კულტურა

#მეტიკინო / ფილმები, რომლებიც შემოდგომაზე გამოდის

ახალი სეზონის დადგომასთან ერთად, კინემატოგრაფიც ახალ სუნთქვას იწყებს და საზაფხულო ბლოკბასტერების ტყვეობიდან თავისუფლდება. დღეს წარმოგიდგენთ 10 ფილმს, რომელიც შემოდგომის თვეებში გამოდის და რომელთა გამოტოვებასაც ნამდვილად არ გირჩევთ.

სექტემბერი 03, 2017

Hello Blog

ახალი სეზონის დადგომასთან ერთად, კინემატოგრაფიც ახალ სუნთქვას იწყებს და საზაფხულო ბლოკბასტერების ტყვეობიდან თავისუფლდება. დღეს წარმოგიდგენთ 10 ფილმს, რომელიც შემოდგომის თვეებში გამოდის და რომელთა გამოტოვებასაც ნამდვილად არ გირჩევთ.

The Killing of a Sacred Deer

უპირობოდ, წლის ყველაზე პროვოკაციული ნამუშევარი იორგოს ლანთიმოსის ახალი ფილმია. ბერძენი რეჟისორი წარმოგვიდგენს ანტიკური ბერძნული ტრაგედიის თანამედროვე ვარიანტს, სადაც მთავარი შეპირისპირება რწმენასა და რაციონალიზმს, რელიგიასა და მეცნიერების ირგვლივ ვითარდება. სასპენსის მძიმე დოზა, თანამედროვე ურთიერთობებზე ირონიზება და აბსტრაქტული სიუჟეტი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იმავე სამყაროში მოვხვდით, სადაც რეჟისორის წინა ფილმის, ”ლობსტერის” მოქმედება ვითარდებოდა. მთავარ როლში მყოფი ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფარელი კი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსებს გვთავაზობენ.

Blade Runner 2049

უმეტეს შემთხვევაში, საკულტო კლასიკად ქცეული ფილმები ჯობს ხელშეუხებელი დარჩეს ხოლმე. მათი რესტავრირების თუ შთამომავლების შექმნის იდეები კონკრეტულად კომერციულ მიზნებს ატარებს და ძირითადად შეურაცხყოფს ხოლმე თავის წინაპარს, თუმცა რიდლი სკოტის ფილმის სიქველი ის შემთხვევაა, როდესაც მოლოდინები საფუძვლიანად ჩნდება. პირველ რიგში, კი, ეს რეჟისორის სავარძელში მოთავსებული დენი ვილნევის ბრალია, რომელმაც შარშან წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი Arrival გადაიღო და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს კიდევ ერთი ოქრის ანაბარი გაუხსნა.

The Meyerowitz Stories

რომ ჩატარდეს წლის საუკეთესო დისფუნქციური ოჯახების კონკურსი, წელს გამარჯვებას მეიეროვიცები არავის დაუთმობდნენ. ნოა ბაუმბახის ფილმი არის ვუდი ალენის კომედიური რიტმის და სელინჯერის გლასების ოჯახზე შექმნილი მოთხრობების სტრუქტურის მშვენიერი ნაზავი. პერფორმანსების მხრივ, განსაკუთრებით თვალისმომჭრელია სურათი, აქ დაგხვდებათ დასტინ ჰოფმანის მომხიბვლელი ექსცენტრიულობა, ადამ სენდლერს გაახსენდება, რომ სამსახიობო უნარები გააჩნია და შეუძლია ქარიზმატული იყოს, ბენ სტილერი კი საერთოდ თავს გაიგიჟებს და წლის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსს შემოგთავაზებთ.

Thor: Ragnarok

”მარველის” პროექტები სულ უფრო მეტად განიცდის სტანდარტიზაციას და განმეორებადი ხდება იუმორის, ექშენის თუ ვიზუალური ეფექტების მხრივ. თუმცა ”თორის” მესამე სერია სასიამოვნო გამონაკლისი ჩანს. ის ერთბაშად ჩანს ნოსტალგიური, სპეცეფექტების ლამაზი დიზაინით, მასშტაბური და სანახაობრივი ექშენით სავსე და რაც მთავარია კომედიის ისეთი წილით, რომელიც რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის პირადი ხელწერაა და არა სტუდიის დამკვიდრებული ტრენდის გაგრძელება. თან იმაზე გასართობი სანახაობა რა უნდა იყოს, ვიდრე ეს თორის და ჰალკის შერკინებაა კოსმიურ კოლიზეუმზე ?!

Three Billboards Outside Ebbing, Missouri

რეჟისორ მარტინ მაკდონას ანგარიშზე კრიმინალური დრამის და კომედიის სინთეზის მქონე ორი ბრწყინვალე ნამუშევარი, ”ბრიუგეში” და ”შიდი ფსიქოპათი” იმყოფება. მისი მესამე ფილმიც ამავე ჟანრულ ტერიტორიაზე მოძრაობს, თუმცა უფრო მეტად, არის სოციალური და პოლიტიკური თემებით დატვირთული. სიუჟეტი პოლიციის მიერ ვერგამოძიებული საქმის ირგვლივ ვითარდება, როდესაც დაკარგული შვილის დედა სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობას საჯარო ილუსტრაციას მიცემს. თუ გავითვალისწინებთ მაკდონას შესაძლებლობებს შავი კომედიის შექმნაში, აქ ნამდვილი ცხოვრების დღესასწაული გველოდება.

Battle of the Sexes

ემა სტოუნი და სტივ კარელი ერთ ფილმში უკვე ჯეკპოტია. ამასთან იმ რეჟისორების ფილმში, ვინც ამერიკული ინდი კინოს ბრწყინვალება, Little Miss Sunshine გადაიღეს, კიდევ უფრო მეტად ზრდის კეთილგანწყობას პროექტისადმი. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეყრდნობა, როდესაც 1973 წელს საჩოგბურთო მატჩი გაიმართა მსოფლიოს "პირველ ჩოგანს" ქალს - ბილი ჯინ კინგსა და ყოფილ ჩემპიონ მამაკაც ბობი რიგს შორის. საინტერესო სოციალური კომენტარები გენდერულ როლებზე მრავალი სასაცილო სიტუაციებით გარანტირებულია.

Suburbicon

ძმები კოენების სცენარით ჯორჯ ქლუნიმ ახალი ფილმი გადაიღო შთამბეჭდავი სამსახიობო ჯგუფით. მეთ დეიმონი, ჯულიან მური და ოსკარ აიზეკი მოგვევლინებიან მთავარ როლებში. მათ გვერდით ჯოშ ბროლინიც უნდა გვეხილა, მაგრამ რეჟისორმა ქლუნიმ გადაწყვიტა, რომ მსახიობის სცენები საერთო სურათს აღარ უხდებოდა და ფილმიდან ამოჭრა. სიუჟეტი კოენებისთვის დამახასიათებელი აბსურდული კრიმინალური კომედიაა, სადაც წყნარ გარეუბანში მოულოდნელად დიდი დავიდარაბა განვითარდება.

The Square

ალბათ იმით ღირს ფილმის შესახებ ინფორმაციის მოწოდების დაწყება, რომ წელს მას კანის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო გადაეცა. და დამსახურებულადაც. რუბენ ოსტლუნდი ბოლო წლებში შვედეთიდან გამოჩენილი ყველაზე საინტერესო რეჟისორია. თავის ახალ ფილმში ის თითქმის ყველა თანამედროვე ტრენდზე აკეთებს კომენტარს, უფრო სწორად კი, სატირის პრიზმაში ატარებს ყველაფერს, დაწყებული თანამედროვე ხელოვნებით, გაგრძელებული ელიტური წრეების ცხოვრების აბსურდული ყოველდღიურობით, დამთავრებული კლასობირვი განსხვავებებით. და მთლიანობაში ეს ყველაფერი არის ძალიან გასართობი, დრამატული, მხიარული, დამაფიქრებელი და რაც მთავარია, დასამახსოვრებელი, ამიტომ ნამდვილად არ გირჩევთ მის გამოტოვებას.

IT

საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის ახალი წელი სექტემბერში დგება. სტივენ კინგის საკულტო პერსონაჟი, მასხარა პენივაიზი დიდ ეკრანზე ბრუნდება და როგორც წინასწარი შეფასებები იუწყებიან, ეს ყველაზე საშიში ადაპტაციაა, რაც კინგის ნაწარმოებებზე გადაღებულა. ბავშვებზე მონადირე მასხარის ფორმაში გამოწყობილი ზებუნებრივი ბოროტება უკვე საკმარისად შემზარავი მოცემულობაა, ამიტომ ყველას, ვისაც ჰორორი უყვარს, აუცილებლადუნდა ჰქონდეს კალენდარში 8 სექტემბერი მონიშნული.

Mother !

დერენ არონოფსკი ახალი, გასაიდუმლოებული პროექტით ბრუნდება, რომელის ტრეილერიც განწყობებით მისი წინა ფილმებიდან ყველაზე მეტად ”შავ გედს” წააგავს. თუმცა შეუძლებელია მისი ხილვისას არ გამოიკვეთოს სიუჟეტური მსგავსება რომან პოლანსკის ლეგენდარულ სურათთან ”როზმარის ბავშვი”. იმ განსხვავებით, რომ აქ გაცილებით მეტი ზებუნებრივი მოქმედებები მიმდინარეობს და მისტიკის ხარისხი გაცილებით მაღალია. რაც დამატებით მომხიბვლელობას მატებს ფილმს ეს მისი სამსახიობო ანსამბლია, რომელიც ჯენიფერ ლოურენსით, ხავიერ ბარდემით, ედ ჰარისით და მიშელ პფაიფერითაა დაკომპლექტებული.

ავტორი: DIGITAL CULTURE