება და მას ძვირფას, გადატვირთულ რესტორანში უკანა შესასვლელიდან უშვებენ, სამზარეულოს გავლით, თბილი სიტყვებით და ღიმილიანი სახეებით, საუკეთესო ადგილზე სპეციალურად მისთვის დგამენ მაგიდას და მაყურებელი ხვდება რატომ შეიძლება ბრონქსელი ბიჭუნა მთელი ცხოვრება განგსტერობაზე ოცნებობდეს. სკორსეზე თვალნათლივ, საოცარი უწყვეტი კადრით გვიჩვენებს იმ პრივილეგიებს, რომელსაც კრიმინალური ავტორიტეტები შიშის საფუძველზე ღებულობენ.

Children of Men

თუ ელოდებით სიაში ინარიტუს ”ბერდმენის” ხილვას, აქვე გაგაწბილებთ და გეტყვით, რომ სიაში მხოლოდ ერთი მექსიკალი ჯადოქრის ადგილი გვქონდა. ალფონსო კუარონმა და ემანუელ ლუბეცკიმ ”კაცობრიობის პირმშო” აქციეს საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო ფანტასტიკად, რადგან ის უფრო წინასწარმეტყველური ფილმი გამოდგა და ზედმიწევნით ზუსტად გადმოცა მთელი პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური ვნებათაღელვა ემიგრანტების, ევროპის კრიზისის, ტერორისტული ჯგუფების გაძლიერების, ქსენოფობური განწყობების გაზრდის და სხვა დღის წესრიგში არსბეული საკითხები. უმონტაჟო გრძელი სცენებიც თავზესაყრელადაა და ყოველი მათგანის ყურებისას თქვენი ყბა იატაკისკენ დაიწყებს დესანტირებას, მაგრამ ჩვენი პირადი ფავორიტი არის სცენა მანქანაში, რომელშიც კამერა ისე მოძრაობს თითქოს ფიზიკური სხეული არ ქონდეს. ლუბეცკიმ და კუარონმა სპეციალური კონსტრუქციები შექმნეს მანქანისთვის, რომ უწყვეტი გადაღების შესაძლებლობა სალონის შიგნით შექმნილიყო.

Weekend

”უიქენდში” ჟან ლუკ გოდარი ლუი ბუნუელის გავლენებს ბოლომდე აძლევს თავისუფლებას და გვთავაზობს სურეალისტურ საცობის სცენას, რომელიც კაპიტალიზმის ყველა მანკიერი გამოხატულების და თვისების სატირიზაციითაა გაჟღენთილი. 8 წუთიანი უწყვეტი კადრის მანძილზე ოპერატორი რაულ კუტარი გულგრილად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, გოდარი კი ფრანგული საზოგადოების სიბინძურეს შავი იუმორის დახმარებით წარმოაჩენს.

The Mirror

ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი მთელი ათეული მხოლოდ ანდრეი ტარკოვსკის ფილმოგრაფიის სცენებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, იმდენად მდიდარია მისი ნამუშევრები უმონტაჟო ჭრებით. თუმცა ვარჩიეთ ”მსხვერპლშეწირვის” სასოწარკვეთასა თუ ”სოლარისის” მედიტაციაზე წინ რეჟისორის ალბათ ყველაზე პოეტური ფილმი, ”სარკე” აგვერჩია სიზმრისეული სცენით, რომელიც ტარკოვსკის სტილის კვინტესენციას წარმოადგენს ინტერიერით, სიზმრისეული ატმოსფეროთი, ექსტერიერში ბუნების და ადამიანური ძალების დიქოტომიით და ქორეოგრაფიული კამერის მოძრაობით.

Kaili Blues

რეჟისორმა გან ბიმ შარშან ყველაზე ამბიციური ფილმი გადაიღო, რქაც ჩინეთს დიდი ხნის მანძილზე უწარმოებია. სურათი ტრანსცენდენტალური გამოცდილებაა, მოგზაურობა წარსულსა და მომავალში, ფიზიკურსა და მეტაფიზიკურში, ქმედებებსა და აზრებში. ეს ყველაფერი კი ისე, რომ არ ვშორდებით სოციალურ რეალიზმს. ფილმის მეორე ნახევარში დაუჯერებელი რამ ხდება. უყურებ კადრის განვითარებას და ელოდები როდის მოხდება სამონტაჟო ჭრა, მაგრამ ეს მოქმედება მთელი 40 წუთი ყოვნდება. ხო, Kaili Blues-ში არის 40 წუთიანი უწყვეტი სცენა, რომელიც ერთი სოფლიდან მეორეში გვამოგზაურებს, წლის და საგზაო ტრანსპორტით, პერსონაჟიდან პერსონაჟთან, სახლიდან სახლსა და ისტორიიდან ისტორიაში. სცენის დასასრულს ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოთ ისაა, რომ თავი იმტვრიოთ იმის წარმოდგენით თუ როგორ მოახერხეს მინიმალური ბიუჯეტირების პირობებში მსგავსი ტექნიკური სასწაულის შექმნა.

ავტორი: DIGITAL CULTURE