კულტურა

რობოტი სტანდარტის გარეშე

ტასო იოსებიძე 16 წლისაა, ვეკუას სკოლაში სწავლობს. ერთ-ერთია, ვინც რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადა FIRST GLOBAL-ზე საქართველოდან მოხვდა. ტასოსთან ერთად იყვნენ ელენე ბახტაძე, რეზო ბაკურაძე, სოფო ბრეგაძე, ანდრია უფლისაშვილი, ლევან ჭიკაიძე და გივი დარჩია. 

აგვისტო 30, 2017

Hello Blog

ტასო იოსებიძე 16 წლისაა, ვეკუას სკოლაში სწავლობს. ერთ-ერთია, ვინც რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადა FIRST GLOBAL-ზე საქართველოდან მოხვდა. ტასოსთან ერთად იყვნენ ელენე ბახტაძე, რეზო ბაკურაძე, სოფო ბრეგაძე, ანდრია უფლისაშვილი, ლევან ჭიკაიძე და გივი დარჩია. 

შვიდივეს STEM-ი აერთიანებს. ქართულად - მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მატემატიკა.

რობოტი, რომელიც ამ ბავშვებმა ააწყვეს და რომელსაც ნახევრად ხუმრობით „გივი“ ჰქვია, საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე 163 რობოტს შორის მე-14 ადგილით დაჯილდოვდა.

„გივის“ ოლიმპიადის მიერ მიცემული დავალების შესრულება შეუძლია - სხვადასხვა ფერის ბურთებს იღებს, ახარისხებს ფერების მიხედვით და სხვადასხვა კონტეინერში ათავსებს.

ალეგორიულად, ეს წყლის გაფილტვრაა - დაბინძურებული და სუფთა ნაწილაკები ერთმანეთისგან განცალკევდება და სხვადსხვა რეზერვუარებში თავსდება.

ტასო:ამერიკულმა აკადემიამ შეგვკრიბა რობოტიკის საერთაშორისკო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად. თავიდან 20 ბავშვი ვიყავით სამი სკოლიდან - ვეკუა, ზალდასტანიშვილი და კომაროვი. სამი თვე თბილისში ვმუშაობდით. ჩვენი შეფასება მუშაობის პროცესში ხდებოდა. 20-დან შვიდნი დავრჩით.“

ელენე: „რობოტი, რომელიც 20 კაციან გუნდში გავაკეთეთ, ბოლოს მთლიანად დავშალეთ და 7 კაციან ჯგუფში სრულიად ახალი ავაწყვეთ. პირველ ვარიანტთან შედარებით ძალიან დაიხვეწა. პირველი - ძალიან პატარა იყო და მხოლოდ ერთი ბურთის გადაადგილება შეეძლო, საბოლოო ვარიანტი კი 20 ბურთს იტევს და ისვრის. რომ ისვრის, ზუსტად ამან მოგვცა უპირატესობა ოლიმპიადაზე.“

რობოტზე მუშაობა რთული იყო. ელენეს საერთოდ შეხება არ ჰქონია ინჟინერიასთან, თუმცა ფიზიკა და მათემატიკა ყოველთვის აინტერესებდა. რეზოს კონსტრუირების უნარები ლეგოს აწყობით შემოიფარგლებოდა, სოფოს კი სრულიად ახალი პროგრამული ენის სწავლა მოუწია.

ტასო: „რობოტის ასაწყობად სწორი და არასწორი გზები არ არსებობდა. არ იყო არანაირი სტანდარტი. დავალება იყო წყლის (იგივე ფერადი ბურთების) გაფილტვრა და მათი სხვადასხვა რეზერვუარში განთავსება. ეს დავალება უნდა შესრულებულიყო, მაგრამ რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, მთლიანად ჩვენზე იყო დამოკიდებული. ეს იყო ყველაზე საინტერესო პროცესი ჩემთვის.“

რეზო: „მე ყველაზე მეტად აწყობა და კონსტრუირება მაინტერესებდა. დიდი გამოცდილება არ მქონდა, ბავშვობაში ლეგოს ვაწყობდი ხოლმე. რობოტის აწყობა იმით განსხვავდება, რომ არანაირი ინსტრუქცია არ არსებობს. რთული პროცესი იყო. როდესაც რაღაცას ავაწყობდი, ის არასდროს გამოდიოდა სრულყოფილი, სულ ვფიქრობდი, როგორ გამეუმჯობესებინა და ასე ცდებით მივდიოდი საუკეთესო ვარიანტამდე.“

სოფო: „რობოტზე მუშაობა ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგებოდა. მე პროგრამირებასთან დიდი ხანია შეხება მაქვს, მაგრამ ის ენა, რაც რობოტისთვის დამჭირდა, ჩემთვის უცნობი იყო. მარტივად ავითვისე, არც ისე რთული აღმოჩნდა.“

157 ქვეყანა და 163 გუნდი იყო ოლიმპიადაზე მთელი მსოფლიოდან. კონტინენტებს ცალკე გუნდები ჰყავდათ. ცალკე იყო ლტოლვილების ჯგუფი. წყლის თემა გლობალური პრობლემის ხაზგასასმელად შეირჩა. თამაშის პრინციპი შემდეგი იყო - სამი გუნდი სამის წინააღმდეგ. ანუ ქართველები სხვა ორ გუნდთან ალიანსში ეჯიბრებოდნენ მოწინააღმდეგეს. ბურთების ჩაგდებაზე სპეციალური ქულები იყო დაწესებული. ასევე იყო ბონუს ქულები - ხიდზე ასვლა 5 ქულას ნიშნავდა, ხიდზე დაკიდება 20 დამატებით ქულას.

რეზო: „რამდენიმეჯერ ძრავმა გვიმტყუნა და ზუსტად იმ დროს, როცა ვტესტავდით ხიდზე ჩამოეკიდებოდა თუ არა, გაფუჭდა. 20 ქულა ასე უბრალოდ დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ, წამები იყო დარჩნილი, 5 ქულით უკან ვიყავით და მოვასწარით ხიდზე ასვლა და 5 ქულა დავიმატეთ“.

ელენე: „სპორტივით იყო, ცალკეული მონაწილის წარმატებას არ ჰქონდა მნიშვნელოვბა, გუნდური მუშაობისთვის ბევრად მეტ ქულას გიმატებდნენ. ბევრ გუნდთან მოგვიწია მუშაობა, ზოგი ძალიან გვეხმარებოდა, ზოგი - პირიქით.

სოფო: „ჩვენმა რობოტმა სასროლი მოწყობილობის გამო დიდი მოწონება დაიმსახურა. რეალურად სწორედ ამან მოგვცა უპირატესობა ოლიმპიადაზე. ჩვენს რობოტს არ უწევდა სიმაღლეზე ასვლა და პირდაპირ ისროდა ბურთს რეზერვუარში“

რეზო: „მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად ვიცოდით შეჯიბრის პრინციპი, იქ რომ ჩავედით სურპრიზი დაგვხვდა. რაღაცეებს არ მოველოდით. ვერ გავითვალისწინეთ, რომ 6 რობოტი იქნებოდა იმ პატარა მოედანზე. ყველა დაბნეული იყო. ერთმანეთს ვეჯახებოდით. მეორე დღეს უკვე მომზადებულები შევხვდით, სავარჯიშო მოედნებზე ვივარჯიშეთ. უკვე მზად ვიყავით დაბრკოლებებისთვის“.

ტასო: „მიუხედავად იმისა, რომ ამ რობოტში დიდი შრომა გვქონდა ჩადებული, არც მიფიქრია, რომ ასეთ შედეგს დავდებდით. მე-14 ადგილი ძალიან მაგარია, მაგრამ უფრო მეტად, ჟიურის და მონაწილეების ყურადღებამ და ინტერესმა გამახარა. ეს ინტერესი ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა იყო, ჩემი აზრით.“

რეზო: „როცა რობოტს აწყობ, ის არასდროს არის სრულყოფილი. შეიძლებოდა კიდევ უფრო დახვეწილიც ყოფილიყო, მახსოვს, რომ ჩავფრინდით, ჩვენი მენტორი ესაუბრებოდა ირლანდიის გუნდის მენტორს. ამბობდა, იდეები არასდროს ილევა, სულ გინდა რაღაც გაააუმჯობესო, სულ გინდა რობოტი განვავითარო, მაგრამ არის მომენტი, როცა უნდა თქვა, რომ დაასრულე და რობოტს აღარაფერს შემატებო. მართალია ! ეს მომენტი ბოლო წუთამდე არ დგება ხოლმე იმდენად ცოცხალი პროცესია რობოტზე მუშაობა.“

ტასო: „მე პირადად, ამ ოლიმპიადამ სტიმული მომცა, რომ STEM-ის შესწავლა გავაგრძელო. დავინახე, რომ ამ სფეროს უდიდესი პერსპექტივა აქვს და ფასდება საერთაშორისო დონეზე.“

ელენე: „მე კიდევ სულ ვფიქრობდი, მზად ვიყავი, თუ არა ასეთ სერიოზულ სფეროსთან შესაჭიდებლად. იქ რომ ჩავედი, მივხვდი, რომ უნდა გავარძელო..“

წელს საქართველოს გუნდის წევრები ოლიმპიადაზე თიბისის დახმარებით აღმოჩნდნენ.

მომავალ წელს FIRST GLOBAL მექსიკაში ტარდება.

საქართველოდან უკვე სხვებს ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადაზე ხელოვნური ინტელექტი წარადგინონ.

ტექსტი: ქეთი მაღალაშვილი

ფოტოები: სერა ძნელაძე / First Global Team Georgia არქივი